არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საუკეთესო განათლებით ბედნიერების მიღწევა შესაძლებელია!

საუკეთესო განათლებით ბედნიერების მიღწევა შესაძლებელია!

საუკეთესო განათლებით ბედნიერების მიღწევა შესაძლებელია!

ბიბლიაში იეჰოვა ღმერთს ყველაფრის, მათ შორის ადამიანების, შემოქმედი ეწოდება (დაბადება 1:27; გამოცხადება 4:11). მან, როგორც დიდებულმა მოძღვარმა, პირველ წყვილს, ადამსა და ევას, განათლება მისცა და ედემის მშვენიერ ბაღში საცხოვრებლად მოამზადა. მისი განზრახვა იყო, დაემოძღვრა ისინი და მარადიულად ეზრუნა მათზე (დაბადება 1:28, 29; 2:15—17; ესაია 30:20, 21). მხოლოდ დაფიქრდით, როგორი მომავალი ელოდათ მათ!

სამწუხაროდ, პირველმა წყვილმა უარი თქვა ამ შესანიშნავ მომავალზე. მათი დაუმორჩილებლობის შედეგად ადამიანთა მთელი მოდგმა სულ უფრო და უფრო ეცემა ზნეობრივად და ფიზიკურად (დაბადება 3:17—19; რომაელები 5:12). პირველი ადამიანების შექმნის შემდეგ წარმოქმნილი რამდენიმე ახალი თაობის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „იხილა უფალმა, რომ გამრავლდა ბოროტება ადამიანისა მიწაზე, და მისი გულის ყოველი წადილი მუდამ მხოლოდ ბოროტება იყო“ (დაბადება 6:5).

თითქმის 4 500 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იეჰოვამ დაინახა, რომ ადამიანი ბოროტისკენ იყო მიდრეკილი; ამჟამად ადამიანთა მდგომარეობა ისე, როგორც არასდროს, გაუარესებულია. ბევრი უსირცხვილოდ იტყუება, ქურდობს ან სხვებს თავს ესხმის. ადამიანებს სულ უფრო მეტი პრობლემა უჩნდებათ, მაგრამ ისინი სულ უფრო ნაკლებად ზრუნავენ სხვებზე. განა არ განიცდის კრახს ადამიანთა ურთიერთობები, მათ შორის ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობა? უნდა აღინიშნოს, რომ ღმერთი არ არის პასუხისმგებელი დღევანდელ მდგომარეობაზე, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ მას საერთოდ არ აწუხებს ეს. იეჰოვა ყოველთვის იყო დაინტერესებული ადამიანთა კეთილდღეობით; ის მზად არის, გაანათლოს ის ადამიანები, რომლებიც ბედნიერების მოსაპოვებლად მის ხელმძღვანელობას ეძებენ. დაახლოებით 2 000 წლის წინ იეჰოვამ თავისი ძე, იესო ქრისტე, გამოგზავნა დედამიწაზე, რითაც ცხადყო, რომ დაინტერესებული იყო იმ ადამიანების განათლებით, რომლებსაც სურდათ ცხოვრებაში ბედნიერების მიღწევა. იესომ აჩვენა, რომ სრულყოფილი განათლება ჰქონდა მიღებული, რადგან მას საუკუნეების მანძილზე დიდებული მოძღვარი ასწავლიდა.

ჭეშმარიტი ქრისტიანობა და განათლება

იესო ქრისტემ ჩაუყარა საფუძველი ჭეშმარიტ ქრისტიანობას, ანუ ცხოვრების ისეთ წესს, რომელიც სიყვარულზეა დაფუძნებული. ისინი, ვინც ჭეშმარიტ ქრისტიანულ გზას მიჰყვებიან, ღვთის ნების თანახმად აზროვნებენ და მოქმედებენ, რათა პატივი და დიდება მოუტანონ ღვთის სახელს (მათე 22:37—39; ებრაელები 10:7). იესოს სწავლებები, რომლებიც ცხოვრების ამ წესთან არის დაკავშირებული, მისი მამისგან, იეჰოვასგან, მომდინარეობს. იოანეს 8:29–ში ვკითხულობთ, როგორ იღებდა იესო ღვთისგან მხარდაჭერას: „ჩემი გამომგზავნელი ჩემთან არის. მას მარტო არ დავუტოვებივარ, რადგან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას მოსწონს“. დიახ, დედამიწაზე მსახურების დროს იესოს მამა უჭერდა მხარს და ხელმძღვანელობდა. იესოს პირველი მიმდევრები ხელმძღვანელობის გარეშე ვერ გაუმკლავდებოდნენ ცხოვრებისეულ სირთულეებს. იეჰოვამ თავისი ძის მეშვეობით ასწავლა მათ. იესოს სწავლებების დაცვითა და მისი მაგალითის მიყოლით ისინი უკეთესი ადამიანები გახდნენ. იმავეს თქმა შეიძლება იესოს თანამედროვე მოწაფეებზეც (იხილეთ ჩარჩო „გავლენა, რომელსაც იესო და მისი სწავლებები ახდენს“, გვ. 6).

ჭეშმარიტი ქრისტიანობის განმასხვავებელი თავისებურება ის არის, რომ ის მოიცავს ისეთ განათლებას, რომელიც გავლენას ახდენს გულსა და გონებაზე და შინაგანად ცვლის ადამიანებს (ეფესოელები 4:23, 24). მაგალითად დაფიქრდით, რას ასწავლის იესო იმასთან დაკავშირებით, რომ მეუღლის მიმართ ერთგულები ვიყოთ: «თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „არ იმრუშო“. მე კი გეუბნებით: ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში» (მათე 5:27, 28). ამ სიტყვებით იესო თავის მოწაფეებს ასწავლიდა, რომ გული სუფთად შეენახათ; თუმცა უხამსი ფიქრებითა და სურვილებით შეპყრობილ ადამიანს შეიძლება ჯერ არ ჰქონდეს ცოდვა ჩადენილი, მოგვიანებით ამას ის დამღუპველ შედეგებამდე მიჰყავს. ნუთუ მართალი არ არის, რომ არასწორმა სურვილებმა ადამიანს შეიძლება ისეთი საქციელი ჩაადენინოს, რაც გულს ატკენს ღმერთს და სხვებს?

ამიტომ ბიბლია ასეთ რჩევას გვთავაზობს: „ნუღარ იცხოვრებთ ამ სისტემის ყაიდაზე, არამედ განიახლეთ გონება და გარდაიქმენით, რათა დარწმუნდეთ, რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი“ (რომაელები 12:2). თქვენ შეიძლება იკითხოთ: „ნამდვილად შესაძლებელია გონების განახლება ასეთი განათლების საშუალებით?“. გონების განახლება გულისხმობს ღვთის სიტყვაში მოცემული პრინციპებითა და მითითებებით გონების ავსებას და სხვა მიმართულებით მის წარმართვას. ეს შესაძლებელია ღვთის სიტყვიდან განათლების მიღებით.

ცვლილების მოსახდენად აღძრულნი

„ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი“ (ებრაელები 4:12). ის ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანებზე, რითაც ცხადი ხდება, რომ არ არის მოძველებული. ღვთის სიტყვა ადამიანს აღძრავს, შეიცვალოს ცხოვრების წესი, ჭეშმარიტი ქრისტიანობის მიმდევარი გახდეს და უკეთეს პიროვნებად გარდაიქმნას. ქვემოთ მოყვანილი მაგალითები ცხადყოფს, რამდენად ფასდაუდებელია ბიბლიური განათლება.

სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ემილია ამბობს: „მხოლოდ ჩემ მიერ გაწეული ძალისხმევა არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ოჯახში მდგომარეობა გამოსწორებულიყო. როდესაც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე, იმედი გამიჩნდა და თანდათანობით თვალსაზრისი შევიცვალე. ვისწავლე, უფრო მომთმენი ვყოფილიყავი და ადვილად არ გავღიზიანებულიყავი. გარკვეული დროის შემდეგ ჩემმა მეუღლემაც დაიწყო შესწავლა. მისთვის ადვილი არ იყო სმის მიტოვება, მაგრამ შეძლო ეს. ამან ჩვენი ქორწინება განამტკიცა. ამჟამად ჩვენ ბედნიერი ქრისტიანები ვართ და შვილებს ბიბლიის შესანიშნავ პრინციპებს ვუნერგავთ“ (მეორე რჯული 6:7).

ჭეშმარიტი ქრისტიანული განათლება ადამიანს მანკიერებისა და უზნეობისგან თავის დახსნაში ეხმარება. მანუელმა * ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. 13 წლის ასაკში ის სახლიდან გაიქცა და მარიხუანას მოწევა დაიწყო. დროთა განმავლობაში ის ჰეროინზე გადავიდა. მას სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა მამაკაცებთან და ქალებთან, რომლებიც სანაცვლოდ თავშესაფრითა და ფულით უზრუნველყოფდნენ. გარკვეული დროის შემდეგ მანუელი ხალხის დაყაჩაღებითაც ირჩენდა თავს. ის თითქმის ყოველთვის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. ძალადობის გამო ის არაერთხელ იჯდა ციხეში. მანუელმა ციხეში ოთხი წელი გაატარა, სადაც იარაღით ვაჭრობაში ჩაება. დაქორწინების შემდეგ მანუელი კვლავ იმკიდა წარსულის შედეგებს. ის ყვება: „ჩვენ ყოფილ საქათმეში ვცხოვრობდით. დღემდე მახსოვს, როგორ ამზადებდა ჩემი მეუღლე საჭმელს აგურებზე. ჩვენ იმდენად უმწეო მდგომარეობაში ვიყავით, რომ ჩემმა ოჯახის წევრებმა მეუღლეს უბიძგეს, მივეტოვებინე“.

რამ შეცვალა მანუელის ცხოვრება? ის გვპასუხობს: „ერთხელ ერთმა ნაცნობმა მოგვაკითხა, რათა ბიბლიაზე ესაუბრა. მე ის მხოლოდ იმიტომ მივიღე, რომ დამემტკიცებინა ადამიანებით ვითომდა დაინტერესებული ღმერთის არარსებობა. ვფიქრობდი, რომ შემეძლო ამის დამტკიცება. გამაოცა ამ მოწმის მოთმინებამ და თავაზიანობამ, ამიტომ დავთანხმდი, კრების შეხვედრას დავსწრებოდი სამეფო დარბაზში. თუმცა იქ დამსწრეთაგან ზოგმა იცოდა ჩემი წარსული, მათ მეგობრულად მიმიღეს — ისე მექცეოდნენ, თითქოს ერთ–ერთი მათგანი ვიყავი. ეს მართლაც დიდად მანუგეშებელი იყო ჩემთვის. სურვილი გამიჩნდა, მიმეტოვებინა ნარკოტიკები და პატიოსნად მემუშავა. ბიბლიის შესწავლიდან ოთხ თვეში უკვე შემეძლო სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, მომდევნო ოთხი თვის შემდეგ კი მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი.

რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჭეშმარიტი ქრისტიანობა მანუელისა და მისი ოჯახისთვის? „ბიბლიური განათლება რომ არა, უეჭველად, წლების წინ დავასრულებდი სიცოცხლეს. სწორედ ცხოვრების ის წესი, რომლის შესახებაც იესო ასწავლიდა, დაეხმარა ჩემს ოჯახს, დაბრუნებულიყვნენ ჩემთან. ჩემს ორ შვილს არ მოუწევს იმის გამოცდა, რაც მე გამოვცადე ახალგაზრდობაში. ვამაყობ და უსაზღვროდ მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ ამჟამად კარგი ურთიერთობა მაქვს ჩემს მეუღლესთან. ზოგი ჩემი ყოფილი ნაცნობი მილოცავს და მეუბნება, რომ მათი აზრით, ჩემ მიერ არჩეული ცხოვრების გზა საუკეთესოა“.

ზნეობრივი სისუფთავის გარდა ქრისტიანული ცხოვრების წესი ფიზიკურ სისუფთავესაც მოითხოვს. ჯონმა, რომელიც სამხრეთ აფრიკის ღარიბ მხარეში ცხოვრობს, დაინახა ამის საჭიროება. ის გვიყვება: „ჩემი ქალიშვილი ზოგჯერ ერთი კვირის მანძილზე არ იბანდა; ოჯახში არც ერთი ჩვენგანი არ ზრუნავდა სისუფთავეზე“. ჯონის მეუღლემ აღიარა, რომ მათ სახლში საშინელი უსუფთაობა იყო. მაგრამ ქრისტიანული განათლების წყალობით ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. ჯონმა გაწყვიტა მანქანის ქურდების ბანდასთან კავშირი და უფრო მეტი ყურადღება მიაქცია საკუთარ ოჯახს. „ჩვენ, როგორც ქრისტიანებმა, ვისწავლეთ, რომ აუცილებელი იყო ფიზიკურ სისუფთავეზე ზრუნვა და სუფთა ტანსაცმლის ჩაცმა. მომწონს 1 პეტრეს 1:16–ში ჩაწერილი სიტყვები, სადაც პეტრე მოციქული მოგვიწოდებს, რომ ვიყოთ წმინდები, რადგან თავად იეჰოვა ღმერთია წმინდა. ახლა იმასაც ვცდილობთ, რომ ჩვენი უბრალო სახლი სასიამოვნოდ გამოიყურებოდეს“.

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ საუკეთესო განათლება

ზემოთ მოხსენიებული შემთხვევები გამონაკლისი როდია. ბიბლიური განათლების წყალობით ათასობით ადამიანმა გაიუმჯობესა ცხოვრება. თავიანთი პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის გამო ისინი ძალიან ფასობენ თავიანთი დამქირავებლების თვალში. ისინი გახდნენ კარგი მეზობლები და მეგობრები, რადგან დაინტერესებულები არიან სხვების კეთილდღეობით. მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, არ აჰყვნენ ხორცის სურვილებს და თავი აარიდონ ზნეობრივ მანკიერებებს, რის შედეგადაც უკეთ ზრუნავენ თავიანთ ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ ჯანმრთელობაზე. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი უნარი და ძალები უზნეო ცხოვრებას შეალიონ, ისინი ისე იყენებენ მათ, რომ სიკეთე მოაქვთ როგორც საკუთარი თავისთვის, ისე თავიანთი ოჯახებისთვის (1 კორინთელები 6:9—11; კოლოსელები 3:18—23). როდესაც იეჰოვას მიერ ბიბლიაში მითითებული პრინციპებით ვხელმძღვანელობთ, შედეგები, უეჭველად, ცხადყოფს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანული გზა, რის წყალობითაც საუკეთესო განათლებას ვიღებთ, ცხოვრების საუკეთესო გზაა. ისეთი ადამიანის შესახებ, რომელიც ბიბლიური ნორმების თანახმად ცხოვრობს, ბიბლიაში ნათქვამია: „ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმუნები 1:3).

გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთს, იეჰოვას სურს, გვასწავლოს. ის საკუთარ თავზე ამბობს: „მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, მე გასწავლი შენს სასიკეთოდ და გატარებ იმ გზით, რომლითაც უნდა იარო“ (ესაია 48:17, აქ). დიახ, იეჰოვა ამ გზას თავისი ძის, იესო ქრისტეს, მაგალითითა და მისი სწავლებებით გვიჩვენებს. იესოს სწავლებებმა რადიკალურად შეცვალა ბევრი, რომლებიც პირადად იცნობდნენ მას დედამიწაზე მსახურების პერიოდში; იმავეს თქმა შეიძლება ბევრ სხვა ადამიანზეც, რომლებიც დღეს მისი სწავლებების თანახმად ცხოვრობენ. რატომ არ გამონახავდით დროს ამ სწავლებების შესახებ უფრო მეტის გასაგებად? თქვენს მეზობლად მცხოვრები იეჰოვას მოწმეები სიხარულით დაგეხმარებიან ასეთი ფასდაუდებელი განათლების მიღებაში.

[სქოლიოები]

^ აბზ. 12 ზოგი სახელი შეცვლილია.

[ჩარჩო/სურათი 6 გვერდზე]

გავლენა, რომელსაც იესო და მისი სწავლებები ახდენს

ზაქე, გადასახადების ამკრეფთა უფროსი, თავისი მდგომარეობით სარგებლობდა და ფულის გამოძალვითა და უბრალო ხალხის გაძარცვით გამდიდრდა. მაგრამ მან იესოს სწავლებების გამოყენება დაიწყო და შეიცვალა ცხოვრების წესი (ლუკა 19:1—10).

ტარსოსელმა სავლემ შეწყვიტა ქრისტიანების დევნა და ქრისტიანობაზე მოიქცა. ის პავლე მოციქული გახდა (საქმეები 22:6—21; ფილიპელები 3:4—9).

ზოგი კორინთელი ქრისტიანი ‘მეძავი, კერპთაყვანისმცემელი, მრუში, მამათმავალი, ქურდი, ხარბი, ლოთი, მლანძღველი და გამომძალველი’ იყო. მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანობის წყალობით ‘განიბანნენ, განიწმინდნენ და მართლებად იქნენ აღიარებულნი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით’ (1 კორინთელები 6:9—11).

[სურათი 7 გვერდზე]

ბიბლიას შეუძლია დაგეხმაროთ ბედნიერების მიღწევაში.