არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ იყო პონტიუს პილატე?

ვინ იყო პონტიუს პილატე?

ვინ იყო პონტიუს პილატე?

„ქედმაღალი, სკეპტიკოსი — ასე ახასიათებენ პილატეს, ისტორიულ პიროვნებას, რომელიც ადამიანებში დღემდე აღძრავს ცნობისწადილს. ზოგისთვის ის წმინდანია, სხვებისთვის კი ადამიანური სისუსტის განსახიერება; ის, როგორც პოლიტიკოსი, სრულყოფილ მაგალითს იძლევა, რადგან სიმშვიდის შესანარჩუნებლად მზადაა, ერთი ადამიანის სიცოცხლე გასწიროს“ (ანა როუს „პონტიუს პილატე“).

მიუხედავად იმისა, ეთანხმებით თუ არა ზემოხსენებულ მოსაზრებას, პილატე ცნობილი გახადა იმან, თუ როგორ მოეპყრო იესო ქრისტეს. ვინ იყო პილატე? რა ვიცით მის შესახებ? რაც უფრო მეტს გავიგებთ იმის თაობაზე, თუ რა მდგომარეობა ეკავა პილატეს, მით უფრო ნათელი წარმოდგენა შეგვექმნება იმ უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე, რომლებიც კი ოდესმე განვითარებულა დედამიწაზე.

მდგომარეობა, თანამდებობა და უფლებამოსილება

რომის იმპერატორმა ტიბერიუსმა ახ. წ. 26 წელს პილატე იუდეის პროვინციის პრეფექტად დანიშნა. პრეფექტები მხედართა წოდებას ეკუთვნოდნენ და შედარებით დაბალ საფეხურზე იდგნენ იმ არისტოკრატებისგან განსხვავებით, რომლებიც სენატორთა წოდებას მიეკუთვნებოდნენ. როგორც ჩანს, პილატე, რომელიც არმიაში თავდაპირველად სამხედრო ტრიბუნად ანუ უმცროს მეთაურად მსახურობდა, თავისი მოვალეობის პირნათლად შესრულების გამო უფრო საპასუხისმგებლო თანამდებობებზე გადაიყვანეს და სანამ 30 წლის გახდებოდა, პროვინციის გამგებლად დანიშნეს.

პილატეს სამხედრო სამოსელი იყო ტყავის ფრენჩი და ჯავშანი; საზოგადოებას კი იისფერკანტიანი გრძელი თეთრი წამოსასხამით, ტოგათი, ევლინებოდა. ის ყოველთვის სუფთად იყო გაპარსული და მოკლე თმას ატარებდა. თუმცა ზოგის აზრით, ის წარმომავლობით ესპანელი იყო, მისი სახელი იმაზე მიუთითებს, რომ მიეკუთვნებოდა პონტიუსის გვარს — სამხრეთ იტალიაში მცხოვრებ დიდგვაროვან სამნიტებს.

პრეფექტები, რომლებიც პილატეს მსგავსად, მხედართა წოდებას მიეკუთვნებოდნენ, ჩვეულებრივ, არაცივილიზებულ პროვინციებში იგზავნებოდნენ. რომაელები იუდეას ასეთ პროვინციად მიიჩნევდნენ. წესრიგის დაცვის გარდა პილატე არაპირდაპირი და სულადობრივი გადასახადების აკრეფასაც ზედამხედველობდა. მართლმსაჯულების ყოველდღიურად აღსრულებაზე იუდეველთა სასამართლო ზრუნავდა, მაგრამ, როცა მოითხოვებოდა სასიკვდილო განაჩენის გამოტანა, როგორც ჩანს, საქმე გადაეცემოდა მმართველს, რომელიც პროვინციაში უმაღლესი სამართლებრივი უფლებამოსილებით იყო აღჭურვილი.

პილატე და მისი ცოლი საპორტო ქალაქ კესარეაში ცხოვრობდნენ და მათ ყოველთვის თან ახლდათ მწერლების, მხლებლებისა და მაცნეების მცირე ამალა. პილატე მეთაურობდა ცხენოსანთა ჯარს, რომელშიც დაახლოებით 500 მეომარი იყო, და ხუთ კოჰორტას (ქვეითი ჯარის რაზმი); თითოეული კოჰორტა 500-დან 1 000-მდე მეომრისგან შედგებოდა. პილატეს ჯარისკაცები, როგორც წესი, კანონის დამრღვევებს ძელზე აკრავდნენ. მშვიდობიან დროს, სანამ ვინმეს სიკვდილით დასჯიდნენ, საქმეს მოკლედ განიხილავდნენ, მაგრამ აჯანყების დროს მეამბოხეებს დაუყოვნებლივ მასობრივად ხოცავდნენ. მაგალითად, რომაელებმა ძელზე გააკრეს 6 000 მონა, რათა სპარტაკის თაოსნობით წამოწყებული ამბოხება ჩაეხშოთ. თუ იუდეას არეულობა ემუქრებოდა, პრეფექტს, ჩვეულებრივ, შეეძლო მიემართა რომის იმპერატორის წარმომადგენლისთვის, ლეგიონების სათავეში მდგომი სირიის ლეგატისთვის. მაგრამ პილატეს მმართველობის პერიოდში ლეგატის ვალდებულებას, ძირითადად, არავინ ასრულებდა და ამიტომ პილატეს თავად უნდა მიეღო სასწრაფო ზომები მღელვარების დასაცხრობად.

მმართველებს რეგულარულად უნდა ჰქონოდათ ურთიერთობა იმპერატორთან. თუ საქმე ეხებოდა იმპერატორის ღირსების შელახვას ან რომის ხელისუფლებას რაიმე საფრთხე ემუქრებოდა, მმართველებს უნდა ეცნობებინათ ამის შესახებ იმპერატორისთვის, რომელიც, თავის მხრივ, ბრძანებას გასცემდა შესაბამისი ზომების მისაღებად. მმართველები დაინტერესებულები იყვნენ, რომ, სანამ სხვები იჩივლებდნენ იმპერატორთან, თავად მიეწოდებინათ მისთვის ცნობები მათ პროვინციაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. რამდენადაც იუდეაში არეულობა სუფევდა, პილატე ნამდვილად გამოუვალ მდგომარეობაში იყო.

სახარებებში მოცემული ცნობების გარდა, პილატეს შესახებ ძირითად ინფორმაციას ისტორიკოსები იოსებ ფლავიუსი და ფილონ ალექსანდრიელიც გვაწვდიან. რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსიც გვატყობინებს, რომ პილატემ სიკვდილით დასაჯა ქრისტე, ვისი სახელითაც ცნობილნი გახდნენ ქრისტიანები.

იუდეველთა ამბოხება

იოსებ ფლავიუსის სიტყვების თანახმად, რომაელი მმართველები ითვალისწინებდნენ, რომ იუდეველებს სინდისი არ რთავდა გამოსახულების გაკეთების ნებას, და ერიდებოდნენ იერუსალიმში სამხედრო ემბლემების შეტანას, რომლებზეც გამოსახული იყო იმპერატორი. ამ მხრივ პილატე არ იკავებდა თავს, რის გამოც აღშფოთებული იუდევლები საჩივლელად კესარეაში წავიდნენ. პილატემ ხუთი დღის განმავლობაში არანაირ ზომებს არ მიმართა. მაგრამ მეექვსე დღეს თავის ჯარისკაცებს უბრძანა, ალყაში მოექციათ მეამბოხეები და იმ შემთხვევაში, თუ არ დაიშლებოდნენ, დასჯით დამუქრებოდნენ. როდესაც იუდევლებმა თქვეს, რომ ისინი თავიანთი კანონის დარღვევას სიკვდილს ამჯობინებდნენ, პილატე მოლბა და ბრძანა, რომ გაეტანათ გამოსახულებები ქვეყნიდან.

პილატეს საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებაც შეეძლო. როგორც იოსებ ფლავიუსი მოგვითხრობს, ერთხელ პრეფექტმა დაიწყო აკვედუკის (წყალსადენი) აგება, რათა იერუსალიმში სასმელი წყალი შეეყვანა. მან ამ პროექტის დასაფინანსებლად ტაძრის საგანძურიდან თანხები გამოიტანა. პილატეს თვითნებურად არ მიუსაკუთრებია ეს შეწირული თანხები, რადგან იცოდა, რომ ტაძრის გაძარცვა მკრეხელობა იყო და ამას შეიძლება იუდეველთა რისხვა გამოეწვია; მათ შეეძლოთ ტიბერიუსისთვის მისი გადაყენება მოეთხოვათ. როგორც ჩანს, პილატე თანამშრომლობდა ტაძრის გავლენიან პირებთან. კანონით ნებადართული იყო, რომ ღვთისთვის განკუთვნილი ძღვენი, რომელსაც „კორბანს“ უწოდებდნენ, ქალაქის კეთილმოწყობისთვის გამოყენებულიყო. მიუხედავად ამისა, ათასობით იუდეველმა მოიყარა თავი პროტესტის ნიშნად.

პილატემ უბრძანა ჯარისკაცებს, ხალხში შერეულიყვნენ, მაგრამ მათ მახვილები კი არ უნდა გამოეყენებინათ, არამედ ხელკეტებით უნდა ეცემათ მეამბოხეები. როგორც ჩანს, პილატეს უნდოდა, ხოცვა-ჟლეტის გარეშე დაეწყნარებინა ბრბო. ამან მართლაც მოიტანა სასურველი შედეგი, მაგრამ მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. შესაძლოა ეს შემთხვევა ჰქონდათ მხედველობაში იმ ადამიანებს, რომლებმაც იესოს აცნობეს, რომ პილატემ გალილეელების სისხლი მათსავე მსხვერპლებს შეურია (ლუკა 13:1).

„რა არის ჭეშმარიტება?“

პილატემ სამარცხვინო დაღი დაასვა თავის სახელს იესო ქრისტეს საქმის გამოძიებით — იესო ქრისტესი, რომელიც იუდეველი უფროსი მღვდლებისა და უხუცესების მიერ წაყენებული ბრალდების თანახმად, თავის თავს მეფეს უწოდებდა. როდესაც პილატემ გაიგო, რომ იესოს მისია ჭეშმარიტების შესახებ დამოწმება იყო, ის მიხვდა, რომ ეს პატიმარი არავითარ საშიშროებას არ უქნიდა რომს. „რა არის ჭეშმარიტება?“ — იკითხა მან; თან, როგორც ჩანს, ფიქრობდა, ჭეშმარიტება იმდენად რთული გასაგები იყო, რომ დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვდა. რა დასკვნამდე მივიდა ის? „ვერავითარ დანაშაულს ვერ ვპოულობ ამ კაცში“ (იოანე 18:37, 38; ლუკა 23:4).

ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ იესოს წამებას წერტილი უნდა დასმოდა, მაგრამ იუდევლები დაჟინებით ამბობდნენ, რომ ის ერს რყვნიდა. პილატესთვის ცნობილი იყო, რომ უფროსმა მღვდლებმა იესო შურის გამო გადასცეს რომაელ მმართველებს. მან აგრეთვე იცოდა, რომ იესოს გათავისუფლება შფოთს გამოიწვევდა, რაც ძალიან არ უნდოდა. ქალაქში ისედაც არეულობა იყო, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ბარაბა და სხვები დაპატიმრებულები იყვნენ ამბოხების მოწყობისა და მკვლელობის ჩადენის გამო (მარკოზი 15:7, 10; ლუკა 23:2). გარდა ამისა, იუდევლებთან ადრე მომხდარმა კონფლიქტმა პილატეს რეპუტაცია შეულახა ტიბერიუსის თვალში, რომელიც, როგორც ცნობილია, სასტიკად უსწორდებოდა არაკომპეტენტურ მმართველებს. ამავე დროს, პრეფექტი რომ იუდეველთა ნებას დაჰყოლოდა, ეს სისუსტის მაჩვენებელი იქნებოდა. პილატე დილემის წინაშე იდგა.

როდესაც პილატემ გაიგო იესოს წარმოშობის შესახებ, შეეცადა საქმე ჰეროდე ანტიპასთვის, გალილეის გამგებლისთვის, გადაეცა. როცა მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, პილატემ მოუხმო სასახლის გარეთ თავმოყრილ ხალხს და იესოს გათავისუფლება შესთავაზა; იუდეველთა ჩვეულების თანახმად, პასექის დამდეგს ერთ პატიმარს ათავისუფლებდნენ. მაგრამ ხალხი ბარაბას გათავისუფლებას ითხოვდა (ლუკა 23:5—19).

პილატეს შესაძლოა სურდა, სწორად მოქცეულიყო, მაგრამ მას თავისი მდგომარეობის შენარჩუნების ძლიერი სურვილიც ჰქონდა და, ამავე დროს, ხალხის გულის მოგებაც უნდოდა. ბოლოს, მან საკუთარი კარიერა სინდისსა და სამართალზე წინ დააყენა. მან მოითხოვა წყალი, დაიბანა ხელები და განაცხადა, რომ უდანაშაულო იყო იმ ადამიანის სისხლისღვრაში, რომლის სიკვდილით დასჯაზეც თავად გასცა ბრძანება *. თუმცა პილატე დარწმუნებული იყო იესოს უდანაშაულობაში, გააშოლტვინა ის და ჯარისკაცებს ნება დართო, მასხრად აეგდოთ, ეცემათ და შეეფურთხებინათ მისთვის (მათე 27:24—31).

საბოლოოდ, პილატე კიდევ ერთხელ შეეცადა იესოს გათავისუფლებას, მაგრამ ხალხი ყვიროდა, რომ, თუ ის ამგვარად მოიქცეოდა, კეისრის მეგობარი არ იქნებოდა (იოანე 19:12). ამის გაგონების შემდეგ პილატე დაჰყვა მათ ნებას. ერთი სწავლული პილატეს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასე აჯამებს: „გამოსავალი იოლია — ამ მამაკაცის დასჯა. ყველაზე დიდი დანაკარგი ერთი უმნიშვნელო იუდეველი იქნება; სისულელეა, რომ მისი გულისთვის აურზაური ატყდეს“.

რა დაემართა პილატეს?

ისტორიული წყაროები პილატეს მმართველობის დროს მომხდარი სხვა კონფლიქტის შესახებაც გვაწვდის ინფორმაციას. როგორც იოსებ ფლავიუსი იტყობინება, ერთხელ გერიზიმის მთასთან უამრავმა შეირაღებულმა სამარიელმა მოიყარა თავი იმ იმედით, რომ მოსეს მიერ ვითომდა იქ დამარხულ განძს მოძებნიდნენ. ამ საქმეში პილატე ჩაერია და მისმა რაზმმა თავშეყრილი ხალხიდან ბევრი სიცოცხლეს გამოასალმა. სამარიელებმა პილატეს ზედამხედველთან, სირიის ლეგატ ლუციუს ვიტელიუსთან, იჩივლეს. ცნობილი არ არის, დაასკვნა თუ არა ვიტელიუსმა, რომ პილატე თავისი უფლებამოსილების საზღვრებს გასცილდა. როგორც უნდა ყოფილიყო, მან უბრძანა პილატეს, რომში წასულიყო და თავისი საქციელისთვის იმპერატორის წინაშე ეგო პასუხი. მაგრამ, სანამ ის რომში ჩავიდოდა, ტიბერიუსი გარდაიცვალა.

„იმ დროიდან მოყოლებული, — ნათქვამია ერთ ჟურნალში, — პილატეს შესახებ ისტორიული ფაქტების ნაცვლად, უფრო მეტად ლეგენდებია გავრცელებული“. მაგრამ ბევრი ცდილობს დაკარგული დეტალების აღდგენას. არსებობს მოსაზრება, რომ პილატე ქრისტიანი გახდა. ეთიოპიელმა „მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა“ ის „წმინდანად“ შერაცხეს. ევსები, რომელიც მესამე საუკუნის ბოლოსა და მეოთხე საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა, ერთ-ერთი პირველი იყო იმ უამრავ ისტორიკოსთა შორის, რომელმაც თქვა, რომ პილატემ, იუდა ისკარიოტელის მსგავსად, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდებია.

შესაძლოა პილატე ჯიუტი, კადნიერი და სასტიკი მმართველი იყო. მაგრამ ის ათი წლის მანძილზე მმართველობდა იუდეაში, მაშინ როცა იუდეის პრეფექტების უმრავლესობა გაცილებით უფრო მოკლე პერიოდის განმავლობაში მართავდნენ ამ პროვინციას. ამიტომ რომაელთა შეხედულებით, პილატე თავისი საქმის კარგი მცოდნე იყო. ზოგი მას ლაჩარს უწოდებს, რადგან საკუთარი თავის დასაცავად საძრახისი საქმე ჩაიდინა და დაუშვა, რომ იესო ეწამებინათ და მოეკლათ. სხვები კი ამტკიცებენ, რომ პილატეს მოვალეობაში მართლმსაჯულების აღსრულებაზე მეტად სიმშვიდის შენარჩუნება და რომის ინტერესების დაცვა შედიოდა.

პილატეს დრო ძალიან გასხვავდება ჩვენი დროისგან. მიუხედავად ამისა, იმ დროშიც კი ვერ შეძლებდა ვერც ერთი მოსამართლე, სუფთა სინდისით დაედო მსჯავრი მამაკაცისთვის, რომელსაც უდანაშაულოდ მიიჩნევდა. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, პონტიუს პილატე იესოს რომ არ შეხვედროდა, მისი სახელი შესაძლოა სულ სხვაგვარად ჩაწერილიყო ისტორიაში.

[სქოლიოები]

^ აბზ. 19 ხელის დაბანა იყო ებრაელთა და არა რომაელთა ჩვეულება, რაც იმას ნიშნავდა, რომ ადამიანი უდანაშაულო იყო სისხლისღვრაში (მეორე რჯული 21:6, 7).

[სურათი 11 გვერდზე]

კესარეაში ნაპოვნი ეს წარწერა იმაზე მოწმობს, რომ პონტიუს პილატე იუდას პრეფექტი იყო.