იეჰოვა აუწყებს „დასაბამიდან უკანასკნელს“
იეჰოვა აუწყებს „დასაბამიდან უკანასკნელს“
„ვაუწყებ დასაბამიდან უკანასკნელს, და ძველთაგანვე იმას, რაც არ მომხდარა“ (ესაია 46:10).
1, 2. რატომ არის აღსანიშნავი ბაბილონის დაცემასთან დაკავშირებული მოვლენები და რას ცხადყოფს ეს ფაქტი იეჰოვას შესახებ?
ღამის სიბნელეში მტრის ჯარისკაცები მდინარე ევფრატის კალაპოტში ჩუმად მიიწევენ წინ თავიანთი მიზნის შესასრულებლად — ძლევამოსილი ბაბილონის ასაღებად. ქალაქის შესასვლელთან ისინი საოცარ რამეს ხედავენ — ბაბილონის კედლებში დატანებული უზარმაზარი კარიბჭე ღიაა! მდინარის კალაპოტიდან ისინი მაღლა ადიან და ქალაქში შედიან. ქალაქი მაშინვე ეცემა. მტრის ჯარის წინამძღოლი კიროსი ხელთ იგდებს ქვეყანას, მოგვიანებით კი ისრაელი ტყვეების გათავისუფლების ბრძანებას გამოსცემს. ათასობით გადასახლებული სამშობლოში ბრუნდება, რათა იერუსალიმში იეჰოვას თაყვანისმცემლობა აღადგინონ (2 ნეშტთა 36:22, 23; ეზრა 1:1—4).
2 ძველი წელთაღრიცხვით 539—537 წლებში მომხდარი ეს მოვლენები ახლა ისტორიულად არის დადასტურებული. ისინი აღსანიშნავია იმით, რომ მათ შესახებ დაახლოებით 200 წლით ადრე იყო ცნობილი. იეჰოვამ ამდენი ხნით ადრე შთააგონა წინასწარმეტყველ ესაიას, აღეწერა ბაბილონის დაცემა (ესაია 44:24—45:7). ღმერთმა წინასწარ გაამხილა არა მარტო ბაბილონის დაცემასთან დაკავშირებული მოვლენები, არამედ ქალაქის დამპყრობთა წინამძღოლის სახელიც *. იეჰოვამ ისრაელებს, რომლებიც მაშინ მისი მოწმეები იყვნენ, უთხრა: „გაიხსენეთ პირვანდელნი უკუნეთიდან, რადგან მე ვარ ღმერთი და არ არის სხვა, ღმერთი ვარ და არ არის ჩემი მსგავსი. ვაუწყებ დასაბამიდან უკანასკნელს, და ძველთაგანვე იმას, რაც არ მომხდარა“ (ესაია 46:9, 10ა). იეჰოვა ნამდვილად ის ღმერთია, რომელსაც წინასწარ შეუძლია იცოდეს, თუ რა მოხდება მომავალში.
3. რომელ კითხვებზე პასუხებს განვიხილავთ?
3 რამდენად კარგად იცის ღმერთმა, თუ რა მოხდება მომავალში? იცის იეჰოვამ წინასწარ, რას გააკეთებს თითოეული ჩვენგანი? მართლა წინასწარ არის განსაზღვრული ჩვენი მომავალი? აღნიშნულ კითხვებზე ბიბლიურ პასუხებს ამ და მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.
იეჰოვა — წინასწარმეტყველი ღმერთი
4. ვისგან მომდინარეობს ბიბლიაში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები?
4 იეჰოვამ, რომელსაც შეუძლია მომავლის წინასწარ ცოდნა, ბიბლიურ დროში თავის მსახურებს შთააგონა, ჩაეწერათ მრავალი წინასწარმეტყველება, საიდანაც ვიგებთ, რის გაკეთება აქვს მას მომავალში განზრახული. იეჰოვა ამბობს: „პირვანდელნი, აჰა, ახდა, ახალთ მე გაგიცხადებთ, სანამ აღმოცენდება, გაუწყებთ“ (ესაია 42:9). ეს ნამდვილად დიდი პატივია ღვთის ხალხისთვის!
5. რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს იმის ცოდნა, თუ რას გააკეთებს იეჰოვა მომავალში?
5 წინასწარმეტყველი ამოსი გვარწმუნებს: „არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არ გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მსახურთ, წინასწარმეტყველთ“. მოვლენათა წინასწარ ცოდნა პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ყურადღება მიაქციეთ, რა ძლიერ თვალსაჩინო მაგალითს იყენებს შემდეგ ამოსი: „ლომი ბრდღვინავს — ვინ არ შეშინდება!“ როგორც ლომის ბრდღვინვა იწვევს ადამიანებსა თუ მხეცებში დაუყოვნებელ რეაქციას, ისე ისეთი წინასწარმეტყველები, როგორიცაა ამოსი, დაუყოვნებლივ აცხადებდნენ იეჰოვას სიტყვებს. „უფალი ღმერთი ლაპარაკობს — ვინ არ გაქადაგდება!“ (ამოსი 3:7, 8).
იეჰოვას „სიტყვას . . . წარმატება“ აქვს
6. როგორ ჰქონდა წარმატება ბაბილონის დაცემასთან დაკავშირებით იეჰოვას „გადაწყვეტილებას“?
6 წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით იეჰოვამ თქვა: „ჩემი გადაწყვეტილება აღსრულდება და ყოველივე ჩემს ნება–სურვილს აღვასრულებ“ (ესაია 46:10ბ). ღვთის „გადაწყვეტილებაში“ — ბაბილონთან დაკავშირებით მის ნებაში ანუ განზრახვაში — შედიოდა სპარსეთიდან კიროსის მოხმობა, რათა მას ბაბილონი დაეპყრო და დაემხო. იეჰოვამ ეს განზრახვა დიდი ხნით ადრე გააცხადა. როგორც აღინიშნა, ეს წინასწარმეტყველება ძვ. წ. 539 წელს ზუსტად შესრულდა.
7. რატომ შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვას „სიტყვა“ ყოველთვის სრულდება?
7 კიროსის მიერ ბაბილონის დაპყრობამდე თითქმის ოთხი საუკუნის წინ იუდას მეფე იოშაფატი ამონისა და მოაბის გაერთიანებული ჯარის პირისპირ იდგა. ის რწმენით ლოცულობდა: „უფალო, ჩვენი მამების ღმერთო, განა შენ არა ხარ ღმერთი ზეცაში? განა შენ არ ბატონობ ხალხთა ყველა სამეფოში? შენს ხელთ არ არის ძალა და სიმტკიცე? არავინ არის, წინ რომ აღგიდგეს“ (2 ნეშტთა 20:6). ესაიამ მსგავსი რწმენა გამოავლინა, როდესაც თქვა: „უფალმა ცაბაოთმა გადაწყვიტა და ვინ დაარღვევს, და მისი ხელია მოღერებული და ვინ ააცილებს მას?“ (ესაია 14:27). მოგვიანებით, როდესაც ჭკუიდან შეშლილი მეფე ნაბუქოდონოსორი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა, მან თავმდაბლად აღიარა: „მის [ღვთის] ხელს წინ ვერავინ აღუდგება და ვერ ეტყვის: ამას რას შვრებიო?“ (დანიელი 4:35). იეჰოვა თავის ხალხს არწმუნებს: „ჩემი სიტყვა . . . არ დამიბრუნდება ცარიელი, რადგან მოიმოქმედებს იმას, რაც მე მწადდა, და წარმატება ექნება იმაში, რისთვისაც მე მივავლინე“ (ესაია 55:11). შეგვიძლია ბოლომდე ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ იეჰოვას „სიტყვა“ ყოველთვის სრულდება. ღვთის განზრახვა აუცილებლად განხორციელდება.
ღვთის „მარადიული განზრახვა“
8. რა არის ღვთის „მარადიული განზრახვა“?
8 ეფესოელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში მოციქული პავლე ღმერთზე მიუთითებდა როგორც „მარადიული განზრახვის“ მქონეზე (ეფესოელები 3:11). ეს არ არის, უბრალოდ, მოქმედების გეგმა, თითქოს ღმერთი სამომავლო მოქმედების მონახაზს აკეთებდეს. ნაცვლად ამისა, საუბარია იეჰოვას გადაწყვეტილებაზე, შეასრულოს ის, რაც კაცობრიობასა და დედამიწასთან დაკავშირებით თავიდანვე ჰქონდა ჩაფიქრებული (დაბადება 1:28). ღვთის განზრახვა რომ აუცილებლად შესრულდება, ამის უკეთესად გაგებაში დაგვეხმარება ბიბლიაში ჩაწერილი პირველი წინასწარმეტყველების განხილვა.
9. როგორ არის დაბადების 3:15 დაკავშირებული ღვთის განზრახვასთან?
9 დაბადების 3:15–ში მოცემული დანაპირები ცხადყოფს, რომ ადამისა და ევას შეცოდებისთანავე იეჰოვამ გადაწყვიტა, რომ სიმბოლური ქალი დაბადებდა შთამომავალს, ანუ ძეს. იეჰოვამ აგრეთვე წინასწარ განჭვრიტა შედეგები, რომლებიც ქალს, სატანასა და მათ შთამომავლებს შორის მტრობას მოჰყვებოდა. იეჰოვა დაუშვებდა, რომ ქალის შთამომავალი ქუსლში დაგესლილიყო, მაგრამ ღვთის მიერ დანიშნულ დროს შთამომავალი გველს, ანუ სატანა ეშმაკს, თავს გაუჭეჭყავდა. დროთა განმავლობაში იეჰოვას განზრახვა წინ მიიწევდა შერჩეული გენეალოგიური ხაზის მეშვეობით იესოს, აღთქმული მესიის, გამოჩენამდე (ლუკა 3:15, 23—38; გალატელები 4:4).
რა აქვს იეჰოვას წინასწარ გადაწყვეტილი
10. წინასწარ განსაზღვრა იეჰოვამ, რომ ადამი და ევა შესცოდავდნენ? ახსენით.
10 ღვთის განზრახვაში იესოს როლის შესახებ საუბრისას მოციქულმა პეტრემ დაწერა: „ქვეყნიერების შექმნამდე უკვე ცნობილი იყო მის [იესოს] შესახებ, მაგრამ ის უკანასკნელ დროს გამოცხადდა თქვენთვის“ (1 პეტრე 1:20). წინასწარ განსაზღვრა იეჰოვამ, რომ ადამი და ევა შესცოდავდნენ, შემდეგ კი იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლი იქნებოდა საჭირო? არა. სიტყვა „შექმნამდე“ ნათარგმნია ბერძნული გამოთქმიდან, რომელიც სიტყვასიტყვით „თესლის ჩაგდებას“ ნიშნავს. იყო „თესლი ჩაგდებული“, ანუ ადამიანთა შთამომავლობა ჩასახული, ადამისა და ევას შეცოდებამდე? არა. ადამსა და ევას შვილები მხოლოდ დაუმორჩილებლობის გამოვლენის შემდეგ ეყოლათ (დაბადება 4:1). ამგვარად, ადამისა და ევას მიერ დაუმორჩილებლობის გამოვლენის შემდეგ და მანამ, სანამ მათ შვილი ჩაესახებოდათ, იეჰოვამ წინასწარ გადაწყვიტა, რომ მოსულიყო „თესლი“ ანუ შთამომავალი. იესოს სიკვდილითა და მკვდრეთით აღდგომით სიყვარულით იქნა გადახდილი გამოსასყიდი, რომლის საშუალებითაც მემკვიდრეობით მიღებულ ცოდვასა და სატანის ყველა მცდელობას ბოლო მოეღება (მათე 20:28; ებრაელები 2:14; 1 იოანე 3:8).
11. თავისი განზრახვის შესასრულებლად, რა მოვლენათა განვითარება გადაწყვიტა იეჰოვამ წინასწარ?
ეფესოელები 1:10, 11). დიახ, იეჰოვამ წინასწარ გადაწყვიტა, რომ ადამიანების განსაზღვრული რაოდენობა ქალის შთამომავლის მეორეხარისხოვანი ნაწილი ყოფილიყო და მათ ქრისტესთან ერთად საშუალება მიეცათ ადამიანებისთვის, გამოსასყიდით ესარგებლათ (რომაელები 8:28—30). მოციქული პეტრე მათ „წმინდა ერად“ მოიხსენიებს (1 პეტრე 2:9). მოციქულ იოანეს წილად ხვდა პატივი, ხილვიდან გაეგო, თუ რამდენი იქნებოდა ქრისტეს თანამემკვიდრე — მათი რიცხვი 144 000–ია (გამოცხადება 7:4—8; 14:1, 3). ისინი მეფე ქრისტესთან გაერთიანებულად „[ღვთის] დიდების საქებრად“ მსახურობენ (ეფესოელები 1:12—14).
11 ღმერთმა თავისი განზრახვის შესასრულებლად სხვა რამეც გადაწყვიტა წინასწარ. ეს ჩანს პავლეს მიერ ეფესოელებისთვის მიწერილი წერილიდან, სადაც ის აღნიშნავს, რომ ღმერთი ‘კვლავ მოუყრის თავს ყველაფერს, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა’. შემდეგ მათ შესახებ „რაც ზეცაშია“, ანუ ვინც ქრისტეს თანამემკვიდრეებად არიან მოხსენიებულნი, პავლე წერს: „წინასწარ ვიქენით განწესებულნი იმისი განზრახვით, ვინც ყველაფერს თავისი ნებისამებრ ამოქმედებს“ (12. საიდან ვიცით, რომ წინასწარ არ არის დადგენილი, კონკრეტულად ვინ იქნება 144 000–ის წევრი?
12 ას ორმოცდაოთხი ათასის წინასწარ განსაზღვრა იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთს წინასწარ ჰქონდა დადგენილი, თუ კონკრეტულად ვინ იქნებოდა ასეთი სახით მისი ერთგული მსახური. ქრისტიანულ–ბერძნულ წერილებში მოცემული დარიგებები მიმართული იყო, ძირითადად, ცხებულთათვის ხელმძღვანელობის გასაწევად და მათ გასაძლიერებლად, რათა უმწიკვლობა შეენარჩუნებინათ და თავიანთი მოწოდების ღირსად მოქმედება განეგრძოთ (ფილიპელები 2:12; 2 თესალონიკელები 1:5, 11; 2 პეტრე 1:10, 11). იეჰოვამ წინასწარ იცის, რომ 144 000 იმსახურებს მისი განზრახვის შესასრულებლად. თუ ვინ იქნება 144 000–ის წევრი, დამოკიდებულია იმაზე, როგორ ცხოვრებას აირჩევენ მიწვეულნი ანუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თითოეული მათგანი (მათე 24:13).
რა იცის იეჰოვამ წინასწარ
13, 14. რასთან შეთანხმებულად იყენებს იეჰოვა თავის უნარს, წინასწარ იცოდეს, რა მოხდება მომავალში, და რატომ?
13 ვინაიდან იეჰოვა წინასწარმეტყველებისა და განზრახვის ღმერთია, როგორ იყენებს ის უნარს, წინასწარ იცოდეს, რა მოხდება მომავალში? უპირველესად, დარწმუნებულნი ვართ, რომ ღვთის ყოველგვარი მოქმედება ჭეშმარიტი, სამართლიანი და სიყვარულით ნაკარნახევია. მოციქულმა პავლემ, როდესაც ის ახ. წ. I საუკუნეში ებრაელ ქრისტიანებს სწერდა, დარწმუნებით აღნიშნა, რომ ღვთის ფიცი და დანაპირები არის ‘ორი უცვლელი რამ, რაშიც შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს’ (ებრაელები 6:17, 18). პავლემ ეს აზრი მოწაფე ტიტესადმი მიწერილ წერილშიც გამოხატა, როდესაც დაწერა, რომ ღმერთმა „შეუძლებელია ტყუილი თქვას“ (ტიტე 1:2).
14 გარდა ამისა, თუმცა იეჰოვას განუსაზღვრელი ძალა აქვს, ის არასდროს მოქმედებს უსამართლოდ. მოსემ იეჰოვას შესახებ თქვა: „სარწმუნოა ღმერთი და არაა მასში უსამართლობა. მართალი და წრფელია იგი“ (მეორე რჯული 32:4). იეჰოვა ყველაფერს თავისი შესანიშნავი პიროვნებიდან გამომდინარე აკეთებს. მისი მოქმედებები სრულყოფილად არის შეთანხმებული მის ძირითად თვისებებთან — სიყვარულთან, სიბრძნესთან, სამართლიანობასა და ძალასთან.
15, 16. რა არჩევნის გაკეთების საშუალება მისცა იეჰოვამ ედემის ბაღში ადამს?
15 განვიხილოთ, თუ როგორ გამოავლინა ღმერთმა ეს ძირითადი თვისებები ედემის ბაღში. იეჰოვამ, როგორც მოსიყვარულე მამამ, ადამიანები ყოველივე აუცილებლით უზრუნველყო. მან ადამს ფიქრის, განსჯისა და დასკვნის გამოტანის უნარი მისცა. ცხოველებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში ინსტინქტებით მოქმედებენ, ადამს არჩევნის გაკეთების უნარი ჰქონდა. შედეგი ის იყო, რომ როდესაც იეჰოვამ თავისი ზეციერი ტახტიდან გადმოიხედა, დაინახა, რომ „ყოველივე, რაც შექმნა . . . ძალზე კარგი იყო“ (დაბადება 1:26—31; 2 პეტრე 2:12).
16 როდესაც იეჰოვამ ადამს უბრძანა, „არ ეჭამა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან“, მან მისცა სათანადო დარიგებაც; ასე რომ, ადამს შეეძლო გადაეწყვიტა, რა გაეკეთებინა. ღმერთმა ადამს ნება დართო, ეჭამა „ბაღის ყოველი ხისაგან“, გარდა ერთისა, და გააფრთხილა, რა სავალალო შედეგები მოჰყვებოდა აკრძალული ხიდან ნაყოფის ჭამას (დაბადება 2:16, 17). ღმერთმა ადამს აუხსნა, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა მის მოქმედებებს. რას გააკეთებდა ადამი?
17. რატომ შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვა ირჩევს, თუ რა იცოდეს წინასწარ?
17 როგორც ჩანს, იეჰოვამ არჩია წინასწარ არ სცოდნოდა, რას გააკეთებდნენ ადამი და ევა, თუმცა მას შეეძლო წინასწარ გაეგო ყოველივე. ამიტომ საკითხავი ის კი არ არის, შეუძლია თუ არა იეჰოვას, იცოდეს, რა მოხდება მომავალში, არამედ ის, გააკეთებს თუ არა ამას. გარდა ამისა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ — ვინაიდან ღმერთი სიყვარულია, ის შეგნებულად და უმოწყალოდ არ განსაზღვრავდა წინასწარ ედემის ბაღში მომხდარ დაუმორჩილებლობას და მის სავალალო შედეგებს (მათე 7:11; 1 იოანე 4:8). ამგვარად, იეჰოვა ირჩევს, თუ რა იცოდეს წინასწარ.
18. რატომ არ არის ის ფაქტი, რომ იეჰოვა ირჩევს, რა იცოდეს წინასწარ, იმაზე მიმანიშნებელი, რომ მას რაღაც ნაკლი აქვს?
18 ის ფაქტი, რომ იეჰოვა ირჩევს, რა იცოდეს წინასწარ, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მას რაღაც ნაკლი აქვს? არა. მოსემ იეჰოვა „კლდედ“ მოიხსენია და დასძინა: „სრულყოფილია მისი საქმე“. ღმერთი არ უნდა დავადანაშაულოთ ადამიანთა ცოდვის შედეგების გამო. ის საშინელებები, რომლებსაც დღეს განვიცდით, დაუმორჩილებლობის, უსამართლო მოქმედების, ნაყოფია. მოციქულმა პავლემ ნათლად აღნიშნა, რომ „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად, სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (მეორე რჯული 32:4, 5; რომაელები 5:12; იერემია 10:23).
19. რა კითხვებზე გაგვცემს პასუხს მომდევნო სტატია?
19 განხილული მასალიდან დავინახეთ, რომ იეჰოვასთან არ არის არავითარი უსამართლობა (ფსალმუნები 32:5). პირიქით, იეჰოვა თავის უნარს, მორალურ თვისებებსა და ნორმებს თავისი განზრახვების შესაბამისად იყენებს (რომაელები 8:28). იეჰოვა, წინასწარმეტყველების ღმერთი, აუწყებს „დასაბამიდან უკანასკნელს და ძველთაგანვე იმას, რაც არ მომხდარა“ (ესაია 46:9, 10). აგრეთვე დავინახეთ, რომ ღმერთი ირჩევს, რა იცოდეს წინასწარ. რა გავლენას ახდენს ეს ჩვენზე? როგორ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები ღვთის მოსიყვარულე განზრახვის შესაბამისია? და რა კურთხევებს მოგვიტანს ამგვარად მოქმედება? ამ კითხვებზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.
[სქოლიოები]
^ აბზ. 2 იხილეთ ბროშურა „წიგნი ყველასთვის“, გვერდი 28; გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
შეგიძლიათ ახსნათ?
• ძველი დროის რომელი მაგალითები ცხადყოფს, რომ ღვთის „სიტყვას“ ყოველთვის „წარმატება ექნება“?
• რა განსაზღვრა წინასწარ იეჰოვამ თავის „მარადიულ განზრახვასთან“ დაკავშირებით?
• როგორ იყენებს იეჰოვა უნარს, წინასწარ იცოდეს მომავალი?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 22 გვერდზე]
იოშაფატს სჯეროდა იეჰოვასი.
[სურათი 23 გვერდზე]
ღმერთმა იწინასწარმეტყველა იესოს სიკვდილი და მკვდრეთით აღდგენა.
[სურათი 24 გვერდზე]
წინასწარ დაადგინა იეჰოვამ, რას გააკეთებდნენ ადამი და ევა?