მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
ნუთუ მოციქული პავლე დათმობაზე წავიდა ქრისტიანულ რწმენასთან დაკავშირებით, როდესაც სინედრიონის წინაშე თქვა: „მე ფარისეველი ვარ“?
უკეთ რომ გავიგოთ პავლეს სიტყვები, რომლებიც საქმეების 23:6-შია ჩაწერილი, განვიხილოთ ამ მუხლის კონტექსტი.
იუდეველთაგან შემდგარი ბრბო პავლეს თავს ესხმის. ამის შემდეგ იგი სიტყვით მიმართავს მათ. საკუთარი თავის შესახებ პავლე ამბობს, რომ განათლება მიღებული აქვს იერუსალიმში „გამალიელის ფეხებთან“ და „მამაპაპისეული კანონის სიმკაცრით“ არის განსწავლული. თავიდან იუდეველები უსმენენ პავლეს, მაგრამ შემდეგ ისინი აურზაურს ტეხენ. მდგომარეობა იმდენად იძაბება, რომ ათასისთავის ბრძანებით პავლე ყაზარმაში მიჰყავთ. აქ პავლეს გაშოლტვას უპირებენ, მაგრამ ამ დროს ის ამბობს: „განა გაქვთ იმის უფლება, რომ რომაელი კაცი გაუსამართლებლად გაშოლტოთ?“ (საქმეები 21:27—22:29).
მომდევნო დღეს ათასისთავს პავლე მიჰყავს იუდეველთა უმაღლესი სასამართლოს — სინედრიონის — წინაშე წარსადგომად. პავლემ ყურადღებით გადახედა მათ. ის ხედავს, რომ სინედრიონი სადუკევლებისა და ფარისევლებისგან შედგება. შემდეგ კი ამბობს: „ძმებო, მე ფარისეველი ვარ, ფარისევლების შვილი. მკვდრეთით აღდგომის იმედის გამო მასამართლებენ“. შედეგად, ფარისევლებსა და სადუკევლებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა, ‘რადგან სადუკეველები ამბობდნენ, რომ არ არსებობდა არც აღდგომა, არც ანგელოზი და არც სული, ფარისევლები კი ამ ყველაფერს აღიარებდნენ’. ფარისევლების მხრიდან ზოგი ცხარე კამათს იწყებს და ამბობს: „ამ კაცს ვერანაირი დანაშაული ვერ ვუპოვეთ“ (საქმეები 23:6—10).
პავლე თავგანწირულ ქრისტიანად იყო ცნობილი და ამიტომ სინედრიონს ვერ დაარწმუნებდა იმაში, რომ ერთ დროს ის აქტიური ფარისეველი იყო. სასამართლო დარბაზში მყოფი ფარისევლები კი თავიანთ წევრად ვერ ჩათვლიდნენ ისეთ ადამიანს, რომელიც დათმობაზე მიდიოდა და სწავლებებს ამახინჯებდა. აქედან გამომდინარე, პავლეს სიტყვებს იმის შესახებ, რომ ფარისეველი იყო, როგორც ჩანს, განსაზღვრული მნიშვნელობა ჰქონდა. ლოგიკურია, რომ იქ მყოფი ფარისევლებიც ამ მნიშვნელობით გაიგებდნენ მის სიტყვებს.
პავლემ აღნიშნა, რომ მას მკვდრეთით აღდგომის იმედის გამო ასამართლებდნენ. ეს სიტყვები მან აშკარად იმის აღსანიშნავად თქვა, რომ ამ მხრივ მას და ფარისევლებს საერთო შეხედულება ჰქონდათ. ამ თემასთან დაკავშირებით პავლეს მრწამსი ემთხვეოდა ფარისევლების მრწამსს. სადუკეველებს კი, მათგან განსხვავებით, არ სწამდათ აღდგომა.
მკვდრეთით აღდგომასთან, ანგელოზებთან და „მოსეს კანონის“ სხვა საკითხებთან დაკავშირებით ფარისეველთა შეხედულება არ ეწინააღმდეგებოდა იმას, რაც სწამდა პავლეს როგორც ქრისტიანს (ფილიპელები 3:5). ასე რომ, პავლეს მხოლოდ ამ გაგებით შეეძლო საკუთარი თავი დაეკავშირებინა ფარისევლებთან და სინედრიონის წევრებიც მის სიტყვებს ასეთი მნიშვნელობით გაიგებდნენ. მან თავისი წარმომავლობა მოიხსენია, ვინაიდან იუდეველთა უმაღლესი სასამართლოს წევრებს წინასწარ შექმნილი უარყოფითი აზრი ჰქონდათ.
პავლე რწმენასთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წასულა. ამის დამადასტურებელი უძლიერესი არგუმენტი ის არის, რომ იეჰოვა შემდეგშიც კეთილგანწყობილი იყო მისდამი. ზემოთ დასმულ კითხვაში მოცემული სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, მეორე ღამეს, პავლეს იესო გამოეცხადა. იესომ მას უთხრა: „გამაგრდი! როგორც იერუსალიმში ამოწმებდი საფუძვლიანად ჩემ შესახებ, ასევე უნდა დაამოწმო რომშიც“. დიახ, ღმერთი იწონებდა პავლეს მსახურებას. ამიტომ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქრისტიანულ მრწამსთან დაკავშირებით პავლე დათმობაზე არ წასულა (საქმეები 23:11).