არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სიფხიზლე

ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სიფხიზლე

ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სიფხიზლე

„ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“ (მათე 24:42).

1, 2. რა ცხადყოფს, რომ თანამედროვე სისტემის აღსასრულის დროს ვცხოვრობთ?

„ომებმა უდიდესი გავლენა იქონია იმაზე, თუ როგორი იქნებოდა XX საუკუნე“, — ამბობს ბილ ემოტი. ის აღიარებს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყოველთვის იყო ომები თუ ძალადობა, მაგრამ დასძენს: „თუმცა ომები სხვა საუკუნეებშიც ხდებოდა, მათი რაოდენობითა და ხასიათით მეოცე საუკუნეს ვერც ერთი გაუტოლდება. ეს იყო პირველი ასწლეული, როდესაც მსოფლიო მასშტაბის კონფლიქტი მოხდა . . . და თანაც ერთი კი არა — ორი“.

2 იესომ იწინასწარმეტყველა, რომ იქნებოდა ომები და აღდგებოდა „ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ“. ეს ‘ქრისტეს მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშნის’ მხოლოდ ერთი თავისებურებაა. ამ მნიშვნელოვან წინასწარმეტყველებაში იესომ აგრეთვე მოიხსენია შიმშილობა, ეპიდემიები და მიწისძვრები (მათე 24:3, 7, 8; ლუკა 21:6, 7, 10, 11). ასეთი უბედურებები უფრო და უფრო მასშტაბური ხდება და მძიმე ხასიათს იღებს. ხალხი დღითიდღე ბოროტდება, რაც ღვთისა თუ თანამოძმეებისადმი დამოკიდებულებაში ვლინდება. სახეზეა ზნეობრივი ფასეულობების დაკნინება და დამნაშავეობისა თუ ძალადობის ფაქტების ზრდა. ადამიანები ფულის მოყვარულები უფრო გახდნენ, ვიდრე ღვთისა და საკუთარი სიამოვნების ძიებით არიან დღე და ღამე დაკავებულები. ყოველივე ეს იმაზე მოწმობს, რომ „საზარელ ჟამში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1—5).

3. რა გავლენა უნდა იქონიოს ჩვენზე ‘დროის ნიშნებმა’?

3 რას ფიქრობთ პირადად თქვენ მდგომარეობის უფრო და უფრო გაუარესებაზე? მრავალი არაფრად აგდებს დღევანდელ სამწუხარო რეალობას და ბევრს გულიც კი გაუქვავდა. ძლიერთ ამა ქვეყნისა და ინტელიგენციას არ ესმით „დროის ნიშანთა“ მნიშვნელობა; არც რელიგიური წინამძღოლები უწევენ ხალხს ამასთან დაკავშირებით სათანადო ხელმძღვანელობას (მათე 16:1—3). იესომ თავისი მიმდევრები დაარიგა: „იფხიზლეთ, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“ (მათე 24:42, აქ). იესო მოგვიწოდებს, არა მარტო დროის გარკვეულ მონაკვეთში ვიყოთ ფხიზლად, არამედ სულ ‘ვიფხიზლოთ’. სიფხიზლის შესანარჩუნებლად საჭიროა, არ მოვდუნდეთ და ყოველთვის ყურადღებით ვიყოთ. საკმარისი არ არის მხოლოდ იმის ცოდნა, რომ უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ და ახლა რთული ჟამია. მტკიცედ უნდა გვჯეროდეს, რომ „ყველაფრის აღსასრული მოახლოებულია“ (1 პეტრე 4:7). მხოლოდ ამგვარად შევძლებთ ფხიზლად ყოფნას და მხედველობიდან არ გამოგვრჩება, რომ დრო არ იცდის. აქედან გამომდინარე, უნდა დავფიქრდეთ კითხვაზე: „რა დაგვარწმუნებს უფრო იმაში, რომ აღსასრული ახლოსაა?“

4, 5. ა) კიდევ უფრო რა გვარწმუნებს, რომ ბოროტი სისტემის აღსასრული ახლოსაა და რატომ? ბ) რა მსგავსებაა ნოეს დღეებსა და ჩვენს დღეებს შორის?

4 განვიხილოთ, რა მდგომარეობა იყო ნოეს დღეებში მომხდარი წარღვნის — კაცობრიობის ისტორიაში განუმეორებელი მოვლენის — წინ. იმ დროს ხალხი იმდენად ბოროტი იყო, რომ იეჰოვა „დამწუხრდა თავის გულში“ და თქვა: „მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი“ (დაბადება 6:6, 7). ღმერთი ასეც მოიქცა. იესომ პარალელი გაავლო იმ დღეებთან და თქვა: „როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლაც“ (მათე 24:37).

5 გონივრულია დავასკვნათ, რომ, როდესაც დღევანდელ წუთისოფელს უყურებს, იეჰოვა იმავეს გრძნობს, რასაც წარღვნის წინა პერიოდში გრძნობდა. ღმერთმა ნოეს დღეებში გაანადგურა უღვთო წუთისოფელი, მაშასადამე, ის ნამდვილად გაანადგურებს დღევანდელ ბოროტ წუთისოფელსაც. იმ დროსა და ჩვენს დღეებს შორის არსებული მსგავსების ნათლად დანახვამ უფრო მეტად უნდა დაგვარწმუნოს, რომ თანამედროვე სისტემის აღსასრული ახლოსაა. რით ჰგავს ეს ორი პერიოდი ერთმანეთს? სულ მცირე, ხუთი რამით. პირველი: ხალხი აშკარად, პირდაპირ იღებს გაფრთხილებას მომავალი განადგურების შესახებ.

გაფრთხილებული იმაზე, „რაც ჯერ არ იყო ხილული“

6. რის გაკეთება გადაწყვიტა იეჰოვამ ნოეს დღეებში?

6 ნოეს დღეებში იეჰოვამ თქვა: „არ დაივანოს სულმა ჩემმა ადამიანში მარად, რადგან იგი ხორციელია, და იქნენ დღენი მისი ას ოცი წელი“ (დაბადება 6:3). ძვ. წ. 2490 წელს ღვთის მიერ ნათქვამი ამ სიტყვებით დაიწყო მაშინდელი უღვთო წუთისოფლის უკანასკნელი დღეები. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავდა ეს იმ დროს მცხოვრებთათვის! გავიდოდა 120 წელი და იეჰოვა, ნოესთვის მოგვიანებით ნათქვამი თავისი სიტყვებისამებრ, მოავლენდა „წარღვნას მიწაზე, ცისქვეშეთიდან ყოველი ხორციელის, რომელშიც სიცოცხლის სულია, მოსასპობად“ (დაბადება 6:17).

7. ა) როგორი რეაქცია ჰქონდა წარღვნის შესახებ გაფრთხილებაზე ნოეს? ბ) როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს ჩვენ ამ სისტემის აღსასრულის შესახებ გაფრთხილებებზე?

7 მომავალი კატასტროფის შესახებ ღმერთმა ნოე ათეული წლებით ადრე გააფრთხილა. მანაც გონივრულად გამოიყენა დარჩენილი დრო და გადასარჩენად საქმეს შეუდგა. „მიიღო ნოემ გამოცხადება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული, — ამბობს მოციქული პავლე, — ღვთისმოშიშობით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად“ (ებრაელთა 11:7). ჩვენ რას ვაკეთებთ? დაახლოებით 90 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1914 წელს ამ სისტემის უკანასკნელი დღეები დაიწყო. ჩვენ ნამდვილად „უკანასკნელ ჟამს“ ვცხოვრობთ (დანიელი 12:4). როგორ უნდა ვრეაგირებდეთ ჩვენთვის მოცემულ გაფრთხილებებზე? „ღვთის ნების აღმსრულებელი . . . რჩება უკუნისამდე“, — ამბობს ბიბლია (1 იოანე 2:17). ამიტომ, ახლა იეჰოვას ნება უნდა ვასრულოთ და გვახსოვდეს, რომ დრო არ ითმენს.

8, 9. რა გაფრთხილებებს იძლევა იეჰოვა ჩვენს დღეებში და როგორ ცხადდება ისინი?

8 ჩვენს დღეებში ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარებმა ღვთის შთაგონებით დაწერილი წმინდა წერილებიდან გაიგეს, რომ ეს სისტემა გასანადგურებლად არის განწირული. ჩვენ თუ გვჯერა ამის? ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა იესო ქრისტემ: „იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება“ (მათე 24:21). იესომ ისიც თქვა, რომ თვითონ მოვიდოდა ღვთის მიერ დანიშნულ მოსამართლედ და ხალხს ისევე გამოაცალკევებდა ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი გამოყოფს ცხვრებს თხებისგან. მისი სიტყვების თანახმად, უღირსნი „წავლენ . . . საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი — საუკუნო სიცოცხლეში“ (მათე 25:31—33, 46).

9 „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით იეჰოვა სულიერ საზრდოს აწვდის და დროულ შეხსენებებს აძლევს თავის ხალხს, რითაც მათ ყურადღებას ამ გაფრთხილებებისკენ მიმართავს (მათე 24:45—47). გარდა ამისა, ყოველ ერს, ტომს, ენასა და ხალხს ეძლევა შესაძლებლობა, ყურად იღოს მოწოდება: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი“ (გამოცხადება 14:6, 7). გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ ღვთის სამეფო მალე შეცვლის ადამიანთა მმართველობას, იმ ცნობის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც იეჰოვას მოწმეები მთელ დედამიწაზე ქადაგებენ (დანიელი 2:44). ამ გაფრთხილებას არავინ უნდა მოეკიდოს არასერიოზულად. ყოვლისშემძლე ღმერთი ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას (ესაია 55:10, 11). მან შეასრულა სიტყვა ნოეს დღეებში და ასევე მოიქცევა ჩვენს დღეებშიც (2 პეტრე 3:3—7).

სქესობრივი აღვირახსნილობა არნახულ მასშტაბებს აღწევს

10. რა შეიძლება ითქვას ნოეს დღეებში გავრცელებული სქესობრივი გახრწნილების შესახებ?

10 ჩვენი დღეები ნოეს დღეებს სხვა რამითაც ჰგავს. იეჰოვამ პირველ მამაკაცსა და ქალს უთხრა, ‘აევსოთ დედამიწა’ ადამიანებით. ამის განსახორციელებლად ღმერთმა მათ მისცა სქესობრივი ურთიერთობის უნარი, რის მიმართაც ღირსეული დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ და ეს ცოლ-ქმრული ურთიერთობის ფარგლებს არ უნდა გასცდენოდა (დაბადება 1:28, სსგ). ნოეს დღეებში ურჩმა ანგელოზებმა ადამიანები არაბუნებრივი სქესობრივი ურთიერთობებით წაბილწეს; დედამიწაზე ჩამოვიდნენ, ხორცი შეისხეს და ლამაზ ქალებთან სქესობრივი კავშირი ჰქონდათ. ამის შედეგად გაჩნდნენ ნახევრად ადამიანები და ნახევრად დემონები — ბუმბერაზები (დაბადება 6:2, 4). გულისთქმას აყოლილ ანგელოზთა ცოდვა სოდომისა და გომორას მცხოვრებთა ცოდვასთან არის შედარებული (იუდა 6, 7). იმ დღეებში უზნეო ანგელოზთა გამო სქესობრივი გახრწნილება ფართოდ გავრცელდა.

11. დღეს მსოფლიოში როგორი ზნეობრივი მდგომარეობაა გაბატონებული, რომელიც ნოეს დღეებს მოგვაგონებს?

11 რას ვიტყოდით დღევანდელი ხალხის ზნეობრივ მდგომარეობაზე? ამ უკანასკნელ დღეებში მრავალთა ცხოვრებაში სექსს მთავარი ადგილი უჭირავს. პავლე მათ ამგვარად აღწერს: „გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცნენ“; ბევრი ‘ყოველგვარ უწმიდურებას ჩადის გაუმაძღრობით’ (ეფესელთა 4:19). პორნოგრაფია, დაქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობები, ბავშვებზე სქესობრივი ძალადობა და ჰომოსექსუალიზმი ყველგანაა მოდებული. ზოგიერთმა უკვე ‘მიიღო საკადრისი საზღაური’ და სქესობრივი გზით გადამდები ავადმყოფობით დაავადდა, ზოგს ოჯახი დაენგრა, სხვებს კი სოციალური პრობლემები შეექმნათ (რომაელთა 1:26, 27).

12. რატომ უნდა განვივითაროთ ყოველივე ცუდისადმი სიძულვილი?

12 ნოეს დღეებში იეჰოვამ წარღვნა მოუვლინა ქვეყნიერებას და სექსზე შეშლილი მსოფლიო გაანადგურა. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი დრო მართლაც ძალიან ჰგავს ნოეს დღეებს. კარს მომდგარი „დიდი გასაჭირი“ დედამიწას მრუშებისა და მამათმავლებისგან გაწმენდს (მათე 24:21; 1 კორინთელთა 6:9, 10; გამოცხადება 21:8). ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, შევიძულოთ ყოველივე ცუდი და თავი ავარიდოთ ნებისმიერ სიტუაციას, რომელიც უზნეობამდე მიგვიყვანდა! (ფსალმუნები 96:10; 1 კორინთელთა 6:18).

დედამიწა ძალადობით ივსება

13. რატომ იყო ნოეს დღეებში დედამიწა ‘ძალადობით აღსავსე’?

13 ნოეს დღეებისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი თავისებურების შესახებ ბიბლია ამბობს: „წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აღივსო იგი ძალადობით“ (დაბადება 6:11). ძალადობა ყოველთვის არსებობდა. ჯერ კიდევ ადამის ვაჟმა, კაენმა, მოკლა თავისი მართალი ძმა (დაბადება 4:8). ლამექმა დაწერა ლექსი, რომელშიც იკვეხნიდა, რომ მოკლა ახალგაზრდა კაცი, ვითომ თავდაცვის მიზნით. მისი სიტყვები იმდროინდელი სულისკვეთების გამოძახილია (დაბადება 4:23, 24, აქ). ნოეს დღეები კი იმით გამოირჩეოდა, რომ ძალადობა ძალიან იყო გავრცელებული. ღვთის ურჩი ანგელოზები დედამიწაზე ჩამოდიოდნენ, ცოლად ირთავდნენ ქალებს და უჩნდებოდათ ბუმბერაზი შვილები, რის გამოც ძალადობამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია. „ახალი ქვეყნიერების თარგმანიდან“ ჩანს, რომ ბუმბერაზად ნათარგმნი ებრაული სიტყვა ნიშნავს ‘დამცემს’ — „მას, ვინც ძირს სცემს სხვებს“ (დაბადება 6:4). ბუმბერაზთა მომრავლების გამო „აღივსო ქვეყანა . . . ძალადობით“ (დაბადება 6:13). წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა ნოესთვის ასეთ გარემოში ცხოვრება და შვილების აღზრდა! მიუხედავად ამისა, ნოე ‘მთელ თავის მოდგმაში მართალი კაცი’ იყო (დაბადება 7:1).

14. რამდენად არის დღევანდელი ქვეყნიერება ‘ბოროტებით აღვსილი?’

14 ისტორიის განმავლობაში ძალადობა ყოველთვის იყო, მაგრამ ნოეს დღეების მსგავსად, დღეს მან არნახულ მასშტაბებს მიაღწია. გამუდმებით ვიგებთ ამბებს ოჯახში ძალადობის, ტერაქტების, გენოციდისა და უმიზეზოდ მასობრივი მკვლელობების შესახებ. ყოველივე ამას დაამატეთ ომებით გამოწვეული სისხლის ღვრა. ქვეყნიერება კვლავ აივსო ძალადობით. რატომ? რამ შეუწყო ხელი ძალადობის ზრდას? ამ კითხვებზე პასუხი დაგვანახვებს ჩვენი დროისა და ნოეს დღეების კიდევ ერთ მსგავსებას.

15. ა) რამ შეუწყო ხელი ბოროტების ზრდას ამ უკანასკნელ დღეებში? ბ) რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი?

15 1914 წელს ზეცაში მესიანური სამეფო დამყარდა და გამეფებულმა იესო ქრისტემ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მან სატანა ეშმაკი და მისი დემონები ციდან დედამიწაზე გადმოყარა (გამოცხადება 12:9—12). წარღვნამდე ურჩმა ანგელოზებმა საკუთარი სურვილით დატოვეს ზეცა, მაგრამ ჩვენს დღეებში ისინი ძალით გადმოყარეს. გარდა ამისა, ახლა მათ აღარა აქვთ იმის უნარი, რომ ხორცშესხმულნი მოევლინონ დედამიწას აკრძალული ხორციელი სიამოვნების მისაღებად. ამიტომ იმედგაცრუებულნი, განრისხებულნი და კარს მომდგარი სამსჯავროს შიშით შეპყრობილნი, ისინი ადამიანებსა და ორგანიზაციებზე ახდენენ ზემოქმედებას, რათა ამ უკანასკნელებმა იმაზე მეტ არაადამიანურ ბოროტებასა და ძალადობას მიმართონ, ვიდრე ნოეს დღეებში იყო. იეჰოვამ გაანადგურა წარღვნამდელი მსოფლიო, რომელიც ურჩი ანგელოზებისა და მათი შთამომავლების ქმედებათა გამო ბოროტებით იყო აღსავსე. დარწმუნებულნი იყავით, რომ ღმერთი იმავეს გააკეთებს ჩვენს დღეებშიც! (ფსალმუნები 36:10). იმ ადამიანებმა კი, რომლებიც დღეს სიფხიზლეს ინარჩუნებენ, იციან, რომ მათი ხსნა ახლოსაა.

მიმდინარეობს ქადაგება

16, 17. რა მეოთხე მსგავსება შეინიშნება დღევანდელობასა და ნოეს დღეებს შორის?

16 დღევანდელობასა და ნოეს დღეებს შორის მეოთხე მსგავსების დანახვა ნოესთვის დაკისრებული მისიიდან შეიძლება. ნოემ დიდი კიდობანი ააგო. ამასთანავე, ეს ღვთის ერთგული კაცი „მქადაგებელი“ იყო (2 პეტრე 2:5). რას ქადაგებდა ის? როგორც ჩანს, მის ქადაგებაში მონანიებისკენ მოწოდება და მომავალი განადგურების შესახებ გაფრთხილება შედიოდა. იესომ თქვა, რომ ნოეს დღეებში ხალხს ‘არაფერი ანაღვლებდა, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა’ (მათე 24:38, 39, აქ).

17 ჩვენს დროშიც იეჰოვას მოწმეები გულმოდგინედ ასრულებენ თავიანთ დავალებას და ქადაგებენ. ამის შედეგად ღვთის სამეფოს შესახებ ცნობა მთელ მსოფლიოში ვრცელდება. დედამიწის ზურგზე თითქმის ყველგან შეუძლიათ სამეფოს შესახებ ცნობის მშობლიურ ენაზე მოსმენა და წაკითხვა. ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“, რომელიც იეჰოვას სამეფოს შესახებ აუწყებს ხალხს, 140-ზე მეტ ენაზე იბეჭდება და მისი ტირაჟი 25 000 000-ს აღემატება. ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება უკვე მიმდინარეობს „ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“. როდესაც ეს საქმე იმ დონემდე შესრულდება, რა დონემდეც ღმერთს სურს, აღსასრული ნამდვილად მოვა (მათე 24:14).

18. რა მსგავსება შეინიშნება ჩვენს დღეებში ქადაგებაზე მრავლის რეაქციასა და ნოეს დღეებში უმეტესობის გამოხმაურებას შორის?

18 წარღვნის წინ მცხოვრებ ადამიანებს სულიერი და მორალური ღირებულებები დაკარგული ჰქონდათ. ამიტომ, ადვილი წარმოსადგენია, როგორ შეურაცხყოფდნენ სიტყვიერად და დასცინოდნენ ნოეს ოჯახს ეს სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები. აღსასრული კი დადგა. მსგავსად ამისა, ამ უკანასკნელ დღეებში მრავლად არიან „დაცინვით დამცინავნი“. მაგრამ იეჰოვას „დღე ქურდივით მოვა“, — ამბობს ბიბლია (2 პეტრე 3:3, 4, 10). ეს დღე დანიშნულ დროს არ გადააცილებს, აუცილებლად მოვა (აბაკუმი 2:3). ასე რომ, გონივრულია, ვიფხიზლოთ!

ცოტანი გადარჩებიან

19, 20. რა პარალელის გავლება შეგვიძლია წარღვნასა და თანამედროვე სისტემის განადგურებას შორის?

19 ნოეს დღეებსა და ჩვენს დღეებს შორის მსგავსება მხოლოდ უკიდურესი ბოროტების არსებობითა და ბოროტთა განადგურებით არ შემოიფარგლება. როგორც წარღვნის დროს იყო, თანამედროვე სისტემის განადგურების შემდეგაც იქნებიან გადარჩენილნი. წარღვნას გადარჩენილები თავმდაბალი ადამიანები იყვნენ; ისინი თავიანთ თანამედროვეთაგან გამოირჩეოდნენ. მათ ყურად იღეს ღვთის გაფრთხილება და წუთისოფლის ბოროტებას განერიდნენ. „ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში“, — ამბობს ბიბლია. „ნოე მართალი, უბიწო კაცი იყო თავის მოდგმაში“ (დაბადება 6:8, 9). დედამიწის მთელი მოსახლეობიდან ერთი ოჯახი, „ცოტა, ესე იგი, რვა სული გადაურჩა წყალს“ (1 პეტრე 3:20). იეჰოვა ღმერთმა მათ უთხრა: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, და აღავსეთ მიწა“ (დაბადება 9:1).

20 ღვთის სიტყვა გვარწმუნებს, რომ „დიდ გასაჭირს“ „უამრავი ხალხი“ გადაიტანს (გამოცხადება 7:9, 14). მაინც რამდენი? იესომ თქვა: „ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას“ (მათე 7:13, 14). მსოფლიო მოსახლეობის მილიარდებთან შედარებით, მცირე იქნება მათი რიცხვი, ვინც მომავალ დიდ გასაჭირს გადაიტანს. შესაძლოა, გადარჩენილებს მიეცეთ ისეთივე შესაძლებლობა, როგორიც წარღვნისგან გადარჩენილებს ჰქონდათ და გარკვეული დროის განმავლობაში გამრავლდნენ; შედეგად მათი შთამომავლები დედამიწაზე მცხოვრები ახალი საზოგადოების ნაწილი გახდებიან (ესაია 65:23).

„იფხიზლეთ“

21, 22. ა) რა სარგებლობა მოგიტანათ წარღვნის შესახებ ინფორმაციის განხილვამ? ბ) რომელია 2004 წლის მუხლი და რატომ უნდა ვიღოთ ყურად ამ მუხლში მოცემული რჩევა?

21 წარღვნა ძალიან დიდი ხნის წინათ იყო და, ერთი შეხედვით, მას ჩვენს ცხოვრებასთან საერთო არაფერი აქვს; მაგრამ ის გვემსახურება გამაფრთხილებელ მაგალითად, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ (რომაელთა 15:4). ნოესა და ჩვენს დღეებს შორის არსებულმა მსგავსებამ უნდა აღგვძრას, მეტი ყურადღებით მოვეკიდოთ დღევანდელი მოვლენების მნიშვნელობას და ფხიზლად დავხვდეთ ბოროტების განსაკითხავად იესოს ქურდივით მოსვლას.

22 ჩვენს დღეებში იესო ქრისტე სულიერი აღმშენებლობის უდიდეს საქმეს ხელმძღვანელობს. დღეს ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა უსაფრთხოებისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად კიდობნისმაგვარი სულიერი სამოთხე არსებობს (2 კორინთელთა 12:3, 4). დიდი გასაჭირის გადასატანად საჭიროა ამ სამოთხეში დარჩენა. სულიერი სამოთხის გარეთ სატანის წუთისოფელია, რომელიც მზად არის, შთანთქას ნებისმიერი, ვინც სულიერად ჩათვლემს. ამიტომ აუცილებელია ‘ვიფხიზლოთ’ და მზად ვიყოთ იეჰოვას დღისთვის (მათე 24:42, 44, აქ).

გახსოვთ თუ არა?

• რა დარიგება მოგვცა იესომ თავის მოსვლასთან დაკავშირებით?

• რას შეადარა იესომ ის პერიოდი, როდესაც უკვე მოსული იქნებოდა?

• რა მსგავსებაა ჩვენსა და ნოეს დღეებს შორის?

• რა გავლენა უნდა იქონიოს ნოესა და ჩვენს დღეებს შორის არსებულმა მსგავსებამ იმის გაცნობიერებაზე, რომ დრო არ იცდის?

[სასწავლო კითხვები]

[ჩანართი 18 გვერდზე]

2004 წლის მუხლი იქნება: „იფხიზლეთ . . . მზად იყავით“ (მათე 24:42, 44, აქ).

[სურათი 15 გვერდზე]

ნოემ ყურად იღო ღვთის გაფრთხილება. ჩვენც ასევე ვრეაგირებთ?

[სურათები 16, 17 გვერდებზე]

„როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლაც“.