არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გქონდეს სწორი აზროვნება ბრძნულად იმოქმედე

გქონდეს სწორი აზროვნება ბრძნულად იმოქმედე

გქონდეს სწორი აზროვნება ბრძნულად იმოქმედე

წარმოიდგინე ასეთი სურათი: იესო ქრისტე თავის მიმდევრებს უხსნის, როგორ დატანჯავენ და მოკლავენ მას იერუსალიმში რელიგიური მოწინააღმდეგეები. მისი ახლო მეგობარი პეტრე მოციქული ამას ვერ იჯერებს. მას გვერდით გაჰყავს იესო და საყვედურობს. გასაგებია, რომ პეტრეს გულწრფელობა და იესოსადმი მზრუნველობა ამოძრავებს, მაგრამ როგორ აფასებს მის აზროვნებას იესო? „მომცილდი სატანავ! — ეუბნება ის პეტრეს. — ჩემი საცდური ხარ, ვინაიდან ფიქრობ არა იმაზე, რაც ღვთიურია, არამედ იმაზე, რაც ადამიანურია“ (მათე 16:21—23).

პეტრესთვის ამის მოსმენა ნამდვილად მოულოდნელი იქნებოდა! მხარდაჭერისა და დახმარების ნაცვლად, ის „საცდურად“ იქცა თავისი საყვარელი მოძღვრისთვის. რამ განაპირობა ეს? პეტრე, შეიძლება, ადამიანისთვის დამახასიათებელი მცდარი აზროვნების მახეში გაება, კერძოდ, სასურველი სინამდვილედ მიიჩნია.

ნუ იქნები თავდაჯერებული

სწორი აზროვნების დამახინჯების ერთ-ერთი მიზეზი თავდაჯერებულობაა. პავლე მოციქულმა ასეთი სიტყვებით გააფრთხილა კორინთელი თანაქრისტიანები: „ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფრთხილოს, რომ არ წაიქცეს“ (1 კორინთელთა 10:12). რატომ თქვა ეს პავლემ? ალბათ იმიტომ, რომ იცოდა, რა ადვილად მრუდდება ადამიანის აზროვნება. ქრისტიანებსაც კი შეიძლება ‘გაერყვნათ აზროვნება და გარდახდნენ გულუბრყვილობასა და სიწმიდეს ქრისტეში’ (2 კორინთელთა 11:3).

სწორედ ასე დაემართათ პავლეს წინაპრებს. იეჰოვამ უთხრა მათ: „ჩემი ზრახვები თქვენი ზრახვები არ არის, და თქვენი გზები ჩემი გზები არ არის!“ (ესაია 55:8). ისინი ‘ბრძენნი გახდნენ საკუთარ თვალში’, რაც დამღუპველი აღმოჩნდა მათთვის (ესაია 5:21). აქედან გამომდინარე, გონივრულია გამოვიკვლიოთ რა დაგვეხმარება იმაში, რომ შევინარჩუნოთ სწორი აზროვნება და, შესაბამისად, მოვერიდოთ დამღუპველ შედეგებს.

მოერიდე ხორციელ აზროვნებას

ზოგიერთ კორინთელზე უარყოფითად მოქმედებდა ხორციელი აზროვნება (1 კორინთელთა 3:1—3). ისინი ადამიანურ ფილოსოფიას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ვიდრე ღვთის სიტყვას. უდავოა, რომ იმდროინდელი ბერძენი ფილოსოფოსები საკმაოდ ჭკვიანები იყვნენ, მაგრამ ღმერთი მათ უგუნურებად თვლიდა. ამის თაობაზე პავლემ აღნიშნა: «წერია: „ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ“. სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ამ წუთისოფლის მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა ქვეყნიერების სიბრძნე?» (1 კორინთელთა 1:19, 20). ასეთ განათლებულ ადამიანებს „წუთისოფლის სული“ ამოძრავებდა და არა ღვთის სული (1 კორინთელთა 2:12). მათი ფილოსოფიური სწავლებები და იდეები ეწინააღმდეგებოდა იეჰოვას თვალსაზრისს.

ასეთი ხორციელი აზროვნების წყარო სატანა ეშმაკია, რომელმაც ევას საცდუნებლად გველი გამოიყენა (დაბადება 3:1—6; 2 კორინთელთა 11:3). დღესაც გვიქმნის ის საფრთხეს? დიახ! როგორც ღვთის სიტყვაშია ნათქვამი, სატანამ იმდენად „დაუბრმავა გონება“ ადამიანებს, რომ ამჟამად ‘მთელ წუთისოფელს აცდუნებს’ (2 კორინთელთა 4:4; გამოცხადება 12:9). რამდენად მნიშვნელოვანია სიფხიზლის შენარჩუნება მისი ბოროტი ზრახვებისგან თავდასაცავად! (2 კორინთელთა 2:11).

უფრთხილდი „ადამიანთა ცბიერებას“

პავლე მოციქული „ადამიანთა ცბიერებასთან“ დაკავშირებითაც გვაძლევს გაფრთხილებას (ეფესელთა 4:14). პავლეს პირადად მოუწია „მზაკვარ მუშაკებთან“ შეხვედრა, რომლებიც თითქოს ჭეშმარიტებას აცხადებდნენ, სინამდვილეში კი ამახინჯებდნენ მას (2 კორინთელთა 11:12—15). მიზნის მისაღწევად ასეთმა ადამიანებმა შეიძლება მხოლოდ სათავისო ფაქტებით ისარგებლონ, ემოციურად ილაპარაკონ, მზაკვრულად მოახვიონ სხვებს საკუთარი აზრები, ნახევრად სიმართლეს ან აშკარა ტყუილსაც კი მიმართონ.

პროპაგანდისტები სხვების რეპუტაციის შესალახად ხშირად სიტყვა „სექტას“ იყენებენ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი მიმართულ ერთ რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც ახალ რელიგიურ მიმდინარეობებს იკვლევენ, „უმჯობესია, მოერიდონ ამ სიტყვის გამოყენებას“. რატომ? იქვე განიმარტება, რომ ამ სიტყვას უარყოფითი დატვირთვა აქვს. მსგავსად სწამებდნენ ცილს ბერძენი სწავლულები პავლე მოციქულს. ისინი მას უწოდებდნენ „მოლაყბეს“ ანუ, სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ, „საკენკის მკენკავს“. ისინი გულისხმობდნენ, რომ პავლე ყბედი იყო და აქა–იქ „აკენკილ“ ინფორმაციას იმეორებდა. სინამდვილეში კი პავლე „სასიხარულო ცნობას აუწყებდა იესოსა და აღდგომის შესახებ“ (საქმეები 17:18, აქ).

აღწევს მიზანს ასეთი პროპაგანდისტული მეთოდები? რასაკვირველია. უმთავრესად ამის გამო ხდება ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივება, რადგან ხალხს წარმოდგენას უმახინჯებენ სხვა ეროვნებისა თუ რელიგიის წარმომადგენლებზე. ბევრი სარგებლობს ასეთი მეთოდებით, რათა არაპოპულარულ უმცირესობებს სახელი გაუტეხოს. ადოლფ ჰიტლერი სწორედ ასეთ მეთოდებს იყენებდა, როდესაც ებრაელებსა და სხვა უმცირესობებს „ბოროტებას“, ასევე „გადაგვარებულ“ და სახელმწიფოსთვის „საშიშ“ ადამიანებს უწოდებდა. არასდროს დაუშვა, რომ ასეთმა ცბიერებამ აზროვნება მოგიწამლოს (საქმეები 28:19—22).

ნუ მოიტყუებ საკუთარ თავს

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანი ადვილად იტყუებს საკუთარ თავს. ჩვეულებრივ, ადამიანს ძალიან უჭირს მისთვის მოსაწონი თვალსაზრისის შეცვლა ან მასში თუნდაც ეჭვის შეტანა. რატომ? მიზეზი ის არის, რომ დროთა განმავლობაში ვეჩვევით საკუთარ აზრებს და ძალიან მოგვწონს ისინი. შედეგად, შეიძლება არასწორი მსჯელობით მოვიტყუოთ თავი და გამართლება მოვუძებნოთ იმას, რაც მცდარია.

ეს დაემართა პირველ საუკუნეში მცხოვრებ ზოგიერთ ქრისტიანს. მათ იცოდნენ ღვთის სიტყვა, მაგრამ მის შესაბამისად არ იცვლიდნენ აზროვნებას. ამან ისინი იქამდე მიიყვანა, რომ ‘თავს იტყუებდნენ მცდარი აზროვნებით’ (იაკობი 1:22, 26, აქ). თუ ვბრაზდებით, როდესაც ვინმე საეჭვოდ მიიჩნევს ჩვენს შეხედულებას, ეს შეიძლება იმის ერთერთი ნიშანი იყოს, რომ თავის მოტყუების მახეში გავებით. გაბრაზების ნაცვლად, ბრძნული იქნება, მზად ვიყოთ სხვისი აზრის გასათვალისწინებლად და ყურადღებით მოვუსმინოთ მაშინაც კი, როდესაც დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი შეხედულება სწორია (იგავები 18:17).

ეძებე „ღვთის შემეცნება“

როგორ შევინარჩუნოთ სწორი აზროვნება? მართალია, დახმარების მიღება შეგვიძლია, მაგრამ აუცილებელია პირადად გვსურდეს სწორი აზროვნების განვითარება. ბრძენმა მეფე სოლომონმა თქვა: «შვილო ჩემო, თუ მიიღებ ჩემს ნათქვამს და ჩემს მცნებებს შეინახავ, ყურადღებით მოუსმენ სიბრძნეს, შენს გულს მოუხრი გონიერებას, რადგან თუ გონებას მოუხმობ, საზრიანობას მისცემ შენს ხმას; თუ მოძებნი მას, როგორც ვერცხლს და მონახავ მას, როგორც საუნჯეს, მაშინ გაიგებ უფლის შიშსა და უფლის შეცნობას [„ღვთის შემეცნებას“, სსგ] ჰპოვებ» (იგავები 2:1—5). დიახ, თუ ვახმართ ძალისხმევას იმას, რომ გონება და გული ბიბლიური ჭეშმარიტებით ავივსოთ, ნამდვილ სიბრძნეს, გაგებასა და გამჭრიახობას შევიძენთ. ჩვენ ვეძებთ იმას, რაც გაცილებით ძვირფასია ვერცხლზე ან სხვა ნებისმიერ განძზე (იგავები 3:13—15).

სიბრძნე და ცოდნა, რასაკვირველია, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სწორ აზროვნებას. „როდესაც შევა სიბრძნე შენს გულში და ცოდნა ეამება შენს სულს, — ამბობს ღვთის სიტყვა, — განსჯა შეგინახავს შენ და საზრიანობა დაგიცავს, რათა გიხსნას ბოროტი გზიდან, უკუღმართად მოუბარი კაცისაგან, მათგან, რომელნიც ტოვებენ სწორ გზებს, რათა იარონ ბნელი გზით“ (იგავები 2:10—13).

ღვთის აზრებით ხელმძღვანელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა პრობლემის ან საშიშროების წინაშე ვდგავართ. ისეთმა ძლიერმა გრძნობებმა, როგორიცაა ბრაზი ან შიში, შეიძლება ხელი შეგვიშალოს სწორ აზროვნებაში. „ჩაგვრისას ბრძენი კარგავს გონებას“ — თქვა სოლომონმა (ეკლესიასტე 7:7). შესაძლოა ‘უფალზეც კი გავწყრეთ’ (იგავები 19:3). როგორ? საკუთარ პრობლემებში ღმერთი დავადანაშაულოთ და ამით გავამართლოთ ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ღვთის კანონებსა და პრინციპებს. ნაცვლად იმისა, რომ ვიფიქროთ, თითქოს ჩვენ ყოველთვის სწორ დასკვნებს ვაკეთებთ, უმჯობესია, თავდაბლურად მოვუსმინოთ ბრძენ მრჩევლებს, რომლებსაც ბიბლიის გამოყენებით სურთ ჩვენი დახმარება. და საჭირო თუ იქნება, მზად ვიყოთ, ღრმად ფესვგადგმული შეხედულებებიც კი დავთმოთ, როდესაც ვხედავთ მათ მცდარობას (იგავები 1:1—5; 15:22).

სთხოვე ღმერთს

ჩვენ დამაბნეველ და საშიშ დროში ვცხოვრობთ. სწორი განჯის უნარი რომ გვქონდეს და ბრძნულად ვმოქმედებდეთ, აუცილებელია ხელმძღვანელობისთვის გამუდმებით მივმართოთ იეჰოვას ლოცვით. „არაფერზე იზრუნოთ, — წერს პავლე, — მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“ (ფილიპელთა 4:6, 7). პრობლემის გადასაჭრელად ან განსაცდელის გადასატანად თუ სიბრძნე გვაკლია, უნდა ‘ვთხოვოთ ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს’ (იაკობი 1:5—8).

პეტრე მოციქულმა იცოდა, რომ თანაქრისტიანებს სიბრძნე ესაჭიროებოდათ და ‘აღვიძებდა მათში საღ აზროვნებას’ (აქ). მას სურდა, რომ თანაქრისტიანებს ხსომებოდათ „წმიდა წინასწარმეტყველთა მიერ ადრევე თქმული სიტყვები და ჩვენი უფლისა და მაცხოვრის [იესო ქრისტეს] მცნებანი“ (2 პეტრე 3:1, 2). თუ ამგვარად მოვიქცევით და იეჰოვას სიტყვით ვიხელმძღვანელებთ, სწორი აზროვნება გვექნება და ბრძნულად ვიმოქმედებთ.

[სურათები 21 გვერდზე]

პირველი ქრისტიანები აზროვნებას ღვთიური სიბრძნით იყალიბებდნენ და არა ფილოსოფიური სწავლებებით.

[საავტორო უფლებები]

Philosophers left to right: Epicurus: Photograph taken by courtesy of the British Museum; Cicero: Reproduced from The Lives of the Twelve Caesars; Plato: Roma, Musei Capitolini

[სურათები 23 გვერდზე]

ლოცვა და ღვთის სიტყვის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია.