მშობლებო, კარგი მაგალითი მიეცით შვილებს
მშობლებო, კარგი მაგალითი მიეცით შვილებს
„უკვე საუკუნეა, რაც ფსიქოლოგები ბავშვის აღზრდის საუკეთესო საშუალებებს ეძებენ, მაგრამ მათ შეიძლება მოუწიოთ ძიების შეწყვეტა. არა იმიტომ, რომ უკვე აღმოაჩინეს ასეთი საშუალებები, არამედ იმიტომ, რომ ისინი უბრალოდ არ არსებობს“. ასეთ კომენტარს აკეთებს ჟურნალი „ტაიმი“ წიგნზე, რომელიც ბავშვების აღზრდას ეხება. წიგნში ნათქვამია, რომ ბავშვები, ხშირ შემთხვევაში, თანატოლების შეხედულებებს უფრო ითავისებენ, ვიდრე მშობლების.
შეუძლებელია იმ ფაქტის უარყოფა, რომ თანატოლების გავლენა ძლიერია (იგავები 13:20; 1 კორინთელები 15:33). ერთი გაზეთის მიმომხილველი, უილიამ ბრაუნი, შენიშნავს: „მოზარდებს ყველაზე მეტად ის სურთ, რომ აღიარებულნი იყვნენ. . . მათთვის იმაზე საშინელი არაფერია, ვიდრე ის, რომ თანატოლებისგან განსხვავდებოდნენ“. როდესაც მშობლები შვილების მიმართ არ ავლენენ სითბოს და არ უთმობენ მათ საკმარის დროს, რაც დამახასიათებელია დღევანდელი მოუცლელი საზოგადოებისთვის, შედეგად შვილები თანატოლების საზიანო გავლენაში ექცევიან.
გარდა ამისა, ამ „უკანასკნელ დღეებში“ ოჯახები კრიზისს განიცდიან, რადგან, როგორც ბიბლია წინასწარმეტყველებს, ადამიანები ძირითადად ფულის შოვნით, სიამოვნების მიღებითა და ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილებით არიან დაინტერესებულნი. განა უნდა გაგვაკვირვოს იმან, რომ ბავშვები „მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები“ ხდებიან? (2 ტიმოთე 3:1—3).
გამოთქმა „თბილი გრძნობები“ ოჯახის წევრებს შორის არსებულ სიყვარულს გულისხმობს. ასეთი სიყვარული მშობლებს შვილებზე ზრუნვისკენ აღძრავს, შვილებს კი — მშობლების მიმართ ემოციური სიახლოვისკენ. მაგრამ, როდესაც მშობლები თბილ გრძნობებს არ ავლენენ, შვილები ემოციურ მხარდაჭერას ოჯახის გარეთ, უმეტესწილად, თანატოლებში ეძებენ. ასეთ დროს მათ შესაძლოა თანატოლების შეხედულებები და ღირებულებები გაითავისონ. თუმცა, მშობლებს ხშირ შემთხვევაში შეუძლიათ ამის თავიდან აცილება, თუ ოჯახში ბიბლიური პრინციპებით იხელმძღვანელებენ (იგავები 3:5, 6).
ოჯახის დამფუძნებელი ღმერთია
მას შემდეგ, რაც ღმერთმა ადამი და ევა შეაუღლა, ასეთი დავალება მისცა: „ინაყოფიერეთ და გამრავლდით, და აღავსეთ ქვეყანა“. ასე წარმოიშვა პირველი ოჯახი (დაბადება 1:28; 5:3, 4; ეფესოელები 3:14, 15). მშობლებს რომ ბავშვების აღზრდაში დახმარებოდა, იეჰოვამ ადამიანში მშობლის ინსტინქტი ჩადო. თუმცა ცხოველებისგან განსხვავებით, იეჰოვა ადამიანებს დამატებით დახმარებას უწევს და წერილობითი სახით ხელმძღვანელობს. ეს გულისხმობს როგორც სულიერ და ზნეობრივ, ისე ბავშვების სწორ აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებში ხელმძღვანელობას (იგავები 4:1—4).
იეჰოვა შემდეგი სიტყვებით განსაკუთრებით მამებს მიმართავს: „იყოს ეს სიტყვანი, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს, შენს გულში. ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, და გზაზე მეორე რჯული 6:6, 7; იგავები 1:8, 9). ყურადღება მიაქციეთ, რომ მშობლებს პირველ რიგში თავად უნდა ჩაებეჭდათ გულში ღვთის კანონი. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? რადგან, სინამდვილეში, ადამიანს ღვთის პრინციპების გამოყენებისკენ ცარიელი სიტყვები კი არ აღძრავს, არამედ გულით ნათქვამი. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება შვილის გულს მშობლების სიტყვები, თუ ისინი გულიდან მომდინარეობს. ამით მშობლები აგრეთვე კარგ მაგალითს მისცემენ შვილებს, რომლებსაც ადვილად შეუძლიათ დამალონ სიმართლე (რომაელები 2:21).
სიარულისას, დაწოლისას, და ადგომისას“ (ქრისტიან მშობლებს ბიბლია მოუწოდებს: „[შვილები] იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ“. ეს მათ ჩვილობიდანვე უნდა გააკეთონ (ეფესოელები 6:4; 2 ტიმოთე 3:15). ნუთუ შესაძლებელია ბავშვის ჩვილობიდანვე იეჰოვას მოსაწონად აღზრდა? რა თქმა უნდა. ერთი დედა წერს: „ზოგჯერ მშობლები არ ვაქებთ ბავშვებს, როცა ისინი ამას იმსახურებენ. ჩვენ სათანადოდ არ ვაფასებთ მათ შესაძლებლობებს. ბავშვებს დიდი პოტენციალი აქვთ, ჩვენ კი უნდა მივცეთ მათ ამ პოტენციალის გაზრდის საშუალება“. დიახ, ბავშვებს უყვართ სწავლა; როდესაც ღვთისმოშიში მშობლები ასწავლიან პატარებს, ისინი სიყვარულის გამოვლენას სწავლობენ. ასეთ ბავშვებს იცავს მშობლების მიერ დადგენილი საზღვრები, რის გამოც თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ამიტომ სამაგალითო მშობლები ცდილობენ, იყვნენ მეგობრულები, კარგი მსმენელები, მომთმენები, მაგრამ ამავდროულად დარიგებისას მტკიცენი. ამგვარად, მშობლები ჯანსაღ გარემოს უქმნიან შვილებს *.
დაიცავით შვილები
გერმანიაში ერთმა სკოლის დირექტორმა მშობლებს მისწერა: „ძვირფასო მშობლებო, გვსურს, შეგაქოთ იმისთვის, რომ დიდი წვლილი შეგაქვთ შვილების აღზრდაში. თქვენ არ აძლევთ ქუჩას და ტელევიზორს მათზე გავლენის მოხდენის საშუალებას. პირიქით, საკუთარ თავზე იღებთ შვილების პიროვნებებად ჩამოყალიბების პასუხისმგებლობას“.
ბავშვი, რომელსაც ტელევიზორი და ქუჩა ზრდის, ქვეყნიერების სულის გავლენაში ექცევა (ეფესოელები 2:1, 2). ღვთის სულისგან განსხვავებით, ქვეყნიერების სული „მიწიერ, ხორციელ და დემონურ“ სურვილებს წარმოშობს და ღრმად ნერგავს გამოუცდელების გულსა და გონებაში (იაკობი 3:15). ასეთი სურვილები საბოლოოდ ხრწნის მათ გულს ზუსტად ისე, როგორც სარეველა ბალახი აშთობს ნაყოფს. იესომ ეს თვალსაჩინოდ აჩვენა: „კარგ კაცს თავისი გულის კარგი განძიდან კარგი გამოაქვს, ბოროტს კი თავისი ბოროტი განძიდან ბოროტი გამოაქვს, რადგან გულში მოჭარბებულს პირი ლაპარაკობს“ (ლუკა 6:45). ამიტომ ბიბლია მოგვიწოდებს: „ყველაზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან არის სიცოცხლის წყაროები“ (იგავები 4:23).
რასაკვირველია, ბავშვი მიდრეკილია, დარიგების საპირისპიროდ მოიქცეს და გაჯიუტდეს კიდეც (დაბადება 8:21). რის გაკეთება შეუძლიათ მშობლებს? „სისულელე მიეკრო ყმაწვილის გულს, დარიგების კეტი მოაშორებს მისგან“, — ნათქვამია ბიბლიაში (იგავები 22:15). ზოგი მოძველებულად მიიჩნევს აღზრდის ასეთ მკაცრ მეთოდს. სინამდვილეში, ბიბლია ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას. თუმცა სიტყვა „კეტი“ ზოგჯერ პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენება; ის გულისხმობს მშობლის უფლებას, დასაჯოს შვილი მკაცრად, მაგრამ სიყვარულით. ეს კი შვილის ხანგრძლივ კეთილდღეობას ემსახურება (ებრაელები 12:7—11).
დროის ერთად გატარება
ბავშვის განვითარებაზე დადებითად მოქმედებს დასვენება და გართობა. გონიერი მშობლები, როცა კი შესაძლებელია, შვილებთან ერთად ატარებენ დროს და ამით განამტკიცებენ მათთან ურთიერთობას. ამგვარად, მშობლებს შეუძლიათ არა მხოლოდ დაეხმარონ შვილებს სათანადო გართობის სახეობის არჩევაში, არამედ დაანახონ კიდეც, თუ როგორ აფასებენ მათთან ურთიერთობას.
ერთი მამა, რომელიც იეჰოვას მოწმეა, იხსენებს, რომ ის სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ ხშირად ეთამაშებოდა შვილს ფეხბურთს. ერთი დედა კი ამბობს, რომ ძალიან უყვარდა შვილებთან ერთად თამაში. ერთი ქალი იხსენებს, რომ ბავშვობაში მშობლები მასთან ერთად ველოსიპედით სეირნობდნენ. ეს ბავშვები გაიზარდნენ; მათ კვლავინდებურად უყვართ მშობლები და იეჰოვა, და ეს სიყვარული დღითი დღე ძლიერდება.
მართლაც, მშობლები, რომლებიც სიტყვითა თუ საქმით სიყვარულს ავლენენ შვილების მიმართ და სიამოვნებთ მათთან ურთიერთობა, ღრმა კვალს ტოვებენ შვილების ცხოვრებაზე. მაგალითად, „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებულები აღნიშნავენ, რომ მათში სრული დროით მსახურების სურვილი მშობლების მაგალითმა და მათმა წამახალისებელმა სიტყვებმა აღძრა. ეს, მართლაც, ძვირფასი მემკვიდრეობაა შვილებისთვის, ხოლო მშობლებისთვის კურთხევა! მართალია, ყველა ბავშვს არა აქვს შესაძლებლობა, როცა გაიზრდება, სრული დროით იმსახუროს, მაგრამ მშობლების ძალისხმევა უკვალოდ არ ჩაივლის და კარგ შედეგებს მოიტანს. გარდა ამისა, ბავშვები პატივისცემას გამოავლენენ ღვთისმოშიში მშობლების მიმართ, რომლებმაც კარგი მაგალითი მისცეს შვილებს და მათი უახლოესი მეგობრები გახდნენ (იგავები 22:6; ეფესოელები 6:2, 3).
მარტოხელა მშობლებსაც შეუძლიათ მიზნის მიღწევა
დღეს ბევრი მარტოხელა მშობელია. მეუღლის გარეშე ბავშვის აღზრდა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა მიზნის მიღწევა შესაძლებელია. მარტოხელა მშობლებს შეუძლიათ გამხნევდნენ პირველი საუკუნის ებრაელი ქრისტიანის ევნიკეს მაგალითით. ევნიკეს ქმარი არ იზიარებდა მის რწმენას, ამიტომ მას სულიერ საკითხებში არ ჰქონდა მეუღლის მხარდაჭერა. მიუხედავად ამისა, ევნიკემ სამაგალითოდ აღზარდა ტიმოთე. ევნიკემ და ტიმოთეს ბებიამ ლოისმა ჩვილობიდანვე დადებითი გავლენა მოახდინეს მასზე. ეს გავლენა ტიმოთეს თანატოლების გავლენაზე გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა (საქმეები 16:1, 2; 2 ტიმოთე 1:5; 3:15).
დღეს ბევრი მოზარდი, რომლებსაც ურწმუნო ან მარტოხელა მშობელი ზრდის, ტიმოთეს მსგავსად, კარგ პიროვნებად ყალიბდება. მაგალითად, რაიენი, რომელიც ამჟამად 22 წლისაა და სრული დროით მსახურობს, უფროს და–ძმასთან ერთად უმამოდ გაიზარდა. მამამისი ხშირად სვამდა და ოჯახი მაშინ დატოვა, როცა რაიენი 4 წლის იყო. ის იხსენებს: „დედას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ჩვენს ოჯახს ერთგულად ემსახურა იეჰოვასთვის. ის ყველაფერს
აკეთებდა იმისათვის, რომ ამ გადაწყვეტილების თანახმად ეცხოვრა“.„დედა მხოლოდ იმ ბავშვებთან გვრთავდა ურთიერთობის ნებას, რომლებიც ჩვენზე დადებით გავლენას ახდენდნენ, — ყვება რაიენი. — ის არასოდეს გვაძლევდა მათთან ურთიერთობის საშუალებას, რომლებიც ბიბლიაში ცუდ საზოგადოებად არიან აღწერილნი; მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს იქნებოდა კრების შიგნით თუ მის გარეთ. დედა ასევე დაგვეხმარა, ქვეყნიური განათლების შესახებ სწორი თვალსაზრისი გვქონოდა“. თუმცა რაიენის დედა ხშირად ძალიან დაღლილი და დაკავებული იყო, ის არასოდეს აკლებდა შვილებს სიყვარულსა და ყურადღებას. „დედას ყოველთვის სურდა, ჩვენთან ყოფნა და საუბარი, — ამბობს რაიენი. — ის მომთმენი იყო, მაგრამ ამავე დროს სიმტკიცესაც ავლენდა; ის ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ რეგულარულად გვქონოდა ბიბლიის ოჯახური შესწავლა. მისთვის სიტყვა კომპრომისი არ არსებობდა, როცა საქმე ბიბლიური პრინციპების დაცვას ეხებოდა“.
როდესაც ბავშვობას იხსენებს, რაიენი ხვდება, რომ როგორც მასზე, ისე მისი და–ძმის ცხოვრებაზე ღრმა კვალი დატოვა დედამ, რომელსაც ძლიერ უყვარდა ღმერთი და შვილები. ასე რომ, ქრისტიანო მშობლებო — მეუღლის გარეშე გიწევთ შვილების აღზრდა თუ მეუღლესთან ერთად, რომელიც არ იზიარებს თქვენს რწმენას — დროებითი დაბრკოლებებისა თუ გულისტკივილის მიუხედავად, განაგრძეთ შვილების ღვთის მოსაწონად აღზრდა! ზოგჯერ შეიძლება მოზარდებმა გზასაცდენილი ძის მსგავსად, მიატოვონ ჭეშმარიტება. მაგრამ, როდესაც ხედავენ, თუ რამდენად ზედაპირული და უგრძნობია ეს ქვეყნიერება, შეიძლება დაუბრუნდნენ ჭეშმარიტებას. დიახ, „მართალი თავისი უბიწობით დადის, ნეტარ არიან მისი ძენი მის შემდეგ“ (იგავები 20:7; 23:24, 25; ლუკა 15:11—24).
[სქოლიოები]
^ აბზ. 9 ამ საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მოიძიეთ წიგნში „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“, გვერდები 55—59. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩარჩო 11 გვერდზე]
იესოს მშობლები ღვთის მიერ არჩეულნი
როდესაც იესო დედამიწას უნდა მოვლინებოდა, იეჰოვამ საგულდაგულოდ შეურჩია მას მშობლები. აღსანიშნავია, რომ ღმერთმა თავმდაბალი, ღვთისმოშიში წყვილი ამოარჩია, რომლებმაც კი არ გაანებივრეს იესო, არამედ ღვთის სიტყვით აღზარდეს, შრომის ფასი ასწავლეს და პასუხისმგებლობის გრძნობა ჩაუნერგეს (იგავები 29:21; იერემიას გოდება 3:27). იოსებმა იესოს დურგლობა ასწავლა; ცხადია, იოსები და მარიამი იესოს, თავიანთ პირველ შვილს, დაავალებდნენ და–ძმებზე ზრუნვას, რომლებიც დაახლოებით ექვსნი იყვნენ (მარკოზი 6:3).
წარმოიდგინეთ, როგორ ემზადებოდა იოსების ოჯახი იერუსალიმში გასამგზავრებლად ყოველწლიური დღესასწაულის, პასექის, აღსანიშნავად. მათ ყოველგვარი სატრანსპორტო საშუალების გარეშე 200 კმ–ის გავლა მოუწევდათ. რასაკვირველია, დაახლოებით 9 წევრისგან შემდგარ ოჯახს კარგი ორგანიზება დაჭირდებოდა ასეთი ხანგრძლივი მგზავრობისთვის (ლუკა 2:39, 41). სირთულეების მიუხედავად, უეჭველია, იოსები და მარიამი აფასებდნენ ამ დღესასწაულს; რადგან ეს კარგი შესაძლებლობა იყო, შვილებისთვის წარსულში მომხდარი მოვლენები გაეცნოთ, რომლებიც ისრაელის ისტორიას უკავშირდებოდა.
მთელი იმ ხნის განმავლობაში, როცა იესო მშობლებთან ცხოვრობდა, „ემორჩილებოდა“ მათ; მას „ემატებოდა სიბრძნე, იზრდებოდა და უფრო მეტ კეთილგანწყობილებას იხვეჭდა ღვთისა და ადამიანთა თვალში“ (ლუკა 2:51, 52). იოსებმა და მარიამმა გაამართლეს იეჰოვას ნდობა. მართლაც, რა კარგ მაგალითს აძლევენ ისინი მშობლებს! (ფსალმუნები 126:3).