რელიგიაა კაცობრიობის პრობლემების მთავარი მიზეზი?
რელიგიაა კაცობრიობის პრობლემების მთავარი მიზეზი?
„რელიგია, როცა შუღლს არ აღვივებს, ნარკოტიკივით მოქმედებს — უგრძნობს ხდის სინდისს და ადამიანს ტვინს უვსებს ფანტაზიებით, რომლებიც რეალურ ცხოვრებას ავიწყებს . . . ხალხის მსოფლმხედველობას ავიწროებს და ცრურწმენას, სიძულვილსა და შიშს ნერგავს“, — დაწერა ერთმა ყოფილმა მეთოდისტმა მისიონერმა. შემდეგ კი დასძინა: „ეს ნამდვილად ასეა. რელიგია შეიძლება იყოს როგორც ცუდი, ისე კარგი“ (Start Your Own Religion).
„ნამდვილად უსამართლო კრიტიკაა“, — შესაძლოა, თქვას ვინმემ. მაგრამ ვინ უარყოფს ისტორიულ ფაქტებს? რელიგიას, რომელიც განიმარტება როგორც „ღვთისადმი ან ზებუნებრივი ძალისადმი მსახურება და თაყვანისცემა“, ძირითადად, აღმაშფოთებელი ისტორია აქვს. რელიგიამ უნდა გაგვანათლოს და ძალები შეგვმატოს. მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ, ხშირად ის მხოლოდ შუღლს, შეუწყნარებლობასა და სიძულვილს აღვივებს. რატომ?
შეცდომაში შემყვანი „ნათლის ანგელოზი“
ბიბლიაში ძალიან მარტივი პასუხია მოცემული. სატანას, რომელიც „ნათლის ანგელოზის“ სახეს იღებს, შეცდომაში შეჰყავს მილიონობით ადამიანი 2 კორინთელთა 11:14). იოანე მოციქულის სიტყვების თანახმად, სატანის ზეგავლენა იმდენად დიდია, რომ „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ძალაუფლებაშია“ (1 იოანე 5:19, აქ). იოანესთვის ცნობილი იყო, რომ სატანა „მთელი წუთისოფლის მაცდუნებელია“ (გამოცხადება 12:9).
და შეცდენილ ადამიანებს, ღვთის სწავლებების ნაცვლად, მისი სწავლებების სჯერათ (რა არის ამის შედეგი? სატანის ხელის შეწყობით ჩამოყალიბდა რელიგიური სისტემები, რომლებიც ერთი შეხედვით წმინდა ჩანს. ამ სისტემებს რელიგიის „სახე“ აქვს, მაგრამ მათ ნამდვილ სახეს გამოღებული ცუდი ნაყოფი ცხადყოფს (2 ტიმოთე 3:5; მათე 7:15—20). ნაცვლად იმისა, რომ კაცობრიობას პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს, რელიგია ცალკე პრობლემა ხდება.
სწრაფად ნუ უარყოფთ ამ აზრს, როგორც შეთხზულსა და არაგონივრულს. მოტყუების არსი ხომ ის არის, რომ მოტყუებულმა ამის თაობაზე არაფერი იცოდეს. ამის კარგი მაგალითია პავლე მოციქულის სიტყვები: „რასაც ისინი სწირავენ, ეშმაკს სწირავენ და არა ღმერთს“ (1 კორინთელთა 10:20). იმ ხალხისთვის, ალბათ, აღმაშფოთებელი იქნებოდა იმის წარმოდგენა, რომ დემონებს სცემდნენ თაყვანს. ისინი ფიქრობდნენ, რომ კარგ ღმერთს ან ღმერთებს ემსახურებოდნენ. სინამდვილეში კი შეცდენილები იყვნენ „ცისქვეშეთის ბოროტების სულთა“ მიერ — იმ ბოროტი სულების მიერ, რომლებიც მხარს უჭერენ სატანას კაცობრიობის შეცდენაში (ეფესელთა 6:12).
განვიხილოთ, როგორ მოახერხა სატანამ, მოეტყუებინა და შეეცდინა მრავალი ეგრეთ წოდებული ქრისტიანი, რომლებმაც უგულებელყვეს დემონთა ზეგავლენის თაობაზე იოანე მოციქულის გაფრთხილება (1 კორინთელთა 10:12).
იესო ღვთის მოძღვრებას ასწავლიდა
„ჩემი მოძღვრება ჩემი არაა, — თქვა იესომ, — არამედ მისია, ვინც მე მომავლინა“ (იოანე 7:16). დიახ, ის ყოვლისშემძლე ღმერთის მოძღვრებას ასწავლიდა. ამიტომაც მისი სწავლება გამომაცოცხლებელი იყო მსმენელებისთვის. მისი სიტყვები არც ‘სინდისს ხდიდა უგრძნობს და არც ტვინს ავსებდა ფანტაზიებით, რომლებიც ადამიანს რეალურ ცხოვრებას ავიწყებს’. პირიქით, იესოს სწავლება ხალხს ათავისუფლებდა მცდარი რელიგიური წარმოდგენებისგან და ადამიანთა ფილოსოფიური შეხედულებებისგან, რომლებიც ეშმაკის მიერ შეცდენილ და „გონებადაბნელებულ“ ქვეყნიერებაში იყო ჩასახული (ეფესელთა 4:18; მათე 15:14; იოანე 8:31, 32).
ჭეშმარიტი ქრისტიანები მოჩვენებითი ღვთისმოსაობით კი არ ამოიცნობოდნენ, არამედ რწმენით, რომელშიც ღვთის სულიწმიდის დახმარებით განვითარებული მიმზიდველი თვისებები ირეკლებოდა (გალატელთა 5:22, 23; იაკობი 1:22; 2:26). აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება სიყვარულია, რომლითაც ნამდვილი ქრისტიანები ამოიცნობიან (იოანე 13:34, 35).
ყურადღება მიაქციეთ ერთ მეტად მნიშვნელოვან მომენტს: არც იესო და არც მისი მოციქულები არ მოელოდნენ, რომ ქრისტიანული კრება უცვლელი ფორმით განაგრძობდა არსებობას. მათ იცოდნენ, რომ ფეხს მოიკიდებდა განდგომილება და გარკვეული დროის განმავლობაში ჭეშმარიტი რელიგია დაფარული იქნებოდა.
ჭეშმარიტი რელიგია დროებით დაფარულია
ხორბლისა და ღვარძლის შესახებ იგავში იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ჭეშმარიტი რელიგია დროებით ძნელად შესამჩნევი იქნებოდა. წაიკითხეთ მათეს 13:24—30, 36—43. იესომ მინდორში ხორბალი, „კარგი თესლი“ დათესა. „კარგი თესლით“ წარმოდგენილნი არიან მისი ერთგული მოწაფეები, რომლებიც პირველ ქრისტიანთა კრებას შეადგენდნენ. იესომ თავის მოწაფეებს გაფრთხილება მისცა, რომ დროთა განმავლობაში „მტერი“ ანუ სატანა ეშმაკი ყანაში „ღვარძლს“ ჩათესავდა. ღვარძლით წარმოდგენილი არიან ის ადამიანები, რომლებიც თავს იესო ქრისტეს მიმდევრებად აცხადებენ, მაგრამ სინამდვილეში უარყოფენ მის სწავლებებს.
იესოს მოციქულების სიკვდილიდან მცირე ხნის გასვლის შემდეგ გამოჩნდნენ ისინი, რომლებმაც „უფლის სიტყვას“ ადამიანთა მოძღვრება არჩიეს და ამით ცხადყვეს, რომ „ღვარძლს“ მიეკუთვნებოდნენ (იერემია 8:8, 9; საქმეები 20:29, 30). შედეგად, თავი იჩინა სახეშეცვლილმა, ცრუ ქრისტიანობამ. მას სათავეში ედგა „ურჯულო“ — სამღვდელოება, რომელიც „უსამართლობის ყველა საცდურით“ იყო სავსე (2 თესალონიკელთა 2:6—10). იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ეს მდგომარეობა „წუთისოფლის დასასრულს“ შეიცვლებოდა. ბოლო ჟამს უნდა მომხდარიყო „ხორბლის“, ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანების, შეკრება და, საბოლოოდ, „ღვარძლის“ განადგურება.
სწორედ ეს ყალბი ქრისტიანობაა პასუხისმგებელი „საუკუნოვან უკიდურეს ბარბაროსობასა“ და სულიერ სიბნელეზე, რომელმაც ქრისტიანული სამყარო შემდგომი საუკუნეების განმავლობაში მოიცვა. მოციქულმა პეტრემ იცოდა, რა უხამსობასა და ბოროტებას ჩაიდენდნენ ადამიანები რელიგიის სახელით. მან იწინასწარმეტყველა, რომ ‘მათ [ცრუ ქრისტიანების] გამო დაიგმობოდა გზა ჭეშმარიტებისა’ (2 პეტრე 2:1, 2).
„მტრობისა და სიძულვილის თეოლოგია“
ცხადია, მხოლოდ ქრისტიანული სამყარო არ არის დამნაშავე იმაში, რომ რელიგიას სახელი გაუტყდა. გავიხსენოთ თუნდაც ფუნდამენტალისტთა „აგრესიული ღვთისმოსაობა“, რომელსაც, ყოფილი მონაზვნის კარენ არმსტრონგის სიტყვებს თუ გავიმეორებთ, „მსოფლიოს ყველა ტრადიციული რელიგია“ ქადაგებს. არმსტრონგის სიტყვების თანახმად, რწმენა მხოლოდ მაშინ არის ჭეშმარიტი, როცა ადამიანს „ნამდვილი თანაგრძნობის გამოვლენისკენ“ აღძრავს. რა შეიძლება ითქვას ამ მხრივ ფუნდამენტალისტური რელიგიების შესახებ? „ფუნდამენტალისტური მიმდინარეობა — იუდაიზმში იქნება, ქრისტიანობაში თუ მუსლიმანობაში — ვერ შეესაბამება ამ მოთხოვნას, თუ ის მტრობისა და სიძულვილის თეოლოგიის განდიდებას იწყებს“, — წერს კარენ არმსტრონგი („ბრძოლა ღვთისთვის — ფუნდამენტალიზმი იუდაიზმში, ქრისტიანობასა და ისლამში“). მაგრამ განა მხოლოდ ფუნდამენტალისტური მიმდინარეობები არ შეესაბამებიან ამ მოთხოვნას და მხოლოდ ისინი არიან „მტრობისა და სიძულვილის თეოლოგიის“ განმადიდებლები? ისტორია ცხადყოფს, რომ არა.
სატანამ შექმნა ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელი, რომელიც მტრობით, სიძულვილითა და დაუსრულებელი სისხლისღვრით გამოირჩევა. ბიბლიაში ეს მსოფლიო მპყრობელი ‘დიდ ბაბილონად, დედამიწის სიბილწეთა დედად’ იწოდება და წარმოდგენილია, როგორც მხეცზე — პოლიტიკურ სისტემაზე — მჯდარი მეძავი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ის არის პასუხისმგებელი ‘დედამიწაზე ყველა მოკლულის სისხლზე’ (გამოცხადება 17:4—6; 18:24).
ყველა არ არის მოტყუებული
ისტორია ცხადყოფს, რომ სატანამ ყველას მოტყუება ვერ შეძლო. ყველაზე მძიმე პერიოდებშიც კი, როგორც მელვინ ბრეგი აღნიშნავს, „მრავალი კარგი ადამიანი კვლავაც სიკეთეს აკეთებდა, მაშინ როცა უმრავლესობა ბოროტებას სჩადიოდა“. ჭეშმარიტი ქრისტიანები ღვთისადმი ‘სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემას’ განაგრძობდნენ (იოანე 4:21—24). ისინი გამოყოფილები იყვნენ მსოფლიო რელიგიური სისტემიდან, რომელიც „მეძაობდა“ იმით, რომ „მხარს უჭერდა სამხედრო ძალას“. ჭეშმარიტი ქრისტიანები უარს ამბობდნენ, გარეულიყვნენ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დამყარებულ ურთიერთობაში, რაც, როგორც ისტორია ცხადყოფს, „სატანასთან კავშირის დამყარება იყო და არა — იესო ნაზარეველთან“ („ორი ათასი წელი — მეორე ათასწლეული: შუა საუკუნეების ქრისტიანული სამყაროდან გლობალურ ქრისტიანობამდე“).
ჩვენს დროში საყოველთაოდ ცნობილია საზოგადოებაზე იეჰოვას მოწმეთა დადებითი ზეგავლენა. მათი მრწამსი და მოქმედება მხოლოდ ღვთის მიერ შთაგონებულ სიტყვაზე, ბიბლიაზეა, დაფუძნებული და ცრუ რელიგიური შეხედულებებით არ არის დაბინძურებული (2 ტიმოთე 3:16, 17). პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, ისინი ყურად იღებენ იესოს რჩევას და ‘არ არიან წუთისოფლის ნაწილი’ (იოანე 15:17—19; 17:14—16). მაგალითად, ნაცისტურ გერმანიაში იეჰოვას მოწმეები არ თმობდნენ ქრისტიანულ პრინციპებს, რაც მიუღებელი იყო ნაცისტური იდეოლოგიისთვის. ამის გამო ჰიტლერს სძულდა ისინი. „იეჰოვას მოწმეები . . . ბიბლიური სწავლებიდან გამომდინარე, არავითარ შემთხვევაში არ იღებდნენ ხელში იარაღს. ამიტომ ისინი უარს ამბობდნენ ჯარში მსახურებასა და ნაცისტებთან ნებისმიერ ურთიერთობაზე. შედეგად, ესესელები აპატიმრებდნენ იეჰოვას მოწმეთა ოჯახებს. [გერმანიაში] იეჰოვას მოწმეთა დაახლოებით მესამედი საკონცენტრაციო ბანაკებში დახოცეს“, — ნათქვამია ერთ სახელმძღვანელოში (გერმანია: 1918—1945).
ცხადია, რწმენის გამო სხვა მრწამსის მქონე გამბედავი ადამიანებიც ხდებოდნენ ნაცისტების მსხვერპლი. მაგრამ იეჰოვას მოწმეები იდევნებოდნენ, როგორც რელიგიური ჯგუფი. მათი უმრავლესობა მტკიცედ იცავდა ძირითად ბიბლიურ პრინციპს: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქმეები 5:29; მარკოზი 12:17).
პრობლემების მთავარი მიზეზი
როგორც ვხედავთ, მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს ის, რომ კაცობრიობის ყოველგვარი პრობლემის მიზეზი რელიგიაა. ეს შეიძლება ითქვას მხოლოდ ცრუ რელიგიაზე. ღვთის განზრახვის თანახმად, ცრუ რელიგიებს მალე სრული განადგურება ელოდება (გამოცხადება 17:16, 17; 18:21). ამიტომაც ღმერთი სამართლიანობისა და სიმართლის მოყვარულ ნებისმიერ ადამიანს მოუწოდებს: „გამოერიდე მას [დიდ ბაბილონს, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელს], ჩემო ხალხო, რათა არ ეზიარო მის ცოდვებს და არ მიიღო მისი წყლულებისაგან. ვინაიდან მისმა ცოდვებმა ცას უწია და გაიხსენა ღმერთმა მისი უსამართლობანი“ (გამოცხადება 18:4, 5). დიახ, თვითონ ღმერთს შეურაცხყოფს რელიგია, რომელიც ‘შუღლს აღვივებს, ადამიანის სინდისს უგრძნობს ხდის, მას ტვინს უვსებს ფანტაზიებით, რომლებიც რეალურ ცხოვრებას ავიწყებს, ხალხის მსოფლმხედველობას ავიწროებს და ცრურწმენას, სიძულვილსა და შიშს ნერგავს’!
მანამდე კი ღმერთი სიმართლის მოყვარულ ადამიანებს კვლავაც აერთიანებს წმინდა თაყვანისმცემლობაში. ეს არის რელიგია, რომელიც მოსიყვარულე, სამართლიანი და თანამგრძნობი შემოქმედის პრინციპებსა და სწავლებაზეა დაფუძნებული (მიქა 4:1, 2; სოფონია 3:8, 9; მათე 13:30). თქვენც შეგიძლიათ წმინდა თაყვანისმცემლობაში გაერთიანება. მეტი ინფორმაციის მისაღებად იმის თაობაზე, თუ როგორ ამოიცნოთ წმინდა რელიგია, მისწერეთ ამ ჟურნალის გამომცემლებს ან დახმარებისთვის იეჰოვას მოწმეებს მიმართეთ.
[სურათი 7 გვერდზე]
წმინდა თაყვანისმცემლობაში ნებისმიერი წარმოშობის ადამიანები ერთიანდებიან.