არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

როგორ დავანაღვლიანებთ ღვთის სულიწმიდას, თუ ის პიროვნება არ არის?

პავლე მოციქულმა დაწერა: „ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის სულიწმიდას“ (ეფესელთა 4:30). ზოგი ამ სიტყვების საფუძველზე ასკვნის, რომ სულიწმიდა პიროვნებაა. მაგრამ „ერთგული განმგებლის“ მიერ მოწოდებულ პუბლიკაციებში არაერთხელ იყო მოყვანილი საღვთო წერილსა და ისტორიულ ფაქტებზე დაფუძნებული მტკიცებები, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანები სულიწმიდას არც პიროვნებად მიიჩნევდნენ და არც უზენაესი ღვთის თანასწორად — ეგრეთ წოდებული სამების ნაწილად * (ლუკა 12:42). აქედან გამომდინარე, პავლე სულიწმიდას პიროვნებად არ თვლიდა.

ღვთის სულიწმიდა მისი უხილავი მოქმედი ძალაა (დაბადება 1:2). როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, იესოს „სულიწმიდით“ უნდა მოენათლა ადამიანები, ისევე როგორც იოანეს — წყლით (ლუკა 3:16). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დაახლოებით 120 მოწაფე ‘აღივსო სულიწმიდით’, რაც ცხადყოფს, რომ სულიწმიდა არ არის პიროვნება (საქმეები 1:5, 8; 2:4, 33). სულით ცხებულმა ქრისტიანებმა ზეციური იმედი მიიღეს. მათ ღვთის სულიწმიდა ხელმძღვანელობდა, რომ ბოლომდე ერთგულად განევლოთ ცხოვრებისეული გზა (რომაელთა 8:14—17; 2 კორინთელთა 1:22). სულიწმიდის დახმარებით მათ ღვთის მოსაწონი ნაყოფი გამოჰქონდათ და ერიდებოდნენ ცოდვილ „ხორცის საქმეებს“, რომელთა გამოც შეიძლება ღვთის კეთილგანწყობილება დაეკარგათ (გალატელთა 5:19—25).

თუ მიწიერი იმედის მქონე ღვთის მსახურები ვართ, ღმერთი არ გვცხებს თავისი სულიწმიდით. მიუხედავად ამისა, ჩვენც შეგვიძლია სულიწმიდის იმ ზომით მიღება, რა ზომითაც ზეციერი იმედის მქონე ქრისტიანები ღებულობენ. აქედან გამომდინარე, ჩვენც შეგვიძლია დავანაღვლიანოთ სულიწმიდა. როგორ?

იმ შემთხვევაში, თუ უგულებელვყოფთ ღვთის სულიწმიდის ხელმძღვანელობით ბიბლიაში ჩაწერილ რჩევებს, ისეთი თვისებები განგვივითარდება, რომელთა შედეგადაც განზრახ შევცოდავთ სულიწმიდის წინააღმდეგ, დავკარგავთ ღვთის კეთილგანწყობას და ეს დაღუპვამდე მიგვიყვანს (მათე 12:31, 32). შეიძლება ჯერ კიდევ სერიოზულად არ შეგვიცოდავს, მაგრამ უკვე არასწორ გზას დავადექით, რომელიც საბოლოოდ სულიწმიდის ხელმძღვანელობის საწინააღმდეგო მოქმედებამდე მიგვიყვანს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დავანაღვლიანებდით სულიწმიდას.

როგორ შეგვიძლია თავი ავარიდოთ ღვთის სულიწმიდის დანაღვლიანებას? რასაკვირველია, უნდა ვაკონტროლოთ საკუთარი ფიქრები და საქციელი. ეფესელებისადმი მიწერილი წერილის მე-4 თავში პავლე მოციქული გვირჩევს, რომ თავი ავარიდოთ არასწორ მიდრეკილებებს, რაც შეიძლება უპატიოსნობის, ხანგრძლივი რისხვის, სიზარმაცისა და შეუფერებელი ლაპარაკის მიზეზი გახდეს. რას ვაკეთებთ, თუ „ახალ პიროვნებად“ ვიმოსებით და ამის მიუხედავად მაინც ვუბრუნდებით წარსულის ცოდვილ საქმეებს? ჩვენ ვეწინააღმდეგებით სულიწმიდის შთაგონებით ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, ჩაწერილ რჩევებს. ასეთი სახით ვანაღვლიანებთ სულიწმიდას.

ეფესელთა მე-5 თავში ვკითხულობთ პავლეს მიერ ჩაწერილ რჩევას იმის თაობაზე, რომ მოვერიდოთ ინტერესის გამოვლენას უზნეობისადმი. აგრეთვე მოციქული მოუწოდებს თანამორწმუნეებს, თავი აარიდონ საძრახის საქციელს და უხამს ხუმრობას. თუ არ გვსურს ღვთის სულიწმიდის დანაღვლიანება, მხედველობაში უნდა მივიღოთ ეს რჩევა, როდესაც გართობას ვირჩევთ. განა უნდა გვაინტერესებდეს უზნეობა — ამის შესახებ საუბარი, ინფორმაციის კითხვა და ტელევიზიით ან სხვა საშუალებებით ამის ამსახველი გამოსახულებების ყურება?

რასაკვირველია, ჩვენ სხვა რამითაც შეიძლება დავანაღვლიანოთ სულიწმიდა. იეჰოვას სულიწმიდა კრების ერთსულოვნებას უწყობს ხელს. მაგრამ მავნებელ ჭორებს თუ ვავრცელებთ ან დაჯგუფებებს ვქმნით კრებაში, ნუთუ ასეთი ქმედებით არ ვეწინააღმდეგებით სულიწმიდის ხელმძღვანელობით არსებულ ერთობას? ფაქტობრივად, ჩვენც იმ კორინთელების მსგავსად დავანაღვლიანებდით სულიწმიდას, რომელთა გამოც კორინთის კრებაში განხეთქილება იყო (1 კორინთელთა 1:10; 3:1—4, 16, 17). ჩვენ იმითაც დავანაღვლიანებდით სულიწმიდას, თუ განზრახ შეურაცხვყოფდით და უპატივცემულოდ მოვეპყრობოდით კრებაში სულიწმიდით დანიშნულ მამაკაცებს (საქმეები 20:28; იუდა 8).

აქედან გამომდინარე, გონივრულია, დავფიქრდეთ, რამდენად შეესაბამება ჩვენი თვალსაზრისი და საქციელი სულიწმიდის ხელმძღვანელობას, რომელიც ბიბლიასა და ქრისტიანულ კრებაში აირეკლება. გარდა ამისა, მოდი ‘ვილოცოთ სულიწმიდით’, რათა მან მოახდინოს ჩვენზე გავლენა და ყოველთვის ვიმოქმედოთ იმის თანახმად, რაც ნათქვამია ღვთის შთაგონებით დაწერილ სიტყვაში (იუდა 20). მტკიცედ გადავწყვიტოთ, არასდროს დავანაღვლიანოთ სულიწმიდა და ყოველთვის მისით ვიხელმძღვანელოთ იეჰოვას წმინდა სახელისთვის პატივის მისაგებად.

იესო ქრისტემ შედარება გააკეთა, რომ როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნწში, ისე მდიდარ კაცს გაუჭირდება სამეფოს დამკვიდრება. გულისხმობდა იესო ნამდვილ აქლემს და საკერავ ნემსს?

ბიბლიაში სამ ადგილას არის მოყვანილი იესოს ეს სიტყვები და ამ სამიდან ორი ერთმანეთის მსგავსია. მათეს სახარების თანახმად იესომ თქვა: «უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში [„სამეფოში“, აქ]» (მათე 19:24). მსგავსად, მარკოზის 10:25-ში ვკითხულობთ: «უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში [„სამეფოში“, აქ]».

ზოგ ცნობარში იხსნება, რომ „ნემსის ყუნწი“ იერუსალიმის ერთ-ერთი კარიბჭის პატარა შესასვლელი იყო. თუ დიდი კარი დაკეტილი იყო ღამით, პატარა შეიძლება ღია ყოფილიყო. ზოგი ფიქრობს, რომ აქლემი ამ კარში ვერ შეძლებდა გასვლას. ეს ჰქონდა იესოს მხედველობაში?

როგორც ჩანს, არა. იესო გულისხმობდა საკერავ ნემსს. იმ რეგიონში, სადაც იესო იმყოფებოდა, აღმოაჩინეს ძველი დროის, ძვლისაგან და ლითონისგან დამზადებული ნემსები, რაც იმაზე მოწმობს, რომ საკერავი ნემსი ჩვეულებრივი საოჯახო ნივთი იყო. იესოს სიტყვებთან დაკავშირებით ყოველგვარ ეჭვს ფანტავს ლუკას 18:25, რომელშიც „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ მიხედვით ნათქვამია: „აქლემი უფრო ადვილად გაძვრება საკერავი ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სამეფოში“.

ბევრი ლექსიკოგრაფი ეთანხმება იმას, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ მოხსენიებული „საკერავი ნემსი“ სწორი თარგმანია. მათეს 19:24-სა და მარკოზის 10:25-ში ნემსად თარგმნილი ბერძნული სიტყვა „რაფის“ ნაწარმოებია ზმნიდან, რომელიც ნიშნავს „კერვას“. ლუკას 18:25-ში გამოყენებული ბერძნული სიტყვა „ველონი“ კი პირდაპირი გაგებით ნიშნავს ქირურგიულ ნემსს. „ძველი და ახალი აღთქმის სიტყვების ვაინის განმარტებით ლექსიკონში“ ნათქვამია: «როგორც ჩანს, ვერსია იმის თაობაზე, რომ „ნემსის ყუნწი“ პატარა კარს ნიშნავს, ახალი ჩამოყალიბებულია. არავითარი მტკიცება არ არსებობს იმისა, რომ ეს გამოთქმა ძველად ამ მნიშვნელობით გამოიყენებოდა. ამ სიტყვებით უფალს უნდოდა ეჩვენებინა, რა იყო შეუძლებელი ადამიანისთვის და ამიტომ არანაირი საფუძველი არა გვაქვს, შევარბილოთ მისი ეს ნათქვამი; ანუ ვივარაუდოთ, რომ სიტყვა „ნემსი“ უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე ჩვეულებრივ საოჯახო ნივთს» (1981 წელი, ტომი 3, გვერდი 106).

ზოგი ვარაუდობს, რომ ამ მუხლებში გამოყენებული სიტყვა, რომელიც „აქლემად“ ითარგმნება, უნდა ითარგმნოს როგორც „ბაწარი“. ბერძნული სიტყვა „კამილოს“, რომელიც ბაწარს ნიშნავს და სიტყვა „კამელოს“, რომელიც აქლემად ითარგმნება, ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მაგრამ მათეს სახარების ძველ ბერძნულ ხელნაწერებში (სინურ, ვატიკანურ №1209 და ალექსანდრიულ კოდექსებში) მე-19 თავის 24-ე მუხლში გამოყენებულია სიტყვა „აქლემი“ და არა — „ბაწარი“. ითვლება, რომ მათემ თავდაპირველად თავისი სახარება ებრაულ ენაზე დაწერა და შემდეგ, შესაძლოა, თავად გადათარგმნა ბერძნულზე. მან ზუსტად იცოდა, რა თქვა იესომ და ამიტომ სწორი შესატყვისი გამოიყენა.

ასე რომ, ამ შემთხვევაში იესო ნამდვილ საკერავ ნემსსა და აქლემს გულისხმობდა. მან ეს შედარება რაღაც შეუძლებლის ხაზგასასმელად გამოიყენა. მაგრამ გულისხმობდა ამით იესო, რომ ვერც ერთი მდიდარი ვერასდროს დაიმკვიდრებდა სამეფოს? არა, რადგან მის ნათქვამს სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მან ჰიპერბოლა გამოიყენა, რათა მსმენელისთვის დაენახვებინა, რომ როგორც აქლემი ვერ გაძვრებოდა საკერავი ნემსის ყუნწში, ისე მდიდარი ვერ დაიმკვიდრებდა სამეფოს — თუ სიმდიდრე ეყვარებოდა და იეჰოვას არ დააყენებდა ცხოვრებაში პირველ ადგილზე (ლუკა 13:24; 1 ტიმოთე 6:17—19).

იესომ ეს სიტყვები მას შემდეგ წარმოთქვა, რაც ახალგაზრდა მდიდარმა მმართველმა უარი თქვა იესოს მიმდევრად გახდომის შესანიშნავ შესაძლებლობაზე (ლუკა 18:18—24). მდიდარ ადამიანებს, რომლებსაც სულიერზე უფრო მეტად საკუთარი ქონება უყვართ, არ შეუძლიათ ჰქონდეთ ღვთის სამეფოში მარადიული სიცოცხლის დამკვიდრების იმედი. და მაინც, ზოგი მდიდარი ადამიანი იესოს მოწაფე გახდა (მათე 27:57; ლუკა 19:2, 9). ასე რომ, იეჰოვა გადაარჩენს ისეთ მდიდარ ადამიანს, რომელიც სულიერს არის მოწყურებული და ეძებს ღვთის დახმარებას (მათე 5:3, აქ; 19:16—26).

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ბროშურა „უნდა გწამდეს სამება?“