დაობლებულმა მოსიყვარულე მამა ვიპოვე
ბიოგრაფია
დაობლებულმა მოსიყვარულე მამა ვიპოვე
მოგვითხრო დიმიტრის სიდიროპოულოსმა
„მიდი, აიღე იარაღი და ისროლე“, — მიყვირა ოფიცერმა და შაშხანა შემომაჩეჩა ხელში. მშვიდად ვუთხარი, რომ ამას ვერ გავაკეთებდი. ჯარისკაცები გაოგნდნენ, როდესაც დაინახეს, თუ როგორ გადამიქროლა თავს ზემოთ ოფიცრის იარაღიდან ნასროლმა ტყვიებმა. სიკვდილი გარდაუვალი ჩანდა. საბედნიეროდ, გადავრჩი. ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც სიკვდილს თვალებში შევხედე.
ჩემი ოჯახი, რომელიც ეთნიკურ უმცირესობას მიეკუთვნებოდა, კაპადოკიაში (თურქეთი), ქალაქ კაისერთან ახლოს ცხოვრობდა. როგორც ჩანს, აქ ქრისტიანობა ახ. წ. პირველ საუკუნეში გავრცელდა (საქმეები 2:9). მაგრამ XX საუკუნის დასაწყისისთვის აქ სულ სხვა სურათი იყო.
ლტოლვილობიდან დაობლებამდე
დავიბადე 1922 წელს. რამდენიმე თვის შემდეგ ეთნიკური კონფლიქტის გამო ჩემი ოჯახი იძულებული გახდა, საბერძნეთში გაქცეულიყო. თავზარდაცემულმა მშობლებმა თან ვერაფრის წაღება მოახერხეს. მას შემდეგ, რაც ჩემმა მშობლებმა ენით აუწერელი გაჭირვება გადაიტანეს, ჩრდილოეთ საბერძნეთში, ქალაქ დრამასთან ახლოს მდებარე გაღატაკებულ სოფელ კირიაში დასახლდნენ.
ოთხი წლის ვიყავი, როდესაც ჩემი უმცროსი ძმა დაიბადა; ამ წელს მამა დაიღუპა. ის მხოლოდ 27 წლის იყო, მაგრამ საშინელმა ცხოვრებამ ჯანმრთელობა საგრძნობლად შეურყია. დედამ ისე მტკივნეულად განიცადა მამის დაკარგვა, რომ მალე ისიც დაიღუპა. მე და ჩემი ძმა სრულიად უმწეონი დავრჩით; ერთი ობოლთა თავშესაფრიდან მეორეში გვაგზავნიდნენ. 12 წლის ასაკში სალონიკის
ბავშვთა თავშესაფარში აღმოვჩნდი, სადაც მექანიკოსის ხელობას მასწავლიდნენ.რადგან თავშესაფრის კედლებში სითბოს ვიყავი მოკლებული, ხშირად ვფიქრობდი, რატომ განიცდიდა ზოგი ადამიანი ამდენ ტანჯვასა და უსამართლობას, ისევე როგორც მე. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რატომ უშვებდა ღმერთი ასეთ საშინელებებს. რელიგიის გაკვეთილებზე გვასწავლიდნენ, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, მაგრამ ბოროტების არსებობასთან დაკავშირებით მათი განმარტებები ალოგიკური იყო. ერთ-ერთი ცნობილი გამოთქმის თანახმად, ბერძნული მართლმადიდებლური რელიგია საუკეთესოა მსოფლიოში. ვერავინ მცემდა დამაკმაყოფილებელ პასუხს კითხვაზე — „თუ მართლმადიდებლობა საუკეთესო რელიგიაა, ყველა რატომ არ არის მართლმადიდებელი?“.
და მაინც, ჩვენი მასწავლებელი ბიბლიას დიდ პატივს სცემდა და ხშირად მას წმინდა წიგნად მოიხსენიებდა. ობოლთა თავშესაფრის დირექტორსაც მსგავსი თვალსაზრისი ჰქონდა, მაგრამ რატომღაც თავს იკავებდა ღვთისმსახურებაში მონაწილეობისგან. როდესაც გავესაუბრე, მითხრა, რომ ოდესღაც ბიბლიას იეჰოვას მოწმეებთან სწავლობდა. მათი რელიგიის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მქონდა.
როდესაც სალონიკის ობოლთა თავშესაფარში ჩემი აღზრდა-განათლება დამთავრდა, 17 წლის ვიყავი. ამ დროს მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა და საბერძნეთი ნაცისტების მიერ იყო ოკუპირებული. ქუჩებში შიმშილისგან მკვდარი ადამიანები ეყარა. თავის გადასარჩენად ქალაქგარეთ გავიქეცი, რათა ნებისმიერი მძიმე სამუშაო შემესრულებინა, რაც უნდა დაბალი ანაზღაურება ყოფილიყო.
პასუხები ბიბლიიდან მივიღე
1945 წლის აპრილში სალონიკში დავბრუნდი. ერთხელ ჩემი ბავშვობის მეგობრის და მეწვია. მე და მისი ძმა ობოლთა რამდენიმე თავშესაფარში ერთად ვცხოვრობდით. პაშალიამ მითხრა, რომ მისი ძმა გაუჩინარდა და აინტერესებდა, რამე ხომ არ ვიცოდი მისი ადგილსამყოფელის შესახებ. მან მითხრა, რომ იეჰოვას მოწმე იყო და მესაუბრა ღმერთზე, რომელიც ადამიანების კეთილდღეობითაა დაინტერესებული.
საუბრისას ბევრი საწინააღმდეგო აზრი გამოვთქვი. თუ ღმერთი მზრუნველი იყო, რატომ ვიტანჯებოდი ბავშვობიდანვე? რატომ დავობლდი? სად არის ღმერთი მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება? პაშალიამ მითხრა: „დარწმუნებული ხარ, რომ ამ ყველაფერში ღმერთს მიუძღვის ბრალი?“. მან ბიბლიიდან ამიხსნა, რომ ღმერთი არ ტანჯავს ადამიანებს. დამანახა, რომ შემოქმედს ვუყვარვართ და მალე უკეთესობისკენ შეცვლის ყოველივეს. ესაიას 35:5-7-სა და გამოცხადების 21:3, 4-ის წაკითხვის შემდეგ მითხრა, რომ მალე ომი, ყოველგვარი კონფლიქტი, ავადმყოფობა და სიკვდილი მოისპობა, და ღვთის ერთგული ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე.
ვიპოვე ოჯახი, რომელიც მხარში ამომიდგა
გავიგე, რომ პაშალიას ძმა პარტიზანებთან ბრძოლის დროს მოუკლავთ. მისი ოჯახი მოვინახულე, რომ მენუგეშებინა; მაგრამ პირიქით მოხდა — ბიბლიის გამოყენებით აქეთ მანუგეშეს. მათთან კვლავ მივედი, რათა წმინდა წერილებიდან უფრო მეტი გამეგო ღვთის მანუგეშებელი განზრახვების შესახებ. მალე იეჰოვას მოწმეების პატარა ჯგუფის წევრი გავხდი. ისინი ღვთის თაყვანსაცემად ფარულად იკრიბებოდნენ და ბიბლიას სწავლობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა ოფიციალურად აკრძალული იყო, მტკიცედ გადავწყვიტე, გამეგრძელებინა მათთან ურთიერთობა.
თავმდაბალი ქრისტიანების გვერდით თბილ ოჯახურ ატმოსფეროში ვგრძნობდი თავს, რაც ძალიან მაკლდა. მათგან სულიერ მხარდაჭერასა და დახმარებას ვიღებდი, რაც უსაზღვროდ მჭირდებოდა. მათ შორის ვიპოვე უანგაროდ მზრუნველი მეგობრები, რომლებიც მზად იყვნენ ჩემს სანუგეშებლად (2 კორინთელები 7:5—7). ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ისინი იეჰოვასთან დაახლოებაში დამეხმარნენ, რომელიც ჩემთვის მოსიყვარულე მამა გახდა. მისმა თვისებებმა — სიყვარულმა, თანაგრძნობამ და მზრუნველობამ — ძალიან მიმიზიდა (ფსალმუნები 22:1—6). საბოლოოდ სულიერი ოჯახი და მოსიყვარულე მამა ვიპოვე! ეს ღრმად შეეხო ჩემს გულს. მალე თავი მივუძღვენი იეჰოვას და 1945 წლის სექტემბერში მოვინათლე.
ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებით მეტი ბიბლიური შემეცნება მივიღე და რწმენაც გავიღრმავე. ვინაიდან იქ ტრანსპორტი არ იყო, ზოგ ჩვენთაგანს ხშირად სოფლიდან კრებამდე ხუთი კილომეტრის გავლა გვიწევდა ფეხით. გზად სულიერ საკითხებზე ვმსჯელობდით, რაც დაუვიწყარ მოგონებად დამრჩა. 1945 წლის მიწურულს, როდესაც სრული დროით ქადაგების შესახებ გავიგე, პიონერად დავიწყე მსახურება. იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მალე ჩემი რწმენა და ღვთისადმი ერთგულება უკიდურესად გამოიცდებოდა.
წინააღმდეგობამ საპირისპირო შედეგი გამოიღო
პოლიცია შეხვედრებზე ხშირად გვესხმოდა თავს და იარაღით გვემუქრებოდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, რადგან საბერძნეთში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. მოწინააღმდეგე ჯგუფები ერთმანეთს მხეცურად უსწორდებოდნენ. სამღვდელოებამ ამ სიტუაციით ისარგებლა და უფლებამოსილი პირები დაარწმუნა, რომ იეჰოვას მოწმეები კომუნისტები იყვნენ და სასტიკად უნდა გაედევნათ.
ოთხი ძმა ორი წლის განმავლობაში არაერთხელ დაგვაპატიმრეს; აქედან ექვსჯერ ოთხი თვე მოგვიწია ჯდომა. ვინაიდან ციხეები პოლიტპატიმრებით იყო სავსე, ჩვენ გაგვათავისუფლეს. ვისარგებლეთ მოულოდნელი განთავისუფლებით და ქადაგება განვაგრძეთ, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში სამჯერ დაგვაპატიმრეს. ვიცოდით, რომ ბევრი ჩვენი ძმა დაუსახლებელ კუნძულებზე გადაასახლეს. გამოვავლენდი კი საკმარის რწმენას, რომ გაბედულად შევხვედროდი ასეთ გამოცდას?
მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა; განაჩენის გამოტანამდე ყოველდღე პოლიციის განყოფილებაში ვიყავი. პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ რომ ვყოფილიყავი, გამგზავნეს სალონიკთან ახლოს მდებარე სოფელ ევოსმოსში, სადაც პოლიციის განყოფილება იყო. ახლომდებარე ბინა ვიქირავე და მოხეტიალე ხელოსნად დავიწყე მუშაობა — სპილენძის ჭურჭელს ვაპრიალებდი. პიონერად მსახურების დროს ეს ხელობა საშუალებას მაძლევდა, ირგვლივ მდებარე სოფლებში ისე მექადაგა, რომ პოლიციას ეჭვი არ აეღო. რამდენიმე ადამიანი სასიხარულო ცნობას დადებითად გამოეხმაურა. მათგან ათზე მეტი იეჰოვასადმი მიძღვნილი თაყვანისმცემელი გახდა.
ათი წლის განმავლობაში რვა ციხე გამოვიარე
პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ 1949 წლის დასასრულამდე ვიმყოფებოდი. შემდეგ სალონიკში დავბრუნდი. დიდი სურვილი მქონდა, კვლავ გამეგრძელებინა სრული დროით მსახურება. 1950 წელს, სწორედ მაშინ, როდესაც ვფიქრობდი, რომ ჩემი გამოცდები დასრულდა, მოულოდნელად ჯარში გაწვევის შესახებ უწყება მომივიდა. ქრისტიანული ნეიტრალიტეტის დაცვის გამო მტკიცედ გადავწყვიტე, ‘აღარ მესწავლა ბრძოლა’ (ესაია 2:4). ასე რომ, საბერძნეთის საშინელ ციხეებში ხანგრძლივი, მტანჯველი „მოგზაურობა“ მელოდა.
თავდაპირველად ქალაქ დრამაში მოვხვდი. დაკავებიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ახალწვეულებს სროლაში ავარჯიშებდნენ. ერთ დღეს მეც მსროლელთა გვერდით დამაყენეს. ერთმა ოფიცერმა შაშხანა მომაჩეჩა ხელში და მიბრძანა, მესროლა. როდესაც უარი ვთქვი, იარაღი დამიმიზნა. სხვა ოფიცრებმა დაინახეს, რომ კომპრომისზე არ წავიდოდი და გამეტებით დამიწყეს მუშტების რტყმა. ისინი ანთებული სიგარეტით ხელისგულებს მიწვავდნენ. შემდეგ კი სამი
დღე განცალკევებულ საკანში მამყოფეს. სიგარეტისგან დამწვარი ადგილები საშინლად მტკიოდა, მრავალი წლის განმავლობაში კი ხელებზე ნაიარევი მეტყობოდა.სამხედრო ტრიბუნალს ვიდრე გადამცემდნენ, ირაკლიონის (კრეტა) სამხედრო ბანაკში გადამიყვანეს, სადაც შეეცადნენ, ღვთისადმი ჩემი ერთგულება შეერყიათ. ამის გამო საშინლად მცემდნენ. მეშინოდა, კომპრომისზე არ წავსულიყავი და მთელი გულით ვთხოვდი ჩემს ზეციერ მამას, გავეძლიერებინე. იერემიას 1:19 გამახსენდა: „შეგებრძოლებიან ისინი, მაგრამ ვერ დაძლევენ, რადგან მე შენთანა ვარ შენს გადასარჩენად!“. „ღვთის მშვიდობა“ სიმშვიდისა და წონასწორობის შენარჩუნებაში დამეხმარა. მივხვდი, რომ გონივრული იქნებოდა, სრულად მივნდობოდი იეჰოვას (ფილიპელები 4:6, 7; იგავები 3:5).
სასამართლომ მუდმივი პატიმრობა მომისაჯა. იეჰოვას მოწმეებს სახელმწიფოს ყველაზე საშიშ მტრებად თვლიდნენ. იტსიდენის ციხეში მოვხვდი, სადაც ყველაზე საშიში ბოროტმოქმედები იყვნენ. იქ განცალკევებულ კამერაში ვიმყოფებოდი. იტსიდენის საპატიმრო, ყოფილი ციხე-სიმაგრე, ვირთხებით იყო სავსე. თავიდან ფეხის თითებამდე დაფლეთილ, ძველ საბანში ვიყავი გახვეული. ამიტომ ვირთხები პირდაპირ სხეულზე არ მეხებოდნენ, გადაფარებულ საბანზე დაცოცავდნენ. ფილტვების ანთება დამემართა. ექიმმა თქვა, რომ ჩემთვის აუცილებელი იყო სუფთა ჰაერზე ყოფნა; ასე რომ, შესაძლებლობა მომეცა, ციხის შიდა ეზოში პატიმრებთან მესაუბრა. მდგომარეობა გამიუარესდა — ფილტვებიდან სისხლდენა დამეწყო, რის გამოც ირაკლიონის საავადმყოფოში გადამიყვანეს.
თანაქრისტიანები, ჩემი სულიერი ოჯახის წევრები, კვლავ მხარში ამომიდგნენ (კოლოსელები 4:11). ძმები რეგულარულად მოდიოდნენ ჩემს სანახავად და მამხნევებდნენ. მათ ლიტერატურა ვთხოვე დაინტერესებული პატიმრებისთვის. ძმებმა ჩემოდანი მომიტანეს, რომელსაც ორმაგი ძირი ჰქონდა და შემეძლო ლიტერატურა უსაფრთხოდ შემენახა. უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი, რომ ციხეებში ყოფნის დროს სულ ცოტა ექვს პატიმარს დავეხმარე, ჭეშმარიტი ქრისტიანები გამხდარიყვნენ.
ამასობაში სამოქალაქო ომიც დამთავრდა და მუდმივი პატიმრობა ათი წლის პატიმრობით შემიცვალეს. დარჩენილი წლები რესემნოს, გენტიკულესა და კასანდრას ციხეებში გავატარე. მას შემდეგ, რაც რვა ციხეში თითქმის ათი წელი გავატარე, გამათავისუფლეს და სალონიკში დავბრუნდი. იქ ჩემმა ძვირფასმა თანაქრისტიანებმა თბილად მიმიღეს.
სულიერი წინსვლა ძმების დახმარებით
იმ დროისთვის, როდესაც ციხიდან გავთავისუფლდი, იეჰოვას მოწმეებს საბერძნეთში შედარებით თავისუფლად შეეძლოთ მსახურება. ეს შესაძლებლობა გამოვიყენე და დაუყოვნებლივ განვაგრძე სრული დროით მსახურება. მალე სხვა კურთხევაც მივიღე. გავიცანი ერთგული ქრისტიანი და კატინა, რომელსაც უყვარდა იეჰოვა და აქტიურად მსახურობდა. ჩვენ 1959 წლის ოქტომბერში დავქორწინდით. შეგვეძინა გოგონა, რომელსაც აგაპე დავარქვით; ქრისტიანული ოჯახი ობლობის წლებში მიღებული ჭრილობის მოშუშებაში დამეხმარა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ჩემი ოჯახი სიხარულით ემსახურებოდა მზრუნველ, მოსიყვარულე ზეციერ მამას, იეჰოვას (ფსალმუნები 5:12).
ცუდი ეკონომიკური მდგომარეობის გამო იძულებული ვიყავი, პიონერად მსახურება შემეწყვიტა. თუმცა მეუღლეს ყველანაირად ვუწყობდი ხელს, რომ კვლავ სრული დროით ემსახურა. ჩემს ქრისტიანულ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 1969 წელი, როდესაც გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში იეჰოვას მოწმეების საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა. კონგრესზე წასასვლელად პასპორტი უნდა გამეკეთებინა. ჩემი მეუღლე პოლიციის განყოფილებაში მივიდა და იკითხა, თუ რატომ გაგრძელდა პასპორტის გაკეთება ორ თვეზე მეტხანს. ოფიცერმა უჯრიდან სქელი საქაღალდე ამოიღო, რის შემდეგაც თქვა: „პასპორტს იმ ადამიანისთვის მთხოვთ, რომელიც ცდილობს, თავის რწმენაზე მოაქციოს გერმანიის მოსახლეობა?! ეს შეუძლებელია! ის საშიში პიროვნებაა“.
იეჰოვას დახმარებითა და ზოგიერთი ძმის მხარდაჭერით, საბოლოოდ, ავიღე პასპორტი და კონგრესს დავესწარი. იქ დამსწრეთა რაოდენობამ 150 000 -ს გადააჭარბა; აშკარად დავინახე, თუ როგორ ხელმძღვანელობდა და აერთიანებდა იეჰოვას სული საერთაშორისო სულიერ საძმოს. მოგვიანებით უფრო მეტად დავაფასე ქრისტიანული საძმო.
1977 წელს საყვარელი, ერთგული მეუღლე დამეღუპა. ყოველმხრივ ვცდილობდი, ჩვენი გოგონა ბიბლიური პრინციპების თანახმად აღმეზარდა. მარტო არც ახლა დავრჩენილვარ. კვლავ ჩემმა სულიერმა ოჯახმა გამიწია დახმარება. ყოველთვის მადლიერი ვიქნები ძმების, რომლებიც რთულ წუთებში მხარში მედგნენ. ზოგი მათგანი ჩემთან დროებით საცხოვრებლადაც კი გადმოვიდა, რათა ბავშვზე ეზრუნათ. არასოდეს დამავიწყდება მათ მიერ გამოვლენილი თავდაუზოგავი სიყვარული (იოანე 13:34, 35).
აგაპე ქრისტიან ძმაზე, ილიესზე, დაქორწინდა. მათ ოთხი ბიჭი ჰყავთ და ოთხივე იეჰოვას ემსახურება. ბოლო წლებში რამდენჯერმე დამემართა გულის შეტევა და ჯანმრთელობა გამიუარესდა. ქალიშვილი და მისი ოჯახი მზრუნველობას არ მაკლებს. ცუდი ჯანმრთელობის მიუხედავად, სიხარულისთვის ბევრი მიზეზი მაქვს. მახსენდება დრო, როდესაც სალონიკში დაახლოებით ასი ძმა ფარულად იკრიბებოდა კერძო სახლებში. დღეს აქ უკვე ხუთი ათასზე მეტი მოწმეა, რომლებიც თავგამოდებით ქადაგებენ (ესაია 60:22). კონგრესებზე ახალგაზრდა ძმები მეკითხებიან: „გახსოვს, ჩვენთან სახლში ჟურნალები რომ მოგქონდა?“. თუმცა მათი მშობლები არ ინტერესდებოდნენ, შვილები კითხულობდნენ ჟურნალებს და სულიერ წარმატებებს აღწევდნენ.
როდესაც ვხედავ, როგორ იზრდება იეჰოვას ორგანიზაცია, ვრწმუნდები, რომ ნამდვილად ღირდა განსაცდელების გადატანა. შვილიშვილებს და სხვა ახალგაზრდებს ყოველთვის ვეუბნები, ახსოვდეთ ზეციერი მამა თავიანთ სიჭაბუკეში, და ის არასოდეს მიატოვებს მათ (ეკლესიასტე 12:1). იეჰოვამ თავისი დანაპირები შეასრულა; ის ჩემთვის ‘ობოლთა მამად’ იქცა (ფსალმუნები 67:6). თუმცა პატარაობიდანვე დავობლდი, საბოლოოდ მზრუნველი მამა ვიპოვე.
[სურათი 22 გვერდზე]
დრამაში მზარეულად მუშაობის დროს.
[სურათი 23 გვერდზე]
კატინასთან ერთად ქორწილის დღეს (1959 წელი).
[სურათი 23 გვერდზე]
კონგრესი სალონიკთან ახლოს მდებარე ტყეში (1960-იანი წლების მიწურული).
[სურათი 24 გვერდზე]
ჩვენს ქალიშვილთან ერთად, 1967 წელი.