არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

განივითარეთ ქრისტეს თვალსაზრისი დიდებულებაზე

განივითარეთ ქრისტეს თვალსაზრისი დიდებულებაზე

განივითარეთ ქრისტეს თვალსაზრისი დიდებულებაზე

„ვისაც თქვენ შორის სურს დიდი იყოს, ის თქვენი მსახური იყოს“ (მათე 20:26).

1. რა თვალსაზრისი აქვს ქვეყნიერებას დიდებულებაზე?

ძველი ეგვიპტის ქალაქ თებესთან (დღევანდელი კარნაკი) ახლოს, კაიროს სამხრეთით 500 კილომეტრში, ფარაონ ამენჰოტეპ III-ის 18-მეტრიანი ქანდაკებაა აღმართული. შეუძლებელია, რომ ამ უზარმაზარი ქანდაკების წინაშე ადამიანმა პაწაწინა არსებად არ იგრძნოს თავი. ეს მონუმენტი, რომელიც, რასაკვირველია, იმ მიზნით იყო აღმართული, რომ ეგვიპტის მმართველისადმი მოწიწებული შიში ჩაენერგა ხალხისთვის, დიდებულებაზე ქვეყნიერებაში გავრცელებული თვალსაზრისის სიმბოლოა — ადამიანები ცდილობენ, რაც შეიძლება მნიშვნელოვან და გავლენიან პიროვნებად წარმოაჩინონ საკუთარი თავი და სხვების ღირსება შელახონ.

2. რა მაგალითი დაუტოვა იესომ თავის მიმდევრებს და რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?

2 დიდებულებაზე ასეთი თვალსაზრისი სრულიად განსხვავდება იმისაგან, რის შესახებაც იესო ასწავლიდა. თუმცა ის თავისი მიმდევრების „მოძღვარი და უფალი“ იყო, მათ ასწავლიდა, რომ დიდებას სხვების მომსახურებით მოიპოვებდნენ. იესომ დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელ დღეს მოწაფეებისთვის ფეხების დაბანით თვალსაჩინოდ აჩვენა, თუ რას გულისხმობდა თავის სიტყვებში. თავმდაბლობის გამოვლენის რა შესანიშნავი მაგალითია! (იოანე 13:4, 5, 14). რა უფრო მოგწონთ — სხვებს ემსახურებოდეთ თუ სხვები გემსახურებოდნენ? აღგძრავთ ქრისტეს მაგალითი, რომ მასავით თავმდაბალი იყოთ? მოდი განვიხილოთ, რა თვალსაზრისი აქვს დიდებულებაზე ქრისტეს და შევადაროთ ის ქვეყნიერებაში გავრცელებულ თვალსაზრისს.

დიდებულებაზე ნუ გექნებათ ქვეყნიური თვალსაზრისი

3. რომელი ბიბლიური მაგალითები აჩვენებს, რომ დიდების მოპოვების დაუცხრომელი სურვილით შეპყრობილნი სავალალო შედეგებს იმკიან?

3 ბიბლიაში იმის უამრავი მაგალითია მოცემული, რომ დიდებულებაზე ქვეყნიური თვალსაზრისის ქონა დამღუპველია. დაფიქრდით გავლენიან ჰამანზე, რომელსაც სპარსეთის სამეფო კარზე მაღალი მდგომარეობა ეკავა ესთერისა და მორდექაის (მარდოქაი) დღეებში. ჰამანს განდიდების დაუცხრომელი სურვილი ამოძრავებდა, რამაც ის დამცირებამდე და სიკვდილამდე მიიყვანა (ესთერი 3:5; 6:10—12; 7:9, 10). რისი თქმა შეიძლება ნაბუქოდონოსორზე, რომელიც დიდების ზენიტში ყოფნისას ჭკუიდან შეიშალა? დიდებულებაზე მისი არასწორი წარმოდგენა შემდეგ სიტყვებში ჩანს: „ეს ის დიდებული ბაბილონი არ არის, რომელიც სამეფო სახლად ავაშენე ჩემი ხელმწიფების ძალით, ჩემი სიდიადის საქებრად?“ (დანიელი 4:30). აგრეთვე დავფიქრდეთ ამაყ ჰეროდე აგრიპა I-ზე, რომელმაც ღვთის განდიდების ნაცვლად ხალხს ნება დართო, რომ დაუმსახურებლად განედიდებინათ. შედეგად „მატლებისგან შეჭმულმა სული განუტევა“ (საქმეები 12:21—23). ამ მამაკაცების სამარცხვინო დაცემის მიზეზი ის იყო, რომ დიდებულებაზე მათ არ ჰქონდათ იეჰოვას თვალსაზრისი.

4. ვისგან მომდინარეობს ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელი სიამაყის სული?

4 ბუნებრივია გვსურდეს, ისე ვიცხოვროთ, რომ გარშემომყოფთა პატივისცემა და ქება დავიმსახუროთ. მაგრამ ეშმაკი ამ სურვილს იმ მიზნით იყენებს, რომ ადამიანებში გააღვივოს სიამაყის სული, რაც მისივე პატივმოყვარეობის ანარეკლია (მათე 4:8, 9). არასდროს დაივიწყოთ, რომ ეშმაკი ‘ამ წუთისოფლის ღმერთია’ და მთელი ძალებით ცდილობს, რომ საკუთარი აზროვნება მოახვიოს ადამიანებს (2 კორინთელთა 4:4; ეფესელთა 2:2; გამოცხადება 12:9). რამდენადაც ქრისტიანებმა იციან, საიდან მომდინარეობს ასეთი აზროვნება, ისინი არ იზიარებენ დიდებულებაზე ქვეყნიურ თვალსაზრისს.

5. იძლევა წარმატებულობა, სახელგანთქმულობა და სიმდიდრე იმის გარანტიას, რომ ცხოვრება კმაყოფილებით აღსავსე გექნებათ? ახსენით.

5 ეშმაკი ამტკიცებს, რომ სახელგანთქმულობას, გარშემომყოფთა მიერ აღიარებასა და სიმდიდრეს ავტომატურად მიჰყავს ადამიანი ბედნიერ ცხოვრებამდე. შეესაბამება ეს სიმართლეს? იძლევა წარმატებულობა, სახელგანთქმულობა და სიმდიდრე იმის გარანტიას, რომ ცხოვრება კმაყოფილებით აღსავსე გექნებათ? ბიბლია გვაფრთხილებს, რომ არ შეგვიყვანოს შეცდომაში ასეთმა აზროვნებამ. მეფე სოლომონმა დაწერა: „ვიხილე მე, რომ ყოველგვარი შრომა და ყოველგვარი წარმატება საქმეში კაცის ქიშპობაა მისი მოყვასის მიმართ. ესეც ამაოება და ქარის დევნაა“ (ეკლესიასტე 4:4). დღეს მათგან ბევრს, ვინც მთელი თავისი ცხოვრება ქვეყნიერებაში სახელისა და სიმდიდრის მოპოვებას მიუძღვნა, შეუძლია დაადასტუროს ღვთის შთაგონებით დაწერილი ამ ბიბლიური სიტყვების უტყუარობა. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ერთი გამოჩენილი მამაკაცი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო იმ კოსმოსური ხომალდის დაპროექტებაში, აგებასა და გამოცდაში, რომლითაც მოგვიანებით ადამიანები მთვარეზე გაფრინდნენ. აი რა დასკვნამდე მივიდა ეს მამაკაცი: „ბევრს ვშრომობდი და საუკეთესო სპეციალისტი გავხდი ჩემს დარგში. მაგრამ ყველაფერი ამაო აღმოჩნდა, რადგან ამან ვერ მომიტანა ხანგრძლივი ბედნიერება და სულის სიმშვიდე“ *. ქვეყნიური წარმოდგენა დიდებულებაზე, იქნება ეს ბიზნესის, სპორტისა თუ გართობის სფეროში, არ იძლევა ნამდვილი კმაყოფილებით აღსავსე ცხოვრების გარანტიას.

დიდებულება სხვების სიყვარულით მომსახურებას მოაქვს

6. რა ცხადყოფს, რომ იაკობსა და იოანეს მცდარი თვალსაზრისი ჰქონდათ დიდებულებაზე?

6 იესოს ცხოვრებაში მომხდარი ერთ-ერთი მოვლენა ცხადყოფს, რას გულისხმობს ნამდვილი დიდებულება. ახ. წ. 33 წელს იესო და მისი მოწაფეები იერუსალიმისკენ გაემგზავრნენ პასექის აღსანიშნავად. გზაზე გამოჩნდა, რომ იესოს ორ ნათესავს, იაკობს და იოანეს, რომლებიც შესაძლოა მისი დეიდაშვილები იყვნენ, არასწორი თვალსაზრისი ჰქონდათ დიდებულების შესახებ. მათ დედის მეშვეობით მოსთხოვეს იესოს, ‘სიტყვა თქვი, რომ ერთი ჩვენთაგანი შენს სამეფოში შენ მარჯვნივ დაჯდეს, მეორე — შენ მარცხნივო’ (მათე 20:21, აქ). ებრაელებს შორის დიდ პატივად ითვლებოდა მარცხნივ ან მარჯვნივ ჯდომა (3 მეფეთა 2:19). იაკობსა და იოანეს საუკეთესო ადგილების ხელში ჩაგდების ეგოისტური სურვილი ამოძრავებდათ და მოურიდებლად გამოთქვეს ამაზე პრეტენზია. მათ სურდათ, ყველას წინაშე განეცხადებინათ, რომ ჰქონდათ ასეთი მაღალი მდგომარეობის დაკავების უფლება. იესომ იცოდა, რა მოტივები ამოძრავებდა იაკობსა და იოანეს და ისარგებლა ამ შემთხვევით, რომ გამოესწორებინა დიდებულებაზე მათი არასწორი თვალსაზრისი.

7. იესოს სიტყვების თანახმად, ვინ ჩაითვლებოდა ქრისტიანებს შორის ნამდვილად დიდებულად?

7 იესომ იცოდა, რომ სიამაყით გაჟღენთილ ქვეყნიერებაში დიდებულ პიროვნებად ის ითვლებოდა, ვინც აკონტროლებდა და ბრძანებებს აძლევდა სხვებს, ვისი ნებისმიერი ახირებაც მომენტალურად უნდა შეესრულებინათ. მაგრამ იესოს მიმდევრებს შორის ის ჩაითვლებოდა დიდებულად, ვინც თავმდაბლურად სხვებს მოემსახურებოდა. იესომ თქვა: „ვისაც თქვენ შორის სურს დიდი იყოს, ის თქვენი მსახური იყოს. ვისაც თქვენს შორის სურს პირველი იყოს, ის თქვენი მონა იყოს“ (მათე 20:26, 27).

8. რას ნიშნავს, იყო მსახური, და რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?

8 ბიბლიაში გამოყენებული „მსახურად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა მიუთითებს ისეთ ადამიანზე, რომელიც გულმოდგინედ და დაუღალავად ახმარს მთელ თავის ძალისხმევას სხვების კეთილდღეობაზე ზრუნვას. იესომ თავის მოწაფეებს მნიშვნელოვანი გაკვეთილი ასწავლა: დიდებულად ითვლება არა ის, ვინც სხვებს ბრძანებებს აძლევს, არამედ ის, ვინც სხვებს სიყვარულით ემსახურება. შეეკითხეთ საკუთარ თავს: „როგორ რეაგირებას მოვახდენდი, იაკობის ან იოანეს ადგილზე რომ ვყოფილიყავი?“ „ნათლად დავინახავდი, რომ ჭეშმარიტი დიდება სხვების სიყვარულით მომსახურებას მოაქვს?“ (1 კორინთელთა 13:3).

9. სხვებთან ურთიერთობის რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ?

9 იესომ თავის მოწაფეებს დაანახვა, რომ დიდებულებაზე ქრისტიანული თვალსაზრისი განსხვავებული უნდა ყოფილიყო ქვეყნიური თვალსაზრისისგან. იესო არასდროს დაჰყურებდა ზემოდან მათ, ვისაც ემსახურებოდა და არასდროს აძლევდა მათ იმის მიზეზს, რომ დამცირებულად ეგრძნოთ თავი. მასთან თავისუფლად გრძნობდა თავს ყველანაირი ადამიანი — მამაკაცები, ქალები, ბავშვები, მდიდრები, ღარიბები, ავტორიტეტული ადამიანები თუ ყველასთვის კარგად ცნობილი ცოდვილები (მარკოზი 10:13—16; ლუკა 7:37—50). ხშირად ადამიანებს არ ყოფნით მოთმინება სუსტებთან ურთიერთობისას. იესო ამ მხრივ სრულიად სხვაგვარად მოქმედებდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოწაფეები დროდადრო დაუფიქრებლად მოქმედებდნენ და კამათობდნენ ერთმანეთში, ის მოთმინებით ასწავლიდა მათ და ამგვარად აჩვენებდა, რომ ნამდვილად თავმდაბალი და რბილი ხასიათის პიროვნება იყო (ზაქარია 9:9; მათე 11:29; ლუკა 22:24—27).

10. როგორ ცხადყოფს იესოს მიწიერი სიცოცხლე, რომ ის სხვებს უანგაროდ ემსახურებოდა?

10 ღვთის უბადლო ძის უანგარობის მაგალითი გვიჩვენებს, რას ნიშნავს ნამდვილი დიდებულება. იესო დედამიწაზე იმ მიზნით კი არ მოსულა, რომ სხვები მომსახურებოდნენ, არამედ თავად მომსახურებოდა სხვებს — ის კურნავდა ‘სხვადასხვა სენით’ დაავადებულებს და ათავისუფლებდა დემონებით შეპყრობილ ადამიანებს. თუმცა ის იღლებოდა და დასვენებას საჭიროებდა, სხვების მოთხოვნილებებს ყოველთვის საკუთარზე წინ აყენებდა და ყველაფერს აკეთებდა მათ სანუგეშებლად (მარკოზი 1:32—34; 6:30—34; იოანე 11:11, 17, 33). მას სიყვარული აღძრავდა, რომ ადამიანებს სულიერად დახმარებოდა და მტვრიან გზებზე ასობით კილომეტრი გაევლო სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად (მარკოზი 1:38, 39). უდავოა, რომ იესო სხვების მომსახურებას ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევდა.

მიჰბაძეთ იესოს თავმდაბლობას

11. რა თვისებები უნდა ჰქონდეთ კრებაში ზედამხედველებად დანიშნულ ძმებს?

11 XIX საუკუნის მიწურულს, როდესაც ღვთის ხალხის მომსახურების მიზნით მიმოსვლითი საქმიანობისთვის შერჩეულ იქნენ მამაკაცები, ხაზი გაესვა იმას, თუ როგორი თვალსაზრისი უნდა განევითარებინათ ქრისტიან ზედამხედველებს. 1894 წლის 1 სექტემბრის „სიონის საგუშაგო კოშკში“ აღინიშნა, რომ ამ საქმისთვის საჭირო იყვნენ „თავმდაბალი მამაკაცები, რომლებიც არ გაამაყდებოდნენ . . . რომლებიც უბრალოებით იქნებოდნენ გამორჩეულნი და საკუთარი ინტერესების დასაცავად კი არ იქადაგებდნენ, არამედ ქრისტეს განსადიდებლად; საკუთარ ცოდნას კი არ წარმოაჩენდნენ, არამედ ქრისტეს სიტყვის დამცველნი იქნებოდნენ და მას უბრალოებასა და დამაჯერებლობას არ დაუკარგავდნენ“. აქედან გამომდინარე, ჭეშმარიტი ქრისტიანები არ უნდა ცდილობდნენ საპასუხისმგებლო დავალების მიღებას პირადი ეგოისტური სურვილების დასაკმაყოფილებლად ან იმ მიზნით, რომ აღიარება, ძალაუფლება და სხვებზე მეთვალყურეობის უფლება მოიპოვონ. თავმდაბალ ზედამხედველს არ ავიწყდება, რომ მისი პასუხისმგებლობები გულისხმობს „კეთილ საქმეს“ და არა მაღალი მდგომარეობისკენ სწრაფვას საკუთარი თავის განსადიდებლად (1 ტიმოთე 3:1, 2). თითოეული უხუცესი და თანაშემწე ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისათვის, რომ თავმდაბლურად მოემსახუროს სხვებს. ისინი წმინდა მსახურებაში აქტიური მონაწილეობის მიღებით მისაბაძი მაგალითი უნდა იყვნენ სხვებისთვის (1 კორინთელთა 9:19; გალატელთა 5:13; 2 ტიმოთე 4:5).

12. რა კითხვები შეუძლიათ დაუსვან საკუთარ თავს მათ, ვინც კრებაში გარკვეული პასუხისმგებლობისკენ ისწრაფვის?

12 თითოეულმა ძმამ, რომელიც კრებაში გარკვეული პასუხისმგებლობებისკენ ისწრაფვის, უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: ვეძებ შესაძლებლობებს, რომ სხვებს მოვემსახურო, თუ უფრო მეტად ის მომწონს, რომ სხვები მემსახურებოდნენ? მზად ვარ, შევასრულო სასარგებლო საქმეები, რომლებიც არც ისე შესამჩნევია სხვებისთვის? მაგალითად, ახალგაზრდა მამაკაცი შეიძლება სიხარულით კითხულობდეს მოხსენებებს ქრისტიანულ კრებაში, მაგრამ ფეხს ითრევდეს მოხუცებულისთვის დახმარების აღმოსაჩენად. მას შესაძლოა ძალიან სიამოვნებდეს კრებაში პასუხისმგებელ ძმებთან ურთიერთობა, მაგრამ უხალისოდ მონაწილეობდეს სამქადაგებლო საქმიანობაში. კარგი იქნება, თუ ასეთი ახალგაზრდა საკუთარ თავს დაუსვამს კითხვას: „ღვთისადმი მსახურების ისეთ მხარეებზე ხომ არ ვამახვილებ ძირითადად ყურადღებას, რომლებსაც აღიარება და ქება მოაქვს?“ „სხვების თვალში შესამჩნევი ხომ არ მინდა გავხდე?“ თუ საკუთარ განდიდებას ვცდილობთ, ამით, რასაკვირველია, არ ვბაძავთ იესოს (იოანე 5:41).

13. ა) როგორ შეუძლია ზედამხედველის თავმდაბლურ საქციელს იმოქმედოს სხვებზე? ბ) რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ თავმდაბლობით შემოსვა არ არის ქრისტიანთათვის არჩევნის საკითხი?

13 თუ ყველანაირად ვცდილობთ, მივბაძოთ იესოს თავმდაბლობას, აღძრულნი ვიქნებით, რომ სხვებს მოვემსახუროთ. დავფიქრდეთ ერთი სამხარეო ზედამხედველის მაგალითზე, რომელიც იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთი ფილიალის საქმიანობას ამოწმებდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან გადატვირთული განრიგი ჰქონდა და ბევრი პასუხისმგებლობა ეკისრა, დახმარების ხელი გაუწოდა ერთ ახალგაზდა ძმას. როდესაც დაინახა, რომ ამ ძმას უჭირდა ასაკინძი მანქანის დარეგულირება, მასთან ერთად დაიწყო მუშაობა. „თვალებს არ ვუჯერებდი! — იხსენებს ეს ახალგაზრდა ძმა. — მან მითხრა, რომ ახალგაზრდობაში თვითონაც ასეთივე ასაკინძ მანქანაზე მუშაობდა ბეთელში და ახსოვდა, მასაც როგორ უჭირდა მისი დარეგულირება. სამხარეო ზედამხედველმა საკმაო დრო გამოყო ჩემთან ერთად ამ მანქანაზე სამუშაოდ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი. ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე“. ამ ძმას, რომელიც ამჟამად იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთ ფილიალში ზედამხედველად მსახურობს, დღემდე ახსოვს სამხარეო ზედამხედველის თავმდაბლური საქციელი. ნურასდროს ვიფიქრებთ, რომ იმდენად სერიოზული პასუხისმგებლობა გვაკისრია და იმდენად მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ, რომ ვერ მოვემსახურებით სხვებს ან უბრალო საქმეს ვერ შევასრულებთ. ნაცვლად ამისა, გვმართებს, „თავმდაბლობით“ შევიმოსოთ. ეს არ არის არჩევნის საკითხი; თავმდაბლობა ახალი პიროვნების ნაწილია, რითაც ქრისტიანი უნდა შეიმოსოს (ფილიპელთა 2:3; კოლასელთა 3:10, 12; რომაელთა 12:16).

როგორ შეიძლება დიდებულებაზე ქრისტეს თვალსაზრისის განვითარება?

14. როგორ დაგვეხმარება ღმერთთან და თანაქრისტიანებთან ურთიერთობაზე დაფიქრება დიდებულებაზე სწორი თვალსაზრისის განვითარებაში?

14 როგორ შეგვიძლია სწორი თვალსაზრისი განვივითაროთ დიდებულებაზე? ამ მხრივ ძალიან დამხმარეა იეჰოვა ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზე დაფიქრება. იეჰოვა თავისი სიდიადით, სიძლიერითა და სიბრძნით ნებისმიერ საკითხში გაცილებით მაღლა დგას უმწეო ადამიანებზე (ესაია 40:22). თავმდაბლობის გამომუშავებაში აგრეთვე გვეხმარება თანაქრისტიანებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე დაფიქრება. მაგალითად, შეიძლება რაღაცას სხვებზე უკეთესად ვაკეთებთ, მაგრამ შესაძლოა ისინი ცხოვრების უფრო მნიშვნელოვან სფეროებში ჩვენზე უკეთეს შესაძლებლობებს ფლობენ; ან შესაძლოა ჩვენს ქრისტიან და-ძმებს ისეთი თვისებები ჰქონდეთ, რომლებიც ჩვენ არ გაგვაჩნია. აღსანიშნავია, რომ ბევრი, ვინც ძვირფასია იეჰოვას თვალში, თვინიერებისა და თავმდაბლური საქციელის გამო არ გამოირჩევა ქვეყნიერებაში (იგავები 3:34; იაკობი 4:6).

15. როგორ გვიჩვენებს იეჰოვას ხალხის ერთგულება, რომ არავის არა აქვს საფუძველი, სხვებზე დიდად წარმოაჩინოს საკუთარი თავი?

15 ეს კარგად ჩანს იეჰოვას მოწმეთა შემთხვევებიდან, როდესაც ისინი რწმენის გამო იდევნებოდნენ. ძალიან ხშირად სასტიკი განსაცდელების დროს სწორედ ისეთი ადამიანები ინარჩუნებდნენ ღვთისადმი ერთგულებას, რომლებსაც ქვეყნიერებაში უბრალო ადამიანებად მიიჩნევდნენ. ასეთ შემთხვევებზე დაფიქრება გვეხმარება თავმდაბლობის შენარჩუნებაში და გვასწავლის, რომ ‘საკუთარ თავზე იმაზე მეტად არ ვიფიქროთ, ვიდრე უნდა ვფიქრობდეთ’ (რომაელთა 12:3) *.

16. როგორ შეუძლია კრების ყველა წევრს განივითაროს დიდებულებაზე იესოს მსგავსი თვალსაზრისი?

16 ყველა ქრისტიანი, ახალგაზრდა თუ ხანდაზმული, უნდა ცდილობდეს, განივითაროს ქრისტეს თვალსაზრისი დიდებულებაზე. კრებაში ქრისტიანებმა სხვადასხვა სახის დავალება უნდა შეასრულონ. ნურასდროს გამოხატავთ უკმაყოფილებას, თუ ისეთ საქმეს დაგაკისრებენ, რომელიც შესაძლოა დამამცირებლად ითვლება ქვეყნიერებაში (1 მეფეთა 25:41; 4 მეფეთა 3:11). მშობლებო, ახალისებთ თქვენს შვილებს, მოზარდებს, სიხარულით შეასრულონ ნებისმიერი დავალება, რომელთა შესრულებაც შეიძლება სამეფო დარბაზში ან კონგრესის ჩატარების ადგილას დაევალოთ? ხედავენ ისინი, რომ თავად თქვენც ასრულებთ უბრალო სამუშაოებს? ერთ ძმას, რომელიც ამჟამად იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში მსახურობს, დღემდე ცოცხლად ახსოვს თავისი მშობლების მაგალითი. ეს ძმა ამბობს: „სამეფო დარბაზისა თუ საკონგრესო ადგილის დასუფთავების შესახებ მათი თვალსაზრისიდან ჩანდა, რომ მნიშვნელოვნად თვლიდნენ ამ საქმეს. ისინი ხშირად ნებაყოფლობით ასრულებდნენ ამა თუ იმ სამუშაოს კრებისთვის ან და-ძმების სასარგებლოდ, იმის მიუხედავად, როგორი უბრალოც უნდა ყოფილიყო ერთი შეხედვით. ასეთი განწყობა მეხმარება, რომ ბეთელში დაკისრებული ნებისმიერი სამუშაო ხალისით შევასრულო“.

17. როგორ შეუძლიათ თავმდაბალ ქალებს კურთხევები მოუტანონ კრებას?

17 ესთერმა, რომელიც ძვ. წ. V საუკუნეში სპარსეთის დედოფალი გახდა, იმის შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა, თუ როგორ დავაყენოთ საკუთარზე წინ სხვისი ინტერესები. მიუხედავად იმისა, რომ ესთერი სასახლეში ცხოვრობდა, მზად იყო, იეჰოვას ნების თანახმად მოქცეულიყო და ღვთის ხალხის გამო საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდო (ესთერი 1:5, 6; 4:14—16). თანამედროვე დროში მცხოვრებ ქრისტიან ქალებსაც, ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, შეუძლიათ მსგავსი სულის გამოვლენა დამწუხრებულთა გამხნევებით, ავადმყოფების მონახულებით, სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობითა და უხუცესებთან თანამშრომლობით. ასეთ თავმდაბალ დებს მართლაც რომ უამრავი კურთხევა მოაქვთ კრებისთვის!

დიდებულებაზე ქრისტეს თვალსაზრისის ქონას კურთხევები მოაქვს

18. რა სარგებლობას მოგიტანთ ქრისტეს თვალსაზრისის ქონა დიდებულებაზე?

18 დიდებულებაზე ქრისტეს მსგავსი თვალსაზრისის შენარჩუნება მრავალმხრივ სასარგებლოა. როდესაც სხვებს უანგაროდ ვემსახურებით, ამის შედეგად მათაც ვანიჭებთ სიხარულს და საკუთარ თავსაც (საქმეები 20:35). თუ ხალისითა და მთელი გულით შრომობთ და-ძმების სასარგებლოდ, ისინი უფრო მეტად შეგიყვარებენ (საქმეები 20:37). რაც ყველაზე მთავარია, იეჰოვა თანაქრისტიანების სასარგებლოდ თქვენ მიერ გაკეთებულ სიკეთეს სასიამოვნო ქების მსხვერპლად მიიჩნევს (ფილიპელთა 2:17).

19. რისი გაკეთება უნდა გადავწყვიტოთ დიდებულებაზე ქრისტეს მსგავს თვალსაზრისთან დაკავშირებით?

19 თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევამოწმოთ გულის მოტივები და ვკითხოთ საკუთარ თავს: „მხოლოდ ვლაპარაკობ დიდებულებაზე ქრისტეს თვალსაზრისის შესახებ თუ მთელი გულით ვცდილობ მის განვითარებას?“ ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რას ფიქრობს იეჰოვა ამაყ ადამიანებზე (იგავები 16:5; 1 პეტრე 5:5). დაე ჩვენმა საქმეებმა ცხადყოს, რომ სიამოვნებით ვავლენთ ქრისტეს მსგავს თვალსაზრისს დიდებულებაზე, იქნება ეს ქრისტიანულ კრებაში, ოჯახში თუ ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობისას. და ყოველივე ეს გავაკეთოთ ღვთისთვის დიდებისა და პატივის მისაგებად (1 კორინთელთა 10:31).

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 იხილეთ 1984 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 8—11, „წარმატების ძიებაში“ (რუს.).

^ აბზ. 15 იხილეთ შემთხვევები 1992 წლის „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეულში“, გვერდები 181, 182 (ინგლ.) და 1993 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 27—31 (რუს.).

როგორ უპასუხებდით?

• რატომ უნდა უარვყოთ დიდებულებაზე ქვეყნიერებაში გავრცელებული თვალსაზრისი?

• იესოს შეფასების თანახმად, რას გულისხმობს დიდებულება?

• როგორ შეუძლიათ უხუცესებს მიჰბაძონ იესოს თავმდაბლობას?

• რა დაგვეხმარება დიდებულებაზე ქრისტეს მსგავსი თვალსაზრისის განვითარებაში?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო 17 გვერდზე]

ვინ ითვლება ქრისტიანული თვალსაზრისით დიდებულად?

ის, ვისაც სურს, რომ მოემსახურონ თუ ვინც მზად არის, თავად მოემსახუროს?

ის, ვინც ცდილობს ყურადღების ცენტრში ყოფნას თუ ვინც უბრალო სამუშაოს ხალისით ასრულებს?

ის, ვინც სხვებზე მაღლა აყენებს თავს თუ ის, ვინც სხვებს აყენებს საკუთარ თავზე მაღლა?

[სურათი 14 გვერდზე]

ფარაონ ამენჰოტეპ III-ის უზარმაზარი ქანდაკება.

[სურათი 15 გვერდზე]

იცით, რამ მიიყვანა ჰამანი დაცემამდე?

[სურათები 16 გვერდზე]

ეძებთ სხვების მომსახურებისთვის შესაძლებლობებს?