როგორი განათლება მოგიტანთ ბედნიერებას?
როგორი განათლება მოგიტანთ ბედნიერებას?
პრობლემებისგან დათრგუნულებს თუ გქონიათ ოდესმე ისეთი გრძნობა, რომ მორევში იძირებით? მხოლოდ წარმოიდგინეთ, რამხელა ტკივილს მიაყენებდით საკუთარ თავს, თუ ამ პრობლემებიდან ერთის ან რამდენიმეს გადაჭრისას შეცდომას დაუშვებდით! არავინ დაბადებულა იმ უნარით, რომ ყველა პრობლემა წარმატებით გადაჭრას და ნებისმიერ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. სწორედ ამიტომააა საჭირო განათლების მიღება. სად შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი განათლება, რომელიც დაგეხმარებათ, წარმატებით გაუმკლავდეთ ცხოვრებისეულ პრობლემებს?
ბევრი, როგორც ახალგაზრდა, ისე ხანდაზმული, თვლის, რომ საშუალო სკოლაში განათლების მიღება უაღრესად მნიშვნელოვანია. ზოგი სპეციალისტი „სავსებით დარწმუნებულია, რომ თქვენ ვერასდროს იპოვით მაღალანაზღაურებად სამუშაოს, თუ უმაღლეს სასწავლებელს არ დაამთავრებთ“. მაგრამ ადამიანებს აქვთ ისეთი მოთხოვნილებები, რომლებიც მხოლოდ მატერიალური მონაპოვრით ვერ დაკმაყოფილდება. მაგალითად, დაგეხმარებათ უმაღლესი განათლება, იყოთ კარგი მშობელი, მეუღლე ან მეგობარი? სინამდვილეში, ადამიანებს, რომლებიც მოხიბლულნი არიან საკუთარი ინტელექტუალური მიღწევებით, შეიძლება არასასურველი თვისებები განუვითარდეთ, რის გამოც შესაძლოა ოჯახში სერიოზული პრობლემები გაუჩნდეთ ან თვითმკვლელობითაც კი დაასრულონ სიცოცხლე.
ზოგი ხელმძღვანელობისთვის მიმართავს რელიგიას, როგორც განათლების წყაროს, მაგრამ იმედი უცრუვდებათ, რადგან ცხოვრებისეული პრობლემების გადასალახავად ვერ იღებენ პრაქტიკულ დახმარებას. მაგალითისთვის მოვიყვანოთ მექსიკაში მცხოვრები ემილიას შემთხვევა *. ის ამბობს: „15 წლის წინ ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მე და ჩემს მეუღლეს უბრალოდ აღარ შეგვეძლო ერთად ცხოვრება. ჩვენ გაუთავებლად ვკამათობდით. ვერ შევძელი, რომ მეუღლეს სმის მიტოვებაში დავხმარებოდი. მის ძებნაში არაერთხელ მომიწია პატარების მარტო დატოვება. ემოციურად გამოფიტული ვიყავი. რამდენჯერმე ეკლესიაში წავედი იმ იმედით, რომ გამოსავლის საპოვნელად რაღაც დახმარებას მაინც მივიღებდი. თუმცა დროდადრო იქ ბიბლიას იყენებდნენ, არასდროს მოუციათ ისეთი რჩევა, რომელიც კონკრეტულად ჩემს სიტუაციას ეხებოდა. ეკლესიაში გარკვეული ხნით ყოფნა და ლოცვების გამეორება ვერ დამეხმარა პრობლემების გადაჭრაში“. სხვებს შესაძლოა იმის დანახვამ გაუტეხა გული, რომ მათი სულიერი მოძღვრები სამაგალითო ცხოვრებას არ ეწეოდნენ. შედეგად ბევრმა დაკარგა რელიგიისადმი, როგორც წარმატების მისაღწევად საჭირო განათლების წყაროსადმი, ნდობა.
ამიტომ თქვენ შეიძლება დაგებადოთ კითხვა: „როგორი განათლება უნდა მივიღო, რომ ბედნიერი ვიყო?“ გვპასუხობს ჭეშმარიტი ქრიტიანობა ამ მნიშვნელოვან კითხვაზე? ამას მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.
[სქოლიოები]
^ აბზ. 4 სახელი შეცვლილია.