ერთგულნი და შეურყეველნი წარსულშიც და ახლაც
ერთგულნი და შეურყეველნი წარსულშიც და ახლაც
პოლონეთის სამხრეთ ნაწილში, სლოვაკეთისა და ჩეხეთის საზღვართან ახლოს, მდებარეობს პატარა ქალაქი ვისლა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ, შესაძლოა, არც კი გსმენიათ ვისლას შესახებ, იქ განვითარებული მოვლენები ჭეშმარიტ ქრისტიანებს უცილობლად დააინტერესებს. ეს არის ისტორია იეჰოვას თაყვანისმცემელთა უმწიკვლობისა და თავგამოდების შესახებ. როგორ?
ვისლა მდებარეობს თვალწარმტაც მთიან რეგიონში, სადაც ბუნებას მთელი თავისი მშვენიერება გამოუფენია. ჩქარი ნაკადულები და ორი შენაკადი ერთვის მდინარე ვისლას, რომელიც ტყით დაბურულ მთებსა და მინდვრებს შორის მიიკლაკნება. კეთილგანწყობილი ადგილობრივი მოსახლეობისა და უნიკალური კლიმატის გამო ვისლა სახელგანთქმული სამკურნალო ცენტრია, ზაფხულში შვებულების გასატარებელი ადგილი და ზამთარში დასასვენებელი.
როგორც ჩანს, პირველი დასახლება ამ სახელით ცნობილი გახდა XVI საუკუნის 90-იან წლებში. აქ ააგეს სამხერხაო ქარხანა და მალე მთის მოშიშვლებულ ფერდობზე ახალმოსახლეებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ცხვარსა და მსხვილფეხა რქოსან საქონელს მწყემსავდნენ და მიწას ამუშავებდნენ. მაგრამ ამ თავმდაბალი ხალხის თავზე რელიგიური ცვლილებების ქარბორბალამ გადაიარა. მკვლევარ ანჯეი ოტჩეკის სიტყვების თანახმად, რეგიონს იმდენად ღრმად შეეხო მარტინ ლუთერის მიერ წამოწყებული რელიგიური რეფორმები, რომ 1545 წელს ლუთერანიზმი „სახელმწიფო რელიგია გახდა“. მაგრამ, ოცდაათწლიან ომსა და კონტრრეფორმაციას დიდი ცვლილებები მოჰყვა. ოტჩეკი განაგრძობს: „1654 წელს ეკლესიის ყველა შენობა პროტესტანტების ხელში გადავიდა, მათი თაყვანისმცემლობა ოფიციალურად აიკრძალა და ბიბლიებისა და სხვა რელიგიური წიგნების კონფისკაცია მოხდა“. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა ლუთერანი დარჩა.
ბიბლიური ჭეშმარიტების პირველი მარცვლები
საბედნიეროდ, უფრო მნიშვნელოვანი რელიგიური ცვლილება ჯერ კიდევ წინ იყო. იქ 1928 წელს ბიბლიური ჭეშმარიტების პირველი მარცვლები ჩათესა ორმა ენთუზიაზმით აღსავსე ბიბლიის მკვლევარმა, რომელთაც შემდგომში იეჰოვას მოწმეები ეწოდათ. მომდევნო წელს იან გომოლა ჩამოვიდა ვისლაში თავისი ფონოგრაფით, რომლის საშუალებითაც ბიბლიური მოხსენებების ჩანაწერებს ასმენინებდა ხალხს. შემდეგ, როცა მან ახლომდებარე მინდორზე გადაინაცვლა, იპოვა ყურადღებიანი მსმენელი — ანჯეი რაშკა, დაბალი, ჯმუხი მთიელი დამყოლი გულით. რაშკამ დაუყოვნებლივ აიღო ხელში მისი ბიბლია და ფონოგრაფით მოსმენილს შეადარა. ბოლოს მან წამოიძახა: „ძმაო, როგორც იქნა ჭეშმარიტება ვიპოვე! ეს საკითხები პირველი მსოფლიო ომის დროს ფრონტზე ყოფნისას ყოველთვის მაინტერესებდა!“
ენთუზიაზმით აღსავსე რაშკამ გომოლა თავის ორ მეგობართან — იერჟა და ანდრეი პილხებთან წაიყვანა, რომლებიც გატაცებით უსმენდნენ სამეფოს შესახებ ცნობას. ანჯეი ტირნა, რომელიც საფრანგეთში სწავლობდა ბიბლიურ ჭეშმარიტებას, დაეხმარა ამ მამაკაცებს, რომ ღვთის ცნობის შესახებ თავიანთი შემეცნება გაეღრმავებინათ. ისინი მალე მოინათლნენ. 1930–იანი წლების შუა პერიოდში მეზობელი ქალაქიდან ვისლაში მოდიოდნენ ძმები, რათა იქ არსებულ ბიბლიის შემსწავლელთა პატარა ჯგუფს დახმარებოდნენ. ამან საოცარი შედეგები გამოიღო.
საოცრად ბევრი ინტერესდებოდა. ადგილობრივი ლუთერანული ოჯახები ჩვეულებისამებრ ბიბლიას კითხულობდნენ სახლში. ასე რომ, როცა მათ ნახეს დამაჯერებელი ბიბლიური არგუმენტები ჯოჯოხეთის ცეცხლისა და სამების დოგმატის შესახებ, მრავალმა შეძლო ჭეშმარიტების სიყალბისგან განსხვავება. ბევრმა ოჯახმა დააღწია თავი ცრუ რელიგიურ სწავლებებს. ამგვარად, ვისლაში კრება გაიზარდა და 1939 წლისთვის დამსწრეთა რიცხვმა დაახლოებით 140–ს მიაღწია. გასაოცარია, მაგრამ მოზრდილთა უმეტესობა კრებაში მონათლული არ იყო. „ეს არ ნიშნავდა, რომ ეს მოუნათლავი მაუწყებლები ვერ შეძლებდნენ იეჰოვას მხარეს მტკიცედ დადგომას, — ამბობს ჰელენა, ერთ–ერთი პირველი მოწმეთაგანი. — რწმენის გამოცდისას, რაც მალე დაატყდათ თავს, მათ დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება“.
რას ვიტყვით ბავშვებზე? ისინი ხედავდნენ, რომ მშობლებმა ჭეშმარიტება იპოვეს. ფრანჩიშეკ ბრანცი გვიამბობს: «როცა მამაჩემი მიხვდა, რომ ჭეშმარიტება იპოვა, ჩემში და ჩემს უფროს ძმაშიც დაიწყო მისი ჩანერგვა. მე მაშინ რვა წლისა ვიყავი, ჩემი ძმა კი — ათის. მამამ მარტივ კითხვებს გვისვამდა, მაგალითად, „ვინ არის ღმერთი და რა ჰქვია მას? რა იცით იესო ქრისტეს შესახებ?“ ჩვენ უნდა დაგვეწერა პასუხები და ბიბლიური მუხლით დაგვემტკიცებინა». სხვა მოწმე ამბობს: „ჩემი მშობლები სიხარულით გამოეხმაურნენ სამეფოს შესახებ ცნობას და 1940 წელს ლუთერანული ეკლესია დატოვეს,
რის გამოც სკოლაში წინააღმდეგობისა და ცემის ატანა მიწევდა. მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, რომ ჩემში ბიბლიური პრინციპები ჩანერგეს. ეს იმ ძნელბედობის ჟამს გადარჩენაში დამეხმარა“.რწმენის გამოცდა
როდესაც II მსოფლიო ომი დაიწყო და ნაცისტებმა ეს ტერიტორია დაიპყრეს, გადაწყვიტეს, რომ იეჰოვას მოწმეები გაენადგურებინათ. უპირველესად უფროსებს — უმთავრესად მამებს — შესთავაზეს, გერმანელებად ჩაწერილიყვნენ, რაც გარკვეულ სარგებლობას მოუტანდა მათ. მოწმეებმა უარი თქვეს ნაცისტებთან თანამშრომლობაზე. მრავალი ძმა და დაინტერესებული, ვინც ჯარში გასაწვევი იყო, დილემის წინაშე დადგა: მათ შეეძლოთ ჯარში წასულიყვნენ ან ნეიტრალიტეტი დაეცვათ, მაგრამ მკაცრად დასჯილიყვნენ. „სამხედრო სამსახურზე უარის თქმა ნიშნავდა საკონცენტრაციო (ჩვეულებრივ, ოსვენციმის) ბანაკში მოხვედრას, — გვიხსნის ანჯეი შალბოტი, რომელიც გესტაპომ 1943 წელს დააპატიმრა. — მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი მონათლული, მაგრამ ვიცოდი იესოს მიერ წარმოთქმული სარწმუნო სიტყვები, რომლებიც მათეს 10:28, 29–შია ჩაწერილი. მესმოდა, რომ, თუ იეჰოვასადმი ჩემი რწმენის გამო მოვკვდებოდი, მას შეეძლო ჩემთვის სიცოცხლე დაებრუნებინა“.
1942 წლის დასაწყისში ვისლაში ნაცისტებმა 17 ძმა დააპატიმრეს. 15 მათგანი სამ თვეში დაიღუპა ოსვენციმში. როგორ იმოქმედა ამან ვისლაში დარჩენილ მოწმეებზე? რწმენის შერყევის ნაცვლად, ამან გაამხნევა ისინი, რომ უკომპრომისოდ დარჩენილიყვნენ იეჰოვასთან! შემდგომი ექვსი თვის განმავლობაში ვისლაში მაუწყებელთა რიცხვი გაორმაგდა. მალე ამას უფრო მეტი დაპატიმრებები მოჰყვა. სულ 83 ძმაზე, დაინტერესებულსა და ბავშვზე მოახდინა გავლენა ჰიტლერის გამანადგურებელმა ძალამ. მათგან 53 საკონცენტრაციო ბანაკში იყო გაგზავნილი (უმთავრესად ოსვენციმში) ან იძულებით მუშაობდა მაღაროებსა და ქვის სამტეხლოებში პოლონეთში, გერმანიასა და ბოჰემიაში.
ერთგულნი და შეურყეველნი
ოსვენციმში ნაცისტები დაუყოვნებლივ გათავისუფლების დაპირებით ცდილობდნენ მოწმეების გადაბირებას. ესესელმა ოფიცერმა უთხრა ერთ ძმას: „თუ აღარ იქნები ბიბლიის მკვლევარი და ხელს მოაწერ ამ ფურცელს, გაგათავისუფლებთ და სახლში წახვალ“. ოფიცერმა ეს ბევრჯერ გაუმეორა ძმას, მაგრამ იეჰოვასადმი ერთგულება მაინც ვერ შეურყია. შედეგად, მას სცემდნენ, დასცინოდნენ და მონასავით ამუშავებდნენ ოსვენციმსა და მიტელბაუ–დორაში (გერმანია). გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე, ეს ძმა ძლივს გადაურჩა სიკვდილს, როცა იმ ბანაკის დაბომბვა დაიწყეს, სადაც ის ცხოვრობდა.
ერთ–ერთმა მოწმემ, პაველ შალბოტმა, რომელიც ახლახან დაიღუპა, ერთხელ გაიხსენა: «დაკითხვების დროს გესტაპო ისევ და ისევ მისვამდა კითხვას: რატომ ვთქვი გერმანიის ჯარში მსახურებასა და „ჰაილ ჰიტლერ“–ის თქმაზე უარი?» მას შემდეგ, რაც ბიბლიის საფუძველზე დავანახვე, თუ რატომ ვიცავდი ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს, იარაღის დამამზადებელ ქარხანაში გამამწესეს. „ცხადია, არ შემეძლო ამ სახის სამუშაოზე დავთანხმებულიყავი, რის გამოც მათ მაღაროში სამუშაოდ გამგზავნეს“. ამ ყველაფრის მიუხედავად, ის ერთგული დარჩა.
ისინი, ვინც დაჭერილი არ იყო — ქალები და ბავშვები — ოსვენციმში პატიმრებს საკვებს უგზავნიდნენ. „ზაფხულში კენკრას ვაგროვებდით ტყეში და შემდეგ ხორბალზე ვცვლიდით, — ამბობს ერთი ძმა, რომელიც მაშინ ბავშვი იყო. — დები პურის კვერებს აცხობდნენ და ღორის ქონში ავლებდნენ. შემდეგ ამ კვერებს მცირე რაოდენობით ვუგზავნიდით ტყვეობაში მყოფ თანამორწმუნეებს“.
ვისლადან საკონცენტრაციო ბანაკებში სულ ორმოცდაცამეტი მოწმე იყო გაგზავნილი და იძულებით ამუშავებდნენ. მათგან 38 იეჰოვას ერთგული მოკვდა.
ასპარეზზე ბავშვები არიან
ნაცისტების რეპრესიები იეჰოვას მოწმეთა შვილებსაც შეეხო. ზოგი მათგანი დედებთან ერთად გაგზავნეს ბოჰემიაში არსებულ დროებით ბანაკებში. ზოგი მშობლებს დააშორეს და ლოძის ცუდი რეპუტაციის მქონე ბავშვთა ბანაკში გაგზავნეს.
„ლოძში თავიდან გერმანელებმა 5—9 წლამდე ასაკის ათი ბავშვი მიგვიყვანეს, — იხსენებს სამი მათგანი. ერთმანეთს ლოცვითა და ბიბლიურ თემებზე მსჯელობით ვამხნევებდით. იქ ყოფნა ადვილი არ იყო“. 1945 წელს ამ ბავშვებიდან ყველა დაბრუნდა სახლში. ისინი ცოცხლები, მაგრამ დასუსტებულები და ტრავმირებულები იყვნენ. მიუხედავად ამისა, ვერაფერმა შეარყია მათი ერთგულება.
რა მოხდა შემდეგ?
მეორე მსოფლიო ომის დასასრულისთვის რწმენაში განმტკიცებული ვისლელი მოწმეები მზად იყვნენ, ენთუზიაზმითა და გადაწყვეტილებით აღსავსენი შესდგომოდნენ სამქადაგებლო საქმიანობას. ძმების რამდენიმე ჯგუფი ეწვია ვისლადან 40 კილომეტრით დაშორებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს, რათა მათთვის ექადაგათ და ბიბლიური ლიტერატურა გაევრცელებინათ. „მალე ჩვენს ქალაქში სამი კრება ჩამოყალიბდა“, — ამბობს იან კჟოკი. თუმცა რელიგიური თავისუფლება დიდხანს არ გაგრძელებულა.
კომუნისტურმა მთავრობამ, რომელმაც ნაცისტები შეცვალა, 1950 წელს ოფიციალურად აკრძალა იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა პოლონეთში. ასე რომ, ადგილობრივ ძმებს მოხერხებულობის გამოვლენა უწევდათ მსახურებაში. ხანდახან ისინი ხალხს სახლებში აკითხავდნენ ვითომ საქონლისა და მარცვლეულის გასაყიდად. ქრისტიანული შეხვედრები, ჩვეულებრივ, ღამით ტარდებოდა პატარა ჯგუფებად. მიუხედავად ამისა, უშიშროების თანამშრომლები აპატიმრებდნენ იეჰოვას მრავალ თაყვანისმცემელს, ადანაშაულებდნენ მათ, რომ ისინი უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში იყვნენ, რაც სავსებით უსაფუძვლო ბრალდება იყო. ზოგი ოფიცერი სარკასტულად ემუქრებოდა პაველ პილხს: „ჰიტლერმა ვერ შეძლო თქვენი მოდრეკა, მაგრამ ჩვენ შევძლებთ“. მაგრამ ძმა პილხი იეჰოვასადმი ერთგული დარჩა მიუხედავად იმისა, რომ ხუთი წელი ციხეში გაატარა. როდესაც რამდენიმე ახალგაზრდა მოწმემ უარი თქვა სოციალისტური სახელმწიფოს საბუთზე, ზოგი მათგანი სკოლიდან გარიცხეს, ზოგი კი სამსახურიდან დაითხოვეს.
იეჰოვა კვლავ მათთან იყო
1989 წელს პოლიტიკური ვითარება შეიცვალა და იეჰოვას მოწმეები კანონიერ რელიგიად აღიარეს პოლონეთში. ვისლაში იეჰოვას უდრეკი თაყვანისმცემლები უფრო მეტად გააქტიურდნენ, რაც პიონერთა, სრული დროით მსახურთა, რაოდენობაზე აისახა. ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 100–მა და–ძმამ დაიწყო პიონერული მსახურება. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ქალაქს მეტსახელად „პიონერების ფაბრიკა“ დაარქვეს.
ბიბლიაში ნათქვამია, როგორ უჭერდა ღმერთი მხარს თავის მსახურებს წარსულში: „უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, როცა აღდგნენ ჩვენ წინააღმდეგ კაცნი, მაშინ ცოცხლად ჩაგვყლაპავდნენ, რაჟამს განრისხდნენ ჩვენზე“ (ფსალმუნები 123:2, 3). მიუხედავად ჩვენს დროში ფართოდ გავრცელებული აპათიისა და მოსახლეობას შორის ამორალური ტენდენციისა, იეჰოვას ვისლელი თაყვანისმცემლები ცდილობენ, თავიანთი უმწიკვლობა შეინარჩუნონ და უხვადაც არიან დაჯილდოებულნი. აქ მცხოვრები მოწმეების რამდენიმე თაობას შეუძლია დაადასტუროს პავლე მოციქულის სიტყვების ჭეშმარიტება: „თუ ღმერთი ჩვენ მხარესაა, ვინ გამოვა ჩვენ წინააღმდეგ?“ (რომაელები 8:31).
[სურათი 26 გვერდზე]
ემილია კჟოკი თავის შვილებთან ჰელენასთან, ემილიასა და იანთან ერთად ბოჰემიის დროებით ბანაკში იყო გაგზავნილი.
[სურათი 26 გვერდზე]
პაველ შალბოტი იარაღის ქარხანაში მუშაობაზე უარის თქმის გამო მაღაროში სამუშაოდ გაგზავნეს.
[სურათი 27 გვერდზე]
ოსვენციმში ძმების გაგზავნამ და იქ მათმა დაღუპვამ ვისლაში საქმიანობის ზრდა ვერ შეაფერხა.
[სურათი 28 გვერდზე]
პაველ პილხი და იან პოლაკი ბავშვები იყვნენ, როცა ლოძის ბანაკში გადაიყვანეს.
[სურათის საავტორო უფლება 25 გვერდზე]
Berries and flowers: © R.M. Kosinscy/www.kosinscy.pl