თამაში უფრო მეტს მოიცავს
თამაში უფრო მეტს მოიცავს
ბავშვებს თამაში უყვართ. მაგრამ „ეს არ არის უსარგებლოდ დროის გატარება, — განმარტავს წიგნი „ბავშვის განვითარება. — თამაშის წყალობით ბავშვს აზროვნების უნარი უვითარდება“. თამაშის დროს ბავშვები სწავლობენ გრძნობების გამოვლენას, ურთიერთობას და გარე სამყაროს აღქმას.
ოთხი-ხუთი წლიდან ბავშვები ისეთ თამაშებს იწყებენ, რომლებშიც უფროსებს ბაძავენ. ერთხელ იესომ ბავშვების თამაში მოიყვანა მაგალითად. ზოგს „ქორწილის“ გათამაშება სურდა, ზოგს კი — „დაკრძალვის“ და როგორც ეს ხშირად ხდება ბავშვებს შორის, ისინი კამათობდნენ, რადგანაც ზოგიერთს არ სურდა თამაშში მონაწილეობა (მათე 11:16, 17). ასეთი სახის თამაშები წარუშლელ კვალს ტოვებს ბავშვის გონებაზე და დადებითად მოქმედებს მის განვითარებაზე.
სურათზე გამოსახული ბავშვები ბიბლიის მასწავლებლისა და შემსწავლელის როლს თამაშობენ. ეს არ არის ნამდვილი ბიბლიის შესწავლა, მაგრამ ბიბლიური ცნობის გაზიარების აზრი მათ გონებაში ნათლად წარმოისახება. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც იესომ ყველა თავის მიმდევარს მისცა დავალება, რომ მოემზადებინათ მოწაფეები და ესწავლებინათ ხალხისთვის ყველაფრის დაცვა, რაც მათ ასწავლა (მათე 28:19, 20).
იმ ბავშვების მშობლები, რომლებიც ბიბლიის შესწავლის ჩამტარებლის, მომხსენებლის ან კარდაკარ მქადაგებლის როლებს თამაშობენ, ქებას იმსახურებენ. ბუნებრივია, ბავშვები მიდრეკილნი არიან, მიჰბაძონ უფროსებს. მათი ბიბლიური თამაშები იმის ანარეკლია, რომ ისინი უფლის მოძღვრებით არიან აღზრდილები (ეფესოელები 6:4).
იეჰოვას სურს, რომ ბავშვები მონაწილეობას ღებულობდნენ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში. მან უთხრა მოსეს, რომ კანონების წაკითხვისას ბავშვებიც მიეყვანათ (მეორე რჯული 31:12). თუ ბავშვები ჩაბმულნი არიან ღვთის თაყვანისმცემლობაში, მათ თამაშებშიც აირეკლება ეს. ბავშვი, რომელიც ახლა თამაშობს ღვთის მსახურის როლს, პირველ ნაბიჯს დგამს, რომ მომავალში ნამდვილად გახდეს მისი მსახური.