არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„გამოსცადეთ საკუთარი თავი“

„გამოსცადეთ საკუთარი თავი“

„გამოსცადეთ საკუთარი თავი“

„ყოველთვის შეამოწმეთ საკუთარი თავი, რწმენაში ხართ თუ არა, გამოსცადეთ საკუთარი თავი (2 კორინთელები 13:5).

1, 2. ა) თუ ეჭვი გვეპარება ჩვენი მრწამსის ჭეშმარიტებაში, როგორ შეიძლება ამან იმოქმედოს ჩვენზე? ბ) რა შეიძლება ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ პირველ საუკუნეში მცხოვრები კორინთელი ქრისტიანები ვერ გარკვეულიყვნენ, რა გზას დასდგომოდნენ?

მგზავრი გზაჯვარედინს მიადგა. მან არ იცის, რომელი გზა მიიყვანს დანიშნულების ადგილამდე. ის დახმარებისთვის გამვლელებს მიმართავს. ზოგი ერთ გზაზე მიუთითებს, ზოგი — მეორეზე. დაბნეულ მგზავრს ვეღარ გაუგია, რომელი გზით წავიდეს. ჩვენც მსგავს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, თუ ეჭვი გვეპარება ჩვენი შეხედულებების ჭეშმარიტებაში. ასეთმა გაურკვევლობამ შეიძლება ხელი შეგვიშალოს გადაწყვეტილებების მიღებაში და დაგვაეჭვოს, ნამდვილად მივდივართ თუ არა სწორი გზით.

2 პირველ საუკუნეში კორინთში (საბერძნეთი) არსებულ ქრისტიანულ კრებაში მსგავსი სიტუაცია იყო. ეს, ალბათ, უარყოფით გავლენას მოახდენდა კრების ზოგ წევრზე. „უაღმატებულესი“ მოციქულები ეჭვქვეშ აყენებდნენ პავლეს უფლებამოსილებას და ამბობდნენ: „მისი წერილები დამაჯერებელია და ძლიერი, მაგრამ როცა პირადად არის აქ, სუსტია და მისი სიტყვა არარაობაა“ (2 კორინთელები 10:7—12; 11:5, 6). ასეთი თვალსაზრისის გამო, შესაძლოა, კორინთის კრებაში ზოგი ვერ გარკვეულიყო, რა გზას დასდგომოდა.

3, 4. რატომ შეიძლება ჩვენთვისაც სასარგებლო აღმოჩნდეს რჩევა, რომელიც პავლემ კორინთელებს მისცა?

3 პავლემ კორინთში ქრისტიანული კრება ახ. წ. 50 წელს ჩამოაყალიბა. ის იქ „წელიწადი და ექვსი თვე დარჩა და ღვთის სიტყვას ასწავლიდა“. შედეგად „ირწმუნა მრავალმა კორინთელმაც, ვინც ცნობა მოისმინა, და მოინათლა“ (საქმეები 18:5—11). პავლე ძალიან იყო დაინტერესებული კორინთელი ქრისტიანების სულიერი კეთილდღეობით. გარდა ამისა, კორინთელები პავლეს ეკითხებოდნენ რჩევებს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით (1 კორინთელები 7:1). ამიტომ მან მეტად საჭირო მითითებები მისცა.

4 პავლემ კორინთელებს მისწერა: „ყოველთვის შეამოწმეთ საკუთარი თავი, რწმენაში ხართ თუ არა, გამოსცადეთ საკუთარი თავი“ (2 კორინთელები 13:5). ამ რჩევის გამოყენებით კორინთელი ძმები, რომლებიც გაურკვევლობაში იყვნენ, მიხვდებოდნენ, თუ რომელი გზა აერჩიათ. ეს რჩევა ჩვენც დაგვეხმარება. როგორ შეგვიძლია მივყვეთ პავლეს ამ რჩევას? როგორ შეგვიძლია საკუთარი თავის შემოწმება, რწმენაში ვართ თუ არა? რას ნიშნავს, გამოსცადო საკუთარი თავი?

„ყოველთვის შეამოწმეთ საკუთარი თავი, რწმენაში ხართ თუ არა“

5, 6. რომელი ნორმები გვაქვს, რომლებიც გვეხმარება საკუთარი თავის შემოწმებაში, რწმენაში ვართ თუ არა, და რატომაა ისინი საუკეთესო?

5 შემოწმებისთვის საჭიროა ის, რასაც ვამოწმებთ და ნორმები, რის საფუძველზეც უნდა შევამოწმოთ. ამ შემთხვევაში ჩვენი რწმენის ანუ ბიბლიური სწავლებების შემოწმება არ ხდება. ამჯერად ჩვენი შინაგანი პიროვნება მოწმდება. ჩვენ გვაქვს სრულყოფილი ნორმები, რომლებიც საკუთარი თავის შემოწმებაში დაგვეხმარება. ფსალმუნმომღერლის შეთხზული სიმღერა ასე ჟღერს: „იეჰოვას კანონი სრულყოფილია, სულს მოაბრუნებს. იეჰოვას შეხსენება სანდოა, დააბრძენებს გამოუცდელებს. იეჰოვას ბრძანებები სამართლიანია, გულს ახარებს. იეჰოვას მცნება სუფთაა, შუქს აძლევს თვალებს“ (ფსალმუნები 19:7, 8, აქ [18:8, 9]). იეჰოვას სრულყოფილი კანონები, სამართლიანი ბრძანებები, სანდო შეხსენებები და მცნებები ბიბლიაშია ჩაწერილი. ეს ნორმები იდეალური საშუალებაა საკუთარი თავის შესამოწმებლად.

6 მოციქულმა პავლემ ღვთის ინსპირირებული ცნობის შესახებ თქვა: „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი, ნებისმიერ ორლესულ მახვილზე ბასრი და აღწევს ხორცისა და სულის, სახსრებისა და ძვლის ტვინის გაყოფის ადგილამდე და არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრაელები 4:12). დიახ, ღვთის სიტყვას შეუძლია ჩვენი გულის შემოწმება, ანუ იმის დანახვება, სინამდვილეში, როგორები ვართ შინაგანად. როგორ შეგვიძლია ამ ბასრი და ძლიერი იარაღის გამოყენება საკუთარი თავის შესამოწმებლად? ამაზე ფსალმუნმომღერალი ნათელ პასუხს გვცემს. ის მღეროდა: „ბედნიერია კაცი . . . [რომელსაც] იეჰოვას კანონი ანიჭებს . . . სიამოვნებას და ხმადაბლა კითხულობს მის კანონს დღედაღამ“ (ფსალმუნები 1:1, 2, აქ). „იეჰოვას კანონი“ ღვთის სიტყვაში, ბიბლიაშია, მოცემული. იეჰოვას სიტყვის კითხვა სიამოვნებას უნდა გვანიჭებდეს. მის ხმადაბლა წასაკითხად — რაშიც მასზე დაფიქრებაც იგულისხმება — დრო უნდა გამოვყოთ. შემდეგ კი იქ ჩაწერილის მიხედვით შევამოწმოთ, ანუ ვამხილოთ საკუთარი თავი.

7. რომელი ძირითადი საშუალება გვეხმარება იმის შემოწმებაში, რწმენაში ვართ თუ არა?

7 ძირითადი საშუალება, რომელიც გვეხმარება საკუთარი თავის შემოწმებაში, რწმენაში ვართ თუ არა, არის ღვთის სიტყვის კითხვა, მასზე დაფიქრება და იმის გამოკვლევა, თუ რამდენად შეესაბამება ჩვენი ქცევები ბიბლიაში ჩაწერილს. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენთვის მრავალი საშუალებაა ხელმისაწვდომი, რომლებიც ღვთის სიტყვის გაგებაში გვეხმარება.

8. როგორ გვეხმარება „ერთგული და გონიერი მონის“ მოწოდებული პუბლიკაციები, შევამოწმოთ საკუთარი თავი, რწმენაში ვართ თუ არა?

8 იეჰოვა გვასწავლის და მითითებებს გვაძლევს „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებული პუბლიკაციების საშუალებით, რომლებიც ბიბლიის გაგებაში გვეხმარება (მათე 24:45). მაგალითად, წიგნის „დაუახლოვდი იეჰოვას“ * თითქმის ყველა თავის ბოლოში ვხვდებით ჩარჩოს სათაურით, „საფიქრებელი კითხვები“. ეს მართლაც შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს, დავფიქრდეთ იქ მოცემულ საკითხებზე! აგრეთვე, ჩვენს ჟურნალებში „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ უამრავი საკითხია გაშუქებული, რაც გვეხმარება, შევამოწმოთ საკუთარი თავი, რწმენაში ვართ თუ არა. „საგუშაგო კოშკში“ ბოლო დროს გამოქვეყნებულ სტატიებთან დაკავშირებით, რომლებშიც ბიბლიური წიგნი „იგავები“ იყო განხილული, ერთმა ქრისტიანმა ქალმა თქვა: „ეს სტატიები ჩემთვის ძალიან პრაქტიკული აღმოჩნდა. ისინი დამეხმარა, გამომეკვლია, რამდენად შეესაბამებოდა ჩემი მეტყველება, საქციელი და აზროვნება იეჰოვას სამართლიან ნორმებს“.

9, 10. იეჰოვას რომელი ღონისძიებები გვეხმარება საკუთარი თავის შემოწმებაში, რწმენაში ვართ თუ არა?

9 გარდა ამისა, კრების შეხვედრებსა და კონგრესებზეც გვამხნევებენ და გვაძლევენ საჭირო მითითებებს. ეს ის სულიერი ღონისძიებებია, რითაც ღმერთი თავის ხალხს ეხმარება. ამ ხალხის შესახებ ესაიამ იწინასწარმეტყველა: «და იქნება, უკანასკნელ დღეებში განმტკიცდება მთა უფლის სახლისა, მთების სათავეში დადგინდება, და ამაღლდება ბორცვებზე, და დინებას დაიწყებს მისკენ ყველა ერი. და წავლენ მრავალი ხალხები და იტყვიან: „მოდით ავიდეთ უფლის მთაზე . . . და ის გვასწავლის ჩვენ თავის გზებს, და ვივლით მისი ბილიკებით“» (ესაია 2:2, 3). ნამდვილად კურთხევაა, რომ ასეთი საშუალებები გვაქვს, ვისწავლოთ იეჰოვას გზები.

10 სხვა საშუალება საკუთარი თავის შესამოწმებლად ბიბლიური რჩევებია, რომლებსაც სულიერად გამოცდილი ქრისტიანები, მათ შორის უხუცესები, გვაძლევენ. მათ შესახებ ბიბლია ამბობს: „ძმებო, თუ კაცი შეუგნებლად მცდარ ნაბიჯს გადადგამს, თქვენ, ვინც სულიერად გამოცდილები ხართ, შეეცადეთ, მას რბილად მიუდგეთ და გამოასწოროთ. ამავე დროს, საკუთარ თავსაც დაუკვირდით, რათა თავადაც არ ცდუნდეთ“ (გალატელები 6:1). რამდენად მადლიერნი უნდა ვიყოთ ასეთი დახმარებისთვის, რომელიც ჩვენს გამოსწორებას ემსახურება!

11. რა არის საჭირო იმისათვის, რომ შევამოწმოთ საკუთარი თავი, რწმენაში ვართ თუ არა?

11 პუბლიკაციები, ქრისტიანული კრებები, პასუხისმგებელი ძმები — ძვირფასი საჩუქარია იეჰოვასგან. თუმცა, იმისათვის რომ გავიგოთ, ვართ თუ არა რწმენაში, საჭიროა თვითშემოწმება. ამიტომ, როდესაც პუბლიკაციებს ვკითხულობთ, ან ბიბლიურ მითითებებს ვისმენთ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: „ეს მე ხომ არ მეხება?“, „ვაკეთებ ამას?“, „ვმოქმედებ ქრისტიანული რწმენის თანახმად?“ ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს ის, თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებული სულიერი სწავლებისადმი. „ხორციელი ადამიანი არ იღებს იმას, რაც ღვთის სულისგან არის, რადგან ეს უგუნურებად მიაჩნია, — ნათქვამია ბიბლიაში. — სულიერი ადამიანი კი ყველაფერს განსჯის“ (1 კორინთელები 2:14, 15). განა მადლიერნი არ უნდა ვიყოთ იმ სწავლებისთვის, რომელიც ჩვენი პუბლიკაციებიდან, კრების შეხვედრებიდან ან უშუალოდ უხუცესებისგან გვეძლევა?

„გამოსცადეთ საკუთარი თავი“

12. რას ნიშნავს საკუთარი თავის გამოცდა?

12 საკუთარი თავის გამოცდა საკუთარი თავის შეფასებას ნიშნავს. დიახ, შეიძლება ჭეშმარიტებაში ვართ, მაგრამ ვცხოვრობთ ჭეშმარიტების თანახმად? საკუთარი თავის გამოცდა ნიშნავს, დავინახოთ, რამდენად მოწიფულები ვართ და რამდენად ვაფასებთ სულიერ ღონისძიებებს.

13. ებრაელების 5:14–ის თანახმად, რა დაგვეხმარება იმის შემოწმებაში, ვართ თუ არა მოწიფულები?

13 როგორ შეგვიძლია შევამოწმოთ, ვართ თუ არა სულიერად მოწიფულები? მოციქულმა პავლემ დაწერა: „მაგარი საჭმელი კი მოწიფულთათვის არის, რომლებიც იყენებენ აღქმის უნარს და გაწაფული აქვთ ის კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (ებრაელები 5:14). აღქმის უნარის გაწაფვით ვაჩვენებთ, რომ მოწიფულები ვართ. სპორტსმენმა წარმატებას რომ მიაღწიოს, რეგულარულად უნდა ივარჯიშოს და კუნთები გაიმაგროს. მსგავსადვე, აღქმის უნარს ბიბლიური პრინციპების გამოყენებით გავიწაფავთ.

14, 15. რატომ უნდა მოვახმაროთ ძალისხმევა ღვთის სიტყვის სიღრმეების შესწავლას?

14 აღქმის უნარის გაწაფვამდე, ცოდნა უნდა შევიძინოთ. ამისათვის საჭიროა კარგი პირადი შესწავლა. როდესაც რეგულარულად გვაქვს პირადი შესწავლა — განსაკუთრებით, თუ ღვთის სიტყვის სიღრმეებს ვიკვლევთ — ჩვენი აღქმის უნარი იწაფება. უკვე მრავალი წელია, რაც ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ ღრმა ბიბლიური საკითხები ირჩევა. როგორ ვიქცევით, როდესაც ისეთ სტატიებს ვხვდებით, რომლებშიც ბიბლიური სწავლებები უფრო ღრმად არის განხილული? გვერდზე ხომ არ ვდებთ, თუ მათში „ზოგიერთი რამ ძნელად გასაგებია“? (2 პეტრე 3:16). პირიქით, ჩვენ მთელ ძალისხმევას ვახმართ, გავიგოთ პუბლიკაციებში მოცემული მასალა (ეფესოელები 3:8).

15 როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვიჭირს პირადი შესწავლის ჩატარება? მნიშვნელოვანია, არ დავნებდეთ და პირადი შესწავლისადმი სიყვარული განვივითაროთ * (1 პეტრე 2:2). სულიერად რომ გავიზარდოთ, საჭიროა ვისწავლოთ მაგარი საჭმლით კვება, ანუ ღვთის სიტყვის ღრმა სწავლებების მიღება. სხვაგვარად, აღქმის უნარი შეზღუდული გვექნება. თუმცა მოწიფულობისთვის მხოლოდ აღქმის უნარის გაწაფვა არ არის საკმარისი. გულმოდგინე პირადი შესწავლის შედეგად მიღებული ცოდნა ცხოვრებაში უნდა გამოვიყენოთ.

16, 17. რა რჩევას გვაძლევს მოწაფე იაკობი იმასთან დაკავშირებით, რომ ვიყოთ „სიტყვის შემსრულებელნი“?

16 საკუთარი თავის გამოცდა ასევე შესაძლებელია იმით, თუ რამდენად ვართ მადლიერნი ჭეშმარიტებისთვის. ამას კი ჩვენი საქმეები უნდა ადასტურებდეს. მოწაფე იაკობმა შთამბეჭდავი მაგალითი მოიყვანა, რაც საკუთარი თავის შეფასებაში დაგვეხმარება. მან თქვა: „იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი, თავს რომ იტყუებენ მცდარი აზროვნებით, რადგან ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, ჰგავს კაცს, რომელიც სარკეში თავის სახეს აკვირდება. უყურებს თავის თავს, მაგრამ მიდის თუ არა, მაშინვე ავიწყდება როგორია. ხოლო ვინც უკვირდება თავისუფლების სრულყოფილ კანონს და ასე განაგრძობს, ბედნიერი იქნება, რადგან გახდა არა გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის შემსრულებელი“ (იაკობი 1:22—25).

17 სხვა სიტყებით რომ ვთქვათ, იაკობი ამბობს — ჩაიხედე ღვთის სიტყვის სარკეში და შეაფასე საკუთარი თავი. დაჟინებით განაგრძე ამის კეთება და საკუთარი თავი ღვთის სიტყვის საფუძველზე გამოიკვლიე. რასაც დაინახავ, ნუ დაივიწყებ. საკუთარ თავში საჭირო ცვლილებები მოახდინე. დროდადრო ამ რჩევის მიყოლა შესაძლოა რთული აღმოჩნდეს.

18. რატომ არ არის ადვილი იაკობის რჩევის გათვალისწინება?

18 მაგალითად მოვიყვანოთ ვალდებულება, რომელიც ქადაგებასთან დაკავშირებით გვაკისრია. პავლემ დაწერა: „ვინაიდან გულით სწამთ სიმართლის მისაღწევად, პირით კი სახალხოდ აღიარებენ გადასარჩენად“ (რომაელები 10:10). გადარჩენისთვის სახალხოდ ქადაგება არაერთ ცვლილებასთან არის დაკავშირებული. უმეტესობას არ გვიადვილდება სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. მსახურებას ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი რომ დავუთმოთ და გულმოდგინე მქადაგებლები გავხდეთ, საჭიროა უფრო მეტი ცვლილებები მოვახდინოთ და მსხვერპლი გავიღოთ (მათე 6:33). მიუხედავად ამისა, როცა ღვთის ამ დავალებას ვასრულებთ, ბედნიერები ვართ, რადგან იეჰოვას განვადიდებთ. ვართ სამეფოს გულმოდგინე მქადაგებლები?

19. რა შედის ჩვენი რწმენის საქმეებში?

19 რამდენად სრული უნდა იყოს ჩვენი რწმენის საქმეები? პავლემ აღნიშნა: „აკეთეთ ის, რაც ჩემგან გისწავლიათ, მიგიღიათ, მოგისმენიათ და გინახავთ ჩემში, და მშვიდობის ღმერთი თქვენთან იქნება“ (ფილიპელები 4:9). საკუთარ თავს გამოვცდით და ვაჩვენებთ, ვინ ვართ, როდესაც ცხოვრებაში გამოვიყენებთ იმას, რასაც ვსწავლობთ, ვიღებთ, ვისმენთ და ვხედავთ, ანუ თუ სრულად მივყვებით ქრისტიანული მიძღვნისა და მოწაფეობის გზას. „აი გზა, მას გაჰყევით“, — გვეუბნება იეჰოვა წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით (ესაია 30:21).

20. როგორი ქრისტიანები წარმოადგენენ დიდ კურთხევას კრებისთვის?

20 კრებისთვის უდიდეს კურთხევას წარმოადგენენ მამაკაცები და ქალები, რომლებიც გულმოდგინედ იკვლევენ ღვთის სიტყვას, ენთუზიაზმით ქადაგებენ სასიხარულო ცნობას, უმწიკვლობას ინარჩუნებენ და ერთგულად უჭერენ მხარს ღვთის სამეფოს. შეხვედრებზე დასწრებით ისინი განამტკიცებენ კრებას; განსაკუთრებით იმით ეხმარებიან კრებას, რომ ახალ წევრებზე ზრუნავენ. ჩვენც დადებით გავლენას მოვახდენთ სხვებზე, თუ გულთან ახლოს მივიტანთ პავლეს რჩევას, ‘ყოველთვის შევამოწმოთ საკუთარი თავი, რწმენაში ვართ თუ არა და გამოვცადოთ საკუთარი თავი’.

ჰპოვეთ სიხარული ღვთის ნების შესრულებაში

21, 22. როგორ შეგვიძლია ვპოვოთ სიხარული ღვთის ნების შესრულებაში?

21 „შენი ნების შესრულება მახარებს, ო, ჩემო ღმერთო, და ჩემშია შენი კანონი“, — მღეროდა მეფე დავითი (ფსალმუნები 40:8, აქ [39:9]). დავითი სიხარულს პოულობდა ღვთის ნების შესრულებაში. რატომ? იმიტომ, რომ გულში ჰქონდა იეჰოვას კანონი. დავითი გაურკვეველ მდგომარეობაში არ ყოფილა და იცოდა, რომელ გზას დასდგომოდა.

22 როდესაც ღვთის კანონი გულში გვაქვს, ვიცით, რომელ გზას დავადგეთ. ჩვენ სიხარულს ვპოვებთ ღვთის ნების შესრულებაში. მაშ, ყველანაირად ვეცადოთ, რომ იეჰოვასადმი მთელი გულით მსახურებისთვის ‘ძალ-ღონე არ დავიშუროთ’ (ლუკა 13:24).

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 15 პირადი შესწავლისთვის პრაქტიკული რჩევები მოცემულია წიგნში „მიიღე განათლება თეოკრატიული სამსახურის სკოლაში“, გვ. 27—32; გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

შეგიძლიათ გაიხსენოთ?

• როგორ შეგვიძლია შევამოწმოთ საკუთარი თავი, რწმენაში ვართ თუ არა?

• რას გულისხმობს, გამოვცადოთ საკუთარი თავი?

• რით ვცხადვყოფთ, რომ მოწიფული ქრისტიანები ვართ?

• როგორ გვეხმარება რწმენის საქმეები საკუთარი თავის შეფასებაში?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 23 გვერდზე]

იცით, რომელი ძირითადი საშუალებით შეიძლება შევამოწმოთ საკუთარი თავი, რწმენაში ვართ თუ არა?

[სურათი 24 გვერდზე]

აღქმის უნარის გაწაფვა მოწიფულ ქრისტიანად ჩამოგვაყალიბებს.

[სურათები 25 გვერდზე]

საკუთარ თავს გამოვცდით, თუ გავხდებით ‘არა მხოლოდ მომსმენნი, არამედ სიტყვის შემსრულებელნი’.