არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეკრება „სამყაროს ცენტრში“

შეკრება „სამყაროს ცენტრში“

შეკრება „სამყაროს ცენტრში“

ოდესმე თუ გაგიგიათ სიტყვები: „ტე პიტო ტე ჰენუა“? აღდგომის კუნძულის მკვიდრი მოსახლეობის, რაპანუიელების, ენაზე ეს გამოთქმა „სამყაროს ცენტრს“ ნიშნავს. რატომ იყო იქ შეკრება ასე განსაკუთრებული?

შორეული, საიდუმლოებით მოცული, ეგზოტიკური — რამდენიმე სიტყვით ასე შეიძლება აღიწეროს აღდგომის კუნძული. ადგილობრივი მოსახლეობა მას რაპანუის უწოდებს. ის მართლაც ყველასგან და ყველაფრისგან მოშორებულია. რაპანუი წყნარი ოკეანის სამხრეთში, სანტიაგოდან (ჩილე) 3 790 კილომეტრში მდებარეობს. 1888 წლის 9 სექტემბერს კუნძული ჩილეს პროვინცია გახდა.

ვულკანური წარმოშობის ამ სამკუთხედის ფორმის კუნძულის ფართობი დაახლოებით 166 კვადრატული კილომეტრია. წყნარი ოკეანის მრავალი სხვა კუნძულის მსგავსად, მის ზედაპირს უზარმაზარი წყალქვეშა მთების მხოლოდ მწვერვალები წარმოადგენს. მთელი კუნძული ისტორიულ ძეგლად არის გამოცხადებული. იგი უმთავრესად „მოაიდ“ წოდებული ქვის ქანდაკებებითაა ცნობილი *.

მიმზიდველი ლანდშაფტისა და ისტორიული წარსულის გარდა, აღდგომის კუნძული სტუმრებს მრავალი ეგზოტიკური დელიკატესითაც ხიბლავს. კუნძულზე იზრდება მრავალგვარი ხილი. მაგალითად: ანანასი, ავოკადო, პაპაია და ბანანის ცხრა სახეობა. ზღვა კი კუნძულელებს ათასგვარი თევზითა და ზღვის სხვა პროდუქტებით უზრუნველყოფს.

აღდგომის კუნძულზე რბილი ჰავაა. იქ ხშირია წვიმები, წვიმის გადაღების შემდეგ კი ცის კამარაზე ცისარტყელა გამოჩნდება ხოლმე. წვიმები ჰაერს ასუფთავებს და მნახველთათვის ცისარტყელაც მშვენიერი სანახაობაა. დღესდღეობით კუნძულზე დაახლოებით 3 800 ადამიანი ცხოვრობს. მათი წინაპრები არიან კუნძულზე პირველად დასახლებული პოლინეზიელები, რომლებიც შემდგომ ევროპელებს, ჩილელებსა და სხვებს შეერივნენ. კუნძულის ხშირი სტუმრები არიან ევროპიდან და აზიიდან ჩასული ტურისტები. ამიტომ ტურიზმს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

სამეფოს შესახებ პირველი თესლის ჩათესვა

1982 წლის „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეულში“ ნათქვამია: «გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღდგომის კუნძულზე ერთადერთი მაუწყებელი იყო. მას სულიერად ძალიან დაეხმარა [ჩილეს] ფილიალში ერთ მისიონერ დასთან მიმოწერა. თუმცა ის მაუწყებელიც ჩილეში დაბრუნდა, კუნძულზე ზოგს აქვს გამოწერილი „საგუშაგო კოშკი“. ჩვენდა გასაოცრად, 1980 წლის აპრილში იქიდან დაგვირეკა ერთმა დაინტერესებულმა, რომელსაც სურდა გაეგო, როდის იქნებოდა უფლის გახსენების საღამო. იმავე წელს კუნძულზე ვალპარაისოდან ერთი წყვილი გადავიდა. მათ დაინტერესებულებთან ბიბლიის შესწავლების ჩატარება დაიწყეს. 1981 წლის აპრილში კუნძულზე პირველად ჩატარდა უფლის გახსენების საღამო. მას 13 ადამიანი დაესწრო. ძალიან სასიამოვნოა, რომ სასიხარულო ცნობამ ამ შორეულ ტერიტორიაზეც შეაღწია!“

მოგვიანებით, 1991 წლის 30 იანვარს, ფილიალმა კუნძულზე ერთი წყვილი, სპეციალური პიონერები, დარიო და ვინი ფერნანდესები, გაგზავნა. ძმა ფერნანდესი იხსენებს: „ხუთსაათიანი ფრენის შემდეგ აღმოვჩნდით ჩვენი პლანეტის ყველაზე შორეულ ტერიტორიაზე, რომლის მოსახლეობის კულტურაც ჩვენთვის საიდუმლოებით იყო მოცული“. მათ ჩასვლისთანავე ორგანიზება გაუკეთეს შეხვედრებსა და სამქადაგებლო მსახურებას, რაშიც დიდი დახმარება გაუწიეს ადგილობრივმა ძმამ და ერთმა დამ, რომელიც ორ შვილთან ერთად ამ კუნძულზე არცთუ ისე დიდი ხნის წინ იყო გადასახლებული. თუმცა პოლინეზიური კულტურისთვის დამახასიათებელია ისეთი სირთულეები, როგორიცაა ოჯახის მხრიდან ზეწოლა, რელიგიური თავგამოდება და გარკვეული წეს–ჩვეულებები, ეს ერთგული მსახურები ხედავდნენ, რომ იეჰოვა აკურთხებდა მათ მცდელობას. ახლა ფერნანდესები სპეციალურ პიონერებად აღარ მსახურობენ, მაგრამ კუნძულზე დარჩნენ და ზრდიან ვაჟს, რომელიც იქ შეეძინათ. დღეს რაპანუიზე სამეფოს 32 მაუწყებელია. მათ შორის არიან როგორც მკვიდრი მოსახლეები, ისე კუნძულზე მოგვიანებით დასახლებულები; აგრეთვე ისინი, რომლებიც კუნძულზე იმიტომ გადასახლდნენ, რომ იქ სამეფოს მქადაგებლები ძალიან სჭირდებოდათ.

მზადება სარაიონო კონგრესისათვის

როგორც აღვნიშნეთ, კუნძული კონტინენტისგან საკმაოდ შორს მდებარეობს. ამიტომ წელიწადში სამჯერ იქაური კრება სპეციალური ერთდღიანი, სარაიონო და საოლქო კონგრესების პროგრამების ვიდეოჩანაწერებს იღებდა. 2000 წლის ბოლოსთვის ჩილეს ფილიალმა განიხილა საკითხი კუნძულზე კონგრესის ჩატარების თაობაზე. გადაწყდა, რომ სარაიონო კონგრესი 2001 წლის ნოემბერში ჩაეტარებინათ და ამ განსაკუთრებულ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩილეს სხვადასხვა ნაწილიდან ძმებისა და დების შეზღუდული რაოდენობა მიეწვიათ. თვითმფრინავების განრიგის გამო კონგრესი კვირასა და ორშაბათს დაიგეგმა.

33 მიწვეული დელეგატი დიდი მღელვარებით მოელოდა მოშორებულ კუნძულზე პირველ სარაიონო კონგრესზე გამგზავრებას და პროგრამაში მონაწილეობას. წყნარ ოკეანეზე ხანგრძლივი ფრენის შემდეგ დელეგატებმა შვებით ამოისუნთქეს, როდესაც აეროპორტში მათ დასახვედრად მისული ადგილობრივი ძმები დაინახეს. სტუმრებს მისალმებისას ყვავილებისგან დაწნული მშვენიერი ყელსაბამები, კუნძულელებისთვის ჩვეული საჩუქარი, დაჰკიდეს ყელზე. შემდეგ დელეგატები დააბინავეს. მოგვიანებით კუნძული სახელდახელოდ დაათვალიერებინეს, რის შემდეგაც ყველამ, ვინც კონგრესის პროგრამაში მონაწილეობდა, სამეფო დარბაზში მოიყარა თავი.

მოულოდნელი რეკლამა

კონგრესზე მიმავალი დელეგატები გააოცა რადიოში იმის მოსმენამ, რომ მათი ვიზიტის შესახებ ადგილობრივი მღვდელი ლაპარაკობდა. მან აღნიშნა, რომ ხალხს სახლებში მიაკითხავდნენ კონტინენტიდან მოსული ტურისტები, რომლებიც წუთისოფლის მომავალი აღსასრულის შესახებ დაუწყებდნენ საუბარს. მართალია, მღვდელმა მრევლს მოუწოდა, რომ კუნძულის სტუმრებისთვის არ მოესმინათ, მაგრამ მისმა გამოსვლამ ხელი შეუწყო ინფორმაციის გავრცელებას იმის თაობაზე, რომ კუნძულს იეჰოვას მოწმეთა დიდი ჯგუფი ეწვია. ამან მოსახლეობაში მოლოდინი აღძრა. მომდევნო დღეების განმავლობაში დელეგატები ტაქტიანად უზიარებდნენ მათ გამამხნევებელ სასიხარულო ცნობას.

კონგრესი იწყება

კვირა დილით ადგილობრივი ძმები სამეფო დარბაზის შესასვლელთან იდგნენ და გულთბილად იღებდნენ კონგრესის პირველ დღეს მისულ დელეგატებს: „იორანა კოე! იორანა კოე!“ („კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!“). ზოგ დას ნაციონალური სამოსი ეცვა და თმები პოლინეზიურ სტილზე საუცხოო ყვავილებით ჰქონდა შემკული.

სასიამოვნო მუსიკალური შესავლის შემდეგ დაახლოებით ასმა ადამიანმა შეასრულა სიმღერა: „იყავით მტკიცენი და შეურყეველნი!“ მსგავსი რამ იქ არასოდეს მოუსმენიათ. ადგილობრივ ძმებს თვალზე ცრემლი მოადგათ, როდესაც თავმჯდომარე შეკრებილებს მათ მშობლიურ ენაზე, რაპანუიზე, მიესალმა. შესვენების დროს სამი ადამიანი ღვთისადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მოინათლა. პირველი დღის პროგრამის დასრულების შემდეგ ყველა გრძნობდა, რომ იეჰოვას და მთელ საძმოს უფრო დაუახლოვდა (1 პეტრე 5:9).

დილით ქადაგება

კუნძულზე არსებული განსაკუთრებული მდგომარეობის გამო მეორე დღეს სარაიონო კონგრესის პროგრამა სადილის შემდეგ დაიწყო. დელეგატებმა ისარგებლეს ამით და დილა სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობისთვის გამოიყენეს. რა ელოდათ მათ მსახურებაში?

ერთმა რვა შვილის დედამ მოწმეებს უთხრა, რომ კათოლიკე იყო და ამიტომ მათთან ლაპარაკი არ შეეძლო. როდესაც მოწმეებმა უთხრეს, რომ მასთან იმ სირთულეების შესახებ საუბარი სურდათ, რომლებსაც ყველა აწყდება — მაგალითად, ნარკომანიისა და ოჯახური პრობლემების შესახებ — ქალი მოსმენაზე დათანხმდა.

ერთი ადგილობრივი, ასაკში შესული ქალბატონი მოწმეთა წყვილს ცივად შეხვდა. ქალბატონმა მოწმეებს უთხრა, რომ წასულიყვნენ და ელაპარაკათ კონტინენტზე მცხოვრებლებთან, რომლებიც სხვების მიმართ სასტიკები არიან. წყვილმა მას აუხსნა, რომ „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“ ყველას სთავაზობდნენ და მათი კუნძულზე მისვლის მიზანი კონგრესზე დასწრება იყო, რაც ღვთისადმი სიყვარულის გაღრმავებას უწყობს ხელს (მათე 24:14, აქ). მოწმეებმა ქალს ჰკითხეს, თუ ისურვებდა ამ კუნძულზე არსებულ სამოთხისმაგვარ პირობებში, მაგრამ ავადმყოფობისა და სიკვდილის გარეშე, ცხოვრებას? მათ იმსჯელეს იმის თაობაზე, თუ რამდენი ხანია, რაც კუნძულზე ვულკანური კრატერები არსებობს; ამან ქალბატონი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე დააფიქრა და იკითხა: „რატომ არის ჩვენი სიცოცხლე ასე ხანმოკლე?“ ის გაოცდა, როდესაც ფსალმუნების 89:10 წაუკითხეს.

ამ დროს მოწმეებს მოულოდნელად ყვირილის ხმა შემოესმათ. მათ სიტყვები ვერ გაიგეს, მაგრამ როგორც ქალმა უთარგმნა, მეზობლად მცხოვრებნი შეურაცხმყოფელ სიტყვებს გაჰყვიროდნენ და აშკარად ცხადყოფდნენ, რომ მათ მოწმეების სტუმრობა არ სურდათ. ეს ქალბატონი „ნუა“, ანუ ოჯახში უფროსი ქალიშვილი, იყო. მამამისი უკვე გარდაცვლილი იყო, ამიტომ მას უნდა გადაეწყვიტა, რა იქნებოდა ოჯახისთვის სასიკეთო. ქალი მშობლიურ ენაზე დაელაპარაკა თავის ახლობლებს და მოწმეები დაიცვა, შემდეგ კი შეთავაზებული პუბლიკაციები აიღო. იმავე კვირას, როდესაც მან მოწმეებს გვერდით ჩაუარა, თავის ღვიძლ ძმას სთხოვა, გაეჩერებინა მანქანა. მისი აშკარა უკმაყოფილების მიუხედავად, ქალმა ჩვენს ძმებს მსახურებაში წარმატება უსურვა.

თავიდან ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს კუნძულელები არ იღებდნენ კონტინენტიდან ჩასული იეჰოვას მოწმეების ცნობას, მაგრამ შემდეგ ცხადი გახდა, რომ რაპანუიელები ბუნებით კეთილი და მეგობრული ხალხია. მათმა უმეტესობამ სიამოვნებით მოისმინა სასიხარულო ცნობა. კუნძულზე მონათლული 20 მოწმიდან 6 მკვიდრი მოსახლეა. აი, როგორ გაიგო ერთმა მათგანმა პირველად ჭეშმარიტება: მისი ცოლი მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა და მეზობელი ოთახიდან მოუსმინა მათ საუბარს. მოგვიანებით ორივენი მოინათლნენ და დღეს ქმარი კრებაში თანაშემწედ მსახურობს.

სულიერი პროგრამა გრძელდება

სადილის შემდეგ მეორე დღის პროგრამაც დაიწყო. ისევ ერთად შეიკრიბა 32 ადგილობრივი მოწმე, 33 ჩასული დელეგატი და მრავალი დაინტერესებული. დაახლოებით ასი ადამიანი ისმენდა პროგრამას და, მათ შორის, მოხსენებას: „როგორ შეუძლია სიყვარულსა და რწმენას წუთისოფელს ძლევა“. დამსწრეებმა საკუთარი თვალით იხილეს იეჰოვას ხალხს შორის არსებული სიყვარული და დაინახეს, რომ ეს სიყვარული განსხვავებული კულტურის წარმომადგენლებს შორისაც არსებობს (იოანე 13:35).

სარაიონო და საოლქო ზედამხედველებმა პიონერებთან სპეციალური შეხვედრაც ჩაატარეს. შეხვედრას დაესწრნენ სამი ადგილობრივი პიონერი და ჩასული პიონერები თუ სპეციალური პიონერები. ყველა ძალიან გამხნევდა.

კონგრესის დამთავრების შემდეგ, მეორე დღეს, ადგილობრივმა ძმებმა, რომლებიც ექსკურსიამძღოლებად მუშაობენ, სტუმრებს კუნძული დაათვალიერებინეს. ისინი ეწვივნენ ქვის სამტეხლოს, სადაც „მოაის“ კვეთენ; ვულკანებს, სადაც ძველად შეჯიბრებები იმართებოდა; და, რა თქმა უნდა, ანაკენას საუცხოო სანაპიროს, რომელსაც კუნძულის პირველი მოსახლეები მიადგნენ *.

სტუმრებს ადგილობრივ ძმებთან კიდევ ერთი შეხვედრის შესაძლებლობა წიგნის შესწავლაზე მიეცათ. შეხვედრის დამთავრების შემდეგ ადგილობრივმა მოწმეებმა ჩასულებს სიურპრიზი მოუწყვეს — ტრადიციული კერძით გაუმასპინძლდნენ. მოგვიანებით კი ნაციონალურ ტანსაცმელში გამოეწყვნენ და ბრწყინვალე ხალხური ცეკვა შეასრულეს. როგორც რაპანუიელი ძმები და დები, ისე დელეგატები, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მართლაც ღირდა კონგრესის ჩასატარებლად გაღებული ძალისხმევა.

ჩასულებიდან ყველა ძალიან დაუახლოვდა შორეულ კუნძულზე მცხოვრებ ძმებსა და დებს, რომლებთანაც დაუვიწყარი ერთი კვირა გაატარეს. განშორება ძალიან რთული იყო. სტუმრებს ყოველთვის ეხსომებათ ახალი, ძვირფასი მეგობრები და იქ მიღებული სულიერი გამხნევება. აეროპორტში ადგილობრივმა ძმებმა სტუმრებს ნიჟარებისგან თავიანთი ხელით გაკეთებული ყელსაბამები აჩუქეს.

კუნძულზე ჩასულ დელეგატთა გამოსამშვიდობებელი სიტყვები იყო: „იორანა! აუ ჰე ჰოკი მაი ე რაპანუი ეე“, რაც ნიშნავს: „ნახვამდის! მე დავბრუნდები რაპანუი“. დიახ, მათ სურთ დაბრუნდნენ და მოინახულონ ახალი მეგობრები და სულიერი ოჯახის წევრები, რომლებიც ეგზოტიკურ, შორეულ, საიდუმლოებით მოცულ და სტუმართმოყვარე აღდგომის კუნძულზე ცხოვრობენ!

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 იხილეთ 2000 წლის 22 ივნისის „გამოიღვიძეთ!“ [რუს.]; გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 27 ვულკან რანო–რარაკაუს კრატერზე მრავალი გამოსახულებაა ამოტვიფრული. ამ ადგილიდან იწყებოდა შეჯიბრება იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც კუნძულის მმართველობა სურდათ. შეჯიბრებაში მონაწილეები უნდა დაშვებულიყვნენ კრატერის ციცაბო ფერდობზე, გაეცურათ მახლობლად მდებარე რომელიმე კუნძულამდე, ხელში ჩაეგდოთ იქაური რომელიმე ფრინველის კვერცხი, გამოეცურათ უკან და ასულიყვნენ ციცაბო ფერდობზე ისე, რომ კვერცხი მთელი ყოფილიყო.

[ჩარჩო 24 გვერდზე]

აღდგომის კუნძულზე ქადაგება

ამ ღირსსახსოვარ კონგრესამდე დაახლოებით ორი წლით ადრე კუნძულს სარაიონო ზედამხედველი და მისი მეუღლე ეწვივნენ. მათ აქ არაერთი სასიამოვნო შემთხვევა ჰქონდათ. მაგალითად, წარმოიდგინეთ მათი გაოცება, როდესაც დამ, რომელთანაც ისინი დაბინავდნენ, შეახსენა, რომ 16 წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამხრეთ ჩილეში ცხოვრობდა, ისინი უტარებდნენ მას ბიბლიის შესწავლას. მაშინ დათესილმა თესლმა მოგვიანებით, რაპანუიზე გამოიღო ნაყოფი.

აი, კიდევ რა გადახდათ მათ თავს. სუვენირების მაღაზიის ერთმა მეპატრონემ აიღო „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ და ბიბლიის შესასწავლი დამხმარე პუბლიკაცია „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ (ორივე გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ). განმეორებითი მონახულების დროს ამ კაცმა თქვა, რომ ვერ შეძლო ბიბლიის წაკითხვა. მოწმეებმა თურმე მას ესპანურის ნაცვლად ფრანგული ბიბლია დაუტოვეს. პრობლემა მალევე მოგვარდა. მაღაზიის მეპატრონემ ადგილობრივი მოწმეების დახმარებითა და, რა თქმა უნდა, მშობლიურ ენაზე გამოცემული ბიბლიის წყალობით, დაინახა, რომ მისი გაგება სულაც არ იყო რთული.

[რუკა 22 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

აღდგომის კუნძული

ჩილე

[სურათები 23 გვერდზე]

სარაიონო კონგრესზე მონათლულთაგან ორი იეჰოვას მოწმე.

[სურათები 25 გვერდზე]

ვულკან რანო–რარაკაუს ფერდობი; ჩანართი: ველური გუაიაბა, რომელიც კუნძულზე ხარობს.