შინაგანი სიმშვიდის ძიებაში
შინაგანი სიმშვიდის ძიებაში
ალბერტი ბედნიერი იყო, რადგან მოსიყვარულე ცოლი და ორი შესანიშნავი ბავშვი ჰყავდა. თუმცა ზოგჯერ ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს რაღაც აკლდა. იმ დროს, როდესაც სამსახურს ეძებდა, პოლიტიკაში ჩაება და სოციალისტური იდეებით დაინტერესდა. ის კომუნისტური პარტიის აქტიური წევრიც კი გახდა.
მაგრამ მალე ალბერტს კომუნიზმმა იმედები გაუცრუა. მან პოლიტიკასთან კავშირი გაწყვიტა და მთლიანად ოჯახს მიუძღვნა თავი. ცხოვრების აზრს ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე ზრუნვაში ხედავდა. მიუხედავად ამისა, ალბერტი მაინც სიცარიელეს გრძნობდა; ნამდვილ შინაგან სიმშვიდეს ვერ პოულობდა.
ალბერტი ერთადერთი ადამიანი არ არის, ვისაც მსგავსი გრძნობა ეუფლება. სიცოცხლის აზრის ძიებაში მილიონობით ადამიანი სხვადასხვა იდეოლოგიას, ფილოსოფიასა და რელიგიას იკვლევს. 60-იან წლებში დასავლეთის ქვეყნებში ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა — ჰიპებმა — ტრადიციული ზნეობრივი ნორმებისა და საზოგადოებრივი ფასეულობების წინააღმდეგ დაიწყო გამოსვლა. ეს ახალგაზრდები ეძებდნენ ბედნიერებასა და სიცოცხლის აზრს და ფიქრობდნენ, რომ მას გამაბრუებელ ნარკოტიკებსა და ფილოსოფიაში იპოვნიდნენ, რომელსაც, ეგრეთ წოდებული, გურუ და სულიერი მოძღვრები ასწავლიდნენ. მცდელობის მიუხედავად, ჰიპებმა ნამდვილი ბედნიერება ვერ იპოვეს. პირიქით, ახალგაზრდები ნარკოტიკებზე გახდნენ დამოკიდებულნი და სექსუალურ აღვირახსნილობას მიეცნენ. ამან დააჩქარა საზოგადოებაში ზნეობრივი ნორმების დაცემა.
საუკუნეების განმავლობაში ბევრი ბედნიერებას სიმდიდრეში, ძალაუფლებასა თუ განათლებაში ეძებდა. საბოლოოდ ამ ყველაფერს ადამიანი იმედგაცრუებამდე მიჰყავდა. როგორც იესომ თქვა: „ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ ლუკა 12:15). ისინი, ვინც სიმდიდრის მოხვეჭით არიან დაინტერესებულნი, არ არიან ბედნიერები. ბიბლია ამბობს: „ვისაც გამდიდრება აქვს გადაწყვეტილი, ებმება ცდუნებაში, მახეში, ბევრ უგუნურ და მავნებელ სურვილში, რომელიც ღუპავს და ანადგურებს ადამიანებს, რადგან ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია, და ზოგიერთებმა, რომლებმაც ასეთი სიყვარული განივითარეს . . . მრავალი ტკივილი მიაყენეს თავიანთ თავს“ (1 ტიმოთე 6:9, 10).
(მაშ, როგორ შეიძლება შინაგანი სიმშვიდისა და სიცოცხლის აზრის პოვნა? ნუთუ ეს მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე სწავლით არის შესაძლებელი? სიცოცხლის აზრის ძიება სიბნელეში მიზანში სროლის მსგავსი ხომ არ არის? საბედნიეროდ, არა. როგორც მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, ამის მიღწევა შესაძლებელია იმ უმნიშვნელოვანესი მოთხოვნილების დაკმაყოფილებით, რომელიც მხოლოდ ადამიანს აქვს.
[სურათი 3 გვერდზე]
მოგანიჭებთ შინაგან სიმშვიდეს სიმდიდრისკენ, ძალაუფლებისა თუ განათლებისკენ სწრაფვა?