მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
რომელი სამი საშიშროების შესახებ გაგვაფრთხილა იესომ მათეს 5:22-ში?
იესო ქრისტემ მთაზე ქადაგებისას თავისი მიმდევრები გააფრთხილა: «მე კი გეუბნებით: ვინც მრისხანებს თავის ძმაზე, სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს; ვინც თავის ძმას დამამცირებელი სიტყვით მიმართავს, უზენაესი სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს. ის კი, ვინც ეტყვის: „შე სულელო!“, ცეცხლოვან გეენას დაექვემდებარება» (მათე 5:22).
იესომ გამოიყენა იუდეველებისთვის ნაცნობი სიტყვები — სასამართლო, უზენაესი სასამართლო და ცეცხლოვანი გეენა — რითაც დაანახვა მათ, რომ ცოდვის სერიოზულობის ზრდასთან ერთად სასჯელიც იზრდებოდა.
უპირველესად, იესომ თქვა, რომ ის, ვინც ძმაზე მრისხანებდა, ადგილობრივ სასამართლოში აგებდა პასუხს. ტრადიციის თანახმად, ასეთი სასამართლოები არსებობდა ქალაქებში, სადაც 120 ან მეტი ზრდასრული მამაკაცი ცხოვრობდა (მათე 10:17; მარკოზი 13:9). ამ სასამართლოებში მოსამართლეებს უფლება ჰქონდათ, განაჩენი გამოეტანათ; ამის გაკეთება მათ მკვლელობის შემთხვევაშიც კი შეეძლოთ (მეორე რჯული 16:18; 19:12; 21:1, 2). მაშასადამე, იესომ დაგვანახვა, რომ ადამიანი, რომელიც მოძმეზე განრისხებული რჩებოდა, სერიოზულ ცოდვას სჩადიოდა.
იესომ შემდეგ განაცხადა, რომ ადამიანი, რომელიც ‘თავის ძმას დამამცირებელი სიტყვით მიმართავდა, უზენაესი სასამართლოს წინაშე აგებდა პასუხს’. ბერძნული სიტყვა „რაკა“ (rha·kaʹ), რომელიც „დამამცირებელ სიტყვად“ არის ნათარგმნი, „ცარიელს“ ან „თავცარიელს“ ნიშნავდა. „ტეიერის ახალი აღთქმის ბერძნულ-ინგლისური ახალი ლექსიკონის“ თანახმად, ამ სიტყვას „იუდეველები საყვედურის სათქმელად იყენებდნენ იესოს დროს“. ამგვარად, იესომ გაგვაფრთხილა, რამდენად სერიოზულია მოძმის მიმართ უპატივცემულობის გამომხატველი დამამცირებელი სიტყვების სიძულვილით თქმა. უფრო მეტიც, იესომ თქვა, რომ ადამიანი, რომელიც ასეთ სიტყვას იყენებდა, გასამართლდებოდა არა მხოლოდ ადგილობრივ სასამართლოში, არამედ უზენაეს სასამართლოში, მთელი სინედრიონის წინაშე, რომელიც სასამართლო ორგანო იყო იერუსალიმში და შედგებოდა მღვდელმთავრისა და სამოცდაათი უხუცესისა და მწიგნობრისგან (მარკოზი 15:1).
დასასრულ იესომ განმარტა, რომ ადამიანი თუ ვინმეს მიმართავდა სიტყვებით „შე სულელო!“, ცეცხლოვან გეენას დაექვემდებარებოდა. სიტყვა „გეენა“ წარმოდგება ებრაული სიტყვისგან „გენჰინნომ“, რაც ნიშნავს „ჰინომის ველს“; ეს ველი ძველი იერუსალიმის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობდა. იესოს დროს ამ ველზე წვავდნენ ნაგავს და იმ ბოროტმოქმედების გვამებს, რომელთაც დამარხვის ღირსად არ მიიჩნევდნენ. ამიტომ სიტყვა „გეენა“ სამუდამო განადგურების შესაფერისი სიმბოლო იყო.
რას ნიშნავდა გამოთქმა „შე სულელო!“? აქ გამოყენებული სიტყვა იმ ებრაული სიტყვის ანალოგიურია, რომელიც „მოჯანყეს“ ან „მეამბოხეს“ ნიშნავს. ის მიუთითებს ზნეობრივად უვარგის, განდგომილ და ღვთის მოწინააღმდეგე პიროვნებაზე. ამიტომ ადამიანი, რომელიც მოძმეს ეუბნებოდა „შე სულელო!“, ფაქტობრივად, ამბობდა, რომ ის ღვთის წინააღმდეგ წასვლისთვის სათანადოდ უნდა დასჯილიყო — სამუდამოდ უნდა განადგურებულიყო. ღვთის თვალსაზრისით, ის, ვინც ასე განსჯიდა სხვას, იმავე სიმკაცრით დაისჯებოდა — თავად განადგურდებოდა სამუდამოდ (მეორე რჯული 19:17—19).
აქედან გამომდინარე, იესომ თავის მიმდევრებს იმაზე მაღალი ნორმები დაუდგინა, ვიდრე მოსეს კანონში იყო მოცემული. იმ დროს ხალხისთვის ჩვეულებრივი იყო, რომ მკვლელს ‘სასამართლოს წინაშე უნდა ეგო პასუხი’, მაგრამ იესოს სიტყვები უფრო მეტს მოიცავდა. ის ასწავლიდა, რომ მის მიმდევრებს გულშიც კი არ უნდა ჰქონოდათ თავიანთი ძმების მიმართ მტრული დამოკიდებულება (მათე 5:21, 22).