აქვს თუ არა მნიშვნელობა, რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე?
აქვს თუ არა მნიშვნელობა, რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე?
შექება თითქმის ყველას სიამოვნებს. კომპლიმენტები კმაყოფილებისა და ღირსების გრძნობას გვმატებს. მოწონებამ შეიძლება საქმის უკეთესად შესრულების სტიმულიც კი მოგვცეს. მაგრამ სრულიად საპირისპირო გრძნობები გვეუფლება, როცა სხვების მხრიდან უკმაყოფილებას ვხვდებით. ცივმა პასუხმა ან კრიტიკულმა შენიშვნებმა შეიძლება ემოციურად გაგვანადგუროს. ჩვენ შესახებ სხვების შეხედულებამ შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ თვითონ როგორ ვუყურებთ საკუთარ თავს.
არ იქნებოდა სწორი, თუ საერთოდ არ მივაქცევდით ყურადღებას, რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე. შეიძლება სასარგებლოც იყოს, თუ სხვები დააკვირდებიან ჩვენს საქციელს. მაღალზნეობრივ პრინციპებზე დაფუძნებული შეხედულებები შესაძლოა სწორედ ის ძალა იყოს, რომელიც სათანადოდ მოქმედებისკენ გვიბიძგებდა (1 კორინთელები 10:31—33). მაგრამ საზოგადოებრივი აზრი ხშირად საკმაოდ არაობიექტურია. გაიხსენეთ, რა დამახინჯებული წარმოდგენა ჰქონდათ უფროს მღვდლებსა და სხვებს იესო ქრისტეზე: «ისინი კი აყვირდნენ: „ბოძზე გააკარი! ბოძზე გააკარი!“» (ლუკა 23:13, 21—25). არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებულ და შურის ან წინასწარ შექმნილი აზრის გავლენით შექმნილ შეხედულებებს, უბრალოდ, ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ასე რომ, საჭიროა გამოვავლინოთ განსჯის უნარი და გონივრული რეაქცია ვიქონიოთ სხვების შეხედულებებზე.
ვის აზრს აქვს მნიშვნელობა?
ჩვენ გვსურს მათ მოსაწონად მოვიქცეთ, ვისთანაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა გვაერთიანებს. კერძოდ, ოჯახის წევრებთან, რომლებიც ჩვენს რწმენას იზიარებენ, და ქრისტიან და-ძმებთან (რომაელები 15:2; კოლოსელები 3:18—21). თანამორწმუნეებს შორის სიყვარული, პატივისცემა და ურთიერთგამხნევება ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს (რომაელები 1:11, 12). ჩვენ ‘თავმდაბლობით სხვებს საკუთარ თავზე აღმატებულად ვთვლით’ (ფილიპელები 2:2—4). ამასთანავე, ვცდილობთ მათ მოსაწონადაც ვიმოქმედოთ, ვისაც ჩვენ „შორის ხელმძღვანელობა აკისრია“; ესენი კრების უხუცესები არიან (ებრაელები 13:17).
აგრეთვე სასურველია, რომ ‘კარგი მოწმობა გვქონდეს გარეშეებისგან’ (1 ტიმოთე 3:7). ნამდვილად სასიამოვნოა, როცა ნათესავები, თანამშრომლები და მეზობლები, რომლებიც ჩვენს რწმენას არ იზიარებენ, პატივს გვცემენ. გარდა ამისა, განა არ ვცდილობთ, კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ მათზე, ვისაც ვუქადაგებთ, რათა დადებითი დამოკიდებულება ჰქონდეთ სამეფოს შესახებ ცნობისადმი? როდესაც მორალურად სუფთა, წესიერი და პატიოსანი ადამიანის რეპუტაცია გვაქვს, ამას დიდება მოაქვს ღვთისთვის (1 პეტრე 2:12). მაგრამ არასოდეს არ უნდა წავიდეთ კომპრომისზე ბიბლიურ პრინციპებთან დაკავშირებით იმ მიზნით, რომ სხვების კეთილგანწყობა მოვიპოვოთ. არც მოსაჩვენებლად უნდა ვიმოქმედოთ მათზე შთაბეჭდილების მოსახდენად. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია, ყველას ვასიამოვნოთ. იესომ თქვა: „ქვეყნიერების ნაწილი რომ იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი, მაგრამ რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებისგან, ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას“ (იოანე 15:19). რისი გაკეთება შეგვიძლია იმისათვის, რომ დავიმსახუროთ მათი პატივისცემა, ვინც გვეწინააღმდეგება?
მოწინააღმდეგეთა პატივისცემის მოპოვება
იესომ გაგვაფრთხილა: „ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო, ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება“ (მათე 10:22). ამ სიძულვილის შედეგად ზოგჯერ ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებებს ვხვდებით. მთავრობის წარმომადგენლებმა, რომელთაც არასწორი ინფორმაცია აქვთ, შეიძლება „ქვეყნის მტრები“ გვიწოდონ. აქტიური მოწინააღმდგეები შეიძლება აცხადებდნენ, რომ საშიში სექტა ვართ და საჭიროა ჩვენი აკრძალვა (საქმეები 28:22). ზოგჯერ შესაძლებელია ასეთი ცრუბრალდებების გაბათილება. როგორ? მოციქულ პეტრეს შემდეგი რჩევის გამოყენებით: „მზად იყავით, დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა–განმარტებას გთხოვთ, ოღონდ ეს რბილად და ღრმა პატივისცემით აკეთეთ“ (1 პეტრე 3:15). აგრეთვე უნდა მივმართავდეთ „დაუძრახავ ჯანსაღ სიტყვას, რათა მოწინააღმდეგე შერცხვეს, ცუდს რომ ვერაფერს იტყვის ჩვენზე“ (ტიტე 2:8).
მართალია ვცდილობთ უსაფუძვლო ბრალდებების გაბათილებას, მაგრამ გულგატეხილობა და იმედგაცრუება არ უნდა დაგვეუფლოს, თუ უსამართლოდ ცილს გვწამებენ. იესოს, ღვთის სრულყოფილ ძეს, ბრალი დასდეს ღვთის გმობაში, ამბოხებისკენ მოწოდებაში და სპირიტიზმშიც კი (მათე 9:3; მარკოზი 3:22; იოანე 19:12). პავლე მოციქულს სახელს უტეხდნენ (1 კორინთელები 4:13). მაგრამ არც იესო და არც პავლე ყურადღებას არ აქცევდნენ ასეთ კრიტიკას და აქტიურად განაგრძობდნენ თავიანთ საქმეს (მათე 15:14). მათ იცოდნენ, რომ ვერასოდეს მოიპოვებდნენ მტრების კეთილგანწყობას, რადგანაც „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ძალაუფლებაშია“ (1 იოანე 5:19). დღეს ჩვენც მსგავს მდგომარეობაში ვართ. და არც ჩვენ უნდა გვეშინოდეს, როცა სიძულვილით აღსავსე მოწინააღმდეგენი ჩვენ შესახებ სიცრუეს ავრცელებენ (მათე 5:11).
როდესაც სხვის აზრს ნამდვილად აქვს მნიშვნელობა
ჩვენ შესახებ ხალხს განსხვავებული შეხედულებები აქვს. ამას განსაზღვრავს მათი მოტივები და ის, თუ რა აქვთ გაგონილი ჩვენზე. ზოგი გვაქებს და პატივს გვცემს, ზოგს კი ვძულვართ და გვაძაგებს. მაგრამ, სანამ ბიბლიური პრინციპებით ვხელმძღვანელობთ, ყოველგვარი მიზეზი გვაქვს იმისა, რომ ბედნიერნი ვიყოთ და სიმშვიდე შევინარჩუნოთ.
მოციქულმა პავლემ დაწერა: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმოთე 3:16, 17). იეჰოვა ღმერთი და მისი ძე, იესო ქრისტე, ჩვენდამი კეთილგანწყობილნი არიან, როდესაც მადლიერნი ვართ ღვთის სიტყვისთვის და ყველაფერში მისით ვხელმძღვანელობთ. ჩვენთვის კი ყველაზე დიდი მნიშვნელობა სწორედ იმას აქვს, თუ იეჰოვა და მისი ძე რას ფიქრობენ ჩვენზე. ჩვენი ნამდვილი ღირსება მათი თვალსაზრისით განისაზღვრება. და რაც მთავარია, მათ კეთილგანწყობაზე ჩვენი სიცოცხლეა დამოკიდებული (იოანე 5:27; იაკობი 1:12).
[ჩანართი 30 გვერდზე]
„შექება მარცხვენს, რადგან მალულად ვისწრაფი მისკენ“ (ინდოელი პოეტი რაბინდრათან თაგორი).
[სურათები 31 გვერდზე]
თანამორწმუნეთა აზრს აქვს მნიშვნელობა.
[საავტორო უფლებები დაცულია 30 გვერდზე]
Culver Pictures