არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რწმენისა და გამბედაობის შთამნერგავი ისტორია იეჰოვას მოწმეები უკრაინაში

რწმენისა და გამბედაობის შთამნერგავი ისტორია იეჰოვას მოწმეები უკრაინაში

რწმენისა და გამბედაობის შთამნერგავი ისტორია იეჰოვას მოწმეები უკრაინაში

ქრისტიანები როგორც პირველ საუკუნეში, ისე დღესაც იდევნებიან (მათე 10:22; იოანე 15:20). მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში თუ იდევნებოდნენ მოწმეები უფრო ხანგრძლივად და სასტიკად, ვიდრე უკრაინაში, სადაც სამეფოს შესახებ ქადაგება 52 წლის განმავლობაში აკრძალული იყო.

2002 წლის „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეულში“ მოთხრობილია ღვთის უკრაინელ მსახურებზე. ეს არის ისტორია საშინელ გაჭირვებაში მყოფთა რწმენის, გამბედაობისა და სიმტკიცის შესახებ. ქვემოთ მოყვანილია მადლიერებითა და აღფრთოვანებით ნათქვამი ჩვენი და-ძმების სიტყვები, რომლებიც იეჰოვას მოწმეთა უკრაინის ფილიალს მისწერეს:

«დავამთავრე 2002 წლის „წელიწდეულის“ კითხვა. ცრემლებს ვერ ვიკავებდი, როდესაც უკრაინაში თქვენი მოღვაწეობის შესახებ ვკითხულობდი. მსურს გითხრათ, რომ თქვენი გულმოდგინების მაგალითმა და ძლიერმა რწმენამ ძალიან გამამხნევა. მეამაყება, რომ ჩვენ ერთი და იმავე სულიერი ოჯახის წევრები ვართ. მთელი გულით გიხდით მადლობას» (ანდრე, საფრანგეთი).

«სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორი მადლიერი ვარ თქვენი და იეჰოვასი 2002 წლის „წელიწდეულისთვის“. ცრემლები ღვარად მდიოდა იმ ძმების შემთხვევების წაკითხვისას, რომლებმაც საუკეთესო წლები ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში გაატარეს. მოხიბლული ვარ მათი ვაჟკაცობით. თუმცა 27 წელია, რაც მოწმე ვარ, ბევრი რამის სწავლა შემიძლია ამ და-ძმებისგან. მათ განმიმტკიცეს ჩვენი ზეციერი მამისადმი, იეჰოვასადმი, რწმენა» (ვერა, ყოფილი იუგოსლავია).

„ამ წერილს სიხარულით გწერთ, აკრძალვის წლებში თქვენი მოთმინებისა და ერთგულების შესანიშნავი მაგალითით აღფრთოვანებული. დასაფასებელია, რომ იეჰოვასადმი სრული ნდობა და ერთგულება მტკიცედ შეინარჩუნეთ. ამასთანავე, განსაცდელის დროს თქვენ მიერ გამოვლენილი ერთგულება უფრო მარწმუნებს იმაში, რომ იეჰოვა არ ტოვებს თავის ხალხს. თქვენი გამბედაობა, სიმტკიცე და შეუპოვრობა გვეხმარება, რომ ჩვენს უმნიშვნელო პრობლემებს უფრო მშვიდად შევხვდეთ“ (ტუტერია, საფრანგეთის პოლინეზია).

«„წელიწდეულის“ წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა. ჩემზე ძალიან იმოქმედა ამ გამამხნევებელმა შემთხვევებმა. მეამაყება, რომ ასეთი ერთგული, ერთ მუშტად შეკრული ორგანიზაციის წევრი ვარ, რომელსაც მოსიყვარულე და მზრუნველი მამა ხელმძღვანელობს. იეჰოვა საჭირო მომენტში გვაძლევს ძალას. ძალიან დამამწუხრა იმის გაგებამ, რომ იეჰოვას ბევრი თავგანწირული მოწმე ასე საშინლად დაიტანჯა და მრავალმა მათგანმა სიცოცხლეც დაკარგა. მაგრამ სიხარულიც ვიგრძენი იმის გამო, რომ მათი გამბედაობისა და გულმოდგინების შედეგად ბევრმა გაიგო ჭეშმარიტება და გაიცნო ჩვენი მოსიყვარულე მამა» (კოლეტი, ნიდერლანდები).

«მე და ჩემს მეუღლეს გვსურს მოგწეროთ, რომ ჩვენზე ძალიან იმოქმედა „წელიწდეულში“ უკრაინის შესახებ მონათხრობმა. თქვენ, ერთგულო ძმებო, ხანგრძლივი და დიდი გაჭირვების პერიოდში მოთმინების შესანიშნავი მაგალითი მოგვეცით! იგავების 27:11-ის თანახმად, რა ბედნიერი უნდა იყოს იეჰოვა იმის გამო, რომ ამდენმა ერთგულმა უკრაინელმა ძმამ, ეშმაკის მხრიდან სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, ერთგულება შეინარჩუნა» (ალენი, ავსტრალია).

„თვალზე ცრემლი მომადგა, როცა უკრაინელი ძმების შესახებ ვკითხულობდი. მათ ბევრი რამ გადაიტანეს — წლების მანძილზე პატიმრობა, წამება, შევიწროება და ოჯახის წევრებთან განშორება. მსურს, ყველა იმ ძმას, რომლებიც ჯერ კიდევ მსახურობენ თქვენს კრებებში, ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ თითოეულ მათგანს. აღფრთოვანებული ვარ მათი გამბედაობითა და სიმტკიცით. ვიცი, რომ იეჰოვას სული აძლევდა მათ ძალებს. იეჰოვა ჩვენს გვერდითაა და სურს, რომ დაგვეხმაროს“ (სერგეი, რუსეთი).

«ვტიროდი, როცა 2002 წლის „წელიწდეულს“ ვკითხულობდი. ჩვენს კრებაში და-ძმები ლაპარაკობენ ხოლმე თქვენ შესახებ. ძალიან დასაფასებელნი ხართ. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დიდი სულიერი ოჯახის წევრად ვითვლები» (იუნჰი, სამხრეთი კორეა).

„ჩემზე ძალიან იმოქმედა თქვენი რწმენის, მოთმინების, ასევე იეჰოვასა და მისი სამეფოსადმი გაუნელებელი სიყვარულის შესახებ ისტორიამ. ზოგჯერ ჩვენ მთელი გულით ვერ ვაფასებთ თავისუფლებას და იეჰოვას მიერ მოწოდებულ უხვ სულიერ საზრდოს. თქვენს შემთხვევაში საქმე სულ სხვაგვარადაა. თქვენი რწმენის მაგალითი გვეხმარება იმის დანახვაში, რომ, თუ ღმერთთან ახლო ურთიერთობა გვექნება, ის ნებისმიერ განსაცდელთან გამკლავების ძალას მოგვცემს“ (პაულუ, ბრაზილია).

«წილად მხვდა პატივი, თქვენი ისტორიის შესახებ წამეკითხა 2002 წლის „წელიწდეულში“. თქვენ ძალიან ძლიერი გრძნობები გამიღვიძეთ. განსაკუთრებით იმოქმედა და ლიდია კურდასის შემთხვევამ. თბილი გრძნობები გამიჩნდა მის მიმართ» (ნიდია, კოსტა-რიკა).

«დღეს დავამთავრე 2002 წლის „წელიწდეულის“ კითხვა. იეჰოვასადმი რწმენა გამიძლიერდა. ამ მონათხრობიდან არასდროს დამავიწყდება ის შემთხვევა, როდესაც ზოგიერთები პასუხისმგებელი ძმების მიმართ ეჭვების ჩათესვას ცდილობდნენ. ამან მასწავლა, რომ არასდროს შევიტანო ეჭვი პასუხისმგებელ ძმებში. დიდი მადლობა! ასეთი სულიერი საზრდო რწმენას გვიმტკიცებს და გვამზადებს იმ პერიოდისთვის, როცა შეიძლება ჩვენი რწმენაც გამოიცადოს» (ლეტისია, ამერიკის შეერთებული შტატები).

«მადლიერნი ვართ შესანიშნავი „წელიწდეულისთვის“. ბევრმა მაუწყებელმა პირველად წაიკითხა ისტორია უკრაინაში თანამორწმუნეების მოღვაწეობის შესახებ. ამ მონათხრობმა ძმები გააძლიერა. და-ძმები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, უფრო გააქტიურდნენ მსახურებაში. ზოგმა დამხმარე ან სრული დროით პიონერად დაიწყო მსახურება. ყველა გაამხნევა იმ ძმებისა და დების ისტორიამ, რომლებიც აკრძალვის დროს ემსახურებოდნენ იეჰოვას» (კრების სამსახურებრივი კომიტეტი, უკრაინა).

უკრაინელი ძმების ერთგულებამ მართლაც რომ გაამხნევა იეჰოვას ხალხი მთელ მსოფლიოში. ყოველწლიურად „წელიწდეულიდან“ სასიამოვნო და ამაღელვებელი შემთხვევების რეგულარულად კითხვა გვიძლიერებს რწმენას და გვეხმარება, რომ მოთმინება გამოვიმუშავოთ ამ უმნიშვნელოვანეს დროში (ებრაელთა 12:1).