ქადაგება განსაკუთრებულ ენაზე მოლაპარაკე ხალხს შორის სამხრეთ კორეაში
ქადაგება განსაკუთრებულ ენაზე მოლაპარაკე ხალხს შორის სამხრეთ კორეაში
ენთუზიაზმით აღსავსე, მაგრამ ამავდროულად ძალიან ჩუმი ჯგუფი შეიკრიბა იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესზე 1997 წლის ზაფხულში. ეს იყო ყრუ–მუნჯებისთვის ჩატარებული პირველი კონგრესი სამხრეთ კორეაში. დამსწრეთა უმაღლესმა რიცხვმა 1 174–ს მიაღწია. მთელი პროგრამა, რომელშიც შედიოდა მოხსენებები, ინტერვიუები და დრამა, წარმოდგენილი იყო კორეული ჟესტების ენაზე, რაც დამონტაჟებული დიდი ეკრანის საშუალებით ძალიან კარგად ჩანდა მთელ საკონგრესო დარბაზში. ეს იყო უდიდესი მიღწევა, რაც წლების მანძილზე უამრავი მოხალისის გულმოდგინე შრომის შედეგად გახდა შესაძლებელი.
ერთ მშვენიერ დღესაც დედამიწაზე სამოთხეში დადგება დრო, როცა „ყრუთა ყურები გაიხსნება“ (ესაია 35:5). ამ სამოთხეში ცხოვრებამდე კი ყველა, მათ შორის ყრუ–მუნჯებიც, პირველ რიგში, უნდა შევიდნენ სულიერ სამოთხეში — ეს კი ღვთის მიერ კურთხეული ხალხის სულიერად ჯანსაღი მდგომარეობაა. ისინი იეჰოვასადმი მიძღვნილი და მის მიერ განსწავლული მონათლული მოწმეები უნდა გახდნენ (მიქა 4:1—4).
პირველი უმნიშვნელო ნაბიჯები
თუმცა პირველად ყრუ–მუნჯებმა 60–იან წლებში მოისმინეს ქადაგება, მათგან რამდენიმემ მხოლოდ 70–იან წლებში დაიწყო იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებზე დასწრება სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში. კრების მსვლელობისას ერთი ქრისტიანი ძმა, რომელსაც ჩქარი წერა შეეძლო, მოხსენებების მთავარ აზრებსა და ბიბლიიდან მოყვანილ მუხლებს დაფაზე წერდა.
1971 წელს ქალაქ ტეჯონში ერთმა მოწმემ, რომელსაც ყრუ–მუნჯი ვაჟი ჰყავდა, მას და მის ყრუ–მუნჯ მეგობრებს სამეფოს შესახებ სწავლება დაუწყო. ამ ჯგუფიდან რამდენიმე ღვთის გულმოდგინე მსახური გახდა. ისინი ამჟამად მთავარ დამხმარე ძალას წარმოადგენენ კრებებში, რომლებიც ჟესტების ენაზე ტარდება (ზაქარია 4:10).
ახალგაზრდა მოხალისეები
იმისათვის, რომ ყრუ–მუნჯებს იეჰოვასა და იესოს შესახებ ცოდნა მიეღოთ და სიცოცხლის გზას დადგომოდნენ, სხვა მოხალისეებსაც უნდა მოეხმარათ დიდი ძალ–ღონე (იოანე 17:3). ამ მიზნით იეჰოვას არაერთმა მოწმემ ისწავლა ჟესტების ენა და, შედეგად, ბევრი სასიხარულო შემთხვევის მოწმენიც გახდნენ.
15 წლის პარკ ინ–სენმა მიზნად დაისახა ჟესტების ენის შესწავლა. ამის მისაღწევად მან მუშაობა დაიწყო ერთ ფაბრიკაში, სადაც 20 ყრუ–მუნჯი მუშაობდა. რვა თვის განმავლობაში ის მათთან თანამშრომლობდა, რათა ესწავლა ჟესტების ენა და მათ აზროვნებას ჩასწვდომოდა. მომდევნო წელს ის პიონერი, სრული დროით მსახური, გახდა და ბიბლიური ჭეშმარიტებით დაინტერესებულ ყრუ–მუნჯების ჯგუფს ეხმარებოდა. ეს ჯგუფი ძალიან მალე გაიზარდა და ცოტა ხანში 35–ზე მეტი ესწრებოდა შეხვედრებს კვირაობით (ფსალმუნები 109:3).
მოგვიანებით სეულში უშუალოდ ჟესტების ენაზე ჩატარდა პირველი შეხვედრა და იმ დროიდან მოყოლებული ყოველთვის ტარდებოდა შეხვედრები. ძმა პარკ ინ–სენი სპეციალურ პიონერად მსახურობდა ამ მზარდ ჯგუფში. იმ დროისთვის ის უკვე კარგად ფლობდა ჟესტების ენას. რამდენიმე თვის განმავლობაში იგი ბიბლიის 28 შესწავლას ატარებდა ყრუმუნჯებთან. მათგან ბევრმა სულიერად წინ წაიწია და იეჰოვას მოწმე გახდა.
ასეთი აქტიური მსახურების შედეგად 1976 წლის ოქტომბერში სეულში პირველად ჩამოყალიბდა კრება ჟესტების ენაზე, რომელშიც მსახურობდა 40 მაუწყებელი და ორი პიონერი. ამან კორეის სხვა ქალაქებში მცხოვრებ მაუწყებლებსაც მისცა სტიმული, რომ აქტიურად ექადაგათ ასეთ ტერიტორიებზე. ბევრი ყრუ–მუნჯი იყო მოწყურებული სასიხარულო ცნობას და ისინი მოელოდნენ, რომ ამ ცნობას მათაც მიაწვდიდნენ.
ყრუ–მუნჯებს შორის ქადაგება
ალბათ გაინტერესებთ, როგორ პოულობდნენ მაუწყებლები ყრუ–მუნჯებს. ბევრ მათგანთან დაკავშირება სხვების მისწავლებით გახდა შესაძლებელი. გარდა ამისა, ადგილობრივი ბრინჯის მაღაზიის მეპატრონეებისთვის მიმართვაც ამართლებდა, რადგან ისინი ყრუ–მუნჯების სახელებსა და მისამართებს აძლევდნენ მაუწყებლებს. ზოგი სახელმწიფო დაწესებულებაც იძლეოდა ინფორმაციას. ყრუ–მუნჯებს შორის ქადაგებამ იმდენად კარგი შედეგები მოიტანა, რომ დროთა განმავლობაში ჟესტების ენაზე ოთხი კრება ჩამოყალიბდა. ბევრი ახალგაზრდა ქრისტიანი წაახალისეს ჟესტების ენის სასწავლად.
ამ კრებებში იეჰოვას მოწმეთა ფილიალმა დანიშნა რამდენიმე სპეციალური პიონერი, რომლებმაც ჟესტების ენა ისწავლეს. მოგვიანებით კი ეს კრებები სულიერად გააძლიერეს მათში დანიშნულმა მსახურებაში დახელოვნების სკოლის კურსდამთავრებულებმა.
რასაკვირველია, ასეთ ტერიტორიებზე თავისებური სირთულეებიც არის გადასალახავი. იქ მსახურებისთვის საჭიროა, მთელი ძალ–ღონე მოახმარო იმას, რომ ჩასწვდე ყრუ–მუნჯთა კულტურას. ისინი ძალიან გულახდილები და პირდაპირები არიან თავიანთი აზროვნებითა თუ მოქმედებით. ეს ზოგჯერ აკვირვებს სხვებს და ამან შეიძლება გაუგებრობაც კი გამოიწვიოს. გარდა ამისა, როდესაც მოწმეები მათ ბიბლიის შესწავლას უტარებენ, უნდა დაეხმარონ თავიანთივე ენის კარგად შესწავლაში და შემდეგ წაახალისონ, ჰქონდეთ კითხვისა და შესწავლის საკუთარი პროგრამა.
ყრუ–მუნჯები ყოველდღიური საქმიანობისას სირთულეებს აწყდებიან, რაც სხვებისთვის უმთავრესად უცნობია. სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებთან და მედპერსონალთან ურთიერთობა, აგრეთვე უბრალო საქმიან გარიგებებში მონაწილეობა, ხშირად მათთვის დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. რადგან მეზობელ კრებებში მყოფი მოწმეები მთელი გულით სთავაზობენ მათ დახმარებას, ისინი გრძნობენ, რომ ჭეშმარიტი იოანე 13:34, 35).
საძმოს ნაწილს წარმოადგენენ (არაფორმალური ქადაგების შედეგები
პუსანში, სამხრეთ კორეის მთავარ საპორტო ქალაქში, ერთი მოწმე ორ ყრუ–მუნჯ მამაკაცს შეხვდა, რომლებმაც ქაღალდის ნაგლეჯზე ასეთი სიტყვები დაუწერეს: „ჩვენ მოგვწონს სამოთხე და გვსურს საღვთო წერილის ცოდნა, რომელშიც მარადიული სიცოცხლის შესახებ არის მოთხრობილი“. ძმამ ჩაიწერა მათი მისამართი და შეჰპირდა, რომ მოინახულებდა. როდესაც მიაკითხა, ოთახი სავსე იყო ყრუ–მუნჯებით, რომლებიც ელოდებოდნენ სამეფოს შესახებ ცნობის მოსმენას. ამ შემთხვევამ ის აღძრა, რომ ჟესტების ენა ესწავლა. მალე პუსანში ჟესტების ენაზე კრება ჩამოყალიბდა.
ერთხელ ამ კრების ერთმა ძმამ შენიშნა ორი ყრუ–მუნჯი, რომლებიც ერთმანეთს ჟესტებით ელაპარაკებოდნენ და მიუახლოვდა. როდესაც გაიგო, რომ ისინი რელიგიური შეხვედრიდან მოდიოდნენ, იმავე დღეს 2 საათზე სამეფო დარბაზში მიიწვია. ისინი მართლაც მივიდნენ და მოგვიანებით ბიბლიის შესწავლაც დაიწყეს. ამის შემდეგ ცოტა ხანში ეს ორი დაინტერესებული ყრუ–მუნჯი თავის 20 ყრუ–მუნჯ მეგობართან ერთად დაესწრო საოლქო კონგრესს. ამ ჯგუფიდან რამდენიმემ თავი მიუძღვნა იეჰოვას. მათგან ორი უხუცესი გახდა, ხოლო ერთი — თანაშემწე, იმ კრებებში, რომლებიც ჟესტების ენაზე ტარდება.
სიმტკიცეს კარგი შედეგი მოაქვს
რადგან ზოგი ყრუ–მუნჯი საკმაოდ შორს ცხოვრობს იმ ტერიტორიებიდან, სადაც ჟესტების ენაზე ტარდება კრებები, ხშირად დიდი ძალისხმევა და სიმტკიცე მოითხოვება იმისათვის, რომ მათ რეგულარულად მიეწოდოთ სულიერი საზრდო. მაგალითად, ერთი 31 წლის მამაკაცი კუნძულზე ცხოვრობს და თევზჭერით ინახავს თავს. მან ბიბლიური ჭეშმარიტება გაიგო თავისი უმცროსი ძმისგან, რომელსაც ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვას მოწმეებთან. სულიერი მოთხოვნილება რომ დაეკმაყოფილებინა, ეს ყრუმუნჯი მეთევზე 16 კილომეტრს გადიოდა ნავით კორეის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ტხონიონამდე. იქ ის ხვდებოდა სპეციალურ პიონერს, რომელიც ქალაქ მასანში ჟესტების ენაზე არსებულ კრებაში მსახურობდა. ყოველ ორშაბათს ამ სპეციალურ პიონერს 65 კილომეტრის გავლა უწევდა მხოლოდ იმისათვის, რომ ამ ყრუ–მუნჯ მეთევზესთან ბიბლიის შესწავლა ჩაეტარებინა.
კვირაობით შეხვედრებს რომ დასწრებოდა მასანში, ეს ყრუმუნჯი დაინტერესებული 16 კილომეტრს ნავით გადიოდა და შემდეგ 65 კილომეტრს ავტობუსით. მისმა სიმტკიცემ კარგი ნაყოფი გამოიღო. რამდენიმე თვეში მან დახვეწა ჟესტების ენა, უკეთესად ისწავლა კორეული ანბანი და, რაც ყველაზე მთავარია, დაინახა, თუ რა იყო იეჰოვასთან დაახლოების ერთადერთი გზა. როდესაც გააანალიზა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო შეხვედრებზე დასწრება და რეგულარულად ქადაგება, ის იმ კრების ტერიტორიაზე საცხოვრებლად გადავიდა, რომელიც ჟესტების ენაზე ტარდებოდა. ადვილი იყო ეს მისთვის? რასაკვირველია, არა. მას უნდა მიეტოვებინა თევზჭერა, რომლის წყალობითაც თვეში 3 800 აშშ დოლარი ჰქონდა შემოსავალი. მის მიერ გამოვლენილმა სიმტკიცემ მართლაც რომ საუკეთესო ნაყოფი გამოიღო: ჭეშმარიტებაში ფესვების ღრმად გადგმის შემდეგ ის მოინათლა და ამჟამად მთელი ოჯახით სიხარულით ემსახურება იეჰოვას.
ჟესტების ენაზე თარგმნა
სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ხშირად სიტყვიერად გადაიცემა. ღვთის სიტყვაში მოცემული ცნობის უფრო მეტი სიზუსტით გადაცემის მიზნით კი მნიშვნელოვანია, რომ ბიბლიური სწავლებები უფრო საფუძვლიანად იყოს წარმოდგენელი. ამიტომ პირველ საუკუნეში წიგნებსა და წერილებს წერდნენ გამოცდილი, სულიერად მოწიფული მამაკაცები (საქმეები 15:22—31; ეფესელთა 3:4; კოლასელთა 1:2; 4:16). ჩვენს დროში უხვ სულიერ საკვებს წიგნებისა და სხვა ქრიტიანული პულიკაციების საშუალებით ვიღებთ. ეს პუბლიკაციები ითარგმნება ასობით ენაზე, მათ შორის ჟესტების ენებზეც. ლიტერატურა კორეული ჟესტების ენაზეც რომ ხელმისაწვდომი იყოს, სამხრეთ კორეის ფილიალში ფუნქციონირებს მთარგმნელობითი განყოფილება ჟესტების ენაზე, რომელშიც ვიდეოსტუდიის დახმარებით ჟესტების ენაზე თარგმნიან პუბლიკაციებს. ყოველივე ეს კი სულიერ საზრდოს წარმოადგენს ყრუ–მუნჯი მაუწყებლებისა და დაინტერესებულებისთვის მთელი სამხრეთ კორეის კრებებში.
თუმცა ბევრი კარგად დაეუფლა ჟესტების ენას და ამ ენაზე გამოშვებული ვიდეომასალის მომზადებაშიც მონაწილეობს, ჩვეულებრივ, საუკეთესო მთარგმნელები ისინი არიან, ვისაც ყრუ-მუნჯი მშობლები ჰყავს. ისინი ჟესტების ენას ბავშვობიდანვე სწავლობდნენ. ასეთი მთარგმნელები მხოლოდ უშეცდომოდ კი არ „ლაპარაკობენ“ ამ ენაზე, არამედ ჟესტებითა და სახის გამომეტყველებით სასიხარულო ცნობის არსსა და მნიშვნელობას ისე გადმოსცემენ, რომ მსმენელის გულსა და გონებას შეეხოს.
.როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამხრეთ კორეაში ამჟამად ჟესტების ენაზე რეგულარულად ტარდება საოლქო და სარაიონო კონგრესები. რასაკვირველია, ბევრი შრომა, ხარჯები და ძალისხმევა მოითხოვება ასეთი კონგრესების ჩასატარებლად, მაგრამ დამსწრენი ძალიან აფასებენ ამ ღონისძიებებს. ყოველი ასეთი შეკრების დასასრულს დამსწრეთაგან ბევრი მცირე ხნით კიდევ რჩება, რათა სხვებთან ჰქონდეთ ურთიერთობა და იქ მიღებულ შესანიშნავ სულიერ საზრდოზე იმსჯელონ. რასაკვირველია, ამ განსაკუთრებულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებთან ქადაგება თავისებურ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ასეთი მსახურების შედეგად მოტანილი სულიერი კურთხევები ნამდვილად ღირს ძალისხმევად.
[სურათი 10 გვერდზე]
კორეაში ჟესტების ენაზე გამოშვებული ვიდეოკასეტები: „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“, „დავაფასოთ ჩვენი სულიერი მემკვიდრეობა“, „გამაფრთხილებელი მაგალითები ჩვენი დროისთვის“, „პატივი მიაგეთ იეჰოვას ხელმძღვანელობას“.
[სურათები 10 გვერდზე]
საათის ისრის მიმართულებით (ქვემოთა სურათით დაწყებული): კორეის ფილიალში ჟესტების ენაზე ვიდეოკასეტის ჩაწერა; თეოკრატიული ტერმინების გადმოსაცემად ძმა სპეციალურ ჟესტებს ქმნის; მთარგმნელთა ჯგუფი ჟესტების ენაზე; თარგმანის მომზადების პროცესი.