არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

• ვინაიდან ძველ ისრაელში ლევიანებს არ ჰქონდათ სამკვიდრებელი, როგორ შეეძლო ლევიან ხანამეელს თავისი ლევიანი ახლო ნათესავისთვის, იერემიასთვის, მიეყიდა მინდორი, რის შესახებაც იერემიას 32:7-ში ვკითხულობთ?

ლევიანთა შესახებ იეჰოვამ აარონს უთხრა: „არ დაიმკვიდრო სამკვიდრებელი და წილი არ გქონდეს შენ მათ [ისრაელებს] შორის“ (რიცხვნი 18:20). მიუხედავად ამისა, ლევიანებს გამოუყვეს 48 ქალაქი საძოვრებითურთ, რომლებიც აღთქმული მიწის სხვადასხვა ნაწილში მდებარეობდა. იერემიას მშობლიური ქალაქი იყო ყანათოთი, იმ ქალაქებიდან ერთ-ერთი, რომლებიც „აარონის ძეებს, მღვდლებს“ ეკუთვნოდათ (იესო ნავეს ძე 21:13—19; რიცხვნი 35:1—8; 1 ნეშტთა 6:39, 45).

ლევიანების 25:32—34-დან ვიგებთ, რომ იეჰოვამ განსაკუთრებული მითითებები მისცა ლევიანებს თავიანთი საკუთრების ‘გამოსყიდვასთან’ დაკავშირებით. როგორც ჩანს, ლევიანთა თითოეულ ოჯახს მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული მიწის ნაკვეთის ფლობასთან, გამოყენებასთან და გაყიდვასთან დაკავშირებული უფლებები. აქედან გამომდინარე, ცხადია, მათ შეეძლოთ საკუთრების გაყიდვაც და გამოსყიდვაც *. ძირითადად, ლევიანებს ისევე შეეძლოთ საკუთრების ფლობა და გამოყენება, როგორც სხვა ტომების წარმომადგენელ ისრაელებს.

როგორც ჩანს, ლევიანთა შორის საკუთრების ფლობის უფლება ოჯახის შიგნით მემკვიდრეობით გადადიოდა. ხოლო რაც შეეხება საკუთრების ‘გამოსყიდვას’, ასეთი გარიგებები მხოლოდ ლევიანებს შორის უნდა მომხდარიყო. აგრეთვე, როგორც ჩანს, მხოლოდ იმ მიწის გაყიდვა ან გამოსყიდვა შეიძლებოდა, რომელიც მათთვის გამოყოფილი ქალაქის შიგნით მდებარეობდა; „მათი ქალაქების ირგვლივ მინდვრები“ არ უნდა გაყიდულიყო, რადგან ეს იყო „მათი საუკუნო სამფლობელო“ (ლევიანები 25:32, 34).

მაშასადამე, მინდორი, რომელიც იერემიამ ხანამეელისგან გამოისყიდა, როგორც ჩანს, იმ სამკვიდროს მიეკუთვნებოდა, რომლის გამოსყიდვაც შეიძლებოდა. შესაძლოა, ის ქალაქის საზღვრებს შიგნით მდებარეობდა. იეჰოვამ თავად დაადასტურა, რომ ეს „მინდორი“ ხანამეელის საკუთრება იყო და მისი „გამოსყიდვის უფლება“ იერემიას ჰქონდა (იერემია 32:6, 7). იეჰოვამ ეს საქმიანი გარიგება სიმბოლური მნიშვნელობით გამოიყენა თავისი აღთქმის განსამტკიცებლად, რომლის თანახმადაც ისრაელები ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ უკან მოითხოვდნენ თავიანთ სამკვიდროს (იერემია 32:13—15).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საფუძველი არა გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ხანამეელი უკანონოდ ფლობდა ყანათოთში მიწის ნაკვეთს ან იერემიასთვის მინდვრის გამოსყიდვის შეთავაზებით დაარღვია იეჰოვას კანონი. იგივე შეიძლება ითქვას იერემიაზეც; მას უკანონოდ არ უსარგებლია მინდვრის გამოსყიდვის უფლებით (იერემია 32:8—15).

მე ქვრივი დედა ვარ. ჩემი შვილები მოზარდები არიან. ღვთის სიტყვის შესახებ ჭეშმარიტება დაახლოებით ერთი წლის წინ გავიგე. უნდა დავაძალო თუ არა შვილებს კრების შეხვედრებზე სიარული, მაშინ როდესაც ამის სურვილი არა აქვთ?

მართებულია, რომ ქრისტიანმა მშობელმა შვილებს ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება მოსთხოვოს. ღვთის სიტყვაში მოცემულია დარიგებები: „შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, ვინაიდან ასეა მოსაწონი უფლისათვის“; „ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“ (კოლასელთა 3:20; იგავები 22:6, სსგ).

ამ საქმეში წარმატება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანწილად ბავშვის ასაკსა და მის რეაქციაზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ თავად უნდა გადაწყვიტოთ, რა დონემდე დააძალოთ შვილებს თქვენი მოთხოვნების შესრულება.

თქვენი შვილები დაბადებიდან არ ყოფილან ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის პრინციპებით ‘გაწვრთნილნი’, მაგრამ მაინც გაქვთ შესაძლებლობა, მიაღწიოთ დადებით შედეგებს მათსავე სასარგებლოდ, ვიდრე ისინი ჯერ კიდევ თქვენთან ცხოვრობენ. „დასაჯე შენი შვილი, სანამ იმედია“, — ნათქვამია ღვთის შთაგონებით დაწერილ იგავში (იგავები 19:18, სსგ). ცხადია, ბავშვის ფიზიკურად დასჯა და ამგვარად დაძალება, რომ დაესწროს კრებას, საუკეთესო გამოსავალი არ იქნება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ის უკვე პატარა აღარ არის. ამან შეიძლება პირიქით, უარყოფითად, იმოქმედოს. მაგრამ რჩევის სიყვარულით მიცემამ, მოთმინებამ, გაგებამ და სიმტკიცის სათანადოდ გამოვლენამ ხშირად შეიძლება კარგი ნაყოფი გამოიღოს. განაგრძეთ მოქმედება, გულს ნუ გაიტეხთ და ადვილად ნუ დაყრით ფარ-ხმალს.

მშობლების ვალდებულებაა, არა მარტო მატერიალურად უზრუნველყონ შვილები, არამედ — სულიერადაც. ბავშვებს შეიძლება მაინცდამაინც არ უყვარდეთ სკოლაში სიარული, მაგრამ მშობლების უმეტესობა, შვილების სასიკეთოდ და „კეისრის“ კანონისადმი პატივისცემის გამოსავლენად, შვილებისგან მოითხოვს, რომ გარკვეულ ასაკამდე ან კლასამდე იარონ სკოლაში და, ამგვარად, დაემორჩილონ ამ კანონს. თუ ასე მნიშვნელოვანია საერო განათლების მიღება, წარმოიდგინეთ, რამდენად უფრო მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის სულიერი განათლების მიცემა და მათი გათვითცნობიერება ღვთის კანონებში, რაზეც მათი სიცოცხლეა დამოკიდებული.

სიტუაციები სხვადასხვაგვარია. თუ ადრე — ოჯახში ბიბლიური პრინციპების გამოყენებამდე — ბავშვს ყველაფრის უფლება ეძლეოდა, შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს იმას, რომ ბავშვი მშობლების მხრიდან დადგენილ შეზღუდვებს შეეგუოს. კარგი იქნებოდა, ქრისტიან მშობელს შვილებისთვის რბილად აეხსნა, თუ რა ცვლილებები მოხდება მათ ოჯახში მომავალში და რატომ. ამის გაკეთება შეიძლება თანდათანობით, დროთა განმავლობაში. აჩვენეთ შვილებს, რატომ არის ბიბლიური რჩევებისა და მოთხოვნების შესრულება გონივრული და ხანგრძლივი სარგებლობის მომტანი. დაანახვეთ მათ, რომ ლაპარაკია მარადიულ ცხოვრებაზე. თუ ბავშვებთან აღიარებთ, რომ ადრე არასწორად მსჯელობდით და აღზრდის არასწორ მეთოდებს იყენებდით, ეს მათ დაეხმარება იმის დანახვაში, რომ თქვენც იცვლებით და ცხოვრებას ღვთის უკეთეს ნორმებს უსაბამებთ. ასეთ შემთხვევაში უფრო ადვილად დაინახავენ, რომ არ მბრძანებლობთ მათზე და მათი თქვენი სურვილისამებრ ტარება არ გსურთ. ეს დაეხმარება ბავშვებს, ღმერთი აღიარონ მმართველად და თქვენც უფრო მეტად მოგისმინონ. ოჯახურ ცხოვრებაში ბიბლიური პრინციპების დანერგვისას ყოველთვის გახსოვდეთ კრებებზე რეგულარული დასწრების მნიშვნელოვნება. შესაძლოა, არარეალური იყოს, იფიქროთ, რომ ბავშვები თავიდანვე ყველა შეხვედრას დაესწრებიან და არც ერთს არ გააცდენენ. იქონიეთ მოთმინება. ღვთის სიტყვის რჩევამ ბავშვის გულზე რომ იმოქმედოს, დროა საჭირო. დაეხმარეთ შვილებს, გაიგონ და დააფასონ ეს რჩევები და დაინახონ, რომ ოჯახში ურთიერთობა უმჯობესდება და უფრო თბილი ხდება. მიეცით მათ კარგი მაგალითი. ხშირად მაგალითი უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე სიტყვები.

ზოგ ბავშვს შეიძლება არ სურდეს ცვლილებების მოხდენა, რადგან უკვე სხვა მრწამსი აქვთ. ისინი შეიძლება უარს ამბობდნენ ახალი სწავლების მიღებაზე. ნუ დასცინებთ მათ. ნაცვლად ამისა, ისევე მოექეცით, როგორც სხვებს — ასწავლეთ ბიბლიური ჭეშმარიტება. მათ ისევე სჭირდებათ ბიბლიის საშინაო შესწავლა, როგორც ერთ დროს თქვენ გჭირდებოდათ.

ბავშვის მხრიდან წინააღმდეგობის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ მან უნდა დატოვოს ძველი მეგობრები და შეიძინოს — ახალი. ეცადეთ, რომ თქვენ თვითონ იყოთ მისთვის კარგი მეგობარი და უბიძგეთ იმისაკენ, რომ კრებაში სხვა ახალგაზრდებს დაუახლოვდეს.

მშობლებმა მხედველობაში უნდა მიიღონ, რომ არ არსებობენ ერთნაირი ადამიანები და მდგომარეობაც სხვადასხვაგვარია. გასაგებია, რომ ზოგჯერ არც ისე ადვილია სათანადო გადაწყვეტილების მიღება და საჭიროა ბავშვთან განსაკუთრებული მიდგომა; მაგრამ შვილების კეთილდღეობაზე ზრუნვისას თუ მოთმინებასა და გამჭრიახობას გამოავლენთ, იეჰოვა აკურთხებს თქვენს მცდელობას, გადასცეთ შვილებს ჭეშმარიტება და ხელი შეუწყოთ მათ, ნამდვილი ქრისტიანები დადგნენ. კრების შეხვედრებზე დასწრება ქრისტიანული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ შეხვედრებზე იეჰოვას სული განსაკუთრებით მოქმედებს და მათზე რეგულარულად დასწრებაზე ბევრად არის დამოკიდებული, შევინარჩუნებთ თუ არა რწმენას. ამიტომ, მშობლებმა საღად უნდა შეაფასონ მდგომარეობა ზემოთ მოყვანილი რჩევების გათვალისწინებით და იზრუნონ იმისათვის, რომ შვილებთან ერთად შეძლებისდაგვარად რეგულარულად დაესწრონ კრების შეხვედრებს.

როდესაც ადამიანი იეჰოვას ლოცვით მიმართავს, როგორ უნდა წარმოისახოს მან ის, ანუ რაზე უნდა ფიქრობდეს?

დანიელის, ეზეკიელისა და მოციქულ იოანესთვის მიცემული ხილვები სიმბოლოების საშუალებით გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის იეჰოვას ბრწყინვალე დიდების შესახებ (დანიელი 7:9, 10; ეზეკიელი 1:26—28; გამოცხადება 4:1—3). მაგრამ, აღსანიშნავია, რომ ისრაელებს არანაირი გამოსახულება არ უნახავთ იმ დღეს, როდესაც ღმერთი თავის ხალხს ხორების მთიდან ელაპარაკა. მიზეზი კი ის იყო, რომ იეჰოვას არ მოეწონებოდა, თუ ისრაელები გაიკეთებდნენ მის ‘ქანდაკებას, ხატს რაიმე კერპისას, რომელიც გამოხატავს კაცს ან ქალს, რომელიმე პირუტყვისას, რაც მიწაზეა’ (მეორე რჯული 4:15—19).

რაც შეგვეხება ჩვენ, ქრისტიანებს, არავითარი საფუძველი გვაქვს, წარმოვიდგინოთ იეჰოვას გამოსახულება, თუმცა ლოცვის დროს შეიძლება გონებაში გაგვიელვოს ბიბლიურმა ხილვებმა. უნდა გვახსოვდეს, რომ „ღმერთი არის სული“ (იოანე 4:24). ლოცვისას იეჰოვას დიდებულებაზე და მის შესანიშნავ თვისებებზე უნდა ვიფიქროთ და არ უნდა ვცდილობდეთ მისი გამოსახულების წარმოსახვას. ბიბლიის შესწავლის საშუალებით დავინახეთ, თუ რა დიდებულად მოქმედებდა იეჰოვა წარსულში თავისი ხალხის სასარგებლოდ; ასევე გავიგეთ მომავალთან დაკავშირებით მისი სამართლიანი და სიყვარულით აღსავსე განზრახვის შესახებ. ამგვარად, იეჰოვასადმი ლოცვისას რწმენა გვჭირდება და არა რაღაც სურათი და ან წარმოსახვითი სახე. „[ჩვენ] რწმენით დავდივართ და არა ხილვით“ (2 კორინთელთა 5:7). იფიქრეთ იეჰოვაზე, როგორც მოსიყვარულე და გულმოწყალე ზეციერ მამაზე, რომელსაც ესმის, რომ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია და რომელიც გვისმენს, როდესაც იესო ქრისტეს სახელით, მისი ნების შესაბამისად, სათანადო სახით ვლოცულობთ (იოანე 14:6, 14; 1 იოანე 5:15).

[სქოლიო]

^ აბზ. 4 ახ. წ. პირველ საუკუნეში ლევიანმა ბარნაბამ საკუთარი მიწის ნაკვეთი გაყიდა და აღებული თანხა იერუსალიმში მცხოვრები გაჭირვებული თანაქრისტიანების დასახმარებლად შესწირა. მას ნაკვეთი შეიძლება პალესტინაში ან კვიპროსში ჰქონდა. შესაძლებელია, ეს დასაკრძალი ადგილი იყო, რომელიც ბარნაბამ იერუსალიმის მიდამოებში შეიძინა (საქმეები 4:34—37).