მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
ვის მიმართავდა იეჰოვა დაბადების 3:22-ში სიტყვებით: „ერთი ჩვენთაგანი“?
როგორც ჩანს, ღმერთი თავის მხოლოდშობილ ძეს მიმართავდა, როდესაც თქვა: „ადამი გახდა როგორც ერთი ჩვენთაგანი სიკეთისა და ბოროტის შეცნობაში“ (დაბადება 3:22). მოდი განვიხილოთ, რის საფუძველზე ვამბობთ ასე.
იეჰოვამ ეს სიტყვები ადამიანთა პირველი წყვილისთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ წარმოთქვა. ზოგიერთის აზრით, გამოთქმაში „ერთი ჩვენთაგანი“ მრავლობითი რიცხვის გამოყენება იმის მაჩვენებელია, რომ საუბარია განსაკუთრებულ პიროვნებაზე. მაგალითად, ადამიანთა შორის მეფეს შეეძლო ეთქვა: „ჩვენ არ გვესიამოვნა“ და ამ დროს „ჩვენ“-ში მხოლოდ საკუთარი თავი ეგულისხმა. მაგრამ დაბადების 1:26-სა და 3:22-თან დაკავშირებით ბიბლეისტი დონალდ გაუანი ამბობს: «არსებულ ვერსიათა უმეტესობა, მაგალითად: „ჩვენ“-ის მიმართვაში მონარქის სახელით ან ავტორთა მიერ საკუთარ თავთან დაკავშირებით გამოყენება, მრავლობითი რიცხვის გამოყენება ინტენსივობის გასაძლიერებლად და ერთ ღვთაებაში მრავალი პიროვნების გაერთიანების გამომხატველი მრავლობითი რიცხვის გამოყენება, ძ[ველ] ა[ღთქმაში] არ გვხვდება . . . ამ ვერსიათაგან ლოგიკურად არც ერთი არ მიდის 3:22-თან, სადაც „ერთ ჩვენთაგანზეა“ საუბარი».
იქნებ იეჰოვა სატანა ეშმაკს მიმართავდა, რომელმაც „სიკეთისა და ბოროტის“ საკუთარი სურვილისამებრ განსაზღვრა დაიწყო და ადამიანთა პირველ წყვილსაც იმავეს გაკეთებისკენ უბიძგა? ამის დაშვება არაგონივრულია. აღნიშნულ მუხლში იეჰოვამ გამოიყენა გამოთქმა „ერთი ჩვენთაგანი“. სატანა კი უკვე აღარ იყო იეჰოვას ერთგული ანგელოზი; ასე რომ, იეჰოვა აღარ მოიხსენიებდა მას თავის მხარეს მყოფ ქმნილებათა შორის.
თავის ერთგულ ანგელოზებს ხომ არ მიმართავდა ღმერთი? ამის თაობაზე დანამდვილებით რამის თქმა შეუძლებელია. მაგრამ დაბადების 1:26-სა და 3:22-ში მოცემულ გამოთქმათა მსგავსება აღნიშნულ საკითხს ნათელს ჰფენს. დაბადების 1:26-ში ვკითხულობთ იეჰოვას სიტყვებს: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად“. ვის მიმართავდა ღმერთი ამ სიტყვებით? იმ სულიერ ქმნილებას, რომელიც სრულყოფილი მამაკაცი, იესო, გახდა, და რომლის შესახებაც მოციქულმა პავლემ დაწერა: „ის უხილავი ღვთის მსგავსებაა, პირმშო ყველა ქმნილებას შორის; მისი მონაწილეობით შეიქმნა სხვა ყველაფერი ზეცაში და დედამიწაზე“ (კოლასელთა 1:15, 16, აქ). დიახ, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ დაბადების 1:26-ში იეჰოვა მიმართავდა თავის მხოლოდშობილ ძეს, თავის „ოსტატს“, რომელიც ცისა და მიწის შექმნისას გვერდით ჰყავდა (იგავები 8:22—31, სსგ). დაბადების პირველ თავში მოცემული გამოთქმის დაბადების 3:22-ში მოცემულ გამოთქმასთან მსგავსება გვაფიქრებინებს, რომ იეჰოვა კვლავ უახლოეს პიროვნებას, თავის მხოლოდშობილ ძეს, ელაპარაკებოდა.
ცხადია, ღვთის მხოლოდშობილ ძეს ჰქონდა „კეთილისა და ბოროტის“ შესახებ შემეცნება. იეჰოვასთან ხანგრძლივი და ახლო ურთიერთობის შედეგად, მან კარგად შეისწავლა მამის აზროვნება, პრინციპები და ნორმები. ღმერთი დარწმუნებული იყო, რომ თავისი ძე კარგად ერკვეოდა ამ საკითხებში და შესაბამისადაც იქცეოდა; ამიტომ, როგორც ჩანს, მოქმედების გარკვეულ თავისუფლებას აძლევდა. ასე რომ, იესოს არ სჭირდებოდა თითოეული საკითხის მოგვარებისას ღმერთთან უშუალოდ მოთათბირება. დადგენილი ნორმების ფარგლებში მას შეეძლო და უფლებაც ჰქონდა, განესაზღვრა, რა იყო კეთილი და რა — ბოროტი. მაგრამ სატანისგან და ადამისა და ევასგან განსხვავებით, მას იეჰოვას ნორმების საპირისპირო საკუთარი ნორმები არ დაუდგენია.