„კარგია სიტყვა თავის დროზე“
„კარგია სიტყვა თავის დროზე“
იეჰოვას მოწმეთა ერთდღიანი კონგრესის განმავლობაში კიმი ძალიან ცდილობდა, რომ პროგრამა მოესმინა, ჩანაწერები გაეკეთებინა და, ამავე დროს, თავისი ორწლინახევრის ქალიშვილისთვისაც ყურადღება მიექცია. პროგრამის დასასრულს, ქრისტიანი და, რომელიც იქვე ახლოს იჯდა, კიმისკენ შემობრუნდა და ის და მისი მეუღლე გულწრფელად შეაქო იმისათვის, რომ მთელი პროგრამის განმავლობაში ბავშვს ყურადღებას აქცევდნენ. ამან იმდენად გაამხნევა კიმი, რომ დღესაც კი, წლების შემდეგ, ამბობს: „კრების დროს როცა ძალიან დაღლილი ვარ, იმ დის ნათქვამს ვიხსენებ. მისი თბილი სიტყვები დღესაც სტიმულს მაძლევს, რომ მოთმინებით განვაგრძო ჩემი ქალიშვილის აღზრდა“. მართლაც, დროული სიტყვები ძალიან გამამხნევებელია. ბიბლიაში ნათქვამია: „კარგია სიტყვა თავის დროზე“ (იგავები 15:23).
ზოგისთვის შეიძლება ადვილი არ იყოს სხვების შექება. ზოგჯერ ამაში შეიძლება ხელს გვიშლიდეს საკუთარი სისუსტეების გაცნობიერება. ერთი ქრისტიანი მამაკაცი ამბობს: „ეს ჩემთვის ქვიშაზე დგომის მსგავსია. რაც უფრო მეტად ვაქებ სხვებს, ასე ვთქვათ, მით მეტად ვეფლობი ქვიშაში — ვგრძნობ, რამდენად უსუსური ვარ“. შეიძლება ასევე რთული იყოს სხვების შექება მორცხვობის, არასრულფასოვნების გრძნობის ან იმის შიშის გამო, რომ სწორად ვერ გაგვიგებენ. გარდა ამისა, თუ პირადად იშვიათად ან საერთოდ არ გვაქებდნენ, შეიძლება გაგვიჭირდეს სხვების შექება.
მაგრამ იმის ცოდნამ, რომ შექება დადებითად მოქმედებს როგორც ჩვენზე, ისე მათზე, ვისაც ვაქებთ, შეიძლება აღგვძრას, ვეძებოთ შესაძლებლობები დროული შექებისთვის (იგავები 3:27). რა დადებითი შედეგები მოჰყვება ამას? მოდი მოკლედ განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.
დადებითი შედეგები
დროულ შექებას შეუძლია საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნოს ის, ვისაც აქებენ. „როდესაც მაქებენ, ვგრძნობ, რომ მენდობიან და სჯერათ ჩემი“, — ამბობს ქრისტიანი და ელეინი. დიახ, ისეთ ადამიანს, რომელსაც ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში, შექებამ შეიძლება გაბედულება შემატოს დაბრკოლებების გასამკლავებლად, რაც მას სიხარულს მოუტანს. შექება განსაკუთრებით ახალგაზრდებზე მოქმედებს დადებითად. ერთი ახალგაზრდა, რომელსაც უარყოფითი ფიქრები მსახურების ხალისს უკარგავდა, ამბობს: „ყოველმხრივ ვცდილობ, ვასიამოვნო იეჰოვას, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, რომ რასაც ვაკეთებ, საკმარისი არ არის. როცა მაქებენ, ძალიან მსიამოვნებს“. მართლაც რომ ჭეშმარიტია ბიბლიური იგავი: «წესიერად [„დროულად“, აქ] ნათქვამი სიტყვა ვერცხლით მოვარაყებული ოქროს ვაშლებია» (იგავები 25:11).
შექებამ შეიძლება გაამხნევოს და მოქმედებისკენ აღძრას ადამიანი. ერთი სრული დროით მსახური ამბობს: „შექება აღმძრავს, უფრო მეტი გავაკეთო და მსახურება გავაუმჯობესო“. ორი შვილის დედამ აღნიშნა, რომ, როცა ბავშვებს კრებაში კომენტარებში მონაწილეობისთვის აქებენ, მათ უფრო მეტად სურთ მონაწილეობის მიღება. დიახ, ამან შეიძლება აღძრას ახალგაზრდები, წინ წაიწიონ სულიერად. სინამდვილეში, თითოეულს გვესაჭიროება იმაში დარწმუნება, რომ გვაფასებენ და ძვირფასნი ვართ. ამ პრობლემებით აღსავსე ქვეყნიერებაში შეიძლება გადავიღალოთ და ხალისი დავკარგოთ. ერთი ქრისტიანი უხუცესი ამბობს: „ზოგჯერ, როცა გულგატეხილობა მეუფლება, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ შექება ჩემს ლოცვებზე პასუხია“. ელეინიც მსგავსად ფიქრობს: „როცა სხვები მაქებენ, ვგრძნობ, რომ
იეჰოვა კეთილგანწყობილებას ასეთი სახით ავლენს ჩემ მიმართ“.შექება ერთმანეთთან უფრო გვაახლოებს. გულწრფელი შექება ყურადღებიანობაზე მეტყველებს; ამ დროს თბილი და სასიამოვნო გარემო იქმნება. შექებით ცხადვყოფთ, რომ ნამდვილად გვიყვარს თანაქრისტიანები და ვაფასებთ მათ. ერთი დედა, ჯოზი, ამბობს: „რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ჭეშმარიტების დაცვა მიწევდა. სულიერად მოწიფული და-ძმებისგან შექება ძალებს მაძლევდა, რომ არ დამეთმო ჩემი რწმენა“. მართლაც, ჩვენ „სხეულის ნაწილები ვართ და ერთმანეთს ვეკუთვნით“ (ეფესოელები 4:25).
სხვების შექების სურვილი გვეხმარება, რომ ადამიანებში კარგი დავინახოთ. ქრისტიანები სხვებში დადებით თვისებებს ხედავენ და არა უარყოფითს. ქრისტიანი უხუცესი, დეივიდი, ამბობს: „იმის დაფასება, რასაც ჩვენთვის სხვები აკეთებენ, დაგვეხმარება, უფრო ხშირად შევაქოთ თანამორწმუნეები“. თუ გვემახსოვრება, რომ იეჰოვა და მისი ძე ყოველთვის კარგს ხედავენ არასრულყოფილ ადამიანებში, ეს აღგვძრავს, არ დავიშუროთ საქებარი სიტყვები სხვებისთვის (მათე 25:21—23; 1 კორინთელები 4:5).
ღირსეულთა შექება
იეჰოვა ყველაზე მეტად იმსახურებს ქება-დიდებას, რადგან ის შემოქმედია (გამოცხადება 4:11). მართალია, იეჰოვა არ საჭიროებს საკუთარ ძალებში დარწმუნებას და მოქმედებისკენ აღძვრას, მაგრამ, როდესაც დიდებული შემოქმედებისა და ჩვენ მიმართ გამოვლენილი სიკეთისთვის ქება-დიდებას ვუძღვნით, ის გვიახლოვდება და, ამგვარად, ახლო ურთიერთობას ვავითარებთ მასთან. ღვთის განდიდება ასევე საკუთარი მიღწევებისადმი ჯანსაღი და მოკრძალებული თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში გვეხმარება და აღგვძრავს, ჩვენი წარმატებებისთვის დიდება იეჰოვას მივაგოთ (იერემია 9:23, 24). იეჰოვას განდიდების კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ ის ყველა ღირსეულ ადამიანს მარადიული სიცოცხლის იმედს აძლევს (გამოცხადება 21:3, 4). ძველ დროში მცხოვრები დავით მეფე მთელი გულით ‘აქებდა ღვთის სახელს’ და ‘განადიდებდა მას მადლიერებით’ (ფსალმუნები 68:31). დაე ჩვენც მსგავსად განვადიდოთ ღმერთი!
სათანადო შექებას თანაქრისტიანებიც იმსახურებენ. როდესაც სხვებს ვაქებთ, ღვთის მოთხოვნის თანახმად ვიქცევით, რომ „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“ (ებრაელები 10:24). ამ მხრივ კარგ მაგალითს გვაძლევს პავლე მოციქული. მან რომში მცხოვრებ ქრისტიანებს მისწერა: „უპირველეს ყოვლისა, იესო ქრისტეს მეშვეობით მადლობას ვუხდი ჩემს ღმერთს ყველა თქვენგანისთვის, რადგან მთელ ქვეყანაზე ლაპარაკობენ თქვენი რწმენის შესახებ“ (რომაელები 1:8). მსგავსად ამისა, იოანე მოციქულმაც შეაქო თანაქრისტიანი გაიუსი იმისათვის, რომ ის ‘ჭეშმარიტებაში დადიოდა’ და ამით შესანიშნავ მაგალითს იძლეოდა (3 იოანე 1—4).
დღეს შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს, მადლიერება გამოვხატოთ იმ თანაქრისტიანთა მიმართ, რომლებიც ქრისტიანულ თვისებებს ავლენენ, კარგად არიან მომზადებულნი კრების შეხვედრებისთვის ან მთელი გულით აკეთებენ კომენტარებს. ან შეგვიძლია შევაქოთ ბავშვები, რომლებიც კრების შეხვედრებზე ცდილობენ, საღვთო წერილიდან მოყვანილი ადგილები მოძებნონ. ელეინი, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, ამბობს: „ყველა სხვადასხვა ნიჭით არის დაჯილდოებული. როდესაც ვამჩნევთ იმას, რასაც სხვები აკეთებენ, ამით მადლიერებას გამოვხატავთ იმ სხვადასხვა ძღვენისთვის, რაც ღვთის ხალხს გააჩნია“.
შეაქეთ ოჯახის წევრები
რა შეიძლება ითქვას ოჯახის წევრებისადმი მადლიერების გამოხატვასთან დაკავშირებით? ოჯახის წევრების სულიერ, ემოციურ და მატერიალურ ეფესოელები 5:33). მაგალითად, მარჯვე ცოლის შესახებ ღვთის სიტყვა ამბობს: „დგებიან მისი შვილები, ლოცავენ მას, მისი ქმარიც და — აქებს მას“ (იგავები 31:10, 28).
საჭიროებებზე ზრუნვა მშობლების მხრიდან მოითხოვს დროს, ძალისხმევასა და სიყვარულით აღსავსე მზრუნველობას. ისინი ნამდვილად იმსახურებენ შექებას როგორც ერთმანეთისგან, ისე შვილებისგან (შექებას ბავშვებიც იმსახურებენ. ზოგ მშობელს არ ავიწყდება იმის თქმა, თუ რა მოითხოვება შვილებისგან, მაგრამ, სამწუხაროდ, თავაზიანობისა და მორჩილების გამოვლენისთვის იშვიათად აქებენ მათ (ლუკა 3:22). როდესაც ბავშვებს ადრეული წლებიდანვე აქებენ, ისინი გრძნობენ, რომ მშობლებისთვის ძვირფასნი არიან და თავსაც უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ.
მართალია, შექებას ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ასე მოქცევით მრავალ კურთხევებს მივიღებთ. სინამდვილეში, რაც უფრო მეტად შევაქებთ მათ, რომლებიც ამას იმსახურებენ, მით უფრო მეტ კმაყოფილებას ვიგრძნობთ (საქმეები 20:35).
სათანადო შექება
ზოგ ადამიანზე შექებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს (იგავები 27:21). მაგალითად, შექებამ შეიძლება ადამიანს, რომელსაც სიამაყისკენ აქვს მიდრეკილება, აფიქრებინოს, რომ სხვებზე უკეთესია (იგავები 16:18). ამიტომ საჭიროა სიფრთხილის გამოვლენა. პავლე მოციქულმა ასეთი გაფრთხილება მოგვცა: „ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ ისე იფიქრეთ, რომ საღი აზროვნება გქონდეთ, თითოეულმა იმ ზომით, რა ზომითაც ღმერთმა გიწილადათ რწმენა“ (რომაელები 12:3). სხვებს რომ დავეხმაროთ, საკუთარ თავზე იმაზე მეტად არ იფიქრონ, ვიდრე არიან, შეიძლება გონივრული იყოს, მეტისმეტი ყურადღება არ გავამახვილოთ ისეთ დადებით მხარეებზე, როგორიცაა გამჭრიახი გონება ან გარეგნობა. ჩვენ სხვები იმ შესანიშნავი საქმეებისთვის უნდა შევაქოთ, რასაც ისინი აკეთებენ.
ჩვენზე შეიძლება დადებითი გავლენა იქონიოს, როცა სხვებს სათანადოდ ვაქებთ ან, პირიქით, როცა გვაქებენ. შექებამ შესაძლოა აღგვძრას, იეჰოვას მივაგოთ დიდება ჩვენ მიერ გაკეთებული კარგი საქმეებისთვის. შექებამ შეიძლება ასევე წაგვახალისოს, განვაგრძოთ კეთილი საქმეების კეთება.
გულწრფელი და დამსახურებული შექება შეიძლება შევადაროთ საჩუქარს. ასეთი საჩუქრის გაკეთება ყველას შეგვიძლია. შექებამ ადამიანზე შესაძლოა იმაზე მეტად იმოქმედოს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.
[ჩარჩო/სურათი 18 გვერდზე]
წერილი, რომელიც შეეხო მის გულს
ერთ მიმომსვლელ ზედამხედველს კარგად ახსოვს შემთხვევა, როდესაც ის და მისი მეუღლე ზამთრის ერთ სუსხიან დღეს მსახურებიდან დაბრუნდნენ. ის ამბობს: «ჩემს მეუღლეს ძალიან შესცივდა. მას მსახურების ხალისი დაეკარგა და მითხრა, რომ მსახურების გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა. „უმჯობესი იქნება, თუ პიონერად დავიწყებთ მსახურებას. ვიქნებით ერთ ადგილზე და ჩვენი ბიბლიის შესწავლები გვექნება“, — მითხრა მან. ვუთხარი, რომ კვირის ბოლომდე გვემსახურა და შემდეგ გვენახა, როგორ იგრძნობდა თავს. თუ ისევ მოისურვებდა მიმოსვლითი საქმიანობის შეწყვეტას, ანგარიშს გავუწევდი მის გრძნობებს. იმ დღეს ფოსტაში შევიარეთ. იქ დაგვხვდა ფილიალის მიერ გამოგზავნილი წერილი, რომელიც პირადად მისთვის იყო განკუთვნილი. ჩემს მეუღლეს აქებდნენ იმ ძალისხმევისა და მოთმინებისთვის, რასაც ის ამ მსახურებაში ავლენდა. მათ ესმოდათ, თუ რა რთული შეიძლება ყოფილიყო ყოველკვირა სხვადასხვა ადგილზე დარჩენა. ამ სიტყვებმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა და მას შემდეგ მიმოსვლითი საქმიანობის შეწყვეტის შესახებ აღარაფერი უთქვამს. პირიქით, როცა ზოგჯერ მე მომეძალებოდა ასეთი ფიქრები, ის მამხნევებდა, რომ განგვეგრძო მსახურება». ეს წყვილი თითქმის 40 წელი ეწეოდა მიმოსვლით საქმიანობას.
[სურათი 17 გვერდზე]
ვინ იმსახურებს თქვენს კრებაში შექებას?
[სურათი 19 გვერდზე]
ბავშვებს სჭირდებათ სიყვარულით აღსავსე ყურადღება და შექება.