მიენდეთ იეჰოვას სიტყვას
მიენდეთ იეჰოვას სიტყვას
„ვიმედოვნებ შენი სიტყვით“ (ფსალმუნები 118:42).
1. რისი თქმა შეგიძლიათ 118-ე ფსალმუნის დამწერის ვინაობასა და სულისკვეთებაზე?
იეჰოვას სიტყვა 118-ე ფსალმუნის დამწერისთვის ძალიან ძვირფასი იყო. ეს ფსალმუნი, შესაძლოა, იუდას უფლისწულმა ხიზკიამ შეადგინა. ღვთის შთაგონებით დაწერილ ამ საგალობელში გამოხატული გრნობები შეესაბამება იმ სულისკვეთებას, რომელიც ხიზკიას იუდაზე მეფობის დროს ჰქონდა; ის ‘მიწებებული იყო უფალზე’ (4 მეფეთა 18:3—7). ერთი რამ ნათელია: ამ ფსალმუნის დამწერი სულიერს იყო მოწყურებული (მათე 5:3).
2. რა არის 118-ე ფსალმუნის თემა და როგორ არის ეს ფსალმუნი შედგენილი?
2 ასმეთვრამეტე ფსალმუნის ძირითადი აზრი ის არის, თუ რამდენად ძვირფასია ღვთის სიტყვა ანუ ცნობა *. როგორც ჩანს, ფსალმუნმომღერალმა ადვილად დამახსოვრების მიზნით, ფსალმუნი ანბანური თანამიმდევრობით დაალაგა. მისი 176 მუხლი თანამიმდევრულად ებრაული ანბანის მიხედვით არის განლაგებული. ებრაულ დედანში ფსალმუნის 22 სტროფიდან თითოეული 8 სტრიქონისგან შედგება; ეს სტრიქონები კი ერთი და იმავე ასოთი იწყება. ამ ფსალმუნში ლაპარაკია ღვთის სიტყვასა და კანონებზე, შეხსენებებსა და გზებზე, ბრძანებებსა და წესდებებზე, მცნებებსა და სამართლიან განაჩენებზე, სიტყვებსა და წესებზე. იეჰოვას ძველი და თანამედროვე მსახურების შემთხვევებზე დაფიქრებამ უფრო ღრმად უნდა ჩაგვახედოს ამ ღვთის შთაგონებით დაწერილი სიმღერის არსში და გაგვიძლიეროს მადლიერება წერილობითი სახით არსებული ღვთის სიტყვის, ბიბლიის, მიმართ.
დაემორჩილეთ ღვთის სიტყვას და იყავით ბედნიერნი
3. ახსენით, თუ რას ნიშნავს, ადამიანი იყოს უბიწო, და მოიყვანეთ მაგალითი.
3 ნამდვილი ბედნიერება ღვთის კანონის თანახმად სიარულზეა დამოკიდებული (ფსალმუნები 118:1—8). თუ ამგვარად ვიქცევით, იეჰოვა ‘უბიწოებად’ ჩაგვთვლის (ფსალმუნები 118:1). უბიწოდ სიარული სრულყოფილებას კი არ ნიშნავს, არამედ იმის მაჩვენებელია, რომ მთელი გულით ვცდილობთ ღვთის ნების შესრულებას. „ნოე მართალი, უბიწო კაცი იყო თავის მოდგმაში“, რადგან ის „ღმერთის გზით დადიოდა“. ეს ერთგული პატრიარქი და მისი ოჯახი წარღვნას გადაურჩნენ, რადგან ნოე იეჰოვას ნების თანახმად ცხოვრობდა (დაბადება 6:9; 1 პეტრე 3:20). მსგავსად ამისა, ამ წუთისოფლის აღსასრულის დროს ჩვენი გადარჩენა დამოკიდებულია ‘ღვთის ბრძანებათა დაცვასა’ და ამგვარად ღვთის ნების შესრულებაზე (ფსალმუნები 118:4).
4. რაზეა დამოკიდებული ჩვენი ბედნიერება და წარმატება?
4 იეჰოვა არასოდეს მიგვატოვებს, თუ ‘განვადიდებთ მას გულის სიწრფელით და მის წესებს დავიცავთ’ (ფსალმუნები 118:7, 8). ღმერთს არ მიუტოვებია ისრაელთა წინამძღოლი იესო ნავეს ძე, რომელმაც ყურად იღო რჩევა, ‘არ განეშორებინა რჯულის წიგნი დღე და ღამ, რათა დაეცვა აღსასრულებლად ყველაფერი, რაც იქ ეწერა’. ამის გამო იყო ის წარმატებული და ამან შეაძლებინა მას, გონივრულად ემოქმედა (იესო ნავეს ძე 1:8). სიცოცხლის ბოლოს იესო ნავეს ძე კვლავაც განადიდებდა ღმერთს და შეეძლო ისრაელებისთვის შეეხსენებინა: „შეიცანით მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი სულით, რომ არც ერთი სიტყვა არ გაცუდებულა ყველა იმ სასიკეთო სიტყვიდან, რაც თქვენზე უთქვამს უფალს, თქვენს ღმერთს“ (იესო ნავეს ძე 23:14). იესო ნავეს ძისა და 118-ე ფსალმუნის დამწერის მსგავსად, იეჰოვას განდიდებითა და მისი სიტყვისადმი მინდობით ჩვენც შეგვიძლია ბედნიერნი და წარმატებულნი ვიყოთ.
იეჰოვას სიტყვა სიწმინდის შენარჩუნებაში გვეხმარება
5. ა) ახსენით, თუ როგორ შეიძლება სულიერი სიწმინდის შენარჩუნება. ბ) რა დახმარების მიღება შეუძლია ახალგაზრდას, რომელმაც სერიოზული ცოდვა ჩაიდინა?
5 ჩვენ შევძლებთ სულიერი სიწმინდის შენარჩუნებას, თუ ღვთის სიტყვის თანახმად მოვიქცევით (ფსალმუნები 118:9—16). ეს ასეა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშობლები კარგ მაგალითს არ გაძლევენ. ხიზკიას მამა კერპთაყვანისმცემელი იყო, მაგრამ თავად ხიზკიამ ‘განიწმინდა თავისი გზა’, შესაძლოა, კერპთაყვანისმცემელთა გავლენისგან. დავუშვათ, დღეს ღვთის ახალგაზრდა მსახური სერიოზულ ცოდვას სჩადის. მონანიება, ლოცვა, მშობლებისა და მოსიყვარულე ქრისტიანი უხუცესების დახმარება შეაძლებინებს მას, მოიქცეს ხიზკიას მსგავსად და ‘განიწმინდოს თავისი გზა და დაიცვას ღვთის მცნებები’ (იაკობი 5:13—15).
6. რომელმა ქალებმა ‘განიწმინდეს თავიანთი გზები და ღვთის სიტყვა დაიცვეს’?
6 რახაბმა და რუთმა, თუმცა 118-ე ფსალმუნის დაწერამდე დიდი ხნით ადრე ცხოვრობდნენ, შეინარჩუნეს სიწმინდე. რახაბი ქანაანელი მეძავი იყო, მაგრამ თავისი რწმენის გამო ის ცნობილი გახდა, როგორც იეჰოვას თაყვანისმცემელი (ებრაელები 11:30, 31). მოაბელმა რუთმა დატოვა თავისი ღმერთები, ემსახურებოდა იეჰოვას და ასრულებდა ისრაელებისთვის მიცემულ კანონებს (რუთი 1:14—17; 4:9—13). ეს ორი არაებრაელი ქალი ‘ღვთის სიტყვას იცავდა’ და წილად ხვდათ ჩინებული პატივი, გამხდარიყვნენ იესო ქრისტეს წინაპრები (მათე 1:1, 4—6).
7. რა მხრივ დაგვიტოვეს სულიერი სიწმინდის შენარჩუნების კარგი მაგალითი დანიელმა და სხვა სამმა ებრაელმა?
7 ‘სიყრმიდანვე ადამიანის გულისწადილი ბოროტებისკენ არის მიდრეკილი’, მაგრამ ახალგაზრდებს შეუძლიათ სატანის მმართველობის ქვეშ მყოფ ამ გახრწნილ წუთისოფელშიც კი წმინდა გზებით იარონ (დაბადება 8:21; 1 იოანე 5:19). ბაბილონის ტყვეობაში ყოფნისას დანიელმა და სხვა სამმა ებრაელმა ახალგაზრდამ ‘დაიცვეს ღვთის სიტყვა’. მაგალითად, მათ თავი არ გაიუწმინდურეს „სამეფო ულუფით“ (დანიელი 1:6—10). ბაბილონელები ჭამდნენ უწმინდურ ცხოველებს, რომელთა ჭამაც, მოსეს კანონთა კრებულის თანახმად, აკრძალული იყო (ლევიანები 11:1—31; 20:24—26). ისინი ყოველთვის არ უშვებდნენ დაკლული ცხოველებიდან სისხლს და ისე ჭამდნენ მათ, რითაც სისხლთან დაკავშირებით ღვთის კანონს არღვევდნენ (დაბადება 9:3, 4). ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ის ოთხი ებრაელი არ ჭამდა მეფის ულუფიდან. იმ ღვთისმოშიშმა ახალგაზრდებმა სულიერი სიწმინდე შეინარჩუნეს და ამგვარად შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს.
ღვთის სიტყვა ერთგულების შენარჩუნებაში გვეხმარება
8. რის სურვილი და რა ცოდნა უნდა გვქონდეს იმისათვის, რომ ჩავწვდეთ ღვთის კანონებს და დავიცვათ ისინი?
8 იეჰოვასადმი ერთგულება რომ შევინარჩუნოთ, მნიშვნელოვანია გვიყვარდეს ღვთის სიტყვა (ფსალმუნები 118:17—24). თუ ღვთის შთაგონებით ფსალმუნის დამწერის მსგავსნი ვიქნებით, მთელი გულით ვისურვებთ, გავიგოთ ღვთის კანონების „საოცრებები“. ჩვენ ყოველთვის გვენდომება იეჰოვას „სამართალი“ და გამოვავლენთ მისი „მცნებებისადმი“ სიყვარულს (ფსალმუნები 118:18, 20, 24). მიუხედავად იმისა, თუ როდის მივუძღვენით თავი იეჰოვას, განვივითარეთ „წმინდა სიტყვიდან მომდინარე სუფთა რძისადმი სწრაფვა“? (1 პეტრე 2:1, 2). საჭიროა გვესმოდეს ძირითადი ბიბლიური სწავლებები, რათა შევძლოთ ჩავწვდეთ ღვთის კანონებს და დავიცვათ ისინი.
9. როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ადამიანთა მოთხოვნები და ღვთის კანონი ერთმანეთს ეწინააღმდეგება?
9 ჩვენ შეიძლება ძალიან გვიყვარს ღვთის მცნებები, მაგრამ რას ვიზამდით, თუ გარკვეული მიზეზების გამო „მთავარნი“ ჩვენ წინააღმდეგ ილაპარაკებდნენ? (ფსალმუნები 118:23, 24). ხშირად ცდილობენ დღეს ხელისუფლების მქონე პირები, გვაიძულონ, რომ ქვეყნის კანონები ღვთის კანონებზე მაღლა დავაყენოთ? რას ვიზამთ, თუ ადამიანთა მოთხოვნები და ღვთის ნება ერთმანეთს ეწინააღმდეგება? ღვთის სიტყვისადმი დიდი სიყვარული იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნებაში დაგვეხმარება. იესო ქრისტეს მოციქულების მსგავსად, რომლებსაც დევნიდნენ, ჩვენც ვიტყვით: „ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს, და არა ადამიანებს“ (საქმეები 5:29).
10, 11. აჩვენეთ, თუ როგორ შეგვიძლია ყველაზე რთულ მდგომარეობაშიც კი შევინარჩუნოთ იეჰოვასადმი ერთგულება.
10 ყველაზე რთულ მდგომარეობაშიც კი ჩვენ შეგვიძლია იეჰოვასადმი ერთგულება შევინარჩუნოთ (ფსალმუნები 118:25—32). თუ გვინდა, რომ ღვთისადმი ერთგულება შევინარჩუნოთ, სწავლისთვის მზად უნდა ვიყოთ და ღვთისგან დარიგებების მისაღებად მთელი გულით ვილოცოთ. აგრეთვე უნდა ავირჩიოთ «გზა ჭეშმარიტებისა [„ერთგულებისა“, აქ]» (ფსალმუნები 118:26, 30).
11 ხიზკიამ, რომელმაც შესაძლოა 118-ე ფსალმუნი დაწერა, „ერთგულების გზა“ აირჩია. ის ასე მოიქცა, მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ ცრუ თაყვანისმცემლები ჰყავდა და შეიძლება სამეფო კარზე დასცინოდნენ კიდეც. როგორც ჩანს, ამ მდგომარეობაში ყოფნის გამო ‘ნაღველმა დაადნო მისი სული’ (ფსალმუნები 118:28). მაგრამ ხიზკია ღმერთზე მინდობილი კარგი მეფე იყო და „სწორს აკეთებდა იგი უფლის თვალში“ (4 მეფეთა 18:1—5). თუ ღმერთს მივენდობით, ჩვენც გავუძლებთ განსაცდელებს და ღვთისადმი ერთგულებას შევინარჩუნებთ (იაკობი 1:5—8).
იეჰოვას სიტყვა გამბედაობას გვაძლევს
12. როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ფსალმუნების 118:36, 37?
12 ღვთის სიტყვის ხელმძღვანელობის მიყოლა გამბედაობას გვაძლევს, რაც განსაცდელებთან გასამკლავებლად გვჭირდება (ფსალმუნები 118:33—40). ჩვენ თავმდაბლად ვეძიებთ იეჰოვას დარიგებებს, რათა „მთელი გულით“ შევძლოთ მისი კანონების დაცვა (ფსალმუნები 118:33, 34). ფსალმუნმომღერალივით ჩვენც ვთხოვთ ღმერთს: „ჩემი გული შენი შეხსენებებისკენ მიდრიკე და არა მოგებისკენ“, უსამართლო მოგებისკენ (ფსალმუნები 119:36, აქ [118:36]). მოციქულ პავლესავით ჩვენ ‘ყველაფერში პატიოსნად ვიქცევით’ (ებრაელები 13:18). თუ სამუშაოზე უფროსი ჩვენგან უპატიოსნოდ მოქმედებას მოითხოვს, ჩვენ გამბედაობა უნდა მოვიკრიბოთ და ღვთის მითითებებისამებრ მოვიქცეთ; იეჰოვა კი ყოველთვის აკურთხებს ამგვარ მოქმედებას. ღმერთი გვეხმარება, ვაკონტროლოთ ნებისმიერი ცუდი მიდრეკილება. ამიტომ მოდი ვილოცოთ: „მოარიდე თვალი ჩემი ამაოების ცქერას“ (ფსალმუნები 118:37). არასოდეს უნდა მივიჩნიოთ სასურველად ნებისმიერი ამაო რამ, რაც ღმერთს სძულს (ფსალმუნები 96:10). სხვა ყველაფერთან ერთად, ეს აღგვძრავს, მოვერიდოთ პორნოგრაფიასა და სპირიტიზმს (1 კორინთელები 6:9, 10; გამოცხადება 21:8).
13. როგორ მიიღეს იესოს მოწაფეებმა, რომლებსაც დევნიდნენ, საჭირო გამბედაობა, რათა გაბედულად ექადაგათ?
13 ღვთის სიტყვის საფუძვლიანი ცოდნა გულდაჯერებულობას გვაძლევს, რათა გაბედულად ვიქადაგოთ (ფსალმუნები 118:41—48). ჩვენ გაბედულება გვჭირდება იმისათვისაც, რომ ‘პასუხი გავცეთ ჩვენს მაგინებელს’ (ფსალმუნები 118:42). ზოგჯერ შეიძლება ისეთივე მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, როგორშიც იესოს მოწაფეები, რომლებსაც დევნიდნენ და რომლებიც ლოცულობდნენ: „იეჰოვა . . . ძალა მიეცი შენს მონებს, შენი სიტყვა მთელი გამბედაობით ილაპარაკონ“. რა იყო შედეგი? „ყველა წმინდა სულით აღივსო და ღვთის სიტყვას გაბედულად ლაპარაკობდნენ“. იგივე უზენაესი უფალი გვაძლევს ჩვენც გამბედაობას, რათა მისი სიტყვა გაბედულად ვილაპარაკოთ (საქმეები 4:24—31).
14. რა დაგვეხმარება პავლესავით გაბედულად ქადაგებაში?
14 თუ „ჭეშმარიტების სიტყვა“ გვეყვარება და ‘მარადის დავიცავთ ღვთის რჯულს’, გვექნება გამბედაობა, რათა ყოველგვარი შიშის გარეშე ვიქადაგოთ (ფსალმუნები 118:43, 44). ღვთის დაწერილი სიტყვის გულმოდგინედ სწავლა საშუალებას მოგვცემს, ‘ვილაპარაკოთ მეფეთა წინაშე ღვთის მოწმობებზე’ (ფსალმუნები 118:46). აგრეთვე ლოცვა და იეჰოვას წმინდა სული დაგვეხმარება, საჭირო სიტყვები სათანადოდ ვთქვათ (მათე 10:16—20; კოლოსელები 4:6). პირველ საუკუნეში პავლე მმართველთა წინაშე გაბედულად ლაპარაკობდა ღვთის შესახებ. მაგალითად, მან უქადაგა რომის გამგებელ ფელიქსს, რომელიც „ისმენდა, რასაც ის [პავლე] ქრისტე იესოსადმი რწმენაზე ამბობდა“ (საქმეები 24:24, 25). პავლემ აგრეთვე უქადაგა გამგებელ ფესტუსსა და მეფე აგრიპას (საქმეები 25:22—26:32). იეჰოვას დახმარებით ჩვენც შევძლებთ გაბედულად ქადაგებას და არასოდეს ‘შეგვრცხვება სასიხარულო ცნობის გამო’ (რომაელები 1:16).
ღვთის სიტყვა გვანუგეშებს
15. როგორ შეიძლება ღვთის სიტყვამ გვანუგეშოს, როდესაც სხვები დაგვცინიან?
15 იეჰოვას სიტყვა ყოველთვის გვანუგეშებს (ფსალმუნები 118:49—56). ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც განსაკუთრებით გვჭირდება ნუგეშისცემა. ჩვენ, იეჰოვას მსახურები, გაბედულად ვლაპარაკობთ, მაგრამ „ამპარტავანნი“ ანუ ისინი, ვინც ღვთის მიმართ ქედმაღლურად მოქმედებენ, ზოგჯერ ‘დაგვცინიან მეტისმეტად’ (ფსალმუნები 118:51). ასეთ ვითარებაში ლოცვისას შეიძლება გავიხსენოთ ღვთის სიტყვაში მოცემული დადებითი აზრები და ამგვარად ‘დარდი გავიქარვოთ’ ანუ ნუგეში ვპოვოთ (ფსალმუნები 118:52). ლოცვა-ვედრებისას შეიძლება ბიბლიაში მოცემული კანონი ან პრინციპი გაგვახსენდეს, რომელიც გვანუგეშებს და სტრესულ სიტუაციაში გამბედაობას მოგვცემს.
16. დევნის მიუხედავად, რას არ აკეთებენ ღვთის მსახურები?
16 კადნიერი ადამიანები, რომლებიც ფსალმუნმომღერალს დასცინოდნენ ისრაელები — ღვთისადმი მიძღვნილი ერის წარმომადგენლები იყვნენ. რა სამარცხვინოა! მათგან განსხვავებით, დაე ჩვენ არასოდეს გადავუხვიოთ ღვთის კანონიდან (ფსალმუნები 118:51). ნაცისტური გერმანიის მხრიდან დევნის ან წლების განმავლობაში სხვა მსგავსი მოპყრობის დროს ღვთის ათასობით მსახურმა არ გადაუხვია ბიბლიაში მოცემული კანონებიდან თუ პრინციპებიდან (იოანე 15:18—21). იეჰოვასადმი მორჩილება დამამძიმებელი როდია, რადგან მისი წესები მანუგეშებელი ‘სიმღერებია ჩვენთვის‘ (ფსალმუნები 118:54; 1 იოანე 5:3).
ვიყოთ მადლიერნი იეჰოვას სიტყვისათვის
17. რისკენ აღგვძრავს ღვთის სიტყვისთვის მადლიერება?
17 ღვთის სიტყვისათვის მადლიერებას ამ სიტყვის დაცვით გამოვხატავთ (ფსალმუნები 118:57—64). ფსალმუნმომღერალმა ‘პირობა დადო, რომ დაეცვა იეჰოვას სიტყვები’ (აქ) და ‘შუაღამისას დგებოდა ღვთის სადიდებლად მისი მართალი განსჯების გამო’. თუ ღამე გვეღვიძება, კარგი შესაძლებლობა გვეძლევა ამ დროს ლოცვაში ღვთის მიმართ მადლიერება გამოვხატოთ (ფსალმუნები 118:57, 62). ღვთის სიტყვის დიდად დაფასება აღგვძრავს, ვეძიოთ ღვთიური სწავლებები, რაც ‘იეჰოვას მოშიშთა’ ანუ იმ ხალხის ‘თანაზიარს’ გვხდის, რომლებსაც ღვთისადმი მოკრძალებული შიში აქვთ (ფსალმუნები 118:63, 64). ვის შეუძლია სხვა უკეთესი საზოგადოების პოვნა?
18. როგორ პასუხობს იეჰოვა ჩვენს ლოცვებზე, როდესაც ‘ბოროტები საბელებივით გარს შემოგვერტყმიან’?
18 მთელი გულით ლოცვისას, როდესაც იეჰოვას თავმდაბლად ვთხოვთ, გვასწავლოს, ‘გულს ვულბობთ’ (აქ) მას, რადგან მისთვის მოსაწონ სიტყვებს ვეუბნებით. ჩვენ განსაკუთრებით უნდა ვილოცოთ მაშინ, როდესაც ‘ბოროტები საბელებივით გარს შემოგვერტყმიან’ (ფსალმუნები 118:58, 61). იეჰოვას შეუძლია დაჭრას აკრძალვების საბელები და გაგვათავისუფლოს, რათა სამეფოს შესახებ ქადაგება და მოწაფეების მომზადება შევძლოთ (მათე 24:14; 28:19, 20). ეს არაერთხელ დადასტურდა იმ ქვეყნებში, რომლებშიც ჩვენი საქმიანობა აიკრძალა.
გვწამდეს ღვთის სიტყვის
19, 20. როგორ შეიძლება იყოს ‘კარგი ის, რომ ვეწამოთ’?
19 ღვთისადმი და მისი სიტყვისადმი რწმენა განსაცდელების ატანასა და მისი ნების შესრულებაში გვეხმარება (ფსალმუნები 118:65—72). მიუხედავად იმისა, რომ ამპარტავანნი ჩირქს სცხებდნენ მას, ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე“ (ფსალმუნები 118:66, 69, 71). როგორ შეიძლება, რომ იეჰოვას მსახური ეწამებოდეს და ეს კარგი იყოს?
20 განსაცდელების დროს ჩვენ, ეჭვგარეშეა, მთელი გულით მივმართავთ იეჰოვას ლოცვით და ამგვარად უფრო ვუახლოვდებით მას. ამ დროს შეიძლება უფრო მეტ დროს ვუთმობთ ღვთის წერილობითი სახით მოცემულ სიტყვას და მეტ ძალისხმევას ვახმართ მასში მოცემული რჩევების გამოყენებას. ეს კი ბედნიერებას გვმატებს. მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც განსაცდელებისას არასასურველ თვისებებს, მაგალითად, მოთმინების ნაკლებობასა და სიამაყეს ვავლენთ? მხურვალე ლოცვითა და ღვთის სიტყვისა თუ წმინდა სულის დახმარებით, დავძლევთ ასეთ სისუსტეებს და უფრო მეტად შევიმოსებით „ახალი პიროვნებით“ (კოლოსელები 3:9—14). გარდა ამისა, განსაცდელების ატანისას რწმენა გვინმტკიცდება (1 პეტრე 1:6, 7). პავლემ განსაცდელები თავის სასარგებლოდ გამოიყენა, რადგან მათ გამო ის უფრო მეტად გახდა იეჰოვაზე დამოკიდებული (2 კორინთელები 1:8—10). ვიყენებთ თუ არა განსაცდელებს იმისათვის, რომ მათ ჩვენზეც დადებითად იმოქმედოს?
ყოველთვის მივენდოთ იეჰოვას
21. რა ხდება, როდესაც ღმერთი არცხვენს ამპარტავნებს?
21 ღვთის სიტყვა იმის მტკიცე საფუძველს გვიქმნის, რომ მივენდოთ იეჰოვას (ფსალმუნები 118:73—80). თუ ნამდვილად ვენდობით ჩვენს შემოქმედს, არ შევრცხვებით. მაგრამ სხვათა ქმედების გამო ნუგეში გვჭირდება და შეიძლება ვილოცოთ: „შერცხვეთ ამპარტავნებს“ (ფსალმუნები 118:76—78). როდესაც იეჰოვა არცხვენს ასეთებს, აშკარა ხდება მათი ბოროტი საქმეები და განიწმინდება ღვთის წმინდა სახელი. შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ღვთის ხალხის მდევნელები ვერაფერს მიაღწევენ. მაგალითად, მტრებმა ვერასოდეს მოსპეს იეჰოვას მოწმეები, რომლებიც მთელი იგავები 3:5, 6).
გულით ენდობიან ღმერთს, და ვერც ვერასოდეს მოსპობენ მათ (22. რა გაგებით იყო ფსალმუნმომღერალი „კვამლში დაკიდებული ტიკივით“?
22 დევნის დროს ღვთის სიტყვა გვიძლიერებს ღვთისადმი ნდობას (ფსალმუნები 118:81—88). იმ ამპარტავანი ადამიანების გამო, რომლებიც მას დევნიდნენ, ფსალმუნმომღერალი „კვამლში დაკიდებული ტიკივით“ (აქ) გრძნობდა თავს (ფსალმუნები 118:83, 86). ბიბლიურ დროში ტიკებს წყლის, ღვინისა და სხვა სითხეების ჩასასხმელად იყენებდნენ. თუ ცარიელ ტიკებს ცეცხლთან ახლოს ისეთ ოთახში დაკიდებდნენ, რომელშიც კვამლი სათანადოდ არ გადიოდა გარეთ, ისინი იჭმუჭნებოდა. რთულ მდგომარეობაში ყოფნის ან დევნის გამო თქვენც „კვამლში დაკიდებული ტიკივით“ ხომ არ გიგრძნიათ თავი? თუ დიახ, მიენდეთ იეჰოვას და ილოცეთ: „შენი წყალობით მაცოცხლე და დავიცავ მოწმობებს შენი პირისას“ (ფსალმუნები 118:88).
23. მოკლედ აღნიშნეთ, რა განვიხილეთ ფსალმუნების 118:1—88-ში და რა კითხვა შეიძლება დავუსვათ საკუთარ თავს ფსალმუნების 118:89—176-ის განხილვის მოლოდინში?
23 ას მეთვრამეტე ფსალმუნის პირველი ნახევრის განხილვიდან დავინახეთ, რომ იეჰოვა სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთეს ავლენს თავისი მსახურების მიმართ, რადგან ისინი ენდობიან მის სიტყვას და ძალიან უყვართ მისი წესები, მცნებები და კანონები (ფსალმუნები 118:16, 47, 64, 70, 77, 88). ღმერთს სიამოვნებს, როდესაც მისი ერთგულები მის სიტყვებს იცავენ (ფსალმუნები 118:9, 17, 41, 42). ამ გამომაცოცხლებელი ფსალმუნის მეორე ნახევრის შესწავლის მოლოდინში შეგიძლიათ ჰკითხოთ საკუთარ თავს: ნამდვილად ვაძლევ იეჰოვას სიტყვას იმის საშუალებას, რომ გზა გამინათოს?
[სქოლიოები]
^ აბზ. 2 აქ საუბარია იეჰოვას ცნობაზე და არა მთლიან ბიბლიაზე — ღვთის სიტყვაზე.
როგორ უპასუხებდით?
• რაზეა დამოკიდებული ნამდვილი ბედნიერება?
• როგორ გვეხმარება იეჰოვას სიტყვა სულიერი უბიწოების შენარჩუნებაში?
• როგორ გვინერგავს ღვთის სიტყვა გაბედულებას და როგორ გვანუგეშებს ის?
• რატომ უნდა გვქონდეს იეჰოვასადმი და მისი სიტყვისადმი რწმენა?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 11 გვერდზე]
რუთი, რახაბი და ბაბილონში გადასახლებული ებრაელი ახალგაზრდები ‘ღვთის სიტყვას იცავდნენ’.
[სურათი 12 გვერდზე]
პავლე გაბედულად ‘ლაპარაკობდა ღვთის შეხსენებებზე მეფეთა წინაშე’.