მემკვიდრეობა, რომელიც იმედს არ გაგიცრუებთ
მემკვიდრეობა, რომელიც იმედს არ გაგიცრუებთ
„თუ უცნობი პირი შეგატყობინებთ, რომ თქვენ მემკვიდრეობა მიიღეთ, ფრთხილად იყავით, შეიძლება დახელოვნებული თაღლითის მახეში გაებათ“.
ასეთი გაფრთხილება მოათავსა შეერთებული შტატების საფოსტო ინსპექციამ თავის ვებ-საიტზე. რატომ? მიზეზი ის არის, რომ ათასობით ადამიანმა მიიღო შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია: „თქვენი ნათესავი დაიღუპა და მემკვიდრეობა დაგიტოვათ“. შედეგად, ანონიმური წერილის ავტორს ბევრმა გაუგზავნა 30 დოლარი ავანსის სახით, რის სანაცვლოდაც, მათ ვითომცდა აუხსნიდნენ, თუ სად იყო მემკვიდრეობა და როგორ უნდა მიეღოთ ის. სამწუხაროდ, ისინი მწარედ მოტყუვდნენ. ყველამ ერთი და იგივე შეტყობინება მიიღო და ცხადია, არავის არანაირი მემკვიდრეობა არ ელოდა.
ასეთი ხრიკის მსხვერპლი ისეთი ადამიანები ხდებიან, ვისაც მემკვიდრეობის მიღების ძლიერი სურვილი აქვთ. ბიბლიის თვალსაზრისი მათ შესახებ, ვინც სხვებს მემკვიდრეობას უტოვებს, დადებითია. მასში ნათქვამია: „კეთილი კაცი შვილთაშვილებს მემკვიდრეობას უტოვებს, ცოდვილის ქონება კი მართლისათვის ინახება“ (იგავები 13:22). გარდა ამისა, მთაზე ქადაგებისას თვით იესომ წარმოთქვა კარგად ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი სიტყვები: „ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას“ (მათე 5:5, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, 1993 [კს]).
იესო შეგვახსენებს ძველი ისრაელის მეფის, დავითის სიტყვებს, რომელმაც ღვთის შთაგონებით სააუკუნეებით ადრე დაწერა: „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნები 36:11).
„დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას“ — მართლაცდა შესანიშნავი იმედია! მაგრამ, რა გარანტია გვაქვს, რომ ეს ხალხის მოსატყუებლად გათვლილი კიდევ ერთი ხრიკი არ არის? ამის გარანტია არსებობს. დედამიწა იეჰოვა ღმერთის დიდებული შემოქმედების ნაწილია, ამიტომ მისი პატრონია და კანონიერი უფლებაც აქვს, მისცეს ის მათ, ვისაც ღირსად ჩათვლის. მეფე დავითის მეშვეობით იეჰოვამ თავის საყვარელ ძეს, იესო ქრისტეს, წინასწარმეტყველური დაპირება მისცა: „მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს — სამკვიდრებლად“ (ფსალმუნები 2:8). ამიტომ, მოციქულმა პავლემ იესოს „ყოვლის მემკვიდრე“ უწოდა (ებრაელები 1:2). ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია იესო ქრისტეს სიტყვებს სრულად ვენდოთ, რომ თავმდაბლები „დაიმკვიდრებენ დედამიწას“. მან ეს კეთილი ზრახვებით თქვა და საამისო ძალა და უფლებამოსილებაც აქვს, რომ შეასრულოს თავისი დანაპირები (მათე 28:18).
და მაინც ღია რჩება გადამწყვეტი საკითხი: როგორ შესრულდება ეს დანაპირები? დღეს, სადაც უნდა გავიხედოთ, ყველგან აგრესიული და ქედმაღალი ადამიანები წარმატებულნი არიან და რაც სურთ, იმას აკეთებენ. თუ ასეა, რისი იმედი უნდა ჰქონდეთ თავმდაბლებს? გარდა ამისა, დედამიწა სერიოზულად ბინძურდება და მის ბუნებრივ რესურსებს ხარბი და წინდაუხედავი ადამიანები ფლანგავენ. მაშ, რაღას დაიმკვიდრებენ თავმდაბლები? წაიკითხეთ მომდევნო სტატია და შეიტყობთ პასუხს ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე.
[სურათი 3 გვერდზე]
გელით ნამდვილი მემკვიდრეობა?