არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მან თავისი რწმენა თანაკლასელებს უკეთ გააცნო

მან თავისი რწმენა თანაკლასელებს უკეთ გააცნო

მან თავისი რწმენა თანაკლასელებს უკეთ გააცნო

გსურს, დაეხმარო კლასელებს, რომ უკეთ იცოდნენ ბიბლიაზე დაფუძნებული შენი მრწამსის შესახებ? 18 წლის სკოლის მოსწავლე მაგდალენა, პოლონელი იეჰოვას მოწმე, კლასელებთან ხშირად საუბრობს თავის რწმენაზე. შედეგად, მას ხშირად უსვამენ ასეთ შეკითხვებს: „რას ნიშნავს, იყო იეჰოვას მოწმე?“ და „გწამთ იესო ქრისტე?“ როგორ დაეხმარა ის მათ? მაგდალენა ხელმძღვანელობისთვის იეჰოვას მიმართავდა ლოცვით და შემდეგ ლოცვის შესაბამისად მოქმედებდა (იაკობი 1:5).

ერთ დღეს, მაგდალენამ თავის მასწავლებელს, რომელიც პატივს სცემდა მის რელიგიას, სთხოვა, რომ თანაკლასელებისათვის ეჩვენებინა ვიდეოფილმი „ორგანიზაცია სახელწოდებით იეჰოვას მოწმეები“ *. მასწავლებელი დასთანხმდა. მაგდალენამ ამის შემდეგ კლასელებს უთხრა: „მე და ჩემს მეგობარს გვინდა, მთელ კლასს წარმოგიდგინოთ ვიდეოფილმი, თან იეჰოვას მოწმეებზე ვისაუბრებთ. ეს სულ 90 წუთი გაგრძელდება. ვის გინდათ მოსვლა?“ სურვილი ყველამ გამოთქვა. მაგდალენამ და გამოცდილმა მქადაგებელმა, ვოიცეხმა, მომზადება დაიწყეს.

მათ გადაწყვიტეს, რომ ღონისძიება 20-წუთიანი საუბრით დაეწყოთ, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა ბროშურაზე „იეჰოვას მოწმეები — ვინ არიან? რა სწამთ მათ?“ და მას კითხვა-პასუხი მოჰყვებოდა. შემდეგ სკოლის ბიბილიოთეკაში აჩვენებდნენ ვიდეოფილმს. ბოლოს კი თითოეული მოსწავლე საჩუქრის სახით მიიღებდა დიდი კონვერტით რამდენიმე ბროშურას, წიგნს „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ და რამდენიმე ტრაქტატსა და ჟურნალს.

დათქმულ დღეს აუდიტორიაში მაგდალენას 14 თანაკლასელი, მასწავლებელი და ოთხი სხვა მოსწავლე იყო, რომლებიც შემთხვევით მოვიდნენ ბიბლიოთეკაში. თავიდან ვოიცეხმა ისაუბრა, რომ არაერთმა პოლონელმა პოეტმა და მწერალმა გამოიყენა ღვთის სახელი, იეჰოვა, თავის ნაწარმოებებში. მან აგრეთვე მოიხსენია ზოგიერთი ძველი კათოლიკური კატეხიზმო, რომლებშიც ნახსენებია ღვთის სახელი. იეჰოვას მოწმეების დღევანდელი საქმიანობის ახსნისას, მან სხვადასხვა ფილიალის ბროშურები და რამდენიმე საკონგრესო დარბაზის ფოტოსურათები აჩვენა.

აქტიური მსჯელობა გაიმართა. მაგდალენა და ვოიცეხი კითხვებზე პასუხის გასაცემად ბიბლიას იყენებდნენ. ამან აუდიტორიაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და დაარწმუნა იმაში, რომ იეჰოვას მოწმეები ქადაგების დროს საკუთარ აზრებს არ ეყრდნობიან. რა სახის იყო ზოგიერთი კითხვა და რა პასუხი გასცეს მათ?

კითხვა: მთელი ბიბლია ბუნდოვანი ენით არის დაწერილი და უამრავ მეტაფორას შეიცავს, რომლებიც შეიძლება ბევრნაირად გაიგო. განა შეიძლება იცხოვრო იმის თანახმად, რასაც ბიბლია ამბობს?

პასუხი: ზოგიერთები ამბობენ, რომ ბიბლია ვიოლინოს მსგავსია — მასზე შეგიძლია იმ მელოდიის დაკვრა, რომელიც შენ მოგწონს. მაგრამ დაფიქრდით: თუ გსურთ, გაიგოთ, რა მნიშვნელობით დაწერა მწერალმა ესა თუ ის აზრი, განა უკეთესი არ იქნებოდა, პირადად გეკითხათ მისთვის? მოკვდავი მწერლებისგან განსხვავებით, ბიბლიის ავტორი — იეჰოვა ღმერთი — ცოცხალია (რომაელები 1:20; 1 კორინთელები 8:5, 6). ბიბლიური მუხლების სწორ მნიშვნელობას განსაზღვრავს კონტექსტი. გარდა ამისა, ბიბლიაში ხშირად მეორდება ერთი და იგივე აზრი, და ასეთი ადგილების შედარება მათ გაგებაში გვეხმარება. ამით კი ღმერთს საშუალებას მივცემთ, ხელმძღვანელობა გაუწიოს ჩვენს აზრებს, და ეს იმის მსგავსი იქნება, თითქოს ის პირადად გვიხსნის ბიბლიას. თუ ასე მოვიქცევით, შევძლებთ გავიგოთ მისი ნება და ვიცხოვროთ მისი ნების თანახმად, რომელიც ბიბლიაშია მოცემული.

კითხვა: რა განსხვავებაა იეჰოვას მოწმეებსა და ქრისტიანებს შორის?

პასუხი: ჩვენ ქრისტიანები ვართ! მაგრამ, ნაცვლად იმისა, ვიძახოთ, რომ ქრისტიანები ვართ, იეჰოვას მოწმეები ვცდილობთ, ვიცხოვროთ ჩვენი რწმენის თანახმად და იმის თანახმად, რაც ღვთისგან ვისწავლეთ ჩვენდა სასარგებლოდ (ესაია 48:17, 18). რადგანაც იეჰოვას მოწმეთა ყველა სწავლება დაფუძნებულია ბიბლიაზე, მათ იციან, რომ მათთან არის ჭეშმარიტება (მათე 7:13, 14, 21—23).

კითხვა: რატომ მიდიხართ სრულიად უცხოებთან და დაჟინებით ესაუბრებით? განა მათ თავს არ ახვევთ თქვენს რელიგიას?

პასუხი: როგორ ფიქრობთ, თუ ვინმე ქუჩაში თავაზიანად გესაუბრებათ და თქვენი აზრი აინტერესებს რაიმე საკითხზე, ეს არასწორია? (იერემია 5:1; სოფონია 2:2, 3). (ვოიცეხმა და მაგდალენამ უჩვენეს ინსცენირება, თუ როგორ უსვამენ კითხვას გამვლელებს: „ზრუნავს ღმერთი მათზე, ვინც პოლონეთში ახალახან მომხდარი წყალდიდობის მსხვერპლი გახდა?“). როდესაც ვისმენთ პიროვნების შეხედულებას, ჩვენ ბიბლიიდან ვესაუბრებით. თუ ვინმეს არ სურს ჩვენი მოსმენა, ვემშვიდობებით და გზას განვაგრძობთ (მათე 10:11—14). არის ეს ძალდატანებითი საუბარი? თუ ხალხმა საერთოდ უნდა შეწყვიტოს ერთმანეთთან ლაპარაკი?

კითხვა: რატომ არ აღნიშნავთ დღესასწაულებს?

პასუხი: ჩვენ მხოლოდ იმ მოვლენას აღვნიშნავთ, რაც ბიბლიაშია მითითებული — იესო ქრისტეს გახსენების საღამო (1 კორინთელები 11:23—26). დღესასწაულების წარმოშობის დასაბამი შეგიძლიათ ნახოთ ენციკლოპედიაში ან სხვა სანდო წყაროებში. თუ მოძებნით, ადვილად დაინახავთ, რატომ არ აღვნიშნავთ ამა თუ იმ დღესასწაულს (2 კორინთელები 6:14—18).

კიდევ ბევრ კითხვას გაეცა პასუხი. საუბარი ისე დიდხანს გაგრძელდა, რომ ვიდეოფილმის ჩვენება გადადეს.

როგორი იყო კლასელების რეაქცია? ვნახოთ, რას გვიყვება მაგდალენა: „გაოცებული ვიყავი, რადგანაც ზოგიერთი კლასელი, რომელიც ცუდად ხუმრობს ხოლმე და დასცინის სხვებს, სერიოზულ კითხვებს გვისმევდა. თუმცა ისინი ამბობდნენ, რომ ათეისტები იყვნენ, მსჯელობის განმავლობაში ღვთისადმი რწმენა გამოხატეს!“ დამსწრეებმა მადლიერებით მიიღეს საჩუქრები — სულ 35 წიგნი, 63 ბროშურა და 34 ჟურნალი იყო გავრცელებული.

მართლაცდა, შესანიშნავი შედეგები მოიტანა სკოლაში მოწყობილმა ღონისძიებამ! მაგდალენა თანაკლასელებს არა მხოლოდ იმაში დაეხმარა, რომ უკეთესად გაეცნოთ იეჰოვას მოწმეები, არამედ აღძრა ბევრი — ცხოვრების აზრზე დაფიქრებულიყვნენ. შეგიძლია შენც დაეხმარო თანაკლასელებს, რომ უფრო მეტი იცოდნენ შენი რწმენის შესახებ?

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ მრავალ ენაზე.

[სურათი 31 გვერდზე]

მაგდალენა და ვოიცეხი მომზადებისას.