არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ცხოველთა სამყარო განადიდებს იეჰოვას

ცხოველთა სამყარო განადიდებს იეჰოვას

ცხოველთა სამყარო განადიდებს იეჰოვას

ცხოველთა სამყარო აშკარას ხდის იეჰოვას დიდებულებას. იეჰოვა მხოლოდ ადამიანებზე როდი ზრუნავს, ის ცხოველებსაც არ აკლებს თავის მზრუნველობას (ფსალმუნები 144:16). აქედან გამომდინარე, რამდენად არაგონივრული იქნებოდა შემოქმედზე არასწორად გვეფიქრა! მიუხედავად იმისა, რომ იობი სამართლიანი ადამიანი იყო, „მან თავი ღმერთზე მართლად ჩათვალა“. ასე რომ, ის რასაც იობი მოგვიანებით გაიგებდა, უეჭველად, ბევრ რამეზე დააფიქრებდა მას (იობი 32:2; 33:8—12; 34:5).

ცხოველთა სამყაროდან მოყვანილმა მაგალითებმა იობს დაანახვა, რომ ადამიანებს არა აქვთ უფლება, ეჭვქვეშ დააყენონ ღვთის გზების სისწორე. უკეთ რომ გავიგოთ, თუ რატომ, დავფიქრდეთ, რა უთხრა იეჰოვამ იობს.

ცხოველებს არ სჭირდებათ ადამიანების დახმარება

ცხოველებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე იობმა იეჰოვას პასუხი ვერ გასცა (იობი 38:39—41). უდავოა, რომ ლომსა და ყორანს ადამიანი კი არა, იეჰოვა ასულდგმულებს. მართალია, ყორანი საკვებს თვითონ ეძებს, მაგრამ სინამდვილეში მას ღმერთი აძლევს ყველაფერს (ლუკა 12:24).

იოაბმა ღმერთს პასუხი ვერ გასცა ცხოველებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე (იობი 39:1—8). განა ძალუძს ადამიანს დაიცვას ჯიხვი და ფურირემი ან მფარველობა გაუწიოს მათ?! არა, და იცით რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ მათთან ახლოს მისვლაც კი თითქმის შეუძლებელია (ფსალმუნები 103:18). ღვთისგან ბოძებული ინსტინქტი არის, რომ უბიძგებს ფურირემს, ტყეში განმარტოვდეს, როცა მშობიარობის მოახლოებას გრძნობს. თავის ნაშიერს ის გულმოდგინედ უვლის, მაგრამ როცა ‘კაჟდებიან მათი ნუკრები, მიდიან და აღარ ბრუნდებიან’, რადგან ახლა საკუთარ თავზე ზრუნვას უკვე თვითონ იწყებენ.

ზებრა * თავისუფლად დანავარდობს, გარეული ვირისთვის კი უდაბნოა სახლი. იობი გარეული ვირისთვის ტვირთის აკიდებას ვერასოდეს შეძლებდა, რადგან ის „მთებში საძოვრად დაეხეტება და ყოველგვარ სიმწვანეს ეძებს.“ ეს ცხოველი არასდროს გაცვლის თავისუფლებას იმ ადგილებზე, სადაც საკვები ადვილად მოიპოვება. მას „არ ესმის მენახირის შეძახილები“ და გაიქცევა, თუ დაინახა, რომ ადამიანი მის სამფლობელოს დაეპატრონა.

შემდეგი ცხოველი, რომელსაც ღმერთი მოიხსენიებს, გარეული ხარია (იობი 39:9—12). ამ ცხოველთან დაკავშირებით ინგლისელი არქეოლოგი ოსტინ ლეიარდი წერს: „გარეული ხარი ხშირად არის წარმოდგენილი ბარელიეფებზე. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ, ლომთან შედარებით, გარეულ ხარს არანაკლებ საშიშ ცხოველად თვლიდნენ და მასზე ნადირობა საპატიოდ ითვლებოდა. ამ სკულპტურულ გამოსახულებებზე ხშირად შეხვდებით ისეთ სცენებს, როდესაც მეფე ერკინება ხარს და მას მიჰყვებიან ცხენებზე ამხედრებული მეომრები თუ ქვეითი ამალა“ („ნინევია და მისი ნანგრევები“, 1849 წელი, ტომი 2, გვერდი 326). და მაინც, გონიერ ადამიანს აზრად არ მოუვა და ის არც შეეცდება, რომ ეს უმართავი ცხოველი დაიმორჩილოს (ფსალმუნები 21:22).

ფრინველები — იეჰოვას განმადიდებლები

შემდეგ ღმერთი იობს ფრინველებზე უსვამს კითხვას (იობი 39:13—18). ყარყატი დიდ სიმაღლეზე ფრენს (იერემია 8:7). სირაქლემა ფრთებს კარგად აბარტყუნებს, სამაგიეროდ, ფრენა არ შეუძლია. ყარყატისგან განსხვავებით, სირაქლემა კვერცხებს ხეზე ნაშენ ბუდეში არ დებს (ფსალმუნები 103:17). ის კვერცხებს ქვიშაში გაკეთებულ ბუდეში დებს. სირაქლემა არ ტოვებს თავის კვერცხებს უყურადღებოდ. როგორც დედალი, ისე მამალი ზრუნავს მათზე. ისინი კვერცხებს ქვიშაში მალავენ საჭირო ტემპერატურის შესანარჩუნებლად.

ერთი შეხედვით, სირაქლემას ‘სიბრძნე ავიწყდება’, რადგან, როცა მტრის საფრთხეს ხედავს, გარბის. მაგრამ, როგორც „ბიბლიის ცხოველთა ენციკლოპედია“ ამბობს, „ეს არის ყურადღების გაფანტვის ხერხი. გაქცევითა და ფრთების ბარტყუნით ის ცდილობს მტრის ყურადღება მიიპყროს; ამგვარად სირაქლემა აშორებს მტერს იმ ადგილს, სადაც კვერცხებია“.

რატომ „დასცინის სირაქლემა ცხენსა და მის მხედარს?“. ამის შესახებ ენციკლოპედია „უორლდ ბუკი“ ამბობს: „სირაქლემას არა აქვს ფრენის უნარი, სამაგიეროდ, მას სწრაფი სირბილი შეუძლია. გრძელი ფეხების გამო ის 4,6 მეტრი სიგრძის ნაბიჯს დგამს, რაც დაახლოებით 64 კმ/სთ სიჩქარით სირბილის საშუალებას აძლევს“.

ცხენს ძალას ღმერთი აძლევს

შემდეგი შეკითხვები ცხენებს ეხება (იობი 39:19—25). ძველ დროში ცხენებს საბრძოლველად იყენებდნენ. გარდა ამისა, ცხენებზე ეტლები იყო შებმული, რომელშიც მხედარი და, ზოგჯერ, ორი ჯარისკაცი იმყოფებოდა. გაცხარებული ბრძოლის დროს ცხენების ჭიხვინი და მათი ჩლიქების მიწაზე ბაკუნი ისმოდა. ცხენი უშიშრად იბრძოდა და მახვილის გამო უკან არ იხევდა. ბუკის ხმაზე საბრძოლო ცხენი თითქოს „აჰას“ ამბობდა; მიჰქროდა ისე, თითქოს მიწას ნთქავდა. და მაინც, საბრძოლო ცხენი თავის მხედარს ემორჩილებოდა.

არქეოლოგი ლეიარდი მსგავს სურათს აღწერს: „მიუხედავად იმისა, რომ არაბული ფაშატი კრავივით დამჯერია და მის დასამორჩილებლად აღვირიც კმარა, როგორც კი ბრძოლის ხმას გაიგებს და მხედრის ათრთოლებულ ხელში შუბს დაინახავს, მისი თვალები ცეცხლივით მოგიზგიზე ხდება, გადიდებული ნესტოები კი — სისხლივით წითელი; ის ამაყად წევს კისერს, ძუა-ფაფარს კი ქარი უშლის“ („ნინევიისა და ბაბილონის ნანგრევების აღმოჩენები“, 1853 წელი, გვერდი 330).

რა იცით შევარდენისა და არწივის შესახებ?

იეჰოვა იობს სხვა ფრინველების შესახებაც ელაპარაკა (იობი 39:26—30). შევარდენი „ნავარდობს და სამხრეთისკენ შლის ფრთებს’. „გინესის რეკორდების წიგნში“ შევარდენის შესახებ ნათქვამია, რომ ის ყველაზე სწრაფად დაფრინავს და „მისი სიჩქარე რეკორდულ ზღვარს მაშინ აღწევს, როცა მაღლიდან მიწაზე ეშვება ან როცა მსხვერპლს ჰაერში ესხმის თავს“. ეს ფრინველი 349 კმ/სთ სიჩქარით დაფრინავს და 45-გრადუსიანი კუთხით ეშვება!

არწივი საათში 130 კმ/სთ–ზე მეტი სიჩქარით ფრენს. არწივის ფრენის სიჩქარე, როცა ის მსხვერპლს ეძებს, იობმა თავისი ცხოვრების სწრაფ სვლას შეადარა (იობი 9:25, 26). ღმერთი ძალას გვაძლევს სიმტკიცის გამოსავლენად ზუსტად ისე, როგორც ჰაერში მოლივლივე არწივს (ესაია 40:31). ფრენისას არწივები თბილი ჰაერის მაღლა ამავალი ნაკადით სარგებლობენ. ეს ფრინველი ტრიალებს თბილი ჰაერის ნაკადში, რომელსაც უფრო მაღლა და მაღლა აჰყავს ის. როცა არწივი გარკვეულ სიმაღლეს აღწევს, ის უერთდება ჰაერის ახალ ნაკადს, რაც საშუალებას აძლევს, ენერგიის მინიმალური დანაკარგით საათობით გაჩერდეს ჰაერში.

არწივი „მაღლა იკეთებს თავის ბუდეს“ მიუწვდენელ სიმაღლეზე, რათა მართვეებს საფრთხე არ დაემუქროთ. ასე მათ იეჰოვასგან ჩადებული ინსტინქტი ამოქმედებთ. ღვთისგან ბოძებული მხედველობით „მისი თვალები შორიდან ჭვრეტენ“. თვალის ფოკუსის სწრაფი ცვლა საშუალებას აძლევს არწივს, რომ ხანგრძლივი ფრენის განმავლობაშიც კი არ მოაშოროს თვალი თავის მსხვერპლს. არწივი მკვდარი ცხოველის ლეშსაც ჭამს, ასე რომ, „სადაც ლეშია, ისიც იქ გაჩნდება.“ ეს ფრინველი თავს ესხმის პატარა ცხოველებს, რომლებიც შემდეგ თავისი მართვეებისთვის მიაქვს.

იეჰოვა შეაგონებს იობს

სანამ ცხოველებზე შემდეგ კითხვებს დაუსვამდა, ღმერთმა იობს რჩევა მისცა. როგორ მოიქცა იობი ამ შეგონების შემდეგ? მან თავი დაიმდაბლა და მზადყოფნით მიიღო რჩევა (იობი 40:1—14).

იობის ცხოვრების ამ ეპიზოდიდან მნიშვნელოვან გაკვეთილს ვსწავლობთ. კერძოდ იმას, რომ უსაფუძვლოა ყოვლისშემძლე ღვთის დადანაშაულება. ჩვენი საუბრები და საქციელი ზეციერი მამის ნებას უნდა შეესაბამებოდეს. უფრო მეტიც, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იეჰოვას წმინდა სახელის განდიდება და მისი უზენაესობის გამართლება უნდა იყოს.

ბეჰემოთი განადიდებს ღმერთს

ღმერთმა კვლავ მიმართა იობის ყურადღება ცხოველთა სამყაროზე და ახლა უკვე ბეჰემოთი ანუ ჰიპოპოტამი უხსენა (იობი 40:15—24). ზრდასრული ჰიპოპოტამი 4-5 მეტრის სიგრძისაა და დაახლოებით 3 600 კილოგრამს იწონის. ბეჰემოთს „ძალა თეძოებში აქვს“ (აქ) ანუ უკანა ფეხების კუნთებში. მუცლის სქელი ტყავი ეხმარება მას, როცა თავისი მოკლე ფეხებით მდინარის ქვიან ფსკერზე გადაადგილდება. რა თქმა უნდა, ადამიანი ვერ შეედრება ბეჰემოთს, რომელსაც მასიური სხეული, ვეებერთელა პირი და ძლიერი ყბები აქვს.

ბეჰემოთი წყლიდან ამოდის, რათა „ბალახით“ ინადიმოს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მას მთელი მთის მცენარეები სჭირდება. ყოველდღიურად მის კუჭში 90-დან 180 კილოგრამამდე მცენარეული საკვები ჩადის. დანაყრების შემდეგ ბეჰემოთი წვება ლოტოსის ან ალვის ხის ჩრდილქვეშ. თუ მდინარე, რომელშიც ის ბინადრობს, ადიდდება, მას შეუძლია თავამოყოფილმა გაცუროს დინების საპირისპირო მხარეს. იობს წინ რომ დახვედროდა ბეჰემოთი თავისი უშველებელი პირითა და საშინელი ეშვებით, მას სიმამაცე არ ეყოფოდა მისთვის ცხვირში კაუჭის გასარჭობად.

ლევიათანი ხოტბას ასხამს ღმერთს

შემდეგ იობმა ლევიათანის შესახებ მოისმინა (იობი 41:1—34). ლევიათანად ნათარგმნი ებრაული სიტყვა „ნაოჭებიან ცხოველს“ ნიშნავს, რაშიც, როგორც ჩანს, ნიანგი იგულისხმება. შეეძლო იობს ბავშვების სათამაშოდ ექცია ლევიათანი? ცხადია, ეს შეუძლებელი იყო. ამ ქმნილებასთან მოულოდნელი შეხვედრა იმას ამტკიცებდა, რომ ის ძალიან საშიში ქვეწარმავალია. მართლაც, ადამიანს ლევიათანის დამორჩილება რომ მოენდომებინა, იმდენად გაუჭირდებოდა მასთან ბრძოლა, რომ მეორედ აღარ ეცდებოდა მასთან შერკინებას.

როდესაც მზის ამოსვლის დროს ლევიათანი წყლიდან თავს ამოყოფს, მისი თვალები „განთიადის სხივებივით“ (აქ) ელვარებს. ლევიათანის სხეული დაფარულია რქოვანი ფარებით, რომლებიც ისე მჭიდროდ არის მიწყობილი, ტყვიასაც კი უჭირს შეღწევა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ დაშნასა და შუბზე. ნიანგის მუცლის ბასრი ფარები ტალახიან ნაპირზე ისეთ კვალს ტოვებს, თითქოს „კევრმა“ გადაიარაო. როცა ეს ქვეწარმავალი წყალში მძვინვარებს, ქაფს წარმოქმნის. თავისი სიდიდის, „ტყვიაგაუმტარი სამოსისა“ და საბრძოლო აღნაგობის — საშიში პირისა და ძლიერი კუდის გამო, ლევიათანს არაფრის და არავისი ეშინია.

იობი აღიარებს, რომ არასწორად ფიქრობდა

იობმა აღიარა: „ვლაპარაკობდი, მაგრამ არ მესმოდა ის, რაც ჩემთვის მეტად გასაოცარია“ (იობი 42:1—3, აქ). მან მიიღო ღვთის შეგონება, აღიარა თავისი შეცდომა და მოინანია. ღმერთმა იობის მეგობრები გაკიცხა, იობი კი უხვად დაჯილდოვდა (იობი 42:4—17).

რაოდენ ბრძნულია, გვახსოვდეს იობის შემთხვევა! შეიძლება ჩვენ ყველა კითხვას ვერ გავცეთ პასუხი, რაც ღმერთმა იობს დაუსვა, მაგრამ მადლიერნი უნდა ვიყოთ ბუნების უამრავი საოცრებით, რაც შემოქმედს, იეჰოვას, განადიდებს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 ამ სტატიაში ცხოველთა სახელწოდებები „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ მიხედვით არის მოცემული.

[სურათი 13 გვერდზე]

ჯიხვი

[სურათი 13 გვერდზე]

ყორანი

[სურათი 13 გვერდზე]

ძუ ლომი

[სურათი 14 გვერდზე]

ზებრა

[სურათი 14 გვერდზე]

სირაქლემა თავის კვერცხებს არასდროს ტოვებს უყურადღებოდ.

[სურათი 14 გვერდზე]

სირაქლემას კვერცხები.

[სურათი 15 გვერდზე]

შევარდენი

[საავტორო უფლებები დაცულია]

Falcon: © Joe McDonald/Visuals Unlimited

[სურათი 15 გვერდზე]

არაბული ფაშატი

[სურათი 15 გვერდზე]

მთის არწივი

[სურათი 16 გვერდზე]

ბეჰემოთი ანუ ჰიპოპოტამი

[სურათი 16 გვერდზე]

ლევიათანში, როგორც ჩანს, ნიანგი იგულისხმება.