ვიაროთ გზაზე, რომელიც უფრო და უფრო ნათდება
ვიაროთ გზაზე, რომელიც უფრო და უფრო ნათდება
„მართალთა გზა დილის ნათელივითაა: უფრო და უფრო ნათდება დღის დადგომამდე“ (იგავები 4:18, სსგ).
1, 2. იეჰოვასგან მომდინარე სულიერი სინათლის მატებასთან ერთად რა ცვლილებები ხდება მის ხალხში?
ვის შეუძლია უკეთესად აღწეროს, რა გავლენას ახდენს მზის ამოსვლა სიბნელეზე, თუ არა სინათლის წყაროს — იეჰოვა ღმერთს? (ფსალმუნები 35:10). ‘როდესაც ცისკარი მოიცავს ქვეყნის კიდეებს, — ამბობს ღმერთი, — დედამიწა იცვლება როგორც თიხა საბეჭდავის ქვეშ, და ბევრი რამ თითქოს სამოსელით იმოსება’ (იობი 38:12—14). რაც უფრო მეტად ეფინება მზის სხივები დედამიწას, მით უფრო გამოკვეთილად და ნათლად ჩანს ყველაფერი, სწორედ ისე, როგორც რბილ თიხაზე იკვეთება ბეჭედზე ამოტვიფრული გამოსახულება.
2 იეჰოვა არის სულიერი სინათლის წყაროც (ფსალმუნები 42:3). მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო წყვდიადშია, ჭეშმარიტი ღმერთი განაგრძობს თავისი ხალხისთვის სინათლის მოფენას. რა შედეგი მოაქვს ამას? ბიბლიაში ნათქვამია: „მართალთა გზა დილის ნათელივითაა: უფრო და უფრო ნათდება დღის დადგომამდე“ (იგავები 4:18, სსგ). იეჰოვასგან მომდინარე მეტი და მეტი სინათლე კვლავაც უნათებს ღვთის ხალხს გზას. შედეგად, მათში ხდება ორგანიზაციასთან, ბიბლიურ სწავლებებსა და ქრისტიანულ ქცევასთან დაკავშირებული ცვლილებები.
სინათლის მატება და ორგანიზაციული ცვლილებები
3. რა არის აღთქმული ესაიას 60:17–ში?
3 ესაიას მეშვეობით იეჰოვამ იწინასწარმეტყველა: „სპილენძის ნაცვლად მოვიტან ოქროს და რკინის ნაცვლად მოვიტან ვერცხლს, ხეების ნაცვლად — სპილენძს და ქვების ნაცვლად — რკინას“ (ესაია 60:17). როგორც შედარებით ნაკლებად ღირებული ლითონის უკეთესით შეცვლა არის გაუმჯობესების მაჩვენებელი, ისე იეჰოვას მოწმეები განიცდიან ორგანიზაციულ საკითხებში გაუმჯობესებას „ამ სისტემის აღსასრულის“ ჟამს ანუ „ბოლო დღეებში“ (მათე 24:3; 2 ტიმოთე 3:1).
4. რა ღონისძიება გატარდა 1919 წელს და რა სარგებლობა მოიტანა ამან?
4 ბოლო დღეების დასაწყისში ბიბლიის მკვლევარების (ასე ეწოდებოდათ მაშინ იეჰოვას მოწმეებს) კრებებში უხუცესებისა და დიაკვნების არჩევა დემოკრატიული გზით ხდებოდა. მაგრამ ზოგ უხუცესს არ ჰქონდა ქადაგების სულისკვეთება. ზოგიც არა მარტო თვითონ იკავებდა თავს ქადაგებისგან, არამედ სხვებსაც უკარგავდა მსახურებაში მონაწილეობის ხალისს. ასე რომ, 1919 წელს თითოეულ კრებაში ახალი ღონისძიება გატარდა — დაინიშნა სამსახურებრივი ხელმძღვანელი. ამ ხელმძღვანელს კრება კი აღარ ირჩევდა, არამედ ის
თეოკრატიული გზით ინიშნებოდა — დანიშნულება მოდიოდა ღვთის ხალხის ფილიალიდან. სამსახურებრივი ხელმძღვანელის პასუხისმგებლობაში შედიოდა სამქადაგებლო საქმიანობის ორგანიზება, ტერიტორიების დანაწილება და მსახურებაში მონაწილეობისკენ კრების წევრების მოწოდება. ეს ცვლილება უდიდესი ბიძგი იყო მომდევნო წლებში სამქადაგებლო საქმიანობის გასააქტიურებლად.5. რა ცვლილებები მოხდა XX საუკუნის 20–იან წლებში?
5 შემდეგ, 1922 წელს, სიდარ–პოინტში (ოჰაიო, აშშ) ჩატარებულ ბიბლიის მკვლევართა კონგრესზე ყველას მოუწოდეს: „აუწყეთ, აუწყეთ, აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ“. 1927 წლისთვის კვირა დღე გამოყვეს, როგორც ყველაზე მოსახერხებელი დღე კარდაკარ მსახურებაში მონაწილეობისთვის. რატომ მაინც და მაინც კვირა? იმიტომ, რომ ამ დღეს ხალხის უმეტესობა ისვენებდა და სახლში იყო. დღეს იეჰოვას მოწმეები მსგავს სულისკვეთებას ავლენენ და ცდილობენ ხალხთან იმ დროს მივიდნენ, როდესაც ყველაზე მეტია იმის ალბათობა, რომ ისინი სახლში იქნებიან; მაგალითად, გამოსასვლელ დღეებში და საღამოობით.
6. რა რეზოლუცია მიიღეს 1931 წელს და როგორ იმოქმედა ამან სამეფოს შესახებ ქადაგების საქმეზე?
6 ღვთის ხალხმა სამეფოს შესახებ საქადაგებლად კიდევ უფრო დიდი სტიმული მიიღო 1931 წლის 26 ივლისს, კვირას, ნაშუადღევს, როდესაც პირველად კოლუმბუსში (ოჰაიო, აშშ) კონგრესზე, ხოლო შემდეგ მთელ მსოფლიოში, რეზოლუცია მიიღეს. ამ რეზოლუციის ერთ–ერთ მონაკვეთში ნათქვამი იყო: „ჩვენ, იეჰოვა ღმერთის მსახურებს, დავალებული გვაქვს, ღვთის სახელით შევასრულოთ მსახურება და დავემორჩილოთ მის მითითებას — ვიქადაგოთ იესო ქრისტეს შესახებ და ხალხს ვაუწყოთ, რომ იეჰოვა არის ჭეშმარიტი და ყოვლისშემძლე ღმერთი. ამიტომ სიხარულით ვიღებთ სახელს, რომელიც თავად ჩვენმა უფალმა ღმერთმა გვიწოდა და გვსურს, რომ გვიცნობდნენ სახელით — იეჰოვას მოწმეები“ (ესაია 43:10). რა თვალნათლივ ცხადყოფდა ეს სახელი მის მატარებელთა ძირითად საქმიანობას! დიახ, იეჰოვას თავისი ყველა მსახურისთვის ჰქონდა საქმე, რომელშიც მათ მონაწილეობა უნდა მიეღოთ. ცხადია, ამას ღვთის ხალხი ენთუზიაზმით გამოეხმაურა!
7. რა ცვლილება მოხდა 1932 წელს და რატომ?
7 მრავალმა უხუცესმა თავმდაბლობა გამოავლინა და მთელი გულით ქადაგებდა. ზოგ ადგილას კრების მიერ არჩეული უხუცესები მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უწევდნენ იმ აზრს, რომ კრებაში ყველას უნდა მიეღო მონაწილეობა სამქადაგებლო მსახურებაში. მაგრამ მალე შემდგომი
ორგანიზაციული ცვლილება გატარდა. 1932 წელს კრებებმა „საგუშაგო კოშკის“ საშუალებით მიიღეს მითითება, შეეწყვიტათ უხუცესებისა და დიაკვნების დემოკრატიული გზით არჩევა. ნაცვლად ამისა, ირჩევდნენ სამსახურებრივ კომიტეტს, რომელიც სულიერი მამაკაცებისგან შედგებოდა; ეს მამაკაცები მონაწილეობდნენ სამქადაგებლო საქმიანობაში. ამგვარად, ზედამხედველობა ეკისრებოდა მათ, ვინც აქტიურად იღებდა მონაწილეობას მსახურებაში. შედეგად, სამქადაგებლო საქმიანობამ წინ წაიწია.სინათლის მატება და შემდგომი ცვლილებები
8. რა ცვლილება მოხდა 1938 წელს?
8 მართალთა გზა ‘უფრო და უფრო ნათდებოდა’. 1938 წელს დემოკრატიული არჩევნები სრულიად შეწყდა. კრებაში ყველა მსახური „ერთგული და გონიერი მონის“ ხელმძღვანელობით თეოკრატიული გზით ინიშნებოდა (მათე 24:45—47). ეს ცვლილება მზადყოფნით მიიღო პრაქტიკულად ყველა კრებამ და სამქადაგებლო საქმიანობას კვლავაც მოჰქონდა უხვი ნაყოფი.
9. რა ცვლილებები გატარდა 1972 წელს და რატომ შეიძლება ითქვას, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იყო?
9 კრებისთვის ზედამხედველობის გაწევის საქმეში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა 1972 წლის 1 ოქტომბერს. მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა კრებებში დაინიშნა უხუცესთა საბჭო. ამ დროიდან უკვე ეს საბჭო ხელმძღვანელობდა კრებას და არა მხოლოდ ერთი მსახური, ანუ ზედამხედველი. ეს ახალი ღონისძიება ძალიან დიდი სტიმული იყო მოწიფული მამაკაცებისთვის, ესწრაფათ იმისკენ, რომ კრების ხელმძღვანელობისთვის საჭირო მოთხოვნების შესაბამისნი ყოფილიყვნენ (1 ტიმოთე 3:1—7). შედეგად, მეტ ძმას მიეცა შესაძლებლობა, მიეღო გამოცდილება კრებაში პასუხისმგებლობების შესრულებასთან დაკავშირებით. ეს ძმები დიდი კურთხევა აღმოჩნდნენ იმ მრავალი ახლის დამწყემსვის საქმეში, რომლებმაც ბიბლიური ჭეშმარიტება მიიღეს!
10. რა ღონისძიება გატარდა 1976 წელს?
10 შეიქმნა ექვსი კომიტეტი, რომლებშიც ხელმძღვანელი საბჭოს წევრები მსახურობდნენ და 1976 წლის 1 იანვრიდან ორგანიზაციისა და მთელს დედამიწაზე ყველა კრების საქმიანობას ეს კომიტეტები ხელმძღვანელობდა. ეს ყოველმხრივ დიდი კურთხევა იყო სამეფოს საქმიანობის წინ წასაწევად, რადგან ამგვარად „ბევრი მრჩეველი“ იღებდა მონაწილეობას ხელმძღვანელობაში (იგავები 15:22; 24:6).
11. რა ცვლილება მოხდა 1992 წელს და რატომ?
11 კიდევ ერთი ცვლილება მოხდა 1992 წელს. ეს ცვლილება შეიძლება შევადაროთ იმას, რაც ბაბილონის ტყვეობიდან ისრაელებისა და სხვა ხალხების დაბრუნების შემდეგ მოხდა. მაშინ ისრაელებს ტაძარში სამსახურის გასაწევად არ ჰყავდათ საკმარისი რაოდენობით ლევიანები. ამიტომ არაისრაელ ნეთინიმებს ლევიანების დასახმარებლად მეტი რამ დაევალათ. შესაბამისად, ერთგული და გონიერი მონის კლასის დასახმარებლად, რომელსაც დედამიწაზე სამეფოს მზარდ მოთხოვნილებებზე უნდა ეზრუნა, 1992 წელს „სხვა ცხვრებიდან“ ზოგს დამატებითი პასუხისმგებლობები დაეკისრა. ისინი ხელმძღვანელი საბჭოს კომიტეტების დამხმარეებად დაინიშნენ (იოანე 10:16).
12. როგორ დანიშნა იეჰოვამ მშვიდობა ჩვენს ზედამხედველად?
12 რა შედეგები გამოიღო ყოველივე ამან? „გავაბატონებ შენზე მშვიდობას და შენს ზედამხედველად — სიმართლეს“, — ამბობს იეჰოვა (ესაია 60:17). დღეს იეჰოვას ხალხს შორის „მშვიდობა“ სუფევს და მათ ზედამხედველად „სიმართლეა“; ეს კი მათ ღვთის მსახურებისკენ აღძრავს. ისინი კარგად არიან ორგანიზებულნი, რათა იქადაგონ სამეფოს შესახებ და მოწაფეები მოამზადონ (მათე 24:14; 28:19, 20).
იეჰოვა ნათელს ჰფენს ბიბლიურ სწავლებებს
13. როგორ გაანათა XX საუკუნის 20–იან წლებში იეჰოვამ თავისი ხალხის გზა ბიბლიურ სწავლებებთან დაკავშირებით?
13 იეჰოვა თანდათანობით უნათებდა გზას თავის ხალხს ბიბლიურ სწავლებებთან დაკავშირებითაც. ამის მაგალითია გამოცხადების 12:1—9. იქ მოხსენიებულია სამი სიმბოლური სახე — ორსული „ქალი“, რომელიც მშობიარობს, „დრაკონი“ და „ძე, ვაჟი“. იცით, რას ასიმბოლოებს თითოეული მათგანი? ამის შესახებ საუბარი იყო 1925 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკის“ სტატიაში „ერის დაბადება“. ამ სტატიის საშუალებით ღვთის ხალხმა უკეთესად გაიგო წინასწარმეტყველება სამეფოს დაბადების შესახებ. ამ საკითხის ღრმად განხილვის შედეგად ნათელი გახდა, რომ არსებობს ორი ორგანიზაცია — იეჰოვასი და სატანის. შემდეგ, 1927–1928 წლებში ღვთის ხალხმა გაიგო, რომ შობისა და დაბადების დღეების აღნიშვნა არაბიბლიური იყო და შეწყვიტეს ამის კეთება.
14. რომელ ბიბლიურ სწავლებებს მოეფინა ნათელი XX საუკუნის 30–იან წლებში?
14 მეოცე საუკუნის 30–იან წლებში სამ ბიბლიურ სწავლებას მოეფინა მეტი ნათელი. წლების განმავლობაში ბიბლიის მკვლევარებმა იცოდნენ, რომ „უამრავი ხალხი“, რომელთა შესახებაც გამოცხადების 7:9—17–შია საუბარი, განსხვავდებოდა 144 000–ისგან, რომლებიც ქრისტესთან ერთად მეფეებად და მღვდლებად იმსახურებდნენ (გამოცხადება 5:9, 10; 14:1—5). მაგრამ მათ ნათლად არ ესმოდათ, თუ ვინ იყო უამრავი ხალხი. როგორც განთიადისას მზის სხივების მოფენა გამოკვეთს საგნების ფორმასა და ფერს, ისე 1935 წელს ცხადი გახდა, რომ უამრავი ხალხი ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც „დიდ გასაჭირს“ გადაიტანდნენ და დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების პერსპექტივა ექნებოდათ. იმავე წელს, მოგვიანებით, ნათელი გახდა ერთი საკითხი. იგი ეხებოდა მრავალ ქვეყანაში მცხოვრებ სასკოლო ასაკის იეჰოვას მოწმეებს. მაშინ მსოფლიოში წინა პლანზე იწევდა პატრიოტიზმი და იეჰოვას მოწმეები მიხვდნენ, რომ დროშისთვის სალმის მიცემა, უბრალოდ, ფორმალიზმი არ იყო. მომდევნო წელს განიმარტა კიდევ ერთი ბიბლიური სწავლება იმასთან დაკავშირებით, რომ ქრისტე ძელზე მოკვდა და არა ჯვარზე (საქმეები 10:39).
15. როდის და როგორ გაესვა ხაზი სისხლის სიწმინდეს?
15 მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (რომლის დროსაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო დაჭრილი ჯარისკაცებისთვის სისხლის გადასხმა) ნათელი მოეფინა სისხლის სიწმინდის საკითხს. 1945 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკი“ მოუწოდებდა „იეჰოვას ყველა მოწმეს, ვისაც სურდა სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში მარადიულად ცხოვრება, პატივი ეცათ სისხლის სიწმინდისთვის და ამ მნიშვნელოვან საკითხში ღვთის სამართლიანი მოთხოვნების შესაბამისად მოქცეულიყვნენ“.
16. როდის გამოიცა „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ და რომელი ორი განსაკუთრებული თავისებურებით ხასიათდება იგი?
16 ათას ცხრაას ორმოცდაექვს წელს ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო ბიბლიის ახალი თარგმანი, რომელიც გაკეთდებოდა უკანასკნელი აღმოჩენების საფუძველზე და დამახინჯებული არ იქნებოდა ქრისტიანული სამყაროს სწავლებების გავლენით. ბიბლიის თარგმანზე მუშაობა 1947 წლის დეკემბერში დაიწყეს. 1950 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა „ქრისტიანულ–ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. ინგლისურ ენაზე ებრაული წერილები თანდათანობით, ხუთ ტომად გამოიცა. მისი გამოქვეყნება 1953 წლიდან დაიწყო. ბოლო ტომი 1960 წელს, ანუ თარგმნის გაკეთების დაწყებიდან 12 წელზე მეტი ხნის შემდეგ გამოიცა. „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მთლიანად ერთ ტომად 1961 წელს გამოქვეყნდა. ეს თარგმანი, რომელიც მრავალ ენაზეა ხელმისაწვდომი, ზოგიერთი განსაკუთრებული თავისებურებით გამოირჩევა. მასში აღდგენილია ღვთის სახელი — იეჰოვა. გარდა ამისა, ის დედნიდან ზედმიწევნით არის ნათარგმნი, რაც საშუალებას გვაძლევს, თანდათანობით მეტად ჩავწვდეთ ღვთიურ ჭეშმარიტებას.
17. როგორ გაიზარდა სინათლის ნათება 1962 წელს?
17 ათას ცხრაას სამოცდაორ წელს ნათელი მოეფინა, თუ ვინ იყვნენ რომაელების 13:1–ში მოხსენიებული ‘უმაღლესი ხელისუფალნი’ და რა დონემდე უნდა დაემორჩილოს მათ ქრისტიანი. ისეთი ბიბლიური ადგილების ღრმად გამოკვლევამ, როგორიცაა რომაელების მე–13 თავი, ტიტეს 3:1, 2 და 1 პეტრეს 2:13, 17, ნათელი გახადა, რომ გამოთქმა ‘უმაღლესი ხელისუფალნი’ ეხება არა იეჰოვა ღმერთსა და იესო ქრისტეს, არამედ ადამიანთა მთავრობებს.
18. რომელ ბიბლიურ სწავლებებს მოეფინა ნათელი XX საუკუნის 80–იან წლებში?
18 მომდევნო წლებში მართალთა გზა კვლავ უფრო და უფრო ნათდებოდა. 1985 წელს ნათელი მოეფინა საკითხს, თუ რას ნიშნავს „სასიცოცხლოდ“ მართლად და ღვთის მეგობრად აღიარება (რომაელები 5:18; იაკობი 2:23). 1987 წელს დაწვრილებით აიხსნა ქრისტიანული საიუბილეო წლის მნიშვნელობა.
19. როგორ აძლევდა იეჰოვა მზარდ სულიერ სინათლეს თავის ხალხს გასულ წლებში?
19 ათას ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტ წელს უფრო ნათლად იქნა გაგებული „ცხვრების“ „თხებისგან“ გამოყოფის საკითხი. 1998 წელს დაწვრილებით აიხსნა ტაძრის შესახებ ეზეკიელის ხილვა, რომელიც უკვე სრულდება. 1999 წელს ნათელი მოეფინა საკითხს, თუ როდის და როგორ ‘იდგებოდა გამაპარტახებელი სისაძაგლე წმინდა ადგილზე’ (მათე 24:15, 16; 25:32). 2002 წელს უფრო ღრმად იქნა განხილული, რას ნიშნავს ღვთისთვის „სულითა და ჭეშმარიტებით“ თაყვანისცემა (იოანე 4:24).
20. რომელ სხვა სფეროში დაიხვეწა ღვთის ხალხი?
20 ორგანიზაციასა და ბიბლიურ სწავლებებთან დაკავშირებული ცვლილებების გარდა, მოხდა ქრისტიანულ ქცევასთან დაკავშირებული საკითხების დახვეწაც. მაგალითად, 1973 წელს აიხსნა, რომ თამბაქოს მოწევა ‘ხორცის წაბილწვაა’ და სერიოზულ დარღვევად უნდა ჩაითვალოს (2 კორინთელები 7:1). ათი წლის შემდეგ, 1983 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკში“ ახსნილი იყო ჩვენი დამოკიდებულება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმისა, თუ როგორ მატულობს ჩვენს დროში სინათლე.
განვაგრძოთ სიარული გზაზე, რომელიც უფრო და უფრო ნათდება
21. როგორი აზროვნება დაგვეხმარება ვიაროთ გზაზე, რომელიც უფრო და უფრო ნათდება?
21 „ცვლილების მიღება და შესაბამისად მოქმედება შეიძლება რთული იყოს“, — აღიარებს ერთი უხუცესი, რომელიც დიდი ხანია, რაც მსახურობს. რა დაეხმარა მას, მიეღო მრავალი ცვლილება, რომლებიც იმ 48 წლის განმავლობაში მოხდა, რაც ის სამეფოს მაუწყებელია? იგი გვპასუხობს: «მთავარია სწორი აზროვნება. ცვლილებების მიღებაზე უარის თქმა ნიშნავს, დარჩე ერთ ადგილას, მაშინ როდესაც ორგანიზაცია წინ მიდის. თუ ცვლილების მიღება მიჭირს, ვფიქრობ პეტრეს მიერ იესოსთვის ნათქვამ სიტყვებზე: „უფალო ვისთან უნდა წავიდეთ? შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები“. შემდეგ საკუთარ თავს ვეკითხები: „სად უნდა წავიდე? ამ წუთისოფლის სიბნელეში?“ ეს მეხმარება, მტკიცედ ჩავეჭიდო იეჰოვას ორგანიზაციას» (იოანე 6:68).
22. რა სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის სინათლეში სიარულს?
22 მსოფლიო მართლაც უკუნ სიბნელეშია გახვეული. იეჰოვა განაგრძობს თავისი ხალხისთვის სინათლის მოფენას. შედეგად ქვეყნიერებასა და ღვთის ხალხს შორის უფსკრული უფრო და უფრო ფართოვდება. რაში გვეხმარება ეს სინათლე? როგორც ჩაბნელებულ გზაზე არსებული ორმოს განათება არ მოსპობს ამ გზაზე ორმოს, ისე ღვთის სიტყვიდან სინათლე არ სპობს სირთულეებს. მაგრამ ღვთისგან მომდინარე სინათლე ნამდვილად გვეხმარება, ავირიდოთ ეს სირთულეები, რათა განვაგრძოთ სიარული გზაზე, რომელიც უფრო და უფრო ნათდება. ამიტომ მოდი კვლავაც მთელი ყურადღება მივაპყროთ იეჰოვას წინასწარმეტყველურ სიტყვას „როგორც ლამპარს, რომელიც ანათებს სიბნელეში“ (2 პეტრე 1:19).
გახსოვთ თუ არა?
• რა ორგანიზაციული ცვლილებები მოახდინა იეჰოვამ თავის ხალხში?
• რა ცვლილებები მოხდა სინათლის მატებასთან ერთად ბიბლიურ სწავლებებთან დაკავშირებით?
• რა ცვლილებების მოწმე ხართ პირადად თქვენ და რა დაგეხმარათ მათ მიღებაში?
• რატომ გსურთ, კვლავაც იაროთ გზაზე, რომელიც უფრო და უფრო ნათდება?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 27 გვერდზე]
1922 წელს სიდარ–პოინტში ჩატარებულმა კონგრესმა ბიბლიის მკვლევარებს ძალები შემატა ღვთის საქმის შესასრულებლად.
[სურათი 29 გვერდზე]
1950 წელს ნ. ჰ. ნორმა გამოაცხადა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“.
[საავტორო უფლებები დაცულია 26 გვერდზე]
© 2003 BiblePlaces.com.