დაისახეთ სულიერი მიზნები და ამგვარად განადიდეთ შემოქმედი
დაისახეთ სულიერი მიზნები და ამგვარად განადიდეთ შემოქმედი
„კაცმა თუ არ იცის, რომელ ნავსადგურს უნდა მიადგეს, მისთვის სულერთია, ქარი საიდან უბერავს“. როგორც მიიჩნევენ, ეს ფრაზა პირველი საუკუნის ერთ რომაელ ფილოსოფოსს ეკუთვნის. ამ სიტყვებით საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებას ესმება ხაზი — ცხოვრება გარკვეული მიმართულებით რომ წარიმართოს, აუცილებელია მიზნების დასახვა.
ბიბლიაში ბევრი მიზანდასახული ადამიანის შემთხვევაა ჩაწერილი. მაგალითად, ნოემ დაახლოებით 50 წლის განმავლობაში იმუშავა და „თავისი ოჯახის გადასარჩენად კიდობანი ააგო“. წინასწარმეტყველ მოსეს „თვალი ჯილდოსკენ ჰქონდა მიპყრობილი“ (ებრაელთა 11:7, 26, აქ). იესო ნავეს ძეს, მოსეს შემდეგ იეჰოვას საქმის გამგრძელებელს, ღმერთმა მიზნად დაუსახა ქანაანის მიწის დაპყრობა (მეორე რჯული 3:21, 22, 28; იესო ნავეს ძე 12:7—24).
ახ. წ. პირველ საუკუნეში მცხოვრები პავლე მოციქულის სულიერ მიზნებზე, უეჭველია, დიდი გავლენა იქონია იესოს სიტყვებმა: „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში“ (მათე 24:14, აქ). უფალ იესოსგან მიღებულმა ცნობებმა, ხილვებმა და ასევე ‘უცხოტომელებისთვის იესოს სახელის გაცხადებასთან’ დაკავშირებულმა დავალებამ, პავლე მოქმედებისკენ აღძრა; უმთავრესად მან შეუწყო ხელი მთელ მცირე აზიასა და ევროპაში ქრისტიანული კრებების ჩამოყალიბებას (საქმეები 9:15; კოლასელთა 1:23).
დიახ, ყველა დროში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები შესანიშნავ მიზნებს ისახავდნენ და ღვთის განსადიდებლად ახორციელებდნენ კიდეც მათ. როგორ შეგვიძლია დღეს დავისახოთ სულიერი მიზნები? რა მიზნებისკენ შეგვიძლია ვისწრაფოთ და რა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადავდგათ მათ განსახორციელებლად?
მნიშვნელოვანია სწორი მოტივები
მიზნების დასახვა შესაძლებელია ცხოვრების ნებისმიერ სფეროში და ქვეყნიერებაში მართლაც არიან მიზანდასახული ადამიანები. მაგრამ თეოკრატიული მიზნები განსხვავდება ქვეყნიური ხალხის ამბიციური მიზნებისგან. ქვეყნიურ ადამიანებს მიზნების დასახვისას უმთავრესად სიმდიდრის, მაღალი მდგომარეობისა და ძალაუფლების მოპოვების დაუცხრომელი სურვილი ამოძრავებთ. ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა ძალაუფლებისა და დიდებისკენ სწრაფვა! იეჰოვა ღმერთისთვის დიდება ისეთ მიზნებს მოაქვს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ჩვენს თაყვანისცემასა და სამეფოს ინტერესების წინ წაწევას (მათე 6:33). ასეთი მიზნების უკან იეჰოვასა და მოყვასისადმი სიყვარული დგას, რომელიც ღვთისადმი ერთგულებით არის განმტკიცებული (მათე 22:37—39; 1 ტიმოთე 4:7).
დაე ყოველთვის სუფთა მოტივები გვამოძრავებდეს, როდესაც დამატებითი თეოკრატიული პასუხისმგებლობების შესრულებასთან თუ პირად სულიერ წინსვლასთან დაკავშირებულ სულიერ მიზნებს ვისახავთ და ვახორციელებთ. თუმცა ზოგჯერ სწორი მოტივებით დასახული მიზნებიც კი არ ხორციელდება. როგორ შეგვიძლია მიზნების დასახვა და მათი შესრულების ალბათობის გაზრდა?
აუცილებელია ძლიერი სურვილი
განვიხილოთ, როგორ განახორციელა იეჰოვამ სამყაროს შექმნის განზრახვა. სიტყვებით „იყო საღამო და იყო დილა“ იეჰოვამ გამიჯნა თანმიმდევრული შემოქმედებითი პერიოდი (დაბადება 1:5, 8, 13, 19, 23, 31). თითოეული შემოქმედებითი პერიოდის დასაწყისში იეჰოვამ ნათლად იცოდა თავისი მიზანი, ანუ რა უნდა გაეკეთებინა ყოველი შემოქმედებითი დღის განმავლობაში. შემდეგ კი ახორციელებდა ამ მიზანს, ანუ ქმნიდა იმას, რაც იმ დღისთვის ჰქონდა მიზნად დასახული (გამოცხადება 4:11). „რასაც მისი [იეჰოვას] ხელი მოისურვებს, იმას აკეთებს,“ — აღნიშნა პატრიარქმა იობმა (იობი 23:13). რა კმაყოფილების მომგვრელი იქნებოდა იეჰოვასთვის, ენახა „ყოველივე, რაც შექმნა“ და განეცხადებინა: ‘ძალზე კარგია’! (დაბადება 1:31).
იმისათვის, რომ ჩვენი მიზნებიც განხორციელდეს, მათი მიღწევის ძლიერი სურვილი უნდა გვქონდეს.
რა დაგვეხმარება ასეთი ძლიერი სურვილის განვითარებაში? ჯერ კიდევ მაშინ, როცა დედამიწა უსახო და უდაბური იყო, იეჰოვამ წინასწარ იცოდა, როგორი იქნებოდა საბოლოო შედეგი — მისთვის დიდებისა და პატივის მომტანი „ბრილიანტი კოსმოსურ სივრცეში“. მსგავსად, გამიზნულის განსახორციელებლად უფრო ძლიერი სურვილი გაგვიჩნდება, თუ დავფიქრდებით იმ შედეგებსა და სარგებლობაზე, რაც ჩვენი მიზნის განხორციელებას მოჰყვება. სწორედ ეს მოხდა 19 წლის ტონის შემთხვევაში. ის პირველად ეწვია დასავლეთ ევროპაში არსებულ იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთ ფილიალს და იქ ნანახმა მასზე წარუშლელი კვალი დატოვა. მას შემდეგ ტონის ერთი აზრი უტრიალებდა გონებაში: „რა კარგი იქნებოდა ასეთ ადგილას ცხოვრება და მსახურება!“ ტონს არ შეუწყვეტია ამ შესაძლებლობაზე ფიქრი და განაგრძობდა ამ მიზნისკენ სწრაფვას. ის უზომოდ ბედნიერი იყო, როდესაც რამდენიმე წლის შემდეგ ფილიალში მიიწვიეს.დასახული მიზნის მიღწევის სურვილს მათთან ურთიერთობაც გაგვიძლიერებს, რომლებმაც უკვე მიაღწიეს გარკვეულ მიზანს. 30 წლის ჯეისონს მოზარდობის ასაკში არ მოსწონდა ქადაგება. მაგრამ საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მან დიდი მონდომებით დაიწყო პიონერული მსახურება და, ამგვარად, სამეფოს სრული დროით მაუწყებელი გახდა. რა დაეხმარა ჯეისონს პიონერული მსახურების სურვილის განვითარებაში? ის გვპასუხობს: „სრული დროით მსახურ და-ძმებთან საუბრებმა და თანამშრომლობამ დიდი გავლენა იქონია ჩემზე“.
მიზნების ჩაწერა — მათი განხორციელებისთვის ხელშემწყობი საშუალება
ბუნდოვანი აზრი ნათელი და გასაგები ხდება, როდესაც მის გამოსახატავად სიტყვებს ვარჩევთ. როგორც სოლომონმა აღნიშნა, სათანადოდ შერჩეულ სიტყვებს დიდი ძალა აქვს და „წვერგამახული სოლის“ მსგავსად მიმართულებას გვაძლევს ცხოვრების გზაზე (ეკლესიასტე 12:11, სსგ). როდესაც ამ სიტყვებს წერილობითი ფორმით გადმოვცემთ, ის ღრმად იბეჭდება გონებასა და გულში. აბა რატომღა დაავალებდა იეჰოვა ისრაელის მეფეებს, რომ გადაეწერათ რჯული და მისი პირადი ეგზემპლარები ჰქონოდათ? (მეორე რჯული 17:18). ამიტომ კარგია, ჩავიწეროთ ჩვენი მიზნები, მათ განსახორციელებლად შემუშავებული გეგმა, აგრეთვე მოსალოდნელი დაბრკოლებები და ის, თუ როგორ გადავლახავთ მათ. ამავე დროს, სასარგებლო იქნება იმის გაანალიზება, თუ რის შესახებ გვესაჭიროება ცოდნის მიღება, რა უნარის გამომუშავება გვმართებს და ვის შეუძლია დახმარებისა და მხარდაჭერის აღმოჩენა.
სულიერი მიზნების დასახვა სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში დაეხმარა ჯეფრის, რომელიც დიდი ხნის მანძილზე მსახურობდა სპეციალურ პიონერად აზიის ერთ-ერთი ქვეყნის მოშორებულ ტერიტორიაზე. მას მოულოდნელად უბედურება დაატყდა თავს — მეუღლე დაეღუპა. მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ ჯეფრიმ გადაწყვიტა, მთელი თავისი დრო და ენერგია პიონერული მსახურებისთვის მიეძღვნა და სულიერი მიზნები დაესახა. მან ფურცელზე ჩამოწერა თავისი გეგმები და ლოცვით აწონ-დაწონვის შემდეგ მიზნად დაისახა თვის ბოლოსთვის სამი ბიბლიის შესწავლის დაწყება. ის ყოველდღე ფიქრობდა, რისი გაკეთება შეძლო მსახურებაში და ყოველ ათ დღეში ერთხელ ამოწმებდა თავის მიღწევებს. განახორციელა მან დასახული მიზანი? დიახ. ჯეფრიმ სამის ნაცვლად ოთხი ბიბლიის შესწავლა დაიწყო, რამაც მას დიდი სიხარული მოუტანა.
მიზნები ეტაპობრივად განახორციელეთ
ზოგი მიზანი შეიძლება თავიდან რთული მისაღწევი ჩანდეს. ზემოთ მოხსენიებულ ტონისთვის აუხდენელი ოცნება იყო იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მსახურება. ეს იმით იყო განპირობებული, რომ ცხოვრება მოსაწესრიგებელი ჰქონდა და ღვთისთვის თავი უნდა მიეძღვნა. ტონიმ გადაწყვიტა, იეჰოვას ნორმების თანახმად ეცხოვრა და მიზნად დაისახა, ნათლობისთვის
ღირსეული კანდიდატი ყოფილიყო. როდესაც მოინათლა, მან თავდაპირველად დამხმარე პიონერობის და შემდეგ სრული დროით მსახურების დაწყება დაისახა მიზნად და კალენდარში აღნიშნა, როდის დაიწყებდა ასეთი სახის მსახურებას. გარკვეული პერიოდის განმავლობაში პიონერად მსახურების შემდეგ ტონის ფილიალში მსახურება აღარ ეჩვენებოდა აუხდენელ ოცნებად.ჩვენთვისაც მიზანშეწონილი იქნება, რომ სასურველი მიზნები, რომელთა განსახორციელებლად ხანგრძლივი დროა საჭირო, რამდენიმე მიზნად დავყოთ. ასეთი მიზნები, რომელთა მიღწევაც შედარებით ნაკლებ დროს მოითხოვს, მთავარი მიზნისკენ მიმავალ შორ გზაზე შედარებით ახლო-ახლო მდებარე საგზაო ნიშნების მსგავსია. ასეთი საგზაო ნიშნების დახმარებით თუ რეგულარულად ვამოწმებთ, რამდენად შორს წავედით, ყურადღება ყოველთვის მთავარი მიზნისკენ გვექნება მიპყრობილი. ჩვენი გეგმების შესახებ იეჰოვასადმი მიმართული გამუდმებული ლოცვებიც დაგვეხმარება მთავარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე დგომაში. „ილოცეთ განუწყვეტლივ“, — მოგვიწოდებს პავლე მოციქული (1 თესალონიკელთა 5:17).
საჭიროა სიმტკიცე და შეუპოვრობა
ზოგი მიზნის განხორციელება არ ხერხდება მაშინაც კი, თუ კარგი გეგმა შევადგინეთ და საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელების ძლიერი სურვილი გვაქვს. რა გულის გამტეხი იქნებოდა მარკოზად წოდებული იოანესთვის იმის გაგება, რომ პავლე მოციქულმა არ მოისურვა მისი თან წაყვანა მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს (საქმეები 15:37-40). მარკოზისთვის ეს გაკვეთილი უნდა ყოფილიყო და სამქადაგებლო მსახურების გაფართოების გეგმაში ცვლილებები უნდა შეეტანა. როგორც ჩანს, ის მართლაც ასე მოიქცა. მოგვიანებით პავლემ დადებითად მოიხსენია მარკოზი, რომელსაც პეტრე მოციქულთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობა მიეცა ბაბილონში (2 ტიმოთე 4:11; 1 პეტრე 5:13). მარკოზს უდიდესი პატივი ხვდა წილად — მან ღვთის შთაგონებით იესოს ცხოვრებისა და მსახურების შესახებ დაწერა.
სულიერი მიზნებისკენ სწრაფვის დროს შეიძლება ჩვენც წავაწყდეთ დაბრკოლებებს. მაგრამ ხელების ჩამოყრის ნაცვლად, უნდა დავფიქრდეთ მომხდარზე, ხელახლა შევაფასოთ ყველაფერი და ცვლილებები მოვახდინოთ. როდესაც დაბრკოლებებს ვხვდებით, სიმტკიცითა და შეუპოვრობით უნდა განვაგრძოთ წინსვლა. „გაანდე უფალს შენი საქმენი და შენი ფიქრები აღსრულდება“ — გვარწმუნებს მეფე სოლომონი (იგავები 16:3).
მიუხედავად ამისა, სხვადასხვა მდგომარეობის გამო გარკვეული მიზნების განხორციელება არარეალურია. მაგალითად, შეიძლება ცუდი ჯანმრთელობა ან ოჯახური პასუხისმგებლობები გვიშლიდეს ხელს ზოგი მიზნის განხორციელებაში. არასდროს დაგვავიწყდეს, რომ საბოლოო ჯილდო მარადიული სიცოცხლეა — ზეცაში ან სამოთხეში დედამიწაზე (ლუკა 23:43; ფილიპელთა 3:13, 14). როგორ შეიძლება მარადიული სიცოცხლის მიღება? „ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“, — დაწერა იოანე მოციქულმა (1 იოანე 2:17). შეიძლება ჩვენი მდგომარეობა არ გვაძლევს რომელიმე განსაკუთრებული მიზნის განხორციელების საშუალებას, მაგრამ შეგვიძლია „გვეშინოდეს ღვთისა და ვიცავდეთ მის მცნებებს“ (ეკლესიასტე 12:13). სულიერი მიზნები გვეხმარება, რომ მთავარი ყურადღება ღვთის ნების შესრულებაზე გვქონდეს გადატანილი. დაე სულიერი მიზნების დასახვით განვადიდოთ ჩვენი შემოქმედი.
[ჩარჩო 22 გვერდზე]
შესაძლო სულიერი მიზნები
○ ბიბლიის ყოველდღიური კითხვა.
○ „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“- ის ყოველი ნომრის წაკითხვა.
○ ლოცვების გაუმჯობესება.
○ სულის ნაყოფის გამოვლენა.
○ მსახურების გაფართოებისკენ სწრაფვა.
○ უფრო ეფექტური ქადაგება და მოწაფეების მომზადება.
○ ტელეფონით, არაფორმალურად და საქმიან ტერიტორიაზე ქადაგებაში დახელოვნება.