არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას ძალა გვაძლიერებდა

იეჰოვას ძალა გვაძლიერებდა

ბიოგრაფია

იეჰოვას ძალა გვაძლიერებდა

მოგვითხრო ერჟებეტ ჰაფნერმა

„მე მათ შენი დეპორტირების ნებას არ მივცემ, — მითხრა ტიბორ ჰაფნერმა, როცა გაიგო, რომ ჩეხოსლოვაკიის დატოვებას მაიძულებდნენ. — თუ თანახმა ხარ, დავქორწინდეთ და სამუდამოდ ჩემთან დარჩები“.

ამ მოულოდნელი წინადადების მიღებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, 1938 წლის 29 იანვარს, ცოლად გავყევი ტიბორს, ქრისტიან ძმას, რომლისგანაც ჩემმა ოჯახმა ჭეშმარიტება გაიგო. გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა. ის-ის იყო 18 წლის გავხდი და, როგორც სრული დროით მქადაგებელს, მინდოდა, ახალგაზრდობის წლები ღვთის მსახურებისთვის მიმეძღვნა. ვტიროდი, ვლოცულობდი, და მხოლოდ მაშინ, როცა ცოტა დავმშვიდდი, მივხვდი, რომ ტიბორის წინადადება მისი მხრიდან მხოლოდ სიკეთის გამოვლენა არ იყო. ვიგრძენი, რომ მინდოდა ცხოვრება დამეკავშირებინა ამ ადამიანთან, რომელსაც ნამდვილად ვუყვარდი.

მაინც რატომ აღმოვჩნდი დეპორტირების საფრთხის წინაშე? როგორც ხედავთ, ვცხოვრობდი ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიული სისტემითა და რელიგიური თავისუფლებით ამაყობდა. ამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე, ჩემი წარმომავლობის შესახებ მოგითხრობთ.

დავიბადე 1919 წლის 26 დეკემბერს უნგრეთში, სოფელ შაიოსენტპეტერში, რომელიც ბუდაპეშტის აღმოსავლეთით დაახლოებით 160 კილომეტრში მდებარეობს. ჩემი მშობლები ბერძნულ კათოლიკურ ეკლესიას მიეკუთვნებოდნენ. სამწუხაროდ, მამა ჩემს დაბადებამდე დაიღუპა. მალე დედაჩემი ოთხშვილიან ქვრივს გაჰყვა ცოლად, რის შემდეგაც საცხოვრებლად გადავედით მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის ლამაზ ქალაქ ლუჩენეცში. იმ წლებში ადვილი არ ყოფილა მამინაცვალთან და მის შვილებთან ერთად ცხოვრება. ოჯახში ხუთი ბავშვიდან ყველაზე პატარა ვიყავი და თავს სრულიად ზედმეტად ვგრძნობდი. ეკონომიკურად გვიჭირდა და საკმაოდ ბევრი რამ მაკლდა ბავშვობაში. ამასთანავე, მშობლების მხრიდან ვერც საჭირო ყურადღებასა და სიყვარულს ვიღებდი.

იცის ვინმემ პასუხი?

16 წლის ასაკში სერიოზული კითხვები დამებადა. დიდი ინტერესით ვკითხულობდი პირველი მსოფლიო ომის ისტორიას და მაოცებდა ის, რომ სისხლი იღვრებოდა ცივილიზებულ ერებს შორის, რომლებიც ქრისტიანებად იწოდებოდნენ. გარდა ამისა, ვხედავდი, ფეხს როგორ იკიდებდა ყველგან მილიტარიზმი. ყველაფერი სრულიად განსხვავებული იყო იმისგან, რაც ეკლესიაში მოყვასის სიყვარულის შესახებ მქონდა გაგონილი.

ერთხელაც კათოლიკე მღვდელთან მივედი და ვკითხე: „რომელ ბრძანებას უნდა დავემორჩილოთ ქრისტიანები — ომში უნდა წავიდეთ და მოვკლათ ჩვენი მოყვასი თუ უნდა გვიყვარდეს ის?“ მღვდელი ჩემმა შეკითხვამ გააღიზიანა და მითხრა, რომ იმას ასწავლიდა, რაც თვითონ ჰქონდა ნასწავლი მაღალ იერარქიულ საფეხურზე მდგომი სასულიერო პირებისგან. იგივე მოხდა, როცა კალვინისტ მოძღვართან და იუდეველ რაბინთან ვცადე დალაპარაკება. ჩემი უჩვეულო შეკითხვის პასუხად მხოლოდ მათი გაოცებული სახეები ვიხილე. ბოლოს ლუთერან მოძღვარს დაველაპარაკე. ისიც გაღიზიანდა, მაგრამ, სანამ დავემშვიდობებოდი, მითხრა, რომ ეს საკითხი თუ ნამდვილად მაინტერესებდა, შემეძლო იეჰოვას მოწმეებს დავლაპარაკებოდი.

იეჰოვას მოწმეებს ძებნა დავუწყე, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელაც, როცა სამსახურიდან დავბრუნდი, სახლის კარი ნახევრად ღია დამხვდა. კართან სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა იდგა და დედაჩემს ბიბლიას უკითხავდა. გონებაში მაშინვე გამიელვა: „ნამდვილად იეჰოვას მოწმე იქნება“. ეს ახალგაზრდა ძმა, ტიბორ ჰაფნერი, შინ შევიპატიჟეთ და ჩემი კითხვები მასაც გავუმეორე. მან საკუთარი სიტყვებით კი არ მიპასუხა, არამედ მაჩვენა, თუ რა იყო ბიბლიაში ნათქვამი ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის დამახასიათებელი ნიშნისა და ჩვენი დროის შესახებ (იოანე 13:34, 35; 2 ტიმოთე 3:1—5).

რამდენიმე თვეში, ვიდრე 17 წლის გავხდებოდი, მოვინათლე. ვფიქრობდი, რომ ყველას უნდა გაეგო ეს უძვირფასესი ჭეშმარიტება, რომელიც ძლივს ვიპოვე. დავიწყე სრული დროით ქადაგება, რაც საკმაოდ ძნელი იყო ჩეხოსლოვაკიაში გასული საუკუნის 30-იან წლებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საქმიანობა ოფიციალურად აღიარებული იყო, ძლიერ წინააღმდეგობას ვხვდებოდით, რომლის უკანაც სამღვდელოება იდგა.

დევნის პირველი შემთხვევა

ერთხელ, 1937 წლის მიწურულს, ერთ დასთან ერთად ლუჩენეცის მახლობლად მდებარე სოფელში ვქადაგებდი. მალე ორივე დაგვაპატიმრეს და ციხეში წაგვიყვანეს. „სული აქ აღმოგხდებათ“, — გვითხრა მცველმა და საკნის კარი მოგვიჯახუნა.

საღამოხანს საკანში ოთხი სხვა პატიმარი ქალი შემოიყვანეს. ჩვენ მათ დამშვიდებას შევეცადეთ და ქადაგება დავუწყეთ. ისინი ცოტა დაწყნარდნენ და მთელი ღამე არ შეგვიწყვეტია მათთან ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე საუბარი.

დილის ექვს საათზე მცველმა საკნიდან გამიყვანა. მე მეგობარს ვუთხარი, რომ ღვთის სამეფოში შევხვდებოდით. ვთხოვე, რომ ჩემი ოჯახის წევრებისთვის ეთქვა, რაც მოხდა, თუ ცოცხალი გადარჩებოდა. ჩემთვის უხმოდ ვილოცე და მცველს გავყევი. მან მიმიყვანა თავის სახლში, რომელიც ციხის ტერიტორიაზე მდებარეობდა, და მითხრა: „შენთან რამდენიმე კითხვა მაქვს, ქალო. გუშინ თქვი, რომ ღვთის სახელი იეჰოვაა. შეგიძლია ბიბლიაში მანახო?“ მისი კითხვის გაგონებაზე გავოცდი და შვებით ამოვისუნთქე. მცველმა თავისი ბიბლია მოიტანა და მე იეჰოვას სახელი ვაჩვენე მას და მის ცოლს. მცველს სხვა კითხვებიც ჰქონდა იმავე საკითხებზე, რომლებზეც ღამის განმავლობაში ოთხ პატიმარ ქალთან ვსაუბრობდით. დამაკმაყოფილებელი პასუხების მიღების შემდეგ მან ცოლს უთხრა, ჩემთვის და ჩემი მეგობრისთვის საუზმე გაემზადებინა.

რამდენიმე დღეში ციხიდან გამოგვიშვეს, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ჩეხოსლოვაკია უნდა დამეტოვებინა, რადგან უნგრეთის მოქალაქე ვიყავი. სწორედ ამის შემდეგ შემომთავაზა ტიბორ ჰაფნერმა, რომ ცოლად გავყოლოდი. ჩვენ დავქორწინდით და მე მისი მშობლების სახლში გადავედი.

დევნა ძლიერდება

ქორწინების შემდეგ მე და ტიბორმა ერთად განვაგრძეთ ქადაგება, თუმცა ის ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაშიც იღებდა მონაწილეობას. რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე 1938 წლის ნოემბერში ჩვენს ქალაქში უნგრელი ჯარისკაცები შემოაბიჯებდნენ, ჩვენი ვაჟი, ტიბორი, დაიბადა. ევროპაში მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდი იყო. ჩეხოსლოვაკიის დიდი ნაწილი უნგრელებმა დაიკავეს, რასაც ანექსირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები იეჰოვას მოწმეების გაძლიერებული დევნა მოჰყვა.

1942 წლის 10 ოქტომბერს ტიბორი დებრეცენში გაემგზავრა ძმებთან შესახვედრად. მაშინ ის უკან აღარ დაბრუნებულა და მხოლოდ მოგვიანებით მიამბო, თუ რა მოხდა. ხიდზე, სადაც შეხვედრა ჰქონდათ დათქმული, ძმების ნაცვლად მას სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული პოლიციელები დახვდნენ. ისინი ჩემს მეუღლესა და პალ ნაგიპალს ელოდნენ, რომლებიც ყველაზე გვიან მივიდნენ შეხვედრის ადგილას. ორივე პოლიციაში წაიყვანეს, სადაც ხელკეტებით სცემეს შიშველ ფეხებზე, ვიდრე ტკივილისგან გრძნობას დაკარგავდნენ.

შემდეგ მათ უბრძანეს, ფეხსაცმელი ჩაეცვათ და ფეხზე დამდგარიყვნენ. ტკივილის მიუხედავად, ისინი იძულებით წაიყვანეს რკინიგზის სადგურზე. იქ პოლიციელებმა სხვა კაციც მიიყვანეს, რომელსაც თავი ისე ჰქონდა შეხვეული, რომ ძლივსღა იხედებოდა. ეს ძმა ანდრაშ პილინგი იყო. ისიც ძმებთან შესახვედრად მისულიყო. ჩემი მეუღლე მატარებლით ბუდაპეშტის მახლობლად, სოფელ ალაგში მდებარე საპატიმროში გადაიყვანეს. ერთმა მცველმა, რომელმაც ტიბორის ნაცემი ფეხები დაინახა, სარკასტულად უთხრა: „ზოგი რა სასტიკია! არ იდარდო, ჩვენ გიმკურნალებთ“. ორმა სხვა მცველმა ტიბორს ფეხებში ცემა დაუწყო ისე, რომ გარშემო ყველაფერი სისხლით მოისვარა. რამდენიმე წუთში მან გრძნობა დაკარგა.

მომდევნო თვეში ტიბორი და 60-ზე მეტი და-ძმა გაასამართლეს. ძმებს, ანდრაშ ბარტას, დენეშ ფალუვეგსა და იანოშ კონრადს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს, ძმა ანდრაშ ფილინგს — სამუდამო პატიმრობა, ჩემს მეუღლეს კი — 12 წელი. რა იყო მათი დანაშაული? ბრალმდებელმა ისინი სახელმწიფოებრივ ღალატში, სამხედრო სამსახურზე უარის თქმაში, შპიონაჟსა და უწმინდესი ეკლესიის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. მოგვიანებით სიკვდილმისჯილებს სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.

მეუღლის ხვედრს ვიზიარებ

დებრეცენში ტიბორის გამგზავრებიდან ორი დღის შემდეგ, ჯერ დილის ექვსი საათი არ იქნებოდა, რომ ავდექი და ტანსაცმლის დაუთოება დავიწყე. უეცრად კარზე ბრახუნი ატყდა. „უკვე მოვიდნენ“, — მაშინვე გავიფიქრე. ოთახში ექვსმა პოლიციელმა შემოაბიჯა, რომლებმაც მაუწყეს, რომ ნებართვა ჰქონდათ, სახლი გაეჩხრიკათ. ოჯახში ყველა დაგვაპატიმრეს, ჩვენი სამი წლის ბიჭუნაც, და პოლიციის განყოფილებაში წაგვიყვანეს. იმავე დღეს პეტერვაშარას (უნგრეთი) ციხეში გადაგვიყვანეს.

იქ ჩასვლის შემდეგ ტემპერატურამ ამიწია, რის გამოც, სხვა პატიმრებისგან იზოლირების მიზნით, ცალკე გადამიყვანეს. როცა გამოვკეთდი, ჩემს საკანში ორი ჯარისკაცი შემოვიდა. ისინი ერთმანეთში კამათობდნენ. „დასახვრეტია. მე თვითონ მოვკლავ“, — თქვა ერთმა. მეორეს კი სურდა, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეემოწმებინა, ვიდრე საქმეს შეუდგებოდნენ. მე მათ ხვეწნა დავუწყე, რომ ცოცხალი დავეტოვებინე. ბოლოს ორივე ჯარისკაცი გავიდა საკნიდან და იეჰოვას მადლობა გადავუხადე დახმარებისთვის.

მცველებს დაკითხვის განსაკუთრებული მეთოდი ჰქონდათ. მათ იატაკზე პირქვე დაწოლა მიბრძანეს, პირში წინდები ჩამიდეს, ხელ-ფეხი შემიკრეს და მათრახის რტყმით დამასისხლიანეს. ჩემი ცემა მხოლოდ მაშინ შეწყვიტეს, როცა ერთმა ჯარისკაცმა თქვა, რომ მეტი ძალა აღარ ჰქონდა. მკითხეს, ვისთან შეხვედრას აპირებდა ჩემი მეუღლე იმ დღეს, როცა დააპატიმრეს. მე არ ვუთხარი, რის გამოც სამი დღის განმავლობაში მცემდნენ. მეოთხე დღეს ნება მომცეს, ბავშვი დედაჩემთან წამეყვანა. ტიბორი დასახიჩრებულ ზურგზე მოვისვი და ყინვაში 13 კილომეტრი ფეხით გავიარე რკინიგზის სადგურამდე მისასვლელად. იქიდან სახლში მატარებლით წავედი, მაგრამ ბანაკში იმავე დღეს უნდა დავბრუნებულიყავი.

ექვსი წლით პატიმრობა მომისაჯეს. სასჯელი ბუდაპეშტის ციხეში უნდა მომეხადა. როცა ციხეში მიმიყვანეს, გავიგე, რომ ტიბორიც იქ იყო. რა ბედნიერები ვიყავით, როცა ერთმანეთთან დალაპარაკების ნება მოგვცეს, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წუთით და ისიც ისე, რომ რკინის ღობე გვყოფდა. ორივემ დავინახეთ იეჰოვას სიყვარული და გავძლიერდით იმ ძვირფას წუთებში. ვიდრე კვლავ შევხვდებოდით, მეც და ტიბორსაც საშინელი განსაცდელების გადატანა მოგვიწია. ჩვენი სიცოცხლე განუწყვეტლივ ბეწვზე ეკიდა.

ციხიდან ციხეში

ერთ საკანში 80 და ვიყავით შეყრილი. სულიერი საზრდო გვენატრებოდა, მაგრამ გარედან რაღაცის მიღება შეუძლებელი იყო. იქნებ თვითონ ციხეში შეგვეძლო რამის შოვნა? მოკლედ გიამბობთ, როგორ მოვიქეცით. მე ციხის მომსახურე პერსონალისთვის წინდების დაკემსვა დავიწყე. ერთხელ წინდაში ქაღალდის პატარა ნაგლეჯი ჩავაგდე, სადაც ციხის ბიბლიოთეკის კატალოგში ბიბლიის ნომრის გაგებას ვითხოვდი. ეჭვი რომ არ აეღოთ, ბიბლიასთან ერთად სხვა წიგნების ნომრებიც ვიკითხე.

მეორე დღეს დასაკემსად ისევ მივიღე წინდები. ერთ-ერთ წინდაში ჩემს კითხვაზე პასუხი ვიპოვე. შემდეგ მცველს ეს ნომრები ვუთხარი და წიგნები მოვითხოვე. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა წიგნები და მათ შორის ბიბლია მოგვიტანეს. სხვა წიგნებს ყოველკვირა ვცვლიდით, ბიბლიას კი ვიტოვებდით. როცა მცველი გვეკითხებოდა, თუ იმ წიგნს რატომ არ ვაბრუნებდით, ყოველთვის ერთსა და იმავეს ვპასუხობდით: დიდი წიგნია და ყველას უნდა წაკითხვაო. ასე რომ, შესაძლებლობა გვქონდა, ბიბლია გვეკითხა.

ერთხელ ოფიცერმა თავის ოთახში გამომიძახა. თავიდანვე უჩვეულოდ თავაზიანი მეჩვენა.

— ქალბატონო ჰაფნერ, თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს. შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ. ალბათ, ხვალ მოგეცემათ ამის საშუალება. შესაძლოა დღესაც, თუ მატარებელი იქნება.

— რა კარგია, — ვუპასუხე მე.

— რა თქმა უნდა, — მითხრა მან. — თქვენ ხომ ბავშვი გყავთ გასაზრდელი. — შემდეგ მოკლედ დაამატა — მხოლოდ ამ დოკუმენტს მოაწერეთ ხელი.

— ეს რა არის? — ვკითხე მე.

— ისეთი არაფერი, — დამაჯერებლად მითხრა ოფიცერმა. — უბრალოდ ხელი მოაწერეთ და თავისუფალი იქნებით. სახლში მისვლისთანავე, რაც გინდათ, ის აკეთეთ, მაგრამ ახლა ხელი მოაწერეთ დოკუმენტს, რომ უარს ამბობთ იეჰოვას მოწმეობაზე.

უკან გავიწიე და უარი განვაცხადე მის წინადადებაზე.

— მაშ, აქ მოკვდებით! — მიყვირა განრისხებულმა ოფიცერმა და უკან გამისტუმრა.

1943 წლის მაისში ბუდაპეშტის სხვა ციხეში გადამიყვანეს, მოგვიანებით კი — სოფელ მარიანოსტრაში, სადაც პატიმრები მონასტერში 70 მონაზონთან ერთად ვცხოვრობდით. შიმშილისა და გაჭირვების მიუხედავად, მონდომებულები ვიყავით, მათთვის ჩვენი იმედი გაგვეზიარებინა. ერთმა მონაზონმა ჭეშმარიტებისადმი დიდი ინტერესი გამოავლინა და გვითხრა: „ძალიან საინტერესოა. ასეთი რამ არასდროს გამიგია. კიდევ მითხარით რა რამე!“ ჩვენ მას ახალ ქვეყნიერებასა და მომავალ შესანიშნავ ცხოვრებაზე დავუწყეთ ლაპარაკი. სწორედ ამ დროს წამოგვადგა თავს ქალთა მონასტრის წინამძღვარი. ჭეშმარიტებით დაინტერესებული მონაზონი მაშინვე წაიყვანეს, ტანზე გახადეს და უმოწყალოდ გაშოლტეს. როცა ამ მონაზონს კვლავ შევხვდით, მან გვთხოვა: „გეხვეწებით, ილოცეთ და სთხოვეთ იეჰოვას, რომ მიშველოს და აქაურობას მომაშოროს. იეჰოვას მოწმე მინდა გავხდე“.

მოგვიანებით ბუდაპეშტის დასავლეთით დაახლოებით 80 კილომეტრში, მდინარე დუნაის პირას მდებარე ქალაქ კომარომის ძველ ციხეში გადაგვიყვანეს. ციხეში საშინელი პირობები იყო. სხვა დებთან ერთად, მეც სერიოზულად დავავადდი ტიფით. სისხლს ვაღებინებდი და ძალა ერთიანად მეცლებოდა. სამკურნალოდ მედიკამენტები არ გვქონდა. ამიტომ ვფიქრობდი, რომ ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი. მაგრამ მალე ოფიცრებს დამხმარე დასჭირდათ, ვინც დოკუმენტებთან მუშაობას შეძლებდა. დებმა მე დამასახელეს. ოფიცრებმა წამლები მომცეს და თანდათანობით გამოვჯანმრთელდი.

ოჯახში დაბრუნება

როცა აღმოსავლეთიდან საბჭოთა არმია მოგვადგა, იძულებულები ვიყავით დასავლეთისკენ გადაგვენაცვლა. დიდ დროს წაიღებს იმის დაწვრილებით აღწერა, თუ რა საშინელებები გამოვიარეთ იმ პერიოდში. სიკვდილს ბევრჯერ შევხედე თვალებში, მაგრამ იეჰოვას დამცავი ხელის წყალობით ცოცხალი გადავრჩი. ომი რომ დამთავრდა, პრაღიდან დაახლოებით 80 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ტაბორში ვიყავით. მე და ჩემს მულს, მაგდალენას, სამი კვირა დაგვჭირდა, ვიდრე 1945 წლის 30 მაისს ლუჩენეცში ჩვენს სახლამდე მივაღწევდით.

სახლის ეზოში შორიდანვე დავინახე დედამთილი და ჩემი პატარა ბიჭუნა. თვალები ცრემლებით ამევსო და ბავშვს დავუძახე: „ტიბიკე“. ის ჩემკენ გამოიქცა და შემომახტა. „აღარ წახვალ დედიკო, არა?“ — ეს იყო პირველი, რაც მითხრა და მისი სიტყვები არასდროს დამავიწყდება.

იეჰოვამ ჩემი მეუღლის, ტიბორის, მიმართაც გამოავლინა მოწყალება. ის ბუდაპეშტის ციხიდან დაახლოებით 160 ძმასთან ერთად ქალაქ ბორის შრომა-გასწორების კოლონიაში გადაიყვანეს. მათი სიცოცხლე ბევრჯერ საფრთხეში იყო, მაგრამ ყველა ცოცხალი დარჩა. ტიბორი სახლში 1945 წლის 8 აპრილს, ჩემს ჩამოსვლამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, დაბრუნდა.

ომის შემდეგ კვლავაც გვესაჭიროებოდა იეჰოვას ძალა, რათა ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური მმართველობის მომდევნო 40 წლის განმავლობაში ახალი განსაცდელებისთვის გაგვეძლო. ტიბორს ისევ ხანგრძლივი დროით პატიმრობა მიუსაჯეს და ბავშვის გაზრდა მის გარეშე მომიწია. გათავისუფლების შემდეგ ტიბორმა მიმომსვლელ ზედამხედველად დაიწყო მსახურება. კომუნისტური მმართველობისას 40 წლის განმავლობაში ყოველგვარ შესაძლებლობას ვიყენებდით ხალხთან ჩვენს რწმენაზე სასაუბროდ. შესაძლებლობა მოგვეცა, იმ პერიოდში ბევრს დავხმარებოდით ბიბლიური ჭეშმარიტების მიღებაში. ასეთი ადამიანები ჩვენი სულიერი შვილები ხდებოდნენ.

ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა 1989 წელს რელიგიური თავისუფლება მოვიპოვეთ! მომდევნო წელს ხანგრძლივი დროის შემდეგ პირველად მოგვეცა ჩვენს ქვეყანაში კონგრესზე დასწრების შესაძლებლობა. როცა დავინახეთ ათასობით და-ძმა, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში ღვთისადმი ერთგულება შეინარჩუნეს, ეჭვი არ შეგვპარვია იმაში, რომ თითოეული მათგანისთვის ძალის უშრეტი წყარო იეჰოვა იყო.

ჩემი მეუღლე, ტიბორი, ბოლომდე იეჰოვას ერთგული დარჩა. ის 1993 წლის 14 ოქტომბერს დაიღუპა. მე ახლა სლოვაკეთში, ქალაქ ჟილინაში, ჩემს ვაჟთან ახლოს ვცხოვრობ. მართალია, ფიზიკურად დიდი ძალა აღარ მაქვს, მაგრამ იეჰოვას ძალით სულიერად კვლავაც ძლიერი ვარ. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ მისი დახმარებით ამ ძველ სისტემაში ნებისმიერი განსაცდელის გადატანა შემიძლია და სულითა და გულით მოველი იმ დროს, როცა იეჰოვას წყალობით მარადიულად ვიცხოვრებ.

[სურათი 20 გვერდზე]

ჩემი ვაჟი ტიბორი (4 წლის), რომელიც იძულებით დამატოვებინეს.

[სურათი 21 გვერდზე]

ჩემი მეუღლე, ტიბორი, ბორში ძმებთან ერთად.

[სურათი 22 გვერდზე]

ტიბორთან და ჩემს მულთან, მაგდალენასთან, ერთად ქალაქ ბრნოში 1947 წელს.

[სურათები 23 გვერდზე]

„სიკვდილს ბევრჯერ შევხედე თვალებში, მაგრამ იეჰოვას დამცავი ხელის წყალობით ცოცხალი გადავრჩი“.