„უფლის შიშია სიბრძნე“
„უფლის შიშია სიბრძნე“
„მოვისმინოთ დასკვნა ყველაფერი ამისა: გვეშინოდეს ღვთისა და ვიცავდეთ მის მცნებებს, რადგან სულ ეს არის ადამიანი“ (ეკლესიასტე 12:13). მართლაც, ღვთის შთაგონებით რა ბრძნულ დასკვნას აკეთებს ძველი ისრაელის მეფე სოლომონი! პატრიარქ იობსაც ესმოდა, თუ რამდენად ღირებულია ღვთისადმი შიში. მან თქვა: „უფლის შიშია სიბრძნე და ბოროტისაგან განრიდებაა გონება“ (იობი 28:28).
ბიბლია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ღვთისადმი შიშს. რატომ არის ბრძნული ღვთისადმი შიშის განვითარება? რა მხრივ მოგვიტანს ეს სარგებლობას ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს როგორც ინდივიდუალურად, ისე ყველას ერთად? ამ კითხვებზე პასუხებს იგავების მე-14 თავის 26—35 მუხლები გაგვცემს *.
„მტკიცე იმედის“ წყარო
„უფლის შიში მტკიცე იმედია, — ამბობს სოლომონი. — მისი შვილები თავშესაფარს ჰპოვებენ“ (იგავები 14:26, სსგ). ღვთისმოშიში ადამიანისთვის ნდობის წყარო სხვა არავინ არის, თუ არა ერთგული და ყოვლისშემძლე ღმერთი იეჰოვა. გასაკვირი არ არის, რომ ასეთი ადამიანი მომავალს მტკიცე იმედით უყურებს. მას მარადიული და კურთხევებით აღსავსე მომავალი ექნება.
რა შეიძლება ითქვას მათ მომავალზე, რომლებიც იმედს ამყარებენ ქვეყნიერებაზე — მის დაპირებებზე, ორგანიზაციებზე, იდეოლოგიებსა და სიმდიდრეზე? როგორი იმედიც უნდა ჰქონდეთ, მათი მომავალი ხანმოკლეა, რადგან ბიბლია ამბობს: „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:17). მაშ, გვაქვს რამე მიზეზი იმისა, რომ ‘გვიყვარდეს ქვეყნიერება ან ის, რაც ქვეყნიერებაშია’? (1 იოანე 2:15).
როგორ შეუძლიათ ღვთისმოშიშ მშობლებს დარწმუნდნენ, რომ მათი „შვილები თავშესაფარს ჰპოვებენ“? ფსალმუნმომღერალი ამბობს: „მოდით, შვილებო, მომისმინეთ! უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ“ (ფსალმუნები 33:12). როდესაც მშობლები შვილებს პირადი მაგალითითა და სიტყვიერი დამოძღვრით ღვთისადმი შიშს ასწავლიან, უფრო მეტი ალბათობაა, რომ შვილები, როცა გაიზრდებიან, იეჰოვას უფრო მეტად მიენდობიან (იგავები 22:6).
„უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, — განაგრძობს სოლომონი. — რათა განერიდოს სიკვდილის მახეს“ (იგავები 14:27). იეჰოვასადმი შიში „სიცოცხლის წყაროა“, რადგან ჭეშმარიტი ღმერთი არის „ცოცხალი წყლის წყარო“ (იერემია 2:13). იეჰოვასა და იესოს შესახებ ცოდნის მიღება ჩვენთვის მარადიულ სიცოცხლეს ნიშნავს (იოანე 17:3). აგრეთვე, ღვთისადმი შიში დაგვეხმარება, ავერიდოთ სიკვდილის მახეს. როგორ? იგავების 13:14-ში ნათქვამია: „ბრძენის მოძღვრება სიცოცხლის წყაროა, რათა გაერიდოს სიკვდილის მახეს“. როდესაც იეჰოვასადმი შიში გვაქვს, ვემორჩილებით მის კანონებს და მის სიტყვას საშუალებას ვაძლევთ, რომ ცხოვრებაში გვიხელმძღვანელოს, ჩვენ დაცულნი ვართ საზიანო ჩვევებისა და განცდებისგან, რასაც შეიძლება ნაადრევ სიკვდილამდე მივეყვანეთ.
„მეფის დიდება“
სოლომონი თავისი მმართველობის უმეტესი პერიოდი ღვთისმოშიშობას ავლენდა და იეჰოვას ემორჩილებოდა. შედეგად ის წარმატებული მმართველი იყო. რით განისაზღვრება მეფის წარმატება? ამაზე იგავების 14:28 გვპასუხობს: „ერის სიმრავლე მეფის დიდებაა, უხალხობა კი — მთავრის დაქცევა“. მეფის წარმატებას ერის კეთილდღეობა განსაზღვრავს. თუ ხალხთა უმეტესობას სურვილი აქვს, ამ მეფის მმართველობის ქვეშ იცხოვროს, ეს მიანიშნებს, რომ ის კარგი მმართველია. სოლომონი ბატონობდა „[წითელი] ზღვიდან [ხმელთაშუა] ზღვამდე და [ევფრატის] მდინარიდან დედამიწის კიდემდე“ (ფსალმუნები 71:6—8). მისი მმართველობის დროს ქვეყანაში უპრეცედენტო მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა სუფევდა (3 მეფეთა 4:24, 25). სოლომონის მეფობა წარმატებული იყო. მეორე მხრივ, როცა ხალხს არ მოსწონს მმართველი, ეს მისი წარუმატებლობის მაჩვენებელია.
ამ მხრივ, რა შეიძლება ითქვას დიდი სოლომონის, მესიანური მეფის — იესო ქრისტეს — დიდებაზე? დაფიქრდით მის, თუნდაც დღევანდელ, ქვეშევრდომებზე. მთელ მსოფლიოში ექვს მილიონზე მეტმა ღვთისმოშიშმა უკვე აირჩია ქრისტეს მმართველობის ქვეშ ცხოვრება. ისინი რწმენას ავლენენ იესოს მიმართ და გაერთიანებულნი არიან ცოცხალი ღმერთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში (იოანე 14:1). სანამ იესოს ათასწლიანი მმართველობა დასრულდება, ყველა, ვინც ღვთის მეხსიერებაშია, მკვდრეთით იქნება აღდგენილი. მაშინ სამოთხედ ქცეული დედამიწა ბედნიერი, სამართლიანი ხალხით გაივსება, რომლებიც მეფისადმი მადლიერებას ავლენენ. ქრისტეს წარმატებული მმართველობის რა შესანიშნავი დადასტურება იქნება! მოდი მტკიცედ ჩავეჭიდოთ სამეფოს შესანიშნავ იმედს!
სულიერი და ფიზიკური სარგებლობა
ღვთისადმი შიში შინაგან სიმშვიდეს მოგვანიჭებს, რადგან სიბრძნეში შიშის გარდა განსჯის უნარი და გამჭრიახობა იგულისხმება. იგავების 14:29-ში (აქ) ნათქვამია: „რისხვაში ნელი კაცი გამჭრიახია, მოუთმენელი კი — უგუნურების განმადიდებელი“. გამჭრიახობა გვეხმარება, დავინახოთ, რომ გაუკონტროლებელი რისხვა საზიანოდ მოქმედებს ჩვენს სულიერობაზე. „მტრობა, დავა, ეჭვიანობა, განრისხება, შუღლი“ იმ საქმეებს შორისაა ჩამოთვლილი, რომლებიც ხელს შეგვიშლის ‘ღვთის სამეფოს დამკვიდრებაში’ (გალატელები 5:19—21). ბიბლია გვირჩევს, რომ მაშინაც კი, თუ განრისხების საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, ამან გულში არ უნდა ჩაიბუდოს (ეფესოელები 4:26, 27). მოუთმენლობამ შეიძლება ისეთი რამ გვათქმევინოს ან გაგვაკეთებინოს, რაც მოგვიანებით სანანებელი გაგვიხდება.
იმასთან დაკავშირებით, რომ განრისხება ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც მოქმედებს, მეფე სოლომონი ამბობს: „ხორცის სიცოცხლეა მშვიდი გული და ძვალთა ხრწნა — შური“ (იგავები 14:30). განრისხება და გამძვინვარება იწვევს სასუნთქი გზებისა და ღვიძლის დაავადებებს; ზრდის სისხლის წნევას და უარყოფითად მოქმედებს პანკრეასზე. აგრეთვე, ექიმების აზრით, განრისხება და გამძვინვარება აუარესებს ემოციურ მდგომარეობას და იწვევს ისეთ ავადმყოფობას, როგორიცაა კუჭის წყლული, ასთმა, კანის დაავადებები და საჭმლის მომნელებელი ფუნქციის დარღვევა. მეორე მხრივ კი, „ხორცის სიცოცხლეა მშვიდი გული“. გონივრულად ვიქცევით, როცა ‘იმისკენ ვისწრაფით, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება’ (რომაელები 14:19).
ღვთისადმი შიში გვეხმარება, მიუკერძოებლები ვიყოთ
„გლახაკის მჩაგვრელი გმობს თავის გამჩენს, — ამბობს სოლომონი. — ღატაკის შემწყალე კი მისი პატივისმცემელია“ (იგავები 14:31). ღვთისმოშიშ პიროვნებას შეგნებული აქვს, რომ ყველას ერთი გამჩენი ჰყავს, იეჰოვა ღმერთი. „გლახაკიც“ ადამიანია, ამიტომ ის, თუ როგორ ეპყრობიან მას, შემოქმედისთვის სულერთი არ არის. ღმერთი რომ განვადიდოთ, სამართლიანად და მიუკერძოებლად უნდა მოვექცეთ სხვებს. ღარიბ ქრისტიანებს მიკერძოების გარეშე უნდა აღმოვუჩინოთ სულიერი მხარდაჭერა. როგორც მდიდრებს, ისე ღარიბებს უნდა გავაგებინოთ სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ.
ბრძენი მეფე კიდევ ერთ სარგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ღვთისადმი შიშს მოაქვს: „ბოროტი თავისი ცუდი საქმეების გამო დაეცემა, მართალი კი თავის უმწიკვლობას შეაფარებს თავს“ (იგავები 14:32, აქ). რა გაგებით დაეცემა ბოროტი? ბიბლიის ზოგიერთი მკვლევარის აზრით, როდესაც ბოროტი რაიმე უბედურებას წააწყდება, ნაკლები შანსი აქვს, თავი უსაფრთხოდ დააღწიოს მას. ხოლო, როდესაც ღვთისმოშიშს შეხვდება გაჭირვება, ის თავისივე უმწიკვლობას შეაფარებს თავს. ის მინდობილია იეჰოვაზე და ისეთივე გადაწყვეტილებით არის აღსავსე, როგორც იობი, რომელმაც თქვა: „სიკვდილამდე არ განვიშორებ ჩემს უმწიკვლოებას!“ (იობი 27:5).
უმწიკვლობის შესანარჩუნებლად საჭიროა ღვთისადმი შიში და სიბრძნე. სად შეიძლება სიბრძნის პოვნა? „გაგების უნარის მქონე კაცს სიბრძნე გულში აქვს, — გვპასუხობს იგავების 14:33 (აქ). — სულელებს შორის კი გაცხადებულია ის“. დიახ, სიბრძნე გაგების უნარის მქონე კაცის გულშია. რა გაგებით გაცხადდება სიბრძნე სულელებს შორის? ერთი ნაშრომის თანახმად, „სულელს ძალიან უნდა, თავი ბრძნულად წარმოაჩინოს და მისი აზრით, რასაც ამბობს, გონივრულია, სინამდვილეში კი სისულელეს აფრქვევს“.
„აღაზევებს ერს“
ისრაელის მეფე ამბობს, თუ როგორ მოქმედებს ღვთისადმი შიში როგორც თითოეულ ადამიანზე, ისე მთელ ერზე: „სიმართლე აღაზევებს ერს, ხალხთა სირცხვილი კი მათი ცოდვაა“ (იგავები 14:34). მართლაც, როგორ გამართლდა ეს ისრაელი ერის შემთხვევაში. ღვთის მაღალზნეობრივი ნორმების ერთგულად დაცვით ისრაელები გარშემო მყოფ ერებს შორის აღზევებულნი იყვნენ. მაგრამ მათმა მრავალგზის დაუმორჩილებლობამ ისინი სირცხვილამდე მიიყვანა და, საბოლოოდ, უარყო იეჰოვამ. ეს პრინციპი დღეს ღვთის ხალხის მიმართაც მოქმედებს. ქრისტიანული კრება განსხვავდება ქვეყნიერებისგან, რადგან ღვთის სამართლიან პრინციპებს იცავს. ‘აღზევებული’ მდგომარეობა რომ შევინარჩუნოთ, თითოეულმა ჩვენგანმა უმწიკვლოდ უნდა ვიცხოვროთ. ცოდვების ჩადენით მარტო ჩვენ კი არ შევრცხვებით, არამედ ეს ჩირქს მოსცხებს კრებას და ღმერთს.
იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოუტანს მეფეს სიხარულს, სოლომონი ამბობს: „მეფისთვის მოსაწონია მსახური, რომელიც წვდომის უნარს ავლენს, სამარცხვინოდ მოქმედი კი მის რისხვას დაიტეხს“ (იგავები 14:35, აქ). იგავების 16:13-ში ნათქვამია: „სათნოა მეფეთათვის მართალი ბაგენი და წრფელად მოლაპარაკენი უყვარს მას“. დიახ, ჩვენს ხელმძღვანელსა და მეფეს, იესო ქრისტეს, ძალიან სიამოვნებს, როდესაც სამართლიანად ვიქცევით და წვდომის უნარს ვავლენთ; ასევე, როდესაც ბაგეებს სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმისა და მოწაფეების მომზადებისთვის ვიყენებთ. მაშ, დავკავდეთ ამ საქმით და მივიღოთ კურთხევები, რაც ჭეშმარიტი ღვთისადმი მოშიშებას მოაქვს.
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 იგავების 14:1—25 გარჩეულია 2004 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 26—29 და 2005 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 17—20.
[სურათი 15 გვერდზე]
ღვთის შიშის სწავლა შესაძლებელია.