არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რატომ იგებენ იეჰოვას მოწმეები წიგნ „გამოცხადებაში“ მოცემულ რიცხვ 144 000–ს პირდაპირი მნიშვნელობით და არა — სიმბოლურით?

მოციქული იოანე წერდა: „მოვისმინე ბეჭედდასმულთა რიცხვი: ას ორმოცდაოთხი ათასი“ (გამოცხადება 7:4). ბიბლიაში სიტყვა „ბეჭედდასმულთა“ მიუთითებს ადამიანებზე, რომლებიც კაცობრიობიდან არიან არჩეულნი იმ მიზნით, რომ დედამიწაზე მომავალ სამოთხეს ქრისტესთან ერთად ზეციდან გაუწიონ მმართველობა (2 კორინთელები 1:21, 22; გამოცხადება 5:9, 10; 20:6). არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ეს რიცხვი შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობით იქნეს გაგებული. ერთ–ერთი მიზეზის პოვნა შესაძლებელია უშუალოდ გამოცხადების 7:4–ის კონტექსტში.

144 000 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის შემდეგ მოციქულმა იოანემ ხილვაში ნახა ადამიანთა სხვა ჯგუფი. იოანე ამ მეორე ჯგუფს ასე აღწერს: „უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“. „უამრავი ხალხი“ ის ადამიანები არიან, რომლებიც გადაიტანენ „დიდ გასაჭირს“, როდესაც განადგურდება თანამედროვე ბოროტი სისტემა (გამოცხადება 7:9, 14).

ყურადღება მიაქციეთ განსხვავებას, რაც „გამოცხადების“ მე–7 თავის მე–4 და მე–9 მუხლებს შორის არსებობს. მოციქული ამბობს, რომ პირველ ჯგუფში „ბეჭედდასმულთა“ რიცხვი განსაზღვრულია. მეორე ჯგუფი — „უამრავი ხალხი“ — კი განუსაზღვრელი რაოდენობით არის მოხსენიებული. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ რიცხვი 144 000 პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. თუ 144 000–ს სიმბოლური მნიშვნელობა ექნებოდა და მასში სინამდვილეში უამრავი ადამიანი იქნებოდა ნაგულისხმები, დაიკარგებოდა ამ ორ მუხლს შორის ჩადებული დაპირისპირების ძალა. ამგვარად, კონტექსტი აშკარად გვიჩვენებს, რომ რიცხვი 144 000 პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ.

მსგავს დასკვნამდე (ეს რიცხვი პირდაპირი მნიშვნელობით რომ უნდა იქნეს გაგებული) მივიდა ბიბლიის როგორც ძველი დროის, ისე თანამედროვე ზოგი მკვლევარი. მაგალითად, გამოცხადების 7:4, 9–ის თაობაზე ბრიტანელმა ლექსიკოგრაფმა დ–რ ეთელბერტ ბულინგერმა დაახლოებით 100 წლის წინათ აღნიშნა: „ეს არის ფაქტის კონსტატაცია — განსაზღვრული რიცხვი დაპირისპირებულია ამავე თავში მოცემულ განუსაზღვრელ რიცხვთან“ (The Apocalypse or “The Day of the Lord,” გვერდი 282). ხოლო ჩვენს დროში მოღვაწე რობერტ ტომასი, „უფლის სემინარიის“ ახალი აღთქმის პროფესორი (აშშ) წერდა: „არ არსებობს საფუძვლიანი მიზეზი იმისათვის, რომ ეს რიცხვი სიმბოლური მნიშვნელობით გავიგოთ“. მან დასძინა: „[7:4–ში] მოცემული განსაზღვრული რიცხვი დაპირისპირებულია 7:9–ში მოცემულ განუსაზღვრელ რიცხვთან. ეს რიცხვი [144 000] სიმბოლური მნიშვნელობით რომ გაგვეგო, მაშინ ამ წიგნში მოცემული არც ერთი რიცხვი არ უნდა გაგვეგო პირდაპირი მნიშვნელობით“ (An Exegetical Commentary, ტომი 1, გვერდი 474).

ზოგის მტკიცებით, ვინაიდან წიგნი „გამოცხადება“ ძალიან სიმბოლური ენით არის დაწერილი, მასში მოცემული ყველა რიცხვი, მათ შორის 144 000, სიმბოლური მნიშვნელობით უნდა იყოს გაგებული (გამოცხადება 1:1, 4; 2:10). მაგრამ ასეთი დასკვნა აშკარად არ არის სწორი. „გამოცხადებაში“ მრავალი სიმბოლური რიცხვია მოცემული, მაგრამ მასში არის ისეთი რიცხვებიც, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით უნდა იქნეს გაგებული. მაგალითად, იოანე ლაპარაკობს „კრავის თორმეტი მოციქულის თორმეტ სახელზე“ (გამოცხადება 21:14). ცხადია, ამ მუხლში მოხსენიებული რიცხვი —12 პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ და არა სიმბოლურით. გარდა ამისა, მოციქული იოანე წერს ქრისტეს მეფობის „ათასი წლის“ შესახებ. ეს რიცხვიც, როგორც ბიბლიის გულდასმით გამოკვლევა გვიჩვენებს, პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ * (გამოცხადება 20:3, 5—7). ამგვარად, „გამოცხადებაში“ მოცემული რიცხვი პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ თუ სიმბოლურით, დამოკიდებულია ისტორიულ ფონსა და კონტექსტზე.

ბიბლიის სხვა ადგილებიც განამტკიცებს იმ აზრს, რომ რიცხვი 144 000 პირდაპირი მნიშვნელობით უნდა იქნეს გაგებული, და რომ მასში იგულისხმება ადამიანთა განსაზღვრული რაოდენობა, „უამრავ ხალხთან“ შედარებით პატარა ჯგუფი. მაგალითად, მოციქულ იოანეს მიერ ნანახ ხილვაში 144 000–ის შესახებ შემდეგ ნათქვამია, რომ ისინი არიან ადამიანთაგან „ნაყიდნი, როგორც პირველი ნაყოფი“ (გამოცხადება 14:1, 4). აგრეთვე დედამიწაზე ყოფნისას იესო ლაპარაკობდა ადამიანებზე, რომლებიც ზეციერ სამეფოში მასთან ერთად იმეფებდნენ, და ამ ადამიანთა ჯგუფს „მცირე სამწყსო“ უწოდა (ლუკა 12:32; 22:29). ცხადია, მათი რიცხვი, ვინც ზეცაში იმეფებს, მცირე იქნება იმათთან შედარებით, ვინც დედამიწაზე მომავალ სამოთხეში იცხოვრებს.

ამგვარად, გამოცხადება 7:4–ის კონტექსტი და ამ რიცხვთან დაკავშირებული სხვა ბიბლიური ადგილები ადასტურებს, რომ 144 000 პირდაპირი მნიშვნელობით უნდა იქნეს გაგებული. ეს რიცხვი მიუთითებს მათზე, რომლებიც ქრისტესთან ერთად ზეციდან გაუწევენ დედამიწას მმართველობას; დედამიწას, რომელიც სავსე იქნება იეჰოვა ღმერთის უამრავი (განუსაზღვრელი რაოდენობით) ბედნიერი თაყვანისმცემლით (ფსალმუნები 36:29).

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 ქრისტეს ათასწლიანი მეფობის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ წიგნში „გამოცხადება — მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოსაა!“, გვერდები 289, 290 (რუს.); გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩანართი 31 გვერდზე]

ზეციერ მემკვიდრეთა რაოდენობა შეზღუდულია — მათი რიცხვი 144 000-ია.

[სურათი 31 გვერდზე]

„უამრავი ხალხი“ უთვალავი ადამიანისგან შედგება.

[სურათის საავტორო უფლება 31 გვერდზე]

Stars: Courtesy of Anglo-Australian Observatory, photograph by David Malin