არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლია სიხარულის პოვნაში დაგეხმარებათ

ბიბლია სიხარულის პოვნაში დაგეხმარებათ

ბიბლია სიხარულის პოვნაში დაგეხმარებათ

ბიბლია სამედიცინო სახელმძღვანელო არ არის, მაგრამ მასში აღნიშნულია, რომ უარყოფითმა თუ დადებითმა გრძნობებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანის გონებრივ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. „მხიარული გული ხელს უწყობს კურნებას, — ნათქვამია ბიბლიაში, — ხოლო დავრდომილი სული ძვალს ახმობს“. შემდეგ კი გრძელდება: „თუ გაჭირვების დროს დაუძლურდი, მცირე ყოფილა შენი ძალა“ (იგავები 17:22; 24:10, სსგ). გულგატეხილობას შეუძლია ძალები გამოგვაცალოს, დაგვასუსტოს და იმდენად მგრძნობიარენი გაგვხადოს, რომ ცვლილებების მოხდენის ან დახმარების ძიების არანაირი სურვილი აღარ გვქონდეს.

გულგატეხილობას ადამიანის სულიერობაზეც შეუძლია გავლენის მოხდენა. ადამიანები, რომლებსაც უღირსობის გრძნობა აწუხებთ, ფიქრობენ, რომ ვერასდროს შეძლებენ ღმერთთან ახლო ურთიერთობის დამყარებას და მისგან კურთხევების მიღებას. წინა სტატიაში მოხსენიებული სემონი ფიქრობდა, რომ „მისნაირი ადამიანი ღვთის მოწონებას ვერ დაიმსახურებდა“. მაგრამ ღვთის სიტყვის, ბიბლიის, კითხვისას ვიგებთ, რომ ღმერთს დადებითი თვალსაზრისი აქვს მათზე, ვინც ცდილობს, მას ასიამოვნოს.

ღმერთი ნამდვილად ზრუნავს

ბიბლია გვეუბნება, რომ «ახლოა უფალი [„იეჰოვა“, აქ] გულმოდრეკილებთან, და სულით მორჩილებს იხსნის». ღმერთი არ უგულებელყოფს „მოდრეკილისა და მორჩილის გულს“, პირიქით, ის გვპირდება, რომ ‘გამოაცოცხლებს თვინიერთა სულს და გამოაცოცხლებს შემუსვრილთა გულს’ (ფსალმუნები 33:19; 50:19; ესაია 57:15).

ერთხელ, ღვთის ძემ, იესომ, თავისი მოწაფეების ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილა, რომ ღმერთი კარგს ხედავს თავის მსახურებში. თვალსაჩინოებისთვის მან თქვა, რომ ღმერთი მიწაზე ჩამოვარდნილ ბეღურასაც კი ამჩნევს — იმას, რასაც ადამიანთა უმეტესობა ნაკლებად მნიშვნელოვნად თვლის. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ღმერთმა უმნიშვნელო წვრილმანებიც იცის ადამიანთა შესახებ, ისიც კი, თუ რამდენი ღერი თმა აქვთ თავზე. იესომ თავისი მაგალითი ასე დაასრულა: „ამიტომ, ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“ (მათე 10:29—31) *. მან ამით დაგვანახვა, რომ მორწმუნე ადამიანები ღვთის თვალში ძვირფასნი არიან, მიუხედავად იმისა, თუ თავად რას ფიქრობენ საკუთარ თავზე. პეტრე მოციქულმაც შეგვახსენა, რომ „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).

გაწონასწორებული თვალსაზრისი

ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, რომ საკუთარ თავზე გაწონასწორებული თვალსაზრისი განვივითაროთ. პავლე მოციქული ღვთის შთაგონებით წერდა: „ჩემ მიმართ გამოვლენილი წყალობით ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ ისე იფიქრეთ, რომ საღი აზროვნება გქონდეთ, თითოეულმა იმ ზომით, რა ზომითაც ღმერთმა გიწილადათ რწმენა“ (რომაელები 12:3).

რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვსურს იმდენად დიდი წარმოდგენა გვქონდეს საკუთარ თავზე, რომ სხვებს ზემოდან ვუყუროთ; არც ის გვინდა, მეორე უკიდურესობაში გადავვარდეთ და არარაობად მივიჩნიოთ თავი. ჩვენი მიზანი ის უნდა იყოს, რომ საკუთარ თავზე გაწონასწორებული თვალსაზრისი განვივითაროთ — მხედველობაში მივიღოთ ჩვენი შეზღუდვები და შესაძლებლობები. ერთმა ქრისტიანმა ქალმა თქვა: „მე არც ბოროტების განსახიერება ვარ და არც ღვთისგან საჩუქარი სხვებისთვის. კარგი მხარეებიც მაქვს და ცუდიც, როგორც ნებისმიერ სხვას“.

რა თქმა უნდა, ასეთ გაწონასწორებულ თვალსაზრისზე ლაპარაკი უფრო ადვილია, ვიდრე მისი განვითარება. შეიძლება დიდ ძალისხმევას მოითხოვდეს, რომ საკუთარ თავზე ზედმეტად უარყოფითი თვალსაზრისი მოვიშოროთ, რაც შესაძლოა მრავალი წლის განმავლობაში განგვივითარდა. მიუხედავად ამისა, ღვთის დახმარებით შეგვიძლია საკუთარი პიროვნებისა და სიცოცხლეზე ჩვენი თვალსაზრისის შეცვლა. ფაქტობრივად, ეს არის ის, რისკენაც ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს. ჩვენ ვკითხულობთ: ‘მოიშორეთ ძველი პიროვნება, რომელიც თქვენი წინანდელი ცხოვრების შესაბამისია და ირყვნება მაცდუნებელი სურვილებით, განიახლეთ გონების აღმძვრელი ძალა და შეიმოსეთ ახალი პიროვნება, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით’ (ეფესოელები 4:22—24).

ჩვენი ‘გონების აღმძვრელი ძალის’, ანუ მთავარი აღმძვრელი ძალის, განახლებისთვის ძალისხმევის მოხმარება ზედმეტად უარყოფითი აზროვნების დადებითით შეცვლაში დაგვეხმარება. ლენამ, რომელიც წინა სტატიაში მოვიხსენიეთ, დაასკვნა: სანამ არ შეიცვლიდა აზრს, რომ არავინ შეიყვარებდა და არავინ დაეხმარებოდა, მანამდე ვერავინ და ვერაფერი შეუცვლიდა შეხედულებას საკუთარ თავზე. რომელი პრაქტიკული რჩევა დაეხმარა ბიბლიიდან ლენას, სემონსა და სხვებს ასეთი ცვლილებების მოსახდენად?

ბიბლიური პრინციპები, რომელთა გამოყენებასაც სიხარული მოაქვს

«მიანდე უფალს [„იეჰოვას“, აქ] შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება» (ფსალმუნები 54:23). უპირველესად, ლოცვა გვეხმარება ნამდვილი სიხარულის პოვნაში. სემონი ამბობს: „როგორც კი გულგატეხილობა მეუფლება, დახმარებისთვის იეჰოვას მივმართავ. ყოველთვის ვგრძნობ მის ძალასა და ხელმძღვანელობას“. ფსალმუნმომღერალი მოგვიწოდებს, ჩვენი საზრუნავი იეჰოვას მივანდოთ და ამით შეგვახსენებს, რომ იეჰოვა არა მარტო ჩვენზე ზრუნავს, არამედ თითოეულ ჩვენგანს თავისი დახმარებისა და მხარდაჭერის ღირსადაც თვლის. ახ. წ. 33 წლის პასექის ღამეს იესოს მოწაფეები დამწუხრებულები იყვნენ, რადგან იესომ უთხრა მათ, რომ მისი წასვლის დრო მოახლოვდა. იესომ მოუწოდა მათ, ლოცვით მიემართათ ზეციერი მამისთვის და შემდეგ დაამატა: „ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრული იყოს თქვენი სიხარული“ (იოანე 16:23, 24).

„გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). იესოს სწავლების თანახმად, გაცემას ნამდვილი სიხარული მოაქვს. ამ ბიბლიური ჭეშმარიტების ცხოვრებაში გამოყენება დაგვეხმარება, კონცენტრირება სხვების საჭიროებებზე მოვახდინოთ და არა ჩვენს არასრულფასოვნებაზე. როდესაც სხვებს ვეხმარებით და მათი მხრიდან მადლიერების სიტყვებს ვისმენთ, კმაყოფილების გრძნობა გვეუფლება. ლენას სხვებისთვის ბიბლიიდან სასიხარულო ცნობის რეგულარულად გაზიარება ორ რამეში ეხმარება. ის ამბობს: „იესოს სიტყვების თანახმად, ჯერ ბედნიერებისა და კმაყოფილების გრძნობა მეუფლება, შემდეგ კი სხვების მხრიდან დადებითი გამოხმაურება სიხარულს მანიჭებს“. თუ გულუხვად გავცემთ, იგავების 11:25-ში ჩაწერილი სიტყვების სიმართლეში დავრწმუნდებით: „ვინც სხვას ასმევს წყალს, თვითონაც დარწყულებული იქნება“.

„ჩაგრულის ყოველი დღე ცუდია, გულით მხიარულს კი ლხინი აქვს მუდამ“ (იგავები 15:15). თითოეულ ჩვენგანს შეუძლია აირჩიოს, როგორი თვალსაზრისი ჰქონდეს საკუთარ თავსა და მდგომარეობაზე. ჩვენ შეიძლება მათ ვგავდეთ, რომლებიც ყველაფერს უარყოფითად უყურებენ და გულგატეხილები არიან, ან შეგვიძლია დადებითად ვიაზროვნოთ, „გულით მხიარულები“ და ხალისიანები ვიყოთ, როგორც ლხინში მყოფნი. სემონი ამბობს: „რამდენადაც შესაძლებელია, დადებით განწყობას ვინარჩუნებ. რეგულარულად ვიტარებ პირად შესწავლას, ვმონაწილეობ სამქადაგებლო საქმიანობაში და გამუდმებით ვლოცულობ. აგრეთვე ვცდილობ, დადებითად განწყობილი ადამიანების წრეში ვიტრიალო, მხარი დავუჭირო და დავეხმარო სხვებს. ასეთი სწორი მოტივები ხელს უწყობს ნამდვილ სიხარულს, რისკენაც ბიბლია მოგვიწოდებს: „იხარეთ უფლის მიერ და იმხიარულეთ, წმიდანებო; და იზეიმეთ, გულით მართლებო“ (ფსალმუნები 31:11).

„მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება“ (იგავები 17:17, სსგ). საყვარელი ან სანდო ადამიანისთვის გულის გადაშლა დაგვეხმარება უარყოფით გრძნობებთან გამკლავებასა და მათ მანამდე მოშორებაში, სანამ ისინი მოგვეძალება. სხვებთან ლაპარაკი გაწონასწორებულ, დადებით თვალსაზრისს შეგვანარჩუნებინებს. „ჩემს გრძნობებზე საუბარი ძალიან მეხმარება, — ამბობს სემონი. — საჭიროა, უთხრათ ვინმეს, რას გრძნობთ. ხშირად, ესეც კი საკმარისია“. ეს დაგეხმარებათ, დარწმუნდეთ შემდეგი იგავის სიმართლეში: „გულში დარდი კაცს დათრგუნავს, კეთილი სიტყვა კი გაახარებს“ (იგავები 12:25).

რის გაკეთება შეგიძლიათ?

ჩვენ მხოლოდ რამდენიმეს შევეხეთ იმ მრავალი შესანიშნავი და პრაქტიკული ბიბლიური პრინციპიდან, რომლებიც უარყოფითი გრძნობების დაძლევასა და ნამდვილი სიხარულის განცდაში დაგვეხმარება. თუ თქვენც ებრძვით არასრულფასოვნების გრძნობას, უკეთესად გამოიკვლიეთ ღვთის სიტყვა, ბიბლია. საკუთარ თავთან და ღმერთთან დამოკიდებულებაში განივითარეთ მოვლენების რეალურად შეფასების უნარი და ჯანსაღი გრძნობები. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობა ნამდვილ სიხარულს მოგიტანთ ყველაფერში, რასაც გააკეთებთ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 წმინდა წერილების ეს მონაკვეთი დაწვრილებით არის განხილული 22-ე და 23-ე გვერდებზე.

[სურათი 7 გვერდზე]

ღვთის პრინციპების თანახმად ცხოვრებას სიხარული მოაქვს.