ღმერთი თუ ადამიანი?
ღმერთი თუ ადამიანი?
„მე ქვეყნიერების სინათლე ვარ. ვინც გამომყვება, სიბნელეში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება მას“ (იოანე 8:12). ეს სიტყვები იესომ წარმოთქვა. პირველ საუკუნეში მცხოვრებმა ერთმა განათლებულმა ადამიანმა მის შესახებ დაწერა: „მასში საგულდაგულოდ არის დამალული სიბრძნისა და ცოდნის მთელი განძი“ (კოლოსელები 2:3). უფრო მეტიც, ბიბლია ამბობს: „მარადიული სიცოცხლე რომ მიიღონ, უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). იესოს შესახებ ზუსტი ცოდნა აუცილებელია სულიერი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
მთელ მსოფლიოში ბევრ ადამიანს სმენია იესოს შესახებ. უდავოა, რომ მან უდიდესი გავლენა მოახდინა კაცობრიობის ისტორიაზე. ფაქტობრივად, მსოფლიოს უმეტეს ნაწილში წელიწადის დღეების აღრიცხვას იმ წლიდან იწყებენ, რომელსაც დაახლოებით იესოს დაბადების წლად მიიჩნევენ. «ბევრი ქრისტეს დაბადებამდე პერიოდს ქრისტეს შობამდე პერიოდს უწოდებს, ანუ ძველი წელთაღრიცხვით მოიხსენიებს, — განმარტავს ენციკლოპედია „უორლდ ბუკი“. — ხოლო ქრისტეს დაბადების შემდგომ პერიოდს ქრისტეს შობის შემდგომ პერიოდად ანუ ახალ წელთაღრიცხვად მოიხსენიებს».
და მაინც, არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო იესო ქრისტე. ზოგისთვის ის მხოლოდ ცნობილი ადამიანი იყო, რომელმაც თავისი კვალი დააჩნია ისტორიას. სხვები კი ეთაყვანებიან მას, როგორც ყოვლისშემძლე ღმერთს. ინდუიზმის მიმდევრები იესო ქრისტეს აკავშირებენ ინდუიზმის ღვთაება კრიშნასთან, რომელიც ბევრის აზრით, ხორცშესხმული ღმერთი იყო. იესო უბრალოდ ადამიანი იყო, თუ ის, ვისაც თაყვანი უნდა ვცეთ? სინამდვილეში ვინ იყო ის? როგორ გაჩნდა? რა თვისებებით გამოირჩეოდა? და სად იმყოფება ახლა? როგორც მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, ამ კითხვებზე სწორ პასუხებს გაგვცემს წიგნი, რომელიც ბევრს საუბრობს იესოზე.