რა მემკვიდრეობას უტოვებთ შვილებს?
რა მემკვიდრეობას უტოვებთ შვილებს?
პავლოსს, სამხრეთ ევროპაში მცხოვრებ დაოჯახებულ მამაკაცს სახლში იშვიათად ყოფნის გამო თითქმის არა აქვს ურთიერთობა თავის მეუღლესთან და შვილებთან. მას ჰყავს ორი ქალიშვილი, ერთი 13 წლის, ხოლო მეორე 11–ის, და 7 წლის ვაჟი. პავლოსი კვირაში შვიდი დღე მუშაობს ორ ცვლაში, რათა იმდენი ფული დააგროვოს, რომ ნატვრა აისრულოს. მას ძლიერი სურვილი აქვს, რომ გოგონებს უყიდოს ბინები, ხოლო ბიჭს კი ბიზნესი წამოაწყებინოს. სოფია, მისი მეუღლეც მუშაობს, რათა თეთრეული, სამზარეულოს ჭურჭელი, ფაიფურის სერვიზი, მოვერცხლილი დანა–ჩანგლები და კოვზები შეიძინოს შვილების მომავალი ოჯახებისთვის. როდესაც ამ წყვილს ეკითხებიან, თუ რატომ მუშაობენ ასე თავდაუზოგავად, ერთხმად პასუხობენ: „ჩვენი შვილების საკეთილდღეოდ!“
პავლოსის და სოფიას მსგავსად, ბევრი მშობელი ყველაფერს აკეთებს, რაც მათ ძალებშია, რათა კარგი საფუძველი ჩაუყარონ თავიანთი შვილების მომავალს. ზოგი მშობელი ფულს უგროვებს შვილებს; სხვები იმაზე ზრუნავენ, რომ შვილებმა შესაბამისი განათლება მიიღონ და ისეთ პროფესიას დაეუფლონ, რაც ცხოვრებაში გამოადგებათ. თუმცა მშობლების უმეტესობას მიაჩნია, რომ ამგვარად სიყვარულს ავლენენ — იმისათვის, რომ შვილებისთვის ასეთი მემკვიდრეობის დატოვებით გარშემო მყოფი ნათესავების, მეგობრებისა და ნაცნობების მოლოდინი გაამართლონ — ხშირად ისინი ძალიან მძიმე ტვირთს იღებენ საკუთარ თავზე. ამიტომ, მზრუნველი მშობლები მართებულ კითხვას სვამენ: „რა მემკვიდრეობა უნდა დავუტოვოთ ჩვენს შვილებს?“
მომავალზე ზრუნვა
ქრისტიან მშობლებს არა მარტო შვილების მომავალზე ზრუნვის ბუნებრივი სურვილი აქვთ, არამედ ამის გაკეთება საღვთო წერილში მოცემულ პრინციპების თანახმადაც მართებთ. პავლე მოციქულმა უთხრა მის დღეებში მცხოვრებ ქრისტიანებს: „შვილები კი არ უნდა აგროვებდნენ მშობლებისთვის, არამედ მშობლები — შვილებისთვის“ (2 კორინთელები 12:14). შემდეგ პავლემ დასძინა, რომ შვილებზე ზრუნვა სერიოზული პასუხისმგებლობაა. მან დაწერა: „ცხადია, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებზე, რწმენა უარყო და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:8). საღვთო წერილში ჩაწერილი უამრავი შემთხვევა ცხადყოფს, რომ ბიბლიურ დროში მცხოვრები ღვთის მსახურები მემკვიდრეობის საკითხს ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ (რუთი 2:19, 20; 3:9—13; 4:1—22; იობი 42:15).
ზოგჯერ მშობლების მთავარი საზრუნავი ის არის, რომ შვილებს, რაც შეიძლება მეტი ქონება დაუტოვონ. რატომ? მანოლისი, დაოჯახებული მამაკაცი, რომელიც სამხრეთ ევროპიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად,
ამის ერთ–ერთ მიზეზს ასახელებს: „იმ მშობლებმა, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის შედეგად საკუთარ თავზე გამოსცადეს შიმშილობა და სიღარიბე, მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ შვილები ყველაფრით უზრუნველყონ“. ის დასძენს: „იმის გამო, რომ მშობლები ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობენ და შვილების მომავლისთვის საკმაოდ მტკიცე საფუძვლის ჩაყრის სურვილი აქვთ, ზოგჯერ საკუთარ თავს აზარალებენ“. სინამდვილეში ზოგი მშობელი უარს ამბობს ყველაზე აუცილებელზე იმის გამო, რომ შვილებს მემკვიდრეობად ქონება დაუტოვოს. მაგრამ გონივრულია მშობლებისთვის, მისდიონ ცხოვრების ასეთ წესს?„ამაოება და დიდი ბოროტება“
ძველი ისრაელის მეფე სოლომონმა მემკვიდრეობის საკითხთან დაკავშირებით ასეთი გაფრთხილება მოგვცა: „შემძულდა მე მთელი ჩემი ნაშრომი, რაც ვიშრომე მზის ქვეშ, რადგან ვუტოვებ მას ადამიანს, ჩემს შემდეგ რომ იქნება. და ვინ იცის, ბრძენი იქნება ის თუ ბრიყვი, ვინც დაეპატრონება მთელ ჩემს ნაშრომს, ჩემი შრომითა და სიბრძნით რომ მოვიპოვე მზის ქვეშ. ესეც ამაოებაა! . . რადგან ხდება, რომ ადამიანი შრომობს სიბრძნით, ცოდნით და ნიჭით, და აძლევს წილად ადამიანს, რომელსაც ამაზე არ უშრომია. და ესეც ამაოება და დიდი ბოროტებაა!“ (ეკლესიასტე 2:18—21).
როგორც სოლომონის სიტყვებიდან ჩანს, მათ, ვინც მემკვიდრეობას იღებს, შეიძლება ბოლომდე არ ესმით, რა ძალისხმევა მოხმარდა მის დაგროვებას, რადგან თავად არ მოუწიათ შრომა. ამიტომ, მემკვიდრეებს შეუძლიათ არაგონივრულად გამოიყენონ ის, რაც მშობლებმა დიდი შრომის ფასად დააგროვეს მათთვის. ისიც კი შესაძლებელია, რომ შვილებმა გაანიავონ ოფლით ნაშოვნი ქონება (ლუკა 15:11—16). რა „ამაოება და დიდი ბოროტება“ იქნებოდა ეს!
მემკვიდრეობა და სიხარბე
მშობლებმა კიდევ ერთი ფაქტორი უნდა მიიღონ მხედველობაში. იმ ქვეყნებში, სადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება შთამომავლობით მიღებულ მემკვიდრეობას და მზითევს, შვილები შეიძლება ხარბები გახდნენ და მოითხოვონ იმაზე მეტის მიღება, რისი შეთავაზებაც მშობლებს არ შეუძლიათ. „ვაი იმ მამას, რომელსაც ორი ან სამი გოგო ჰყავს,“ — ირონიით შენიშნავს საბერძნეთში მცხოვრები დაოჯახებული მამაკაცი. ის ამბობს: „ქალიშვილებს შეუძლიათ მამის მიერ შეთავაზებული მზითევი შეადარონ სხვა მშობლების მიერ შვილებისთვის უხვად გაღებულ მზითევს. მათ შეუძლიათ ისიც კი თქვან, რომ კარგი მზითევის გარეშე გათხოვების შანსი არ ექნებათ“.
ზემოთ მოხსენიებული მანოლისი ამბობს: „ახალგაზრდა მამაკაცს შეუძლია გადადოს ქორწილის დღე მანამ, სანამ სასიმამრო არ შეჰპირდება მას მზითევის მიცემას, რაშიც, ჩვეულებრივ, ბინა ან საკმაოდ დიდი თანხა შედის. ეს ერთგვარი შანტაჟის მოწყობაა“.
იგავები 20:21, აქ). პავლე მოციქულმა კი აღნიშნა: „ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია“ (1 ტიმოთე 6:10; ეფესოელები 5:5).
ბიბლია ნებისმიერი სახის სიხარბის შესახებ იძლევა გაფრთხილებას. სოლომონმა დაწერა: „სიხარბით მოპოვებული მემკვიდრეობა კურთხეული არ იქნება მომავალში“ („სიბრძნე მემკვიდრეობასთან ერთად“
რასაკვირველია, მემკვიდრეობა გარკვეულწილად ძვირფასია, მაგრამ სიბრძნე მატერიალურ ქონებაზე გაცილებით დასაფასებელია. მეფე სოლომონმა დაწერა: „კარგია სიბრძნე მემკვიდრეობასთან ერთად და სასარგებლოა . . . სიბრძნეც იცავს კაცს და ფულიც; ცოდნა სიბრძნესთან ერთად იმით უპირატესობს, რომ სიცოცხლეს უნარჩუნებს მის მქონეთ“ (ეკლესიასტე 7:11, 12, აქ; იგავები 2:7, აქ; 3:21, აქ). ფული გარკვეულწილად დამცველია, რადგან მის მფლობელს საშუალებას აძლევს, დაიკმაყოფილოს აუცილებელი მოთხოვნილებები, მაგრამ ის შეიძლება დაიკარგოს. სიბრძნე კი — იმის უნარი, რომ ცოდნა პრობლემების გადასაჭრელად და გარკვეული მიზნების მისაღწევად გამოიყენო — იცავს ადამიანს არაგონივრული მოქმედებებისგან. ღვთიურ შიშზე დაფუძნებული სიბრძნე ეხმარება ადამიანს, მიაღწიოს მარადიულ სიცოცხლეს ღვთის ახალ ქვეყნიერებაში, რომელიც მალე დამყარდება. ეს მართლაც რომ ფასდაუდებელი მემკვიდრეობაა! (2 პეტრე 3:13).
ქრისტიანი მშობლები გონივრულად იქცევიან, როდესაც სწორად ადგენენ პრიორიტეტებს საკუთარი თავისთვის და შვილებისთვის (ფილიპელები 1:10). სულიერზე უფრო მნიშვნელოვანი არ უნდა გახდეს შვილებისთვის ქონების დაგროვება. იესომ თავის მიმდევრებს მოუწოდა: „ამიტომ, უპირველესად ეძებეთ [ღვთის] სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“ (მათე 6:33). მშობლები, რომლებიც სულიერ მიზნებს ისახავენ თავიანთი ქრისტიანული ოჯახებისთვის, უამრავ კურთხევას მიიღებენ. ბრძენმა მეფე სოლომონმა დაწერა: „ლხენით ილხენს მართლის მამა და ბრძენის მშობელი იხარებს მისით. გაიხარონ მამაშენმა და დედაშენმა და ილხინოს შენმა მშობლებმა“ (იგავები 23:24, 25).
მარადიული მემკვიდრეობა
ძველად ისრაელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას (3 მეფეთა 21:2—6). მაგრამ იეჰოვამ ასეთი დარიგება მისცა მათ: „იყოს ეს სიტყვანი, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს, შენს გულში. ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, და გზაზე სიარულისას, დაწოლისას, და ადგომისას“ (მეორე რჯული 6:6, 7). ქრისტიანი მშობლების საყურადღებოდაც მსგავსი რამ ითქვა: „იზრუნეთ მათზე [თქვენს შვილებზე] — იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ“ (ეფესოელები 6:4).
სულიერი თვალსაზრისის მქონე მშობლებს ესმით, რომ ოჯახის წევრების მოთხოვნილებებზე ზრუნვა გულისხმობს მათთვის ბიბლიური მითითების მიცემასაც. ანდრეასი, სამი შვილის მამა, აღნიშნავს: „თუ ბავშვები ისწავლიან ცხოვრებაში ბიბლიური პრინციპების გამოყენებას, უკეთესად იქნებიან მომავლისთვის მომზადებულნი“. ასეთი მემკვიდრეობა იმასაც გულისხმობს, რომ მშობლები ბავშვებს შემოქმედთან პირადი ურთიერთობის განვითარებაში დაეხმარონ (1 ტიმოთე 6:19).
დაფიქრებულხართ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ ჩაუყაროთ შვილების სულიერ მომავალს მტკიცე საფუძველი? მაგალითად, რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს, თუ მათი შვილი სრული დროით მსახურობს? თუმცა სრული დროით მსახური არ უნდა ითხოვდეს ან ელოდებოდეს ფინანსური დახმარების მიღებას, მოსიყვარულე მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ შვილს და ‘მისი საჭიროებისდა მიხედვით გაუზიარონ ყველაფერი’, რათა გააგრძელოს სრული დროით მსახურება (რომაელები 12:13; 1 მეფეთა 2:18, 19; ფილიპელები 4:14—18). მშობლების ასეთი მხარდაჭერის დანახვა იეჰოვასთვის უეჭველად სასიხარულო იქნება.
მაშ, შვილებისთვის რა მემკვიდრეობის დატოვება მართებთ მშობლებს? ქრისტიანი მშობლები მატერიალურად ზრუნვის გარდა, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ შვილებმა მდიდარი სულიერი მემკვიდრეობა მიიღონ, რაც მათ მარადიულ სარგებლობას მოუტანს. ამით კი ფსალმუნების 36:18–ში ჩაწერილი სიტყვები გამართლდება: „იცის უფალმა დღენი უცოდველთა, მათი მემკვიდრეობა უკუნისამდე იქნება“.
[სურათები 26, 27 გვერდებზე]
როგორ წარმოგიდგენიათ შვილების მომავალი?