გეამაყებოდეთ, რომ ქრისტიანები ხართ!
გეამაყებოდეთ, რომ ქრისტიანები ხართ!
„ვინც ამაყობს, იეჰოვათი იამაყოს“ (1 კორინთელები 1:31).
1. რა დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს რელიგიის მიმართ?
„აპათეიზმი“. რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით ერთმა კომენტატორმა ახლახან გამოიყენა ეს სიტყვა იმის აღსაწერად, თუ რა დამოკიდებულება აქვს მრავალს საკუთარი რწმენის მიმართ. მან თქვა: «საყოველთაოდ გავრცელებული ტენდენცია, რომელიც თანამედროვე რელიგიებში შეინიშნება, სულაც არ არის რელიგიური ხასიათის; ეს უფრო ეხება რელიგიისადმი ადამიანების დამოკიდებულებას, რომელიც აღიწერება სიტყვით „აპათეიზმი“». ამ სიტყვის მნიშვნელობა მან შემდეგნაირად განმარტა: „[აპათეიზმი არის] საკუთარი რელიგიისადმი გულგრილი დამოკიდებულება“. მისი სიტყვების თანახმად, მრავალ ადამიანს „სწამს ღმერთი . . . მაგრამ გულგრილნი არიან მის მიმართ“.
2. ა) რატომ არ არის გასაკვირი, რომ ხალხი სულიერი საკითხებისადმი გულგრილობას ავლენს? ბ) რა საშიშროებას უქმნის გულგრილობა ჭეშმარიტ ქრისტიანებს?
2 ბიბლიის შემსწავლელებს არ უკვირთ, როდესაც მსგავს გულგრილობას ხედავენ (ლუკა 18:8). რელიგიის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მოსალოდნელიცაა. ცრუ რელიგიას უკვე დიდი ხანია, რაც შეცდომაში შეჰყავს ადამიანები და იმედს უცრუებს მათ (გამოცხადება 17:15, 16). მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის საშიშროებას წარმოადგენს ყველგან გამეფებული გულგრილობა და გულმოდგინების ნაკლებობა. არ უნდა დავუშვათ, რომ რწმენისადმი დაუდევარი დამოკიდებულება განგვივითარდეს და ღვთის მსახურებისა თუ ბიბლიური ჭეშმარიტებისადმი გულმოდგინება დავკარგოთ. იესომ პირველ საუკუნეში მცხოვრები ლაოდიკეელი ქრისტიანები გააფრთხილა იმასთან დაკავშირებით, რომ არ ყოფილიყვნენ ნელთბილნი: „არც ცივი ხარ და არც ცხელი. ნეტავ ან ცივი იყო, ან ცხელი! . . . ნელთბილი ხარ“ (გამოცხადება 3:15—18).
ვიცოდეთ, ვინ ვართ
3. რატომ უნდა გვეამაყებოდეს, რომ ქრისტიანები ვართ?
3 სულიერი საკითხებისადმი გულგრილი დამოკიდებულება რომ დასძლიონ, ღვთის მსახურებს უნდა ესმოდეთ, ვინ არიან და უნდა ეამაყებოდეთ, რომ ქრისტიანები არიან. როგორც იეჰოვას მსახურები და ქრისტეს მიმდევრები, ბიბლიაში ვკითხულობთ იმის შესახებ, თუ ვის წარმოვადგენთ. ჩვენ ვართ იეჰოვას „მოწმენი“, „ღვთის თანამშრომელნი“, რადგან სხვებს „სასიხარულო ცნობას“ ვუზიარებთ (ესაია 43:10; 1 კორინთელები 3:9; მათე 24:14). ჩვენ ვართ ხალხი, რომლებსაც ‘გვიყვარს ერთმანეთი’ (იოანე 13:34). ჭეშმარიტი ქრისტიანები ის ადამიანები ვართ, რომლებიც ‘ვიყენებთ აღქმის უნარს და გაწაფული გვაქვს ის კარგისა და ცუდის გასარჩევად’ (ებრაელები 5:14). ჩვენ ვართ „მნათობები ქვეყნიერებაში“ (ფილიპელები 2:15). ჩვენ ვცდილობთ, რომ ‘კვლავაც კარგად მოვიქცეთ ქვეყნიერებაში’ (1 პეტრე 2:12; 2 პეტრე 3:11, 14).
4. როგორ შეუძლიათ იეჰოვას თაყვანისმცემლებს განსაზღვრონ, თუ ვინ არ არიან ისინი?
4 იეჰოვას ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლებმა ასევე იციან, თუ ვინ არ არიან ისინი. „ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი“, ისევე როგორც მათი ხელმძღვანელი, იესო ქრისტე, არ იყო ქვეყნიერების ნაწილი (იოანე 17:16). ისინი გამოყოფილნი არიან ‘გონებადაბნელებული და ღვთისგან მომდინარე სიცოცხლისგან გაუცხოებული’ ხალხებისგან (ეფესოელები 4:17, 18). ამიტომ როგორც იესოს მიმდევრები, ისინი ‘უარყოფენ უღმერთოებასა და ქვეყნიურ სურვილებს და ახლანდელ სისტემაში აზრიანად, სიმართლითა და ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრობენ’ (ტიტე 2:12).
5. რა იგულისხმება სიტყვებში ‘იეჰოვათი ვიამაყოთ’?
5 იმის ნათლად დანახვა, თუ ვინ ვართ და რა ურთიერთობა გვაქვს სამყაროს უზენაეს მმართველთან, აღგვძრავს, რომ ‘იეჰოვათი ვიამაყოთ’ (1 კორინთელები 1:31). რა სიამაყეზეა აქ საუბარი? ჩვენ, ჭეშმარიტი ქრისტიანები, ვამაყობთ, რომ იეჰოვაა ჩვენი ღმერთი. ჩვენ ვითვალისწინებთ რჩევას: „თუ დაიკვეხნის [ვინმე], დაიკვეხნოს, რომ გონიერია და მიცნობს, რომ უფალი ვარ, წყალობის, სამართლისა და სიმართლის მოქმედი ამ ქვეყანაზე“ (იერემია 9:23, სსგ). ჩვენ ‘ვიკვეხნით’ ანუ ვამაყობთ იმით, რომ ვიცნობთ ღმერთს და ის სხვების დასახმარებლად გვიყენებს.
ეს ადვილი არ არის
6. რატომ არის ზოგისთვის რთული ქრისტიანული მეობის შენარჩუნება?
6 ცხადია, ადვილი არ არის ყოველთვის კარგად გვახსოვდეს, თუ ვინ ვართ. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა, იხსენებს, რომ მის ცხოვრებაში იყო დრო, როდესაც სულიერად მოსუსტდა: „დროდადრო ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, რომ არ მესმოდა, რატომ ვიყავი იეჰოვას მოწმე. ჭეშმარიტებას ბავშვობიდან მასწავლიდნენ. ზოგჯერ მეგონა, რომ ეს მხოლოდ ერთ–ერთი ძირითადი რელიგიური მიმდინარეობა იყო“. სხვებმა შეიძლება გართობის სამყაროს, მასმედიასა და ცხოვრებაზე თანამედროვე უღვთო შეხედულებებს მისცეს საშუალება, გავლენა მოახდინოს მათ ქრისტიანულ მეობაზე (ეფესოელები 2:2, 3). ზოგმა ქრისტიანმა ზოგჯერ შეიძლება ეჭვი შეიტანოს საკუთარ ძალებში და ფასეულობები თუ მიზნები ხელახლა გადააფასოს.
7. ა) როგორი თვითშემოწმებაა მართებული ღვთის მსახურებისთვის? ბ) სად იმალება საფრთხე?
7 არის თუ არა რაიმე ცუდი იმაში, რომ დროდადრო საკუთარი თავი საფუძვლიანად გამოვიკვლიოთ? არა. თქვენ შეიძლება გახსოვთ, რომ პავლე მოციქული მოუწოდებდა ქრისტიანებს, გამოეკვლიათ საკუთარი თავი: „ყოველთვის შეამოწმეთ საკუთარი თავი, რწმენაში ხართ თუ არა, გამოსცადეთ საკუთარი თავი“ (2 კორინთელები 13:5). პავლე მოციქული თანაქრისტიანებს მოუწოდებდა, გამოეკვლიათ, რაიმე სულიერი სისუსტე ხომ არ განუვითარდათ; ეს კი იმ მიზნით უნდა გაეკეთებინათ, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭირო ნაბიჯები გადაედგათ. ქრისტიანი, რომელიც იკვლევს საკუთარ თავს და ადგენს, არის თუ არა რწმენაში, უნდა აკვირდებოდეს, შეესაბამება თუ არა მისი სიტყვები და საქმეები მის რწმენას. მაგრამ სულიერად მომაკვდინებელი გავლენა შეიძლება იქონიოს იმან, თუ არასწორად ვიკვლევთ საკუთარ თავს და ვცდილობთ, საკუთარი „მეს“ ისეთი წყაროებიდან დანახვას, რომლებსაც არავითარი კავშირი არა აქვთ იეჰოვასა და ქრისტიანულ კრებასთან *. დაე არასოდეს დავუშვათ, რომ ‘რწმენა ხომალდივით დაგვემსხვრეს’ (1 ტიმოთე 1:19).
ქრისტიანები არ არიან დაზღვეულნი ეჭვებისგან
8, 9. ა) როგორ გამოავლინა მოსემ, რომ საკუთარ ძალებში ეჭვი ეპარებოდა? ბ) როგორ გამოეხმაურა იეჰოვა მოსეს სიტყვებს? გ) რა გრძნობა გეუფლებათ, როდესაც იეჰოვას მხარდაჭერის გამომხატველ სიტყვებს კითხულობთ?
8 უნდა იფიქრონ ქრისტიანებმა, რომლებსაც დროდადრო საკუთარ ძალებში ეჭვი ეპარებათ, რომ არაფერში გამოდგებიან? რა თქმა უნდა, არა! მათთვის შეიძლება მანუგეშებელი იყოს იმის ცოდნა, რომ მსგავსი გრძნობები სხვებსაც ჰქონიათ. ძველ დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მოწმეებისთვისაც არ ყოფილა უცხო ეს გრძნობა. მაგალითად, მოსე გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი რწმენით, ერთგულებითა და თავდადებით. მაგრამ როდესაც მას, ერთი შეხედვით, რთული დავალება მიეცა, საკუთარ თავში დაეჭვებულმა თქვა: „მე ვინა ვარ?“ (გამოსვლა 3:11). ალბათ, ამ კითხვაზე მისი პასუხი ასეთი იყო: ‘მე არაფერს წარმოვადგენ!’ ან ‘მე ვერ შევძლებ ამას!’ შეიძლება მოსეს ცხოვრებიდან გარკვეულმა მომენტებმა განაპირობა, რომ ის თავს შეუფერებლად მიიჩნევდა — ის დამონებული ერის შვილი იყო; თავად ისრაელებმაც უარყვეს იგი; მოსე აგრეთვე ენაბლუ იყო (გამოსვლა 1:13, 14; 2:11—14; 4:10). ის მწყემსი იყო; ამ საქმიანობას კი ეგვიპტელები სისაძაგლედ მიიჩნევდნენ (დაბადება 46:34). გასაკვირი არ არის, რომ ის საკუთარ თავს უღირსად თვლიდა, ყოფილიყო ღვთის ხალხის განმათავისუფლებელი!
9 იეჰოვა ორ რამეს დაჰპირდა მოსეს, რითაც მას გულდაჯერებულობა შეჰმატა: „მე ვიქნები შენთან და ეს გექნება ნიშნად, მე რომ მიგავლინე: როცა გამოიყვან ამ ხალხს ეგვიპტიდან, ემსახურეთ ღმერთს ამ მთაზე“ (გამოსვლა 3:12). იეჰოვამ საკუთარ ძალებში დაეჭვებულ თავის მსახურს უთხრა, რომ არ მიატოვებდა მას. გარდა ამისა, იეჰოვამ მასთან აღნიშნა, რომ უსათუოდ გაათავისუფლებდა თავის ერს. საუკუნეების განმავლობაში ღმერთმა არაერთი მსგავსი განმამტკიცებელი დაპირება მისცა თავის ხალხს. მაგალითად, აღთქმულ მიწაზე შესვლის წინ ისრაელებს ღმერთმა მოსეს მეშვეობით უთხრა: „გამაგრდით და განმტკიცდით . . . თავად უფალი, შენი ღმერთი, მოდის შენთან ერთად. ის არ დაგაგდებს და არ მიგატოვებს“ (მეორე რჯული 31:6). იეჰოვამ მსგავსად განამტკიცა იესო ნავეს ძეც: „ვერავინ დაგიდგება წინ მთელი შენი სიცოცხლე . . . ვიქნები შენთან. არ მიგატოვებ და თავს არ დაგანებებ“ (იესო ნავეს ძე 1:5). იეჰოვა ქრისტიანებსაც ჰპირდება: „არასოდეს დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ (ებრაელები 13:5). ასეთი მტკიცე მხარდაჭერის მქონეთ, შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ქრისტიანები ვართ!
10, 11. რა დაეხმარა ლევიან ასაფს სწორი თვალსაზრისი შეენარჩუნებინა იმასთან დაკავშირებით, რომ ღირდა იეჰოვასთვის მსახურება?
10 მოსეს დროიდან დაახლოებით ხუთი საუკუნის შემდეგ, ერთგული ლევიანი ასაფი გულწრფელად წერდა იმის შესახებ, რომ ეჭვი შეეპარა, ღირდა თუ არა სამართლიანი გზებით სიარული. განსაცდელებისა და ცდუნებების მიუხედავად, ასაფი დიდ ძალისხმევას ახმარდა ღვთის მსახურებას, მაგრამ ამავე დროს ხედავდა, რომ ღვთის დამცინავი ხალხი უფრო ძლიერდებოდა და მეტ წარმატებას აღწევდა. რა გავლენა მოახდინა ამან ასაფზე? „მე კი — კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა, — აღიარა მან, — კინაღამ მომიცურდა ნაბიჯები! რადგან შემშურდა სულელებისა, როცა ვხედავდი ბოროტთა კეთილდღეობას“. მას ეჭვი შეეპარა იმაში, ღირდა თუ არა იეჰოვასთვის თაყვანისცემა. „ამაოდ გავისუფთავე გული და დავიბანე სიწმიდით ხელები, — ფიქრობდა ის. — და ვიყავი ნაგვემი ყოველდღე“ (ფსალმუნები 72:2, 3, 13, 14).
11 როგორ გაუმკლავდა ასაფი ამ შემაწუხებელ ფიქრებს? უგულებელყო მან ისინი? არა. 72–ე ფსალმუნის თანახმად, მან თავისი გრძნობები ღვთისადმი ლოცვაში გამოხატა. ტაძრის საწმიდარში მისვლამ მასზე დიდი გავლენა იქონია. იქ ყოფნისას, მან დაინახა, რომ არ არსებობდა ღვთის მსახურებაზე უკეთესი გზა. სულიერი ხედვის აღდგენის შემდეგ ის მიხვდა, რომ იეჰოვას სძულს ბოროტება და თავის დროზე ბოროტები დაისჯებიან (ფსალმუნები 72:17—19). ასაფმა კვლავ დაინახა, რა დიდი პატივი იყო იეჰოვასთვის ერთგულად მსახურება და, რას ნიშნავდა, ყოფილიყო ღვთის მსახური. მან ღმერთს უთხრა: „მე მუდამ შენთან ვარ, ხელთ გიპყრია მარჯვენა ჩემი. შენი რჩევით მიმიძღვი წინ, და შემდგომ პატივით მიმიღებ“ (ფსალმუნები 72:23, 24). ასაფი ისევ ამაყობდა ღმერთით (ფსალმუნები 33:3).
მათ კარგად ესმოდათ, თუ ვინ იყვნენ
12, 13. მოიყვანეთ იმ ბიბლიურ პერსონაჟთა მაგალითები, რომლებსაც ეამაყებოდათ იეჰოვასთან ურთიერთობა.
12 ერთ–ერთი საშუალება, რომ გვესმოდეს, ვინ ვართ, არის, გამოვიკვლიოთ და მივბაძოთ იმ ერთგულ თაყვანისმცემელთა რწმენას, რომლებიც საშინელ მდგომარეობაში ყოფნის მიუხედავად, აფასებდნენ ღმერთთან ურთიერთობას. განვიხილოთ იაკობის ძის, იოსების მაგალითი, რომელიც ადრეულ ასაკში მუხანათურად გაყიდეს მონად და ეგვიპტეში წაიყვანეს. ამგვარად ის ღვთისმოშიში მამისგან და თბილი, მზრუნველი ოჯახური კერისგან ასობით კილომეტრით მოშორებული აღმოჩნდა. ეგვიპტეში ყოფნის დროს, იოსებს გვერდით არ ჰყავდა ისეთი ადამიანი, ვინც ღვთისმოსაწონ რჩევებს მისცემდა და მას მარტოს უწევდა ისეთ რთულ სიტუაციებთან გამკლავება, რომლებიც ცდიდა მის ზნეობასა და ღმერთზე მინდობას. მიუხედავად ამისა, ის აშკარად დიდ ძალისხმევას ახმარდა, შეენარჩუნებინა ღვთის მსახურისთვის დამახასიათებელი თვისებები და ერთგულად ეკეთებინა ის, რაც სწორი იყო. იოსები მტრულად განწყობილ გარემოშიც კი ამაყობდა, რომ იეჰოვას მსახური იყო და უყოყმანოდ გამოთქვამდა თავის შეხედულებებს (დაბადება 39:7—10).
13 რვაასი წლის შემდეგ, ტყვეობაში მყოფ ებრაელ გოგონას, რომელიც სირიელ სარდალს, ნაყამანს ემსახურებოდა, არ დავიწყებია, რომ იეჰოვას მსახური იყო. როცა საშუალება მიეცა, მან გაბედულად დაამოწმა იეჰოვას შესახებ იმით, რომ ელია ჭეშმარიტი ღვთის წინასწარმეტყველად მოიხსენია (4 მეფეთა 5:1—19). წლების შემდეგ ახალგაზრდა მეფე იოშიაჰუმ, მიუხედავად იმისა, რომ გახრწნილ გარემოში ცხოვრობდა, რელიგიური ცვლილებები მოახდინა, შეაკეთა ღვთის ტაძარი და ხალხი იეჰოვასკენ შემოაბრუნა. ის ამაყობდა თავისი რწმენით და თაყვანისმცემლობით (2 ნეშტთა, თავები 34, 35). ბაბილონში გადასახლებულ დანიელსა და მის სამ ებრაელ მეგობარს არ დავიწყებიათ, თუ ვინ იყვნენ და წინააღმდეგობებისა და ზეწოლის მიუხედავად, ერთგულები დარჩნენ. ცხადია, მათ ეამაყებოდათ, რომ იეჰოვას ემსახურებოდნენ (დანიელი 1:8—20).
გეამაყებოდეთ, რომ ღვთის მსახურები ხართ
14, 15. რას ნიშნავს, ვიამაყოთ იმით, რომ ქრისტიანები ვართ?
14 ღვთის ეს მსახურები წარმატებულები იყვნენ, რადგან ისინი მართებულად ამაყობდნენ ღმერთთან თავიანთი ურთიერთობით. რა შეიძლება ითქვას დღეს ჩვენზე? რას ნიშნავს ვიამაყოთ იმით, რომ ქრისტიანები ვართ?
15 ძირითადად, ეს ნიშნავს, დიდად მადლიერნი ვიყოთ იმის გამო, რომ იმ ხალხს შორის ვართ, რომლებიც იეჰოვას სახელით იწოდებიან, ღვთის კურთხევებს იღებენ და მისი მოწონებით სარგებლობენ. ღმერთმა დანამდვილებით იცის, თუ ვინ არის მისი მსახური. მოციქული პავლე, რომელიც რელიგიური ქაოსის დროს ცხოვრობდა, წერდა: „იეჰოვა იცნობს თავისას“ (2 ტიმოთე 2:19; რიცხვნი 16:5). იეჰოვა ამაყობს თავისი ხალხით. ის ამბობს: „თქვენი შემხებარე [ჩემი] თვალის გუგის შემხებარეა“ (ზაქარია 2:8). ცხადია, იეჰოვას ვუყვარვართ. ჩვენც იეჰოვასთან ურთიერთობა მისდამი ღრმა სიყვარულზე უნდა დავაფუძნოთ. პავლე მოციქულმა აღნიშნა: „ვისაც ღმერთი უყვარს, მას ღმერთი იცნობს“ (1 კორინთელები 8:3).
16, 17. რატომ უნდა ამაყობდნენ ახალგაზრდები თუ უფროსი ასაკის ადამიანები თავიანთი სულიერი მემკვიდრეობით?
16 ახალგაზრდებმა, რომლებიც იეჰოვას მოწმეებად აღიზარდნენ, უნდა გამოიკვლიონ, ხდება თუ არა უფრო მტკიცე მათი ქრისტიანული პოზიცია ღმერთთან პირადი ურთიერთობის საფუძველზე. ამ ურთიერთობის გაღრმავება შეუძლებელია მხოლოდ მშობლების რწმენაზე იყოს დამოკიდებული. პავლე ღვთის თითოეული მსახურის შესახებ წერდა: „დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა“. შემდეგ მან განაგრძო: „ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“ (რომაელები 14:4, 12). ცხადია, რომ მხოლოდ ოჯახური ტრადიციის გულგრილად მიყოლა ვერ შეგანარჩუნებინებთ ღმერთთან ახლო, ხანგრძლივ ურთიერთობას.
17 მთელი ისტორიის განმავლობაში იეჰოვას ყოველთვის ჰყავდა მოწმეები. მოწმეთა ეს ჯაჭვი იწყება დაახლოებით 60 საუკუნის წინ მცხოვრები ერთგული მამაკაციდან, აბელიდან, და გრძელდება თანამედროვე მოწმეებით, „უამრავი ხალხითა“ და იმ ადამიანებით, რომლებიც იეჰოვას თაყვანისმცემლები გახდებიან და მარადიულად იცხოვრებენ (გამოცხადება 7:9; ებრაელები 11:4). ჩვენ ამ თაყვანისმცემელთა გრძელი ჯაჭვის ბოლოში ვართ. მართლაც, რა მდიდარი სულიერი მემკვიდრეობა გვაქვს!
18. როგორ განგვასხვავებს ქვეყნიერებისგან ჩვენი ფასეულობები და ნორმები?
18 ვიყოთ ქრისტიანები ასევე ნიშნავს, გვქონდეს ისეთი ფასეულობები, თვისებები და ნორმები, რომლებიც ქრისტიანებისთვის არის დამახასიათებელი. ეს არის ცხოვრებაში წარმატების მომტანი ერთადერთი და ღვთისმოსაწონი გზა (საქმეები 9:2; ეფესოელები 4:22—24). ქრისტიანებო, „ყველაფერი შეამოწმეთ“ და „კარგს ჩაეჭიდეთ“! (1 თესალონიკელები 5:21). ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანობასა და ქვეყნიერებას შორის, რომელიც ღმერთისგან გაუცხოებულია, დიდი განსხვავებაა. იეჰოვა საშუალებას აძლევს ადამიანებს, აშკარად დაინახონ ჭეშმარიტ და ცრუ თაყვანისმცემლობას შორის სხვაობა. მალაქია წინასწარმეტყველის მეშვეობით ის ამბობს: „კვლავ დაინახავთ განსხვავებას მართალსა და უკეთურს შორის, ღვთის მორჩილსა და მის ურჩს შორის“ (მალაქია 3:18).
19. რას არ გამოავლენენ არასოდეს ჭეშმარიტი ქრისტიანები?
19 რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ვიამაყოთ იეჰოვათი, რა დაგვეხმარება ამ არეულ წუთისოფელში კვლავაც ‘დავიკვეხნოთ’ მისით და ყოველთვის კარგად გვახსოვდეს, ვინა ვართ? ამასთან დაკავშირებით სასარგებლო რჩევები მოცემულია მომდევნო სტატიაში. მათი განხილვისას დარწმუნებულნი იყავით, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები არასოდეს გამოავლენენ აპათეიზმს.
[სქოლიოები]
^ აბზ. 7 აქ საუბარია საკუთარი თავის მხოლოდ სულიერობის მხრივ გამოკვლევაზე. არის შემთხვევები, რომლებიც ფსიქიკის მოშლილობასთან არის დაკავშირებული. ასეთ შემთხვევებში აუცილებლად კვალიფიციური დახმარებაა საჭირო.
გახსოვთ თუ არა?
• როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს, ‘იამაყონ იეჰოვათი’?
• რას ვსწავლობთ მოსესა და ასაფის მაგალითებიდან?
• ბიბლიის რომელ პერსონაჟებს ეამაყებოდათ, რომ ღმერთს ემსახურებოდნენ?
• რას ნიშნავს ვიამაყოთ იმით, რომ ქრისტიანები ვართ?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 14 გვერდზე]
იყო დრო, როდესაც მოსეს ეჭვი შეეპარა საკუთარ ძალებში.
[სურათები 15 გვერდზე]
იეჰოვას ძველი დროის მრავალ მსახურს ეამაყებოდა, რომ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.