უსაზღვროდ დიდი ცოდნა — ხანმოკლე სიცოცხლე?
უსაზღვროდ დიდი ცოდნა — ხანმოკლე სიცოცხლე?
დასავლეთ აფრიკაში მისიონერი წყვილი ზღვის ნაპირთან იჯდა და ვერცხლისფერ მთვარეს შეჰყურებდა. „რამდენი რამ იცის ადამიანმა მთვარის შესახებ და კიდევ რამდენს გაიგებს მომავალში“, — თქვა ქმარმა.
ცოლმა კი დასძინა: „რამდენი რამ იციან ადამიანებმა დედამიწის შესახებ. წარმოიდგინე, კიდევ რამდენს ისწავლიდნენ, ისე რომ შეეძლოთ დედამიწაზე დაკვირვება, როგორც მთვარეზე. დაფიქრდი, მარტო დედამიწა კი არ მოძრაობს მზის გარშემო, არამედ მთელი მზის სისტემაა მოძრაობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროს ზუსტად ერთსა და იმავე წერტილში შესაძლოა აღარასოდეს აღმოვჩნდეთ. ფაქტობრივად, სივრცეში ჩვენი დღევანდელი ადგილმდებარეობის დადგენა ციური სხეულების (მზისა და სხვა ვარსკვლავების) მეშვეობით შეგვიძლია. გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით უდიდეს ცოდნას ვფლობთ, მაგრამ, სინამდვილეში, არც კი ვიცით ჩვენი ზუსტი ადგილმდებარეობა!“.
ეს მხოლოდ რამდენიმე საკითხია ფუნდამენტალური ჭეშმარიტებებიდან. როგორც ვხედავთ, სასწავლი ჯერ კიდევ ბევრია. ცხადია, თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად რაღაც ახალს სწავლობს. თუმცა, რამდენიც უნდა ვისწავლოთ, მაინც ვერ შევძლებთ ყველაფრის ისე სწრაფად ათვისებას, როგორც გვინდა.
ისიც აღსანიშნავია, რომ დღითი დღე იზრდება არა მარტო ახალი, არამედ ძველი ინფორმაციის შენახვისა და გავრცელების შესაძლებლობებიც. თანამედროვე ტექნიკის წყალობით ადამიანების მიერ დაგროვილმა ცოდნამ უდიდეს მასშტაბებს მიაღწია. დღეს კომპიუტერის მყარ დისკებზე იმდენად დიდი მოცულობის ინფორმაციის დატევაა შესაძლებელი, რომ მათ აღსაწერად ახალი მათემატიკური ტერმინების გამოგონება გახდა საჭირო. მარტივ კომპაქტ-დისკ CD-ROM-ს უზარმაზარი ინფორმაციის შენახვა შეუძლია. მისი მეხსიერების მოცულობა 680 ან უფრო მეტი მეგაბაიტია. სტანდარტულ DVD-ს შვიდჯერ მეტი ინფორმაციის შენახვა შეუძლია, ვიდრე CD-ROM-ს; იმედოვნებენ, რომ ზოგი დისკის მეხსიერების მოცულობა მომავალში უფრო გაიზრდება.
დღეს ინფორმაციის გადაცემის წარმოუდგენლად ბევრი საშუალება არსებობს. როტაციული საბეჭდი მანქანები არნახული სიჩქარით მოძრაობენ, რის შედეგადაც უამრავი ჟურნალ-გაზეთი და წიგნი იბეჭდება. ინტერნეტით სარგებლობისას თაგვის კლავიშზე თითის რამდენჯერმე დაჭერით ადამიანს უსაზღვროდ დიდი ინფორმაციის მოპოვება შეუძლია. ამ და ბევრი სხვა საშუალებით უფრო სწრაფად ხდება ინფორმაციის გავრცელება, ვიდრე მისი ათვისება. ინფორმაციას ზოგჯერ ზღვას ადარებენ. როგორც წარმოუდგენელია ზღვის ჩაყლაპვა, ისევე შეუძლებელია დღეს არსებული მთელი ინფორმაციის ათვისება. უმჯობესია ამ „ზღვაში“ ცურვა ვისწავლოთ. რადგან უსაზღვროდ დიდი ინფორმაციის
ეპოქაში ვცხოვრობთ, უნდა ვიცოდეთ, როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი.გარჩევის უნარი იმიტომაც გვჭირდება, რომ ხელმისაწვდომი ინფორმაციის დიდი ნაწილი ყოველთვის არ არის სასარგებლო. სინამდვილეში, ზოგი ინფორმაცია არასასურველია და არც კი ღირს, იცოდე მის შესახებ. გახსოვდეთ, რომ ცოდნა ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაა — კარგი იქნება თუ ცუდი, სასარგებლო თუ ზიანის მომტანი. გაუგებრობას ისიც ქმნის, რომ ბევრი სინამდვილედ მიიჩნევს იმას, რაც არასწორია. რამდენჯერ ყოფილა, რომ პატივდებული და ავტორიტეტული ადამიანების მტკიცებებიც კი მოგვიანებით მცდარი აღმოჩენილა! მაგალითად, ძველ ეფესოში ქალაქის მწერალს ხალხი მცოდნე და ავტორიტეტულ პიროვნებად მიიჩნევდა. ერთხელ მან განაცხადა: „ვინ არ იცის, რომ ეფესოელების ქალაქი იცავს დიდი არტემიდას ტაძარსა და ცით მოვლენილ გამოსახულებას“ (საქმეები 19:35, 36). როგორც ჩანს, ეს ყველამ იცოდა, და შეიძლება ითქვას, ბევრს ჭეშმარიტებად მიაჩნდა; მაგრამ არტემიდას ტაძარი ცით მოვლენილი გამოსახულება არ ყოფილა. წმინდა წერილები აფრთხილებს ქრისტიანებს, თავი დაიცვან «„ცოდნაში“ არსებული წინააღმდეგობებისგან“» (1 ტიმოთე 6:20).
ცოდნის მიღებასთან დაკავშირებით გარჩევის უნარი ყველაზე მეტად იმიტომ უნდა გვქონდეს, რომ დღევანდელი ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. უდავოა, რომ ასაკის მიუხედავად, სურვილი გაქვთ, ცოდნა სხვადასხვა სფეროში გაიღრმავოთ. თუმცა კარგად გესმით, რომ ჩვენი ხანმოკლე სიცოცხლე არ გვაძლევს ამის საშუალებას.
გადაიჭრება ოდესმე ეს პრობლემა? ხელმისაწვდომია ისეთი შემეცნება, რომელიც სიცოცხლეს გაგვიხანგრძლივებს და მარადიულად ცხოვრების საშუალებას მოგვცემს? შესაძლებელია დღეს ასეთი ცოდნის შეძენა? ყველას შეუძლია მისი მიღება? დადგება ისეთი დრო, როდესაც ყველანაირი ინფორმაცია ანუ ცოდნა უტყუარი იქნება? სტატიის დასაწყისში მოხსენიებულმა მისიონერმა წყვილმა ამ კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები იპოვა; ეს თქვენთვისაც შესაძლებელია. მომდევნო სტატიაში დაინახავთ, რომ თქვენ გაქვთ ცოდნის მარადიულად მიღების შესაძლებლობა.