ფილონ ალექსანდრიელი წმინდა წერილებს საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევდა
ფილონ ალექსანდრიელი წმინდა წერილებს საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევდა
ალექსანდრე მაკედონელი ძვ. წ. 332 წელს თავისი ჯარებით ეგვიპტეში შეიჭრა. მსოფლიოს დასაპყრობ გზაზე, აღმოსავლეთის დალაშქვრამდე, მან დააფუძნა ქალაქი, რომელსაც სახელად ალექსანდრია უწოდა. ეს ქალაქი ელინისტური კულტურის ცენტრი გახდა. იქ, დაახლოებით ძვ. წ. 20 წელს, დაიბადა სხვა დამპყრობელი, რომლის საბრძოლო იარაღიც მახვილი და შუბი კი არ იყო, არამედ ფილოსოფიური ლოგიკა. დღეს ის ცნობილია როგორც ფილონ ალექსანდრიელი ანუ ფილონ იუდეველი, ვინაიდან წარმოშობით ის ებრაელი იყო.
ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურების შემდეგ ბევრი იუდეველი ეგვიპტეში გადავიდა საცხოვრებლად. ალექსანდრიაში ათასობით იუდეველი ცხოვრობდა. მაგრამ იუდეველებსა და ბერძნებს შორის უთანხმოებები იყო. იუდეველები უარს ამბობდნენ ბერძნების ღვთაებების თაყვანისცემაზე, მაშინ როცა ბერძნები დასცინოდნენ ებრაულ წერილებს. ფილონმა კარგად იცოდა ამ დაპირისპირების შესახებ, რადგან ბერძნული განათლება ჰქონდა მიღებული და ებრაულად იყო აღზრდილი. მას სწამდა, რომ იუდაიზმი ჭეშმარიტი რელიგია იყო. მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, ფილონმა მშვიდობიანი გზა აირჩია უცხოტომელების ღმერთთან მისაყვანად. მას სურდა, რომ იუდაიზმი მათთვის მისაღები გაეხადა.
ახალი შეხედულება ძველ წერილებზე
ალექსანდრიაში მცხოვრები მრავალი სხვა იუდეველის მსგავსად, ფილონისთვის მშობლიური ენა ბერძნული იყო. ამიტომ თავის გამოკვლევებს მან საფუძვლად დაუდო სეპტუაგინტა — ებრაული წერილების ბერძნული თარგმანი. სეპტუაგინტის ტექსტის შესწავლისას ის იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ტექსტი ფილოსოფიურ ელემენტებს შეიცავდა და მოსე „გენიალური ფილოსოფოსი“ იყო.
საუკუნეებით ადრე, ბერძენმა მოაზროვნეებმა აღმოაჩინეს, რომ თქმულებები ღმერთებსა და ქალღმერთებზე — მათ უძველეს მითოლოგიაში არსებულ გოლიათებსა და დემონებზე — ძნელად აღსაქმელი იყო. მათ ამ ძველი თქმულებების ახლებურად გადაკეთება დაიწყეს. ძველი ბერძნული კულტურის შემსწავლელმა მეცნიერმა, ჯეიმს დრამონდმა, მათი მეთოდების შესახებ აღნიშნა: „ფილოსოფოსი ეძებდა ძნელად მისაგნებ აზრს, რომელიც მითოლოგიური თქმულების სიღრმეში იმალებოდა და საშინელი უაზრობიდან და სისულელედან ასკვნიდა, რომ მათ ავტორებს, ალბათ, განზრახული ჰქონდათ, ზოგიერთი ღრმა აზრი ან ჭკუის სასწავლებელი ჭეშმარიტება დაენახვებინათ ამგვარი ფიგურალური ენის გამოყენებით“. ამ პროცესს ალეგორიული ინტერპრეტაცია ეწოდა და ფილონმაც წმინდა წერილების ასახსნელად მისი გამოყენება სცადა.
მაგალითისთვის ვნახოთ დაბადების 3:21, სადაც ნათქვამია: „გაუმზადა უფალმა ღმერთმა ადამსა და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი, და შემოსა ისინი“ (დაბადება 3:21). ბერძნებს მიაჩნდათ, რომ უზენაესი ღმერთისთვის ტანსაცმლის კეთება ღვთის ღირსებას არ შეეფერებოდა. ამიტომ, ფილონმა ამ მუხლს სიმბოლური ახსნა მოუძებნა და თქვა, რომ „ტყავის სამოსელი ჩვენი ნამდვილი კანის სიმბოლო იყო, ანუ, ასე ვთქვათ ჩვენს სხეულს განასახიერებდა; ღმერთმა ყველაზე უწინარეს შექმნა ინტელექტი, რომელსაც ადამი უწოდა; შემდეგ შექმნა გრძნობები, რომელთაც სიცოცხლე დაარქვა. საბოლოოდ კი, აუცილებლობის გამო, სხეულიც შექმნა, რომელსაც სიმბოლურად ტყავის სამოსელი უწოდა“. ამგვარად, ფილონმა სცადა ფილოსოფიური ახსნა მოეძებნა ადამისა და ევას შემოსვასთან დაკავშირებით ღვთის საქმიანობისთვის.
განვიხილოთ აგრეთვე დაბადების 2:10—14, სადაც აღწერილია, თუ რა წყლის საშუალებით ირწყვებოდა ედემის ბაღი და მოხსენიებულია ოთხი მდინარე, რომლებიც ბაღიდან გაედინებოდა. ფილონი ცდილობდა დაენახა ის, რაც ამ სიტყვებს მიღმა იყო და ბაღის პეიზაჟის აღწერილობას ძალიან გასცდა. თავად ლანდშაფტის აღწერის შემდეგ მან თქვა: „შესაძლოა ამ მონაკვეთსაც ალეგორიული მნიშვნელობა აქვს; ეს ოთხი მდინარე ოთხ სათნოებაზე მიუთითებს“. ის ვარაუდობდა, რომ მდინარე ფიშონით წარმოდგენილი იყო კეთილგონიერება, მდინარე გიხონი თავშეკავების სიმბოლო იყო, ტიგროსი ასიმბოლოებდა სულის სიმტკიცეს, ხოლო ევფრატი სამართლიანობაზე მიუთითებდა. ასეთი სახით, სიმბოლიზმმა გეოგრაფია განდევნა.
ფილონმა ალეგორიული ახსნა მოუძებნა შემოქმედების შესახებ ცნობას, კაენის მიერ აბელის მოკვლას, ნოეს დღეებში მომხდარ წარღვნას, ბაბილონში ენების არევას და მოსეს რჯულში ჩაწერილ მრავალ მითითებას. როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდანაც ჩანს, ხშირად ბიბლიაში ჩაწერილ მუხლებს პირდაპირი გაგებით იღებდა და შემდეგ მათი სიმბოლური მნიშვნელობის ახსნას იწყებდა ისეთი სიტყვებით, როგორიცაა: „შესაძლოა, მართებული იყოს, რომ ამ ყველაფერს შევხედოთ, როგორც ალეგორიას“. სამწუხაროა, რომ ფილონის
ნაშრომებში სიმბოლიზმმა წინა პლანზე წამოიწია და ამით წმინდა წერილებში ჩაწერილი ნათელი აზრები დაჩრდილა.ვინ არის ღმერთი?
ღვთის არსებობის დასამტკიცებლად ფილონს ძლიერი არგუმენტები მოჰყავდა. დედამიწის, მდინარეების, პლანეტებისა და ვარსკვლავების აღწერის შემდეგ მან ასეთი დასკვნა გააკეთა: „სამყარო ოდესმე შესრულებული საქმეებიდან ყველაზე დიდი ხელოვნებითა და ოსტატობითაა შესრულებული, თითქოს ის ისეთმა ვინმემ შექმნა, ვისაც მთელ სამყაროში ყველაზე დიდი გამოცდილება და სრულყოფილი ცოდნა აქვს. აი, რატომ ვართ ღვთის არსებობაში დარწმუნებულები“. მართლაც რა გონივრული აზრია (რომაელები 1:20).
მაგრამ, ყოვლისშემძლე ღვთის ბუნებაზე მსჯელობისას ფილონი ჭეშმარიტებას ძალიან დაშორდა. ის ამტკიცებდა, რომ ღმერთს „არანაირი განმასხვავებელი თვისებები არა აქვს“ და მისი „შეცნობა შეუძლებელია“. როცა სხვები ცდილობდნენ ღვთის შესახებ რაიმე გაეგოთ, ფილონი გულს უცრუებდა მათ, რადგან ეუბნებოდა, რომ „ღვთის პიროვნების ან მის განმასხვავებელი თვისებების გასაგებად ძალისხმევის მოხმარება ძალიან დიდი სისულელე იყო“. ასეთ დასკვნამდე ფილონი მივიდა არა ბიბლიაზე დაყრდნობით, არამედ წარმართი ფილოსოფოსის, პლატონის, გავლენით.
ფილონი ღმერთს იმდენად მიუწვდომლად თვლიდა, რომ მისთვის პირადი სახელით მოხმობა უაზრობად მიაჩნდა. ის ამბობდა: „ამიტომ, საღი აზრიდან გამომდინარე, ვერანაირ შესაფერის სახელს ვერ მივაკუთვნებთ მას, ვინც ნამდვილად ცოცხალი ღმერთია“. მაგრამ ეს რეალურ ფაქტს არ შეესაბამება!
ბიბლია ნათლად ამბობს, რომ ღმერთს საკუთარი სახელი აქვს. ფსალმუნების 82:19-ში ნათქვამია: «მიხვდებიან, რომ შენი სახელია უფალი [„იეჰოვა“, აქ], მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე». ესაიას 42:8-ში კი ღმერთი თავად ამბობს: «მე ვარ უფალი [„იეჰოვა“, აქ]. ეს არის ჩემი სახელი». რატომ ასწავლიდა იუდეველი ფილონი, რომელმაც მშვენივრად იცოდა ბიბლიის ეს მუხლები, რომ ღმერთს სახელი არა აქვს? იმიტომ, რომ ის აღწერდა არა ბიბლიის ღმერთს, არამედ ბერძნული ფილოსოფიის უსახელო, მიუწვდომელ ღვთაებას.
რა არის სული?
ფილონი ასწავლიდა, რომ სული სხეულისგან გამოყოფილია. მისი სიტყვების თანახმად, ადამიანი „სხეულისგან და სულისგან შედგება“. შესაძლებელია, რომ სული მოკვდეს? აი, როგორ ხსნის ფილონი ამას: „როცა ჩვენ ცოცხლები ვართ, ჩვენი სხეულია ცოცხალი, ჩვენი სული კი მკვდარია და სხეულში ისეა დამარხული, როგორც საფლავში. მაგრამ, როგორც კი სხეული კვდება, ჩვენი სული ცოცხლდება და თავისუფლდება ბოროტი და მკვდარი სხეულისაგან, რომელიც ბოჭავდა მას და ისე ცხოვრობს, როგორც უნდა ეცხოვრა“. ფილონის აზრით, სული სიმბოლურად კვდება, სინამდვილეში კი, ის უკვდავია.
მაგრამ, რას ასწავლის ბიბლია სულთან დაკავშირებით? დაბადების 2:7-ში ნათქვამია: «გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად [„სულად“, აქ]». ბიბლიის თანახმად, ადამიანებს არა აქვთ სული; ისინი თავად არიან სულები.
ბიბლია აგრეთვე ასწავლის, რომ სული უკვდავი არ არის. ეზეკიელის 18:4-ში წერია: „შემცოდავი სული მოკვდება“. ამ მუხლიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ: ადამიანი არის სული. ამიტომ, როცა ადამიანი კვდება, სული კვდება (დაბადება 19:19) *.
სიკვდილის შემდეგ იუდეველებს დიდხანს არ ხსომებიათ ფილონი. მაგრამ ქრისტიანულმა სამყარომ ის „გულში ჩაიხუტა“. ევსები კესარიელი და ეკლესიის სხვა მოაზროვნეები თვლიდნენ, რომ ფილონი ქრისტიანი გახდა. იერონიმემ ის ეკლესიის მამებს შორის მოიხსენია. ასე რომ, ფილონის ნაშრომები იუდეველებმა კი არა, განდგომილმა ქრისტიანებმა შემოინახეს.
ფილონის ნაშრომებმა სერიოზული რელიგიური გარდაქმნები გამოიწვია. მისი გავლენით ნომინალურმა ქრისტიანობამ სულის უკვდავების შესახებ არაბიბლიური სწავლება შეითვისა. დაბოლოს, ფილონის სწავლებამ ლოგოსის (ანუ სიტყვის) შესახებ ხელი შეუწყო განდგომილი ქრისტიანების
არაბიბლიური დოგმატის — სამების — ჩამოყალიბებას.ნუ მოტყუვდებით
ფილონის სიტყვების თანახმად, ებრაული წერილების გამოკვლევისას მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ „არ გამოეტოვებინა არც ერთი ალეგორიული მნიშვნელობა, რაც შემთხვევით შეიძლებოდა ჩვეულებრივ სიტყვაში ყოფილიყო ნაგულისხმევი“. მაგრამ ღვთის კანონთან დაკავშირებით მოსემ მეორე რჯულის 4:2–ში თქვა: „არ დაამატოთ მას არაფერი, რასაც მე გამცნებთ თქვენ, და არც მოაკლოთ. რათა დაიცვათ მცნებანი უფლისა, თქვენი ღმერთისა, რომელთაც მე გამცნებთ თქვენ“. ფილონს, ალბათ, კეთილი განზრახვები ამოძრავებდა, მაგრამ მან საღვთო წერილს სქელი ბურუსივით დაადო თავისი შეხედულებები, რომლებმაც ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვის ნათელი მითითებები გააბუნდოვნა.
„როდესაც გაუწყეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძალისა და იმ დროის შესახებ, როცა ის მოსული იქნება, ოსტატურად შეთხზულ ზღაპრებს კი არ ვიყავით აყოლილნი“, — თქვა მოციქულმა პეტრემ (2 პეტრე 1:16). ფილონის ნაშრომებისგან განსხვავებით, პირველი ქრისტიანებისთვის პეტრეს მიერ მიცემული მითითებები დაფუძნებული იყო ფაქტებზე და ღვთის სულიწმიდის, „ჭეშმარიტების სულის“, ხელმძღვანელობაზე, რომელსაც ისინი ყოველგვარი ჭეშმარიტებისკენ მიჰყავდა (იოანე 16:13).
თუ ღვთისადმი თაყვანისცემამ დაგაინტერესათ, თქვენ სწორი ხელმძღვანელობა გჭირდებათ და არა ადამიანთა აზროვნებაზე დაფუძნებული ინტერპრეტაციები. თქვენ გჭირდებათ ზუსტი შემეცნების მიღება იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ; ამასთან თავმდაბლობაც არის საჭირო, რომ გულწრფელი მკვლევარი იყოთ. თუ ბიბლიის შესწავლისადმი ასეთი ჯანსაღი დამოკიდებულება გექნებათ, გეცოდინებათ „წმინდა წერილები, რომლებსაც ქრისტე იესოში რწმენით შეუძლია . . . დაბრძენება გადასარჩენად“. თქვენ დაინახავთ, რომ ღვთის სიტყვას შეუძლია გაგხადოთ „ყოველმხრივ მომზადებული . . . ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმოთე 3:15—17).
[სქოლიოები]
^ აბზ. 18 1910 წელს გამოცემულ „ებრაულ ენციკლოპედიაში“ სულის თაობაზე ნათქვამია: „იმის მტკიცება, რომ სხეულის სიკვდილის შემდეგ სული სიცოცხლეს განაგრძობს, უფრო ფილოსოფიური ან თეოლოგიური შეხედულებაა, ვიდრე რწმენის საძირკველი და, შესაბამისად, ამ იდეას წმინდა წერილები არ ასწავლის“.
[ჩარჩო/სურათი 10 გვერდზე]
ფილონის მშობლიური ქალაქი
ფილონი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ეგვიპტის ალექსანდრიაში. საუკუნეების განმავლობაში ეს ქალაქი მსოფლიო მეცნიერების ცენტრი იყო.
მოსწავლეები განათლებას იღებდნენ გამოჩენილ სწავლულებთან, რომლებიც ქალაქის სკოლებში ასწავლიდნენ. ალექსანდრიის ბიბლიოთეკას მთელ მსოფლიოში ჰქონდა სახელი განთქმული. ის ასობით ათას წიგნს შეიცავდა, რადგან მისი ბიბლიოთეკარები ცდილობდნენ, ყველა დაწერილი დოკუმენტის ასლი მოეპოვებინათ.
მოგვიანებით, მსოფლიოში სახელგანთქმული ალექსანდრიისა და მისი სამეცნიერო საგანძურისადმი ყურადღებამ თანდათანობით იკლო. რომის იმპერატორმა უპირატესობა თავის ქალაქს, რომს, მიანიჭა და კულტურის ცენტრმაც ევროპაში გადაინაცვლა. ალექსანდრიის დიდების მზე საბოლოოდ ჩვ. წ. მეშვიდე საუკუნეში ჩაესვენა, როდესაც დამპყრობებმა დააქციეს ის. ისტორიკოსები გლოვობენ იმ დღეს, როგორც სახელგანთქმული ბიბლიოთეკის დაკარგვის დღეს, რამაც, ზოგიერთი შეფასების თანახმად, ცივილიზაცია 1000 წლით შეაფერხა.
[საავტორო უფლება]
L. Chapons/Illustrirte Familien-Bibel nach der deutschen Uebersetzung Dr. Martin Luthers
[ჩარჩო/სურათი 12 გვერდზე]
ალეგორიული განმარტება დღეს
ალეგორია, ჩვეულებრივ, ნიშნავს „აზრის იგავით, ქარაგმით, გადაკვრით გამოთქმას“. როგორც ცნობილია, ნაწარმოებები, რომლებშიც ალეგორია გამოიყენება, სიმბოლურად გამოთქმულ ძალიან ღრმა აზრებს შეიცავს, რომლებიც შენიღბულია. ფილონ ალექსანდრიელის მსგავსად, ზოგიერთი თანამედროვე რელიგიური წინამძღოლიც ალეგორიულ განმარტებებს იყენებს ბიბლიის ასახსნელად.
მაგალითად, განვიხილოთ დაბადების 1—11 თავები, სადაც მოთხრობილია კაცობრიობის ისტორია შემოქმედებიდან ბაბილონის კოშკის მშენებლობისას ადამიანთა გაფანტვამდე. „ახალი ამერიკული ბიბლიის“ კათოლიკური თარგმანი ამ ნაწილის შესახებ ამბობს: „იმისათვის, რომ ამ თავებში ჩაწერილი ჭეშმარიტება გასაგები ყოფილიყო ისრაელებისთვის, რომელთაც უნდა შემოენახათ ის, საჭირო იყო ისინი ისეთი ენით დაწერილიყო, როგორიც, ჩვეულებრივ, მიღებული იყო იმ დროს ადამიანთა შორის. ამიტომ, საჭიროა ჭეშმარიტებას სრულად გავხადოთ ლიტერატურული სამოსი“. აქ საუბარია იმაზე, რომ დაბადების 1—11 თავები პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. ესე იგი, ტანსაცმლის მსგავსად, რომელიც სხეულს მალავს, ეს სიტყვები ღრმა აზრებს მალავენ.
მაგრამ იესო ასწავლიდა, რომ დაბადების წიგნის ეს პირველი თავები პირდაპირი გაგებით შეესაბამებოდა ჭეშმარიტებას (მათე 19:4—6; 24:37—39). მოციქულებს, პავლეს და პეტრეს, ამგვარი შეხედულება ჰქონდათ მათზე (საქმეები 17:24—26; 2 პეტრე 2:5; 3:6, 7). ბიბლიის გულწრფელი მკვლევარები უარყოფენ ისეთ განმარტებებს, რომლებიც არ შეესაბამება მთლიანობაში ღვთის სიტყვას.
[სურათი 9 გვერდზე]
ალექსანდრიის შუქურა.
[საავტორო უფლება]
Archives Charmet/Bridgeman Art Library