არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნუ გეშინიათ, იეჰოვა თქვენთანაა!

ნუ გეშინიათ, იეჰოვა თქვენთანაა!

ნუ გეშინიათ, იეჰოვა თქვენთანაა!

დაახლოებით ორმოცდაათი წლის წინ, მას შემდეგ, რაც პირველი ატომური ბომბი ააფეთქეს, ნობელიის პრემიით დაჯილდოებულმა მეცნიერმა ჰაროლდ იურმა მომავლის შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა: „ჩვენ შევჭამთ შიშით, დავიძინებთ შიშით, ვიცხოვრებთ შიშით და მოვკვდებით შიშით“. დღეს მსოფლიო შიშით არის მოცული, და ეს არც არის გასაკვირი. პრესა ყოველდღიურად იუწყება საშინელი ტერორისტული აქტების, ძალმომრეობითი დანაშაულისა და განუკურნებელი დაავადებების შესახებ.

ქრისტიანებმა ვიცით, თუ რა არის ამის მიზეზი. ჩვენ ვცხოვრობთ ამ ბოროტი სისტემის „ბოლო დღეებში“. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ეს დრო „ძნელად ასატანი“ იქნებოდა (2 ტიმოთე 3:1). რწმენას გვიძლიერებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ღმერთი მალე დაამყარებს ახალ ქვეყნიერებას, რომელზეც დამკვიდრებული იქნება სიმართლე (2 პეტრე 3:13). ნუთუ ამ წინასწარმეტყველების შესრულებამდე ქრისტიანებს არაფრის შიში არ გვექნება?

შეიძლება ქრისტიანს დაეუფლოს შიშის გრძნობა?

ღვთის მსახურებს იაკობს, დავითსა და ელიას შიშის გრძნობა ეუფლებოდათ, როდესაც საშიშროების წინაშე დგებოდნენ (დაბადება 32:6, 7; 1 მეფეთა 21:11, 12; 3 მეფეთა 19:2, 3). თუმცა მათ ძლიერი რწმენა ჰქონდათ და ბოლომდე იყვნენ იეჰოვაზე მინდობილნი. იაკობი, დავითი და ელია ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. ამიტომ ბუნებრივია, თუ შიშის გრძნობა ეუფლებოდათ. მოციქულმა იაკობმა დაწერა: „ელიაც ჩვენნაირი გრძნობების მქონე კაცი იყო“ (იაკობი 5:17).

მსგავსად ამისა, შიშის გრძნობა შეიძლება ჩვენც დაგვეუფლოს, როცა სირთულის პირისპირ ვდგავართ ან რაიმე საშიშროება გვემუქრება. ასეთი შიშის განცდა სრულიად ბუნებრივია. ბიბლია ამბობს, რომ სატანა ეშმაკს განზრახული აქვს, ‘შეებრძოლოს’ მათ, „რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და მოწმობენ იესოს შესახებ“ (გამოცხადება 12:17). პავლეს მიერ ნათქვამი სიტყვები განსაკუთრებით ცხებულ ქრისტიანებს ეხება: „ყველა, ვისაც ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება სურს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება“ (2 ტიმოთე 3:12). და მაინც, როცა პრობლემების პირისპირ ვდგავართ, შიში არ გვთრგუნავს. რატომ?

„ღმერთი მშველელი“

ფსალმუნმომღერალმა დავითმა დაწერა: „ღმერთი არის ჩვენთვის ღმერთი მშველელი“ (ფსალმუნები 67:21). იეჰოვას არაერთხელ გამოუვლენია ძალა თავისი ხალხის სახსნელად; ბევრჯერ დაუხსნია ისინი სახიფათო მდგომარეობიდან ან ძალა მიუცია სირთულეების გადასატანად (ფსალმუნები 33:18; დანიელი 6:22; 1 კორინთელები 10:13). რამდენ ასეთ შემთხვევას გაიხსენებდით ბიბლიიდან?

«„საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციების საძიებლის» * გამოყენებით შეგიძლიათ მეტი გაიგოთ ასეთი რეალური შემთხვევების შესახებ; მაგალითად, როგორიცაა ნოეს დროს მომხდარი მსოფლიო წარღვნა, სოდომიდან და გომორიდან ლოტისა და მისი ქალიშვილების გამოყვანა, ეგვიპტის მონობიდან ისრაელების გათავისუფლება, წითელი ზღვის გადაკვეთა და ებრაელების გასანადგურებლად შემუშავებული ჰამანის გეგმის ჩაშლა. ამ ამაღელვებელი შემთხვევების წაკითხვა და მათზე დაფიქრება რწმენას გაგიძლიერებთ იეჰოვასადმი, რომელიც მხსნელი ღმერთია. შედეგად, უშიშრად შეხვდებით სირთულეებს და შეძლებთ მათ დაძლევას.

თანამედროვე მაგალითები

იცნობთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც განსაცდელებს უძლებენ? მათ შორის შეიძლება იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც ციხეში ზის ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნების გამო. შესაძლოა ისეთ ხანდაზმულ ქრისტიანს იცნობთ, რომელიც ცუდი ჯანმრთელობის მიუხედავად, ერთგულად ემსახურება იეჰოვას. ან შეიძლება გაიხსენოთ ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც თანატოლების ძლიერი გავლენის მიუხედავად, ქვეყნიერებისგან გამოყოფილები რჩებიან. აგრეთვე, არიან მარტოხელა მშობლები, რომლებიც მეუღლის გარეშე ზრდიან შვილებს, და დაუქორწინებლები, რომლებიც მარტოობის გრძნობის მიუხედავად, ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას. რა შეგვიძლია ვისწავლოთ ასეთი თანაქრისტიანებისგან? მათ მაგალითებზე დაფიქრება დაგვეხმარება, უშიშრად შევხვდეთ სიძნელეებს და ნებისმიერი სირთულე გადავლახოთ.

გაბედულების გამოვლენა მხოლოდ წინააღმდეგობებისა და დევნების დროს კი არ გვჭირდება, არამედ მაშინაც, როცა ეჭვი გვიჩნდება, ვუყვარვართ თუ არა იეჰოვას. ჩვენ უნდა განვივითაროთ იმის რწმენა, რომ ქრისტემ თითოეული ჩვენგანისთვის გაიღო სიცოცხლე (გალატელები 2:20). შედეგად, ეჭვს აღარ შევიტანთ იეჰოვას სიყვარულში. თუ გვგონია, რომ იეჰოვას სიყვარულს არ ვიმსახურებთ, დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა უთხრა იესომ თავის მიმდევრებს: „განა ორ ბეღურას ერთ მონეტად არ ყიდიან? მიუხედავად ამისა, არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე ისე, რომ ამის შესახებ მამათქვენმა არ იცოდეს. თქვენს თავზე კი თმებიც დათვლილია. ამიტომ, ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“ (მათე 10:29—31).

ჟურნალ „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“–ში ხშირად იბეჭდება სტატიები იმ მოწმეების შესახებ, რომლებიც გაბედულად ხვდებიან დღეს სიძნელეებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ ეუფლებათ სევდა და შიში. მაგრამ ასეთი გრძნობების მიუხედავად, ისინი არ რთავენ საკუთარ თავს იმის ნებას, რომ იეჰოვასადმი მსახურება მიატოვონ. სტატიებში დაბეჭდილი ასეთი შემთხვევების დახმარებით თქვენც გაბედულად შეხვდებით სიძნელეებს. განვიხილოთ ორი შემთხვევა.

ტრავმამ მისი ცხოვრება შეცვალა

2003 წლის 22 აპრილის „გამოიღვიძეთ!“–ში [რუს.] გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ტრავმა, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა“. ამ სტატიაში მოთხრობილია კენიელი სტენლი ომბევას შესახებ, რომელიც იეჰოვას მოწმეა. ის ჰყვება, რა სიძნელეები დაატყდა თავს ავტოკატასტროფაში მოხვედრის შემდეგ. ჯანმრთელობის გაუარესების შედეგად მან სამსახური დაკარგა. ძმა სტენლი ჰყვება: „როცა ვაცნობიერებდი, რამდენად რთულ მდგომარეობაში ვიყავი, უარყოფითი გრძნობები მეუფლებოდა. გავხდი ეგოისტი, ხშირად ვღიზიანდებოდი და ვბრაზდებოდი“. განსაცდელების მიუხედავად, ამ ქრისტიანმა მამაკაცმა გაბედულება გამოავლინა; ის სასოწარკვეთილებას არ მიეცა და ცხოვრებაზე ხელი არ ჩაიქნია. სტენლი ბოლომდე მიენდო იეჰოვას. ძმა ომბევა ამბობს: „იეჰოვა ნებისმიერი განსაცდელის დროს მხარში მედგა; ის იმდენად დიდ დახმარებას მიწევდა, რომ ზოგჯერ მრცხვენოდა ჩემი საქციელის გამო. მტკიცედ გადავწყვიტე, ღვთის სიტყვაზე მეფიქრა. ვიცოდი, რომ ეს მანუგეშებდა“.

ძმა ომბევას გულწრფელი სიტყვები ბევრს დაეხმარა, მხნედ ყოფილიყვნენ განსაცდელების დროს. „ცრემლებს ვერ ვიკავებდი, როცა ამ სტატიას ვკითხულობდი, — დაწერა ერთმა ქრისტიანმა დამ. — ამ სტატიით იეჰოვამ სითბო და სიყვარული მაგრძნობინა, და მანუგეშა“. სხვა მოწმემ კი აღნიშნა: „ასეთი სტატიები ძალიან ამხნევებს მათ, რომლებიც მსგავს სირთულეებს აწყდებიან და უდრტვინველად იტანენ განსაცდელებს“.

ემოციური ტკივილის დაძლევა

კიდევ ერთ გამამხნევებელ ისტორიას გვიყვება ჰერბერტ ჯენინგზი სტატიაში „არ იცით, რა გელით ხვალ“. * ძმა ჰერბერტი ბიპოლარული მოშლილობით იტანჯება. ის იხსენებს: „კრების შეხვედრებზე დასწრება დიდ ძალისხმევად მიჯდებოდა. ვიცოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო თანაქრისტიანებთან ურთიერთობა. თუმცა სამეფო დარბაზში მაშინ შევდიოდი, როცა შეხვედრა იწყებოდა და დამთავრებისთანავე გამოვდიოდი“.

ჰერბერტისთვის არც ქადაგება იყო ადვილი. ის ჰყვება: „ზოგჯერ, როცა კარს ვუახლოვდებოდი, გაბედულება არ მყოფნიდა, ზარი დამერეკა. თუმცა ვაგრძელებდი მსახურებას; ვიცოდი, რომ ქადაგება ხსნას მოგვიტანს როგორც ჩვენ, ასევე მათ, ვინც დადებითად ეხმაურება სასიხარულო ცნობას (1 ტიმოთე 4:16). ამიტომ საკუთარი თავი ხელში ამყავდა და შემდეგ კართან მივდიოდი. მსახურება სულიერი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მეხმარებოდა, ეს კი ძალებს მაძლევდა, ავადმყოფობას გავმკლავებოდი“.

ძმა ჯენინგზის გულწრფელი მონაყოლი ბევრს დაეხმარა, სიმხნევე გამოევლინათ სირთულეების დროს. მაგალითად, ერთმა ქრისტიანმა დამ დაწერა: «28 წელია, რაც „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“–ს ვკითხულობ. არც ერთი სტატია ისე ღრმად არ შეხებია ჩემს გულს, როგორც ეს სტატია. სრული დროით მსახურების შეწყვეტა მომიწია, რის გამოც სინდისი მაწუხებდა. ვფიქრობდი, მეტი რწმენა რომ მქონოდა, შევძლებდი სრული დროით მსახურების გაგრძელებას. როცა წავიკითხე, რომ ძმა ჯენინგზს ავადმყოფობის გამო მსახურების მიტოვება მოუწია, ჩემს მდგომარეობაზე გაწონასწორებული თვალსაზრისი შემექმნა. იეჰოვამ ამ სტატიით პასუხი გასცა ჩემს ლოცვებს».

ერთმა ძმამ დაწერა: „კრებაში 10 წელი უხუცესად ვმსახურობდი, მაგრამ ფსიქიკური დაავადების გამო ამ პასუხისმგებლობის შესრულება ვეღარ შევძელი. იმდენად დათრგუნული ვიყავი, რომ მიმძიმდა იმ სტატიების კითხვა, რომლებშიც მოთხრობილი იყო მსახურებაში იეჰოვას მოწმეების წარმატებების შესახებ. ძმა ჯენინგზის შეუპოვრობამ ძალიან გამამხნევა. ეს სტატია რამდენჯერმე წავიკითხე“.

რწმენით გაძლიერებულნი

ძმების ომბევასა და ჯენინგზის მსგავსად, იეჰოვას ბევრი მოწმე სერიოზული დაბრკოლებების მიუხედავად, უშიშრად აგრძელებს იეჰოვასადმი მსახურებას. თუ თქვენც მათ შორის ხართ, ნამდვილად იმსახურებთ შექებას. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს: „ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ, რადგან ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმინდებს“ (ებრაელები 6:10).

როგორც ძველ დროში ეხმარებოდა იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს მტრების დამარცხებაში, ასევე თქვენც დაგეხმარებათ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში. ამიტომ, გულთან ახლოს მიიტანეთ იეჰოვას სიტყვები, რომლებიც ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით წარმოთქვა: „ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით“ (ესაია 41:10).

[სქოლიოები]

^ აბზ. 9 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 18 იხილეთ 2000 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 24—28.

[სურათი 16 გვერდზე]

სტენლი ომბევასა (ზემოთ) და ჰერბერტ ჯენინგზის (მარჯვნივ) მსგავსად, იეჰოვას ბევრი მოწმე უშიშრად ემსახურება ღმერთს.

[საავტორო უფლებები დაცულია 14 გვერდზე]

USAF photo