არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რამდენად კარგად უზიარებთ ერთმანეთს აზრებს?

რამდენად კარგად უზიარებთ ერთმანეთს აზრებს?

რამდენად კარგად უზიარებთ ერთმანეთს აზრებს?

რამდენიმე წლის წინ იაპონიის ერთ-ერთმა ბანკმა მოაწყო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდნენ 50—60 წლის ადამიანები. მათგან მოითხოვებოდა, დაეწერათ „რომანტიკული წერილი“, რომელშიც მეუღლეების მიმართ „თბილ გრძნობებს“ გამოხატავდნენ. ერთმა კონკურსანტმა თავის ცოლს ასეთი შინაარსის წერილი მისწერა: „შეიძლება გაგეცინოს, მაგრამ ძალიან ვინანებდი, ხმამაღლა რომ არ მეთქვა ის, რასაც შენდამი ვგრძნობ: დიდი მადლობა, რომ ცოლად გამომყევი“.

ზოგიერთ კულტურაში, მათ შორის აღმოსავლეთ აზიის ზოგ ქვეყანაში, გრძნობების თავისუფლად გამოხატვა მიღებული არ არის. მიუხედავად ამისა, ზემოხსენებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი 15 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. კონკურსს იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ მალე კიდევ ჩატარდა მსგავსი კონკურსი. ასევე გამოიცა წიგნები, რომლებშიც შესული იყო კონკურსანტთა „რომანტიკული წერილები“. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ გულის სიღრმეში ბევრს სურს, გამოხატოს, თუ რას გრძნობენ ძვირფასი მეუღლეებისადმი. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ასე არ იქცევიან. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ მეუღლისთვის საკუთარი გრძნობების გაზიარებასაც კი ცოდნა და დიდი ძალისხმევა სჭირდება.

ჰიტოში კატო, რომელმაც დაწერა წიგნი პენსიონერების შესახებ, ამბობს, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი გულისწყრომის გამო იაპონიაში ბევრი ცოლი მეუღლეს ეყრება. „მაგრამ ამის მიზეზი გარკვეულწილად ისიც არის, რომ პრობლემების წამოჭრისას მეუღლეები ერთმანეთთან გულახდილად არ საუბრობენ“, — აღნიშნავს ჰიტოში კატო.

ქმრები გაოგნებულნი რჩებიან, როცა პენსიაში გასვლის შემდეგ ცოლები მათგან განქორწინებას ითხოვენ. წლების განმავლობაში შეიძლება ისინი ერთმანეთს გულახდილად არ ესაუბრებოდნენ. შესაძლოა მეუღლეები ცდილობდნენ კიდეც, გამოეხატათ თავიანთი გრძნობები, მაგრამ არ ყოფნიდათ იმის უნარი, რომ ეს სათანადოდ გაეკეთებინათ. ნაცვლად იმისა, რომ ერთმანეთთან ახლო და თბილი ურთიერთობა განევითარებინათ, მათი საუბრები ხშირად კამათში იზრდებოდა.

როგორ შეუძლიათ მეუღლეებს მშვიდობიანად მოაგვარონ უთანხმოებები და ტაქტიანად და რბილად გამოხატონ თავიანთი გრძნობები? საინტერესოა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე პრაქტიკული რჩევების მიღება შეგიძლიათ არა ბოლო დროს გამოცემული რომელიმე წიგნიდან, არამედ უძველესი წიგნიდან, ბიბლიიდან, რომლის რჩევებს უკვე საუკუნეების მანძილზე იყენებენ.