მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ესთერი“
იეჰოვას სიტყვა ცოცხალია
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ესთერი“
გეგმა უსათუოდ განხორციელდება. ამ გეგმის თანახმად, ებრაელთა მასობრივი გაწყვეტა გარდაუვალია. წინასწარ დადგენილ დღეს იმპერიაში, რომლის საზღვრებიც ინდოეთიდან ეთიოპიამდე ვრცელდება, ყველა ებრაელი უნდა განადგურდეს. ასეთია ამ გეგმის სულისჩამდგმელის ჩანაფიქრი. თუმცა მას ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ავიწყდება. ზეციერ ღმერთს შეუძლია ნებისმიერი გამოუვალი მდგომარეობიდან იხსნას თავისი რჩეული ერი. ბიბლიის წიგნ „ესთერში“ ჩაწერილია, თუ როგორ იხსნა ღმერთმა ებრაელები.
წიგნი „ესთერი“, რომელიც ხანში შესულმა ებრაელმა მამაკაცმა, მორდოქაიმ (მორდექაი) დაწერა, სპარსეთის მეფის ახაშვეროშის, ანუ ქსერქსე I-ის, მმართველობის დაახლოებით 18-წლიან პერიოდს მოიცავს. ამ დრამატული მონათხრობიდან ვიგებთ, თუ როგორ იხსნა იეჰოვამ მტრის ხელიდან თავისი ერი, რომელიც მთელ იმპერიაში იყო მიმოფანტული. დღეს ამის ცოდნა აძლიერებს იეჰოვას ხალხს, რომლებიც ღვთისთვის წმინდა მსახურებას 235 ქვეყანაში ეწევიან. გარდა ამისა, ბიბლიის ამ წიგნის პერსონაჟებზე დაკვირვებით ვსწავლობთ, თუ ვის უნდა მივბაძოთ და როგორ საქციელს უნდა ვერიდოთ. მართლაც, „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი“ (ებრაელები 4:12).
დედოფალი მოქმედებას იწყებს
მეფე ახაშვეროში თავისი მეფობის მესამე წელს (ძვ. წ. 493 წელს) ნადიმს მართავს. სილამაზით გამორჩეული დედოფალი ვაშთი მეფის უკმაყოფილებას იწვევს და ამის გამო კარგავს დედოფლობას. სატახტოში ლამაზ ქალწულებს უყრიან თავს და მათ შორის მეფე ირჩევს ებრაელ ჰადასას, რომელიც ვაშთის ადგილს იკავებს. ეს ყმაწვილი ქალი, თავისი ბიძაშვილის მორდოქაის რჩევით, არ ამხელს თავის წარმომავლობას და სპარსულ სახელს, ესთერს, ატარებს.
გარკვეული დროის შემდეგ მეფე აღაზევებს ქედმაღალ ჰამანს, რომელიც სამეფო კარზე მეორე კაცი ხდება. ჰამანს აღაშფოთებს მორდოქაის საქციელი: ის ‘არ უჩოქებს და თაყვანს არ სცემს ჰამანს’, ამიტომ ეს უკანასკნელი განიზრახავს სპარსეთის იმპერიაში ყველა ებრაელის გაწყვეტას (ესთერი 3:2). ჰამანი იყოლიებს ახაშვეროშს და თანხმობას იღებს მისგან, რომ გამოიცეს ბრძანება ებრაელთა განადგურების თაობაზე. მორდოქაი ‘ჯვალოს იცვამს და თავზე ნაცარს იყრის’ (ესთერი 4:1). ახლა სწორედ ის დროა, როცა ესთერმა ზომები უნდა მიიღოს. ის მეფესა და ჰამანს ნადიმზე იწვევს. ისინი სიხარულით მიდიან ნადიმზე. ესთერი სთხოვს მათ, მეორე დღესაც ეწვიონ მას. ჰამანი გახარებული ბრუნდება ნადიმიდან, მაგრამ, როდესაც ხედავს, რომ მორდოქაი კვლავ არ სცემს თაყვანს, რისხდება. ის მორდოქაის მოკვლას მომდევნო დღეს, წვეულებამდე გეგმავს.
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
1:3—5. ნამდვილად 180 დღე გრძელდებოდა ნადიმი? ბიბლია არ ამბობს, რომ უშუალოდ ნადიმი გაგრძელდა ასე დიდხანს. ამის ნაცვლად მოხსენიებულია, რომ 180 დღის განმავლობაში მეფე თავისი სამეფოს სიმდიდრეს, დიდებულებასა და ბრწყინვალებას უჩვენებდა მთავრებსა და წარჩინებულებს. როგორც ჩანს, მეფეს ამით სურდა, წარჩინებულებისთვის დაენახვებინა თავისი სამეფოს სიდიადე, რათა შთაბეჭდილება მოეხდინა მათზე და დაერწმუნებინა, რომ მას შეეძლო თავისი გეგმების სისრულეში მოყვანა. მე–3 და მე–5 მუხლებში, ალბათ, იმ ნადიმზეა საუბარი, რომელიც 180 დღის გასრულების შემდეგ გაიმართა და შვიდ დღეს გაგრძელდა.
1:8. რა გაგებით ‘არ აძალებდნენ არავის დალევას’ ლხინის დროს, როგორც ეს კანონით მოითხოვებოდა? ამ წვეულებაზე მეფე ახაშვეროშმა გამონაკლისი დაუშვა, თუმცა, როგორც წესი, სპარსელების ჩვეულების თანახმად, ასეთ ნადიმებზე მოწვეულ სტუმრებს განსაზღვრული რაოდენობის ღვინო უნდა დაელიათ. „მათ იმდენის დალევა შეეძლოთ, რამდენსაც მოისურვებდნენ“, — ნათქვამია ერთ წყაროში.
1:10—12. რატომ თქვა დედოფალმა ვაშთიმ უარი მეფესთან მისვლაზე? ზოგი სწავლულის აზრით, დედოფალმა უარი იმიტომ თქვა, რომ არ სურდა, მეფის შეზარხოშებული სტუმრების გარემოცვაში დამცირებულიყო. ან შეიძლება გარეგნული სილამაზის მიღმა დედოფლის დაუმორჩილებელი ბუნება იმალებოდა. თუმცა ბიბლია კონკრეტულად არ მოიხსენიებს, რა მოტივები ამოძრავებდა ვაშთის, „ბრძენკაცებმა“ ჩათვალეს, რომ ქმრისადმი დაუმორჩილებლობა დანაშაული იყო; ასეთი საქციელით ვაშთის შეიძლებოდა უარყოფითი გავლენა მოეხდინა სპარსეთის იმპერიაში მცხოვრებ ყველა გათხოვილი ქალზე.
2:14—17. ჰქონდა თუ არა ესთერს უკანონო სქესობრივი ურთიერთობა მეფესთან? არა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მეფის წინაშე წარდგენილი ქალები დილით ბრუნდებოდნენ „მეორე სადიაცო სახლში“, რომელიც ჩაბარებული ჰქონდა მეფის საჭურისს. ქალები, რომლებიც მეფესთან ატარებდნენ ღამეს, მისი ხარჭები ხდებოდნენ. მაგრამ ესთერი არ წაუყვანიათ სადიაცო სახლში. როდესაც ესთერი ახაშვეროშს მიუყვანეს, „ყველა ქალზე მეტად შეიყვარა მეფემ ესთერი და მან წყალობა და მადლი ჰპოვა მის წინაშე ყველა ქალწულზე მეტად“ (ესთერი 2:17). როგორ მოიპოვა ესთერმა „წყალობა და მადლი“ ახაშვეროშის თვალში? ზუსტად ისე, როგორც სხვების კეთილგანწყობილება დაიმსახურა. „ყმაწვილქალი მოეწონა მას [ჰეგაის] და მადლი ჰპოვა მის წინაშე“ (ესთერი 2:8, 9). ჰეგაი, ქალთა მცველი, ესთერის გარეგნობითა და კარგი თვისებებით მოიხიბლა. „ესთერმა წყალობა ჰპოვა ყველა მისი მნახველის თვალში“ (ესთერი 2:15). მსგავსად ამისა, მეფეც ესთერის თვისებებით მოიხიბლა და ამიტომ შეუყვარდა იგი.
3:2; 5:9. რატომ არ სცემდა მორდოქაი ჰამანს თაყვანს? იეჰოვას კანონის თანახმად, ისრაელებს უფლება ჰქონდათ პატივისცემის ნიშნად ქედი მოეხარათ უფლებამოსილი პირების წინაშე. მაგრამ ჰამანის შემთხვევაში საქმე სხვაგვარად იყო. ჰამანი იყო აგაგელი — როგორც ჩანს, წარმოშობით ყამალეკელი. იეჰოვას ნების თანახმად, ისრაელებს უნდა გაეწყვიტათ ყამალეკელები (მეორე რჯული 25:19). თუ მორდოქაი ჰამანს ქედს მოუხრიდა, ეს იეჰოვას მიმართ ორგულობის გამოვლენად ჩაითვლებოდა. მან პირდაპირ განაცხადა უარი მისთვის ქედის მოხრაზე. მიზეზად კი თავისი ეროვნება დაასახელა (ესთერი 3:3, 4).
რას ვსწავლობთ:
2:10, 20; 4:12—16. ესთერმა მიიღო რჩევა იეჰოვას სულიერად მოწიფული მსახურისგან. გონივრულია, მოვუსმინოთ მათ, ‘ვისაც ჩვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და დავემორჩილოთ’ (ებრაელები 13:17).
2:11; 4:5. ‘მხოლოდ პირად ინტერესებზე კი არ უნდა ვიზრუნოთ, არამედ სხვების ინტერესებზეც’ (ფილიპელები 2:4).
2:15. ესთერმა მოკრძალება და თავშეკავება იმით გამოავლინა, რომ არ მოითხოვა იმაზე მეტი ძვირფასეულობა ან მდიდრული სამოსი, ვიდრე ჰეგაიმ შესთავაზა. მისი ‘შინაგანი ადამიანი შემოსილი იყო სიმშვიდითა და რბილი ხასიათით’, რის გამოც ესთერმა მეფის კეთილგანწყობილება დაიმსახურა (1 პეტრე 3:4).
2:21—23. ესთერმა და მორდოქაიმ ‘უმაღლესი ხელისუფლებისადმი მორჩილების’ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს (რომაელები 13:1).
3:4. ზოგჯერ შეიძლება გონივრული იყოს, არ გავამხილოთ ჩვენი ვინაობა, როგორც ეს ესთერის შემთხვევაში მოხდა. მაგრამ, როცა საქმე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, როგორიცაა იეჰოვას უზენაესობის მხარდაჭერა და ერთგულების შენარჩუნება, არ უნდა შეგვეშინდეს იმის თქმა, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ.
4:3. როდესაც განსაცდელის პირისპირ ვიმყოფებით, ლოცვით უნდა მივმართოთ იეჰოვას, რათა ძალა და სიბრძნე მოგვცეს.
4:6—8. მორდოქაი კანონიერი გზებით ცდილობდა, გამოსავალი ეპოვა და თავისი ერი ჰამანის ხელისგან ეხსნა (ფილიპელები 1:7).
4:14. მორდოქაის ნდობა იეჰოვასადმი სამაგალითოა.
4:16. ესთერი მინდობილი იყო იეჰოვაზე და რწმენითა და გაბედულებით იმოქმედა, მიუხედავად იმისა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. რამდენად მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ, მივენდოთ იეჰოვას და არა საკუთარ თავს.
5:6—8. ახაშვეროშის კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად ესთერმა მეორედ დაპატიჟა ის ნადიმზე. მან წინდახედულად იმოქმედა, რაც კარგი მაგალითია ჩვენთვის (იგავები 14:15).
მოვლენების შემდგომი განვითარება
მოვლენები სრულიად სხვაგვარად ვითარდება. ჰამანი იმ ძელზე დაკიდეს, რომელიც მორდოქაისთვის ჰქონდა გამზადებული. სასიკვდილოდ განწირული მორდოქაი ჰამანის ადგილს იკავებს. რა შეიძლება ითქვას ებრაელთა განადგურების მიზნით შემუშავებულ გეგმაზე? მოვლენები ამ მხრივაც სულ სხვაგვარად განვითარდა.
ესთერი კვლავ იწყებს მოქმედებას. ის სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს და ხელმეორედ ცხადდება მეფის წინაშე. ის სთხოვს მეფეს, ხელი შეუშალოს ესთერი 10:3, აქ).
ჰამანის გეგმას. ახაშვეროშმა იცის გამოსავალი. ასე რომ, იმ დღეს, როცა ებრაელების წინააღმდეგ ჰამანის გეგმა უნდა განხორციელდეს, ებრაელების ნაცვლად მათ ხოცავენ, ვისაც ამ ერის განადგურება ჰქონდა განზრახული. მორდოქაი ბრძანებას გამოსცემს ფურიმის დღესასწაულის აღნიშვნის თაობაზე. ეს დღესასწაული ებრაელებმა ყოველწლიურად უნდა იზეიმონ, რაც მათ გათავისუფლებას უკავშირდება. მორდოქაი, რომელიც მეფე ახაშვეროშის შემდეგ მეორე კაცი გახდა, „თავისი ხალხის სასიკეთოდ მოქმედებდა და მათ შთამომავლობას მშვიდობას აუწყებდა“ (პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
7:4. რატომ დაზარალდებოდა მეფე ებრაელების განადგურებით? ესთერმა ტაქტიანად მიუთითა მეფეს, რომ მას ებრაელების მონებად გაყიდვა შეეძლო, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ამ ერს მის იმპერიაში გაანადგურებდნენ, ეს დიდ ზარალს მოუტანდა მეფეს. ჰამანს მეფისთვის ებრაელების მონებად გაყიდვა რომ შეეთავაზებინა, ეს გაცილებით მეტ ვერცხლს შემატებდა მეფის საგანძურს, ვიდრე მის მიერ შეთავაზებული 10 000 ტალანტი ვერცხლი. ჰამანის გეგმის განხორციელების შემთხვევაში მეფე დედოფალსაც დაკარგავდა.
7:8. რატომ დაუფარეს ჰამანს სახე კარისკაცებმა? ეს შესაძლოა სირცხვილის ან გარდაუვალი სასჯელის ნიშანი იყო. ერთი წყაროს თანახმად, „ძველ დროში ზოგჯერ სიკვდილმისჯილებს სასჯელის აღსრულების წინ უფარავდნენ თავს“.
8:17. რა გაგებით ‘გახდა ქვეყნის ბევრი მცხოვრები იუდეველი’? როგორც ჩანს, ბევრი სპარსელი იუდეველი პროზელიტი გახდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ მეფის ბრძანება იუდეველების მიმართ ღვთის კეთილგანწყობილების მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო. იმავე პრინციპით შესრულდა ბიბლიის წიგნ „ზაქარიაში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველებაც: „მოეჭიდება ათი კაცი ყოველი ენის ხალხიდან, მოეჭიდება იუდაელის კალთებს და ეტყვიან: თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი“ (ზაქარია 8:23).
9:10, 15, 16. რატომ შეიკავეს ებრაელებმა თავი ძარცვისგან, მაშინ როცა ბრძანებულების თანახმად ამის უფლება ეძლეოდათ? ასეთი საქციელი იმაზე მეტყველებს, რომ მათი მიზანი გამდიდრება კი არა, საკუთარი თავის დაცვა იყო.
რას ვსწავლობთ:
6:6—10. „სიამაყე წინ უძღვის დაცემას, ამპარტავნობის სული — წაბორძიკებას“ (იგავები 16:18).
7:3, 4. ვაცხადებთ გაბედულად იმას, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ, მაშინაც კი, თუ ეს დევნას გამოიწვევს?
8:3—6. ჩვენ შეგვიძლია და საჭიროც არის, რომ მტრებისგან თავის დაცვის მიზნით ხელისუფლებას და სასამართლო სტრუქტურებს მივმართოთ.
8:5. ესთერმა დიდი ტაქტიანობა გამოიჩინა და არ მოიხსენია, რომ მეფესაც მიუძღოდა ბრალი ებრაელების წინააღმდეგ ბრძანების გამოცემაში. მსგავსად ამისა, ჩვენც გვმართებს ტაქტიანობის გამოვლენა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან გვიწევს დამოწმება.
9:22. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ღარიბები (გალატელები 2:10).
იეჰოვა მოგვიტანს „შვებასა და ხსნას“
მორდოქაი ესთერს ეუბნება, რომ მისი დედოფლობა იეჰოვას ნების შესრულებას შეუწყობს ხელს. უბედურების მოლოდინში მყოფი ებრაელები მარხულობენ და შველას იეჰოვას სთხოვენ. დედოფალი მეფის წინაშე წინასწარი გაფრთხილების გარეშე ცხადდება და მეფე კეთილგანწყობით იღებს მას. იმ ღამეს მეფეს ძილი უკრთება. მართლაც, წიგნი „ესთერი“ გვანახვებს, თუ როგორ შეუძლია იეჰოვას თავისი ხალხის სასარგებლოდ წარმართოს მოვლენები.
ეს საინტერესო მონათხრობი განსაკუთრებით გამამხნევებელია ჩვენთვის, რადგან „უკანასკნელ ჟამს“ ვცხოვრობთ (დანიელი 12:4). ბოლო ჟამის „უკანასკნელ დღეებში“ გოგ მაგოგელი — სატანა ეშმაკი — მთელი ძალით მიიტანს იერიშს იეჰოვას ხალხზე. მისი მიზანი იქნება ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების განადგურება. მაგრამ, როგორც ესთერის დღეებში, ისე მომავალშიც იეჰოვა „შვებას და ხსნას“ მოუტანს თავის თაყვანისმცემლებს (ეზეკიელი 38:16—23; ესთერი 4:14).
[სურათი 10 გვერდზე]
ესთერი და მორდოქაი ახაშვეროშის წინაშე.