მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
წარღვნის შემდეგ ნოემ კიდობნიდან მტრედი გაუშვა, რომელიც ‘ზეთისხილის რტოთი’ დაბრუნდა. სად იპოვა მტრედმა რტო?
ბიბლიაში ნათქვამია: „წყალი გაძლიერდა მეტისმეტად მიწაზე, და დაიფარა ყოველი მთა მაღალი, რაც კი იყო ცისქვეშეთში“ (დაბადება 7:19). როგორც კი წყლის დონემ დაიწია, ნოემ თითო კვირის ინტერვალით სამჯერ გაუშვა მტრედი. მეორე ჯერზე ფრინველს „ზეთისხილის რტო ეჭირა პირში. და ამით შეიტყო ნოემ, რომ წყალი დამცხრალიყო მიწაზე“ (დაბადება 8:8—11).
ცხადია, ახლა შეუძლებელია იმის თქმა, რამდენი ხნის განმავლობაში იყო დედამიწის ესა თუ ის ნაწილი წყლით დაფარული, რადგან წარღვნის დროს დედამიწის ტოპოგრაფია შეიცვალა. მიუხედავად ამისა, დასაშვებია, რომ ზოგი რეგიონი წყლით საკმაოდ დიდხანს იყო დაფარული და მრავალი ხე განადგურდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგმა ხემ სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნა და წყლის დონის დაკლების შემდეგ ყლორტები ამოიყარა.
ზეთისხილის ხესთან დაკავშირებით „ახალი ბიბლიური ლექსიკონი“ აღნიშნავს: „თუ ხეს მოჭრიან, ფესვები ყლორტებს ამოიყრის და, ამგვარად, ერთი მოჭრილი ხიდან შეიძლება დაახლოებით ხუთი ახალი ხე ამოვიდეს. ყლორტებს ის ხეც იყრის, რომელმაც უკვე თავისი დრო მოჭამა [სიკვდილის პირასაა]“. „ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მისი სიცოცხლისუნარიანობის მოსპობა შეუძლებელია“, — ამბობს ერთ-ერთი წყარო (The New Schaff-Herzog Encyclopedia of Religious). დღეს ადამიანთაგან არავინ იცის, როგორი იყო წარღვნის წყლის მარილიანობა თუ ტემპერატურა. ამიტომ შეუძლებელია სრული დამაჯერებლობით იმის თქმა, თუ რა გავლენის მოხდენა შეეძლო ასეთ გარემოს ზეთისხილის ხეებსა თუ სხვა მცენარეებზე.
აღსანიშნავია, რომ ველური ზეთისხილის ხე ცივ ტემპერატურას (დაახლოებით ისეთს, როგორიც მაღალმთიან რეგიონებშია) ვერ უძლებს. ჩვეულებრივ, ის არ იზრდება ზღვის დონიდან 1 კილომეტრზე მაღლა, სადაც საშუალო ტემპერატურა 10°C-ზე ნაკლებია. „ამგვარად, — ნათქვამია ერთ-ერთ წიგნში, — ახალმოწყვეტილი ყლორტის დანახვისას ნოეს შეეძლო დაესკვნა, რომ წყალი უკვე დამშრალი იყო შედარებით დაბლა“ (The Flood Reconsidered). როდესაც ნოემ ერთი კვირის შემდეგ მტრედი კვლავ გაუშვა, ის უკან აღარ დაბრუნებულა. ეს კი იმაზე მიანიშნებდა, რომ უკვე მრავლად იყო მცენარეები და ისეთი ადგილები, სადაც მტრედი ჩამოჯდომას შეძლებდა (დაბადება 8:12).