არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ოჯახის წევრების ერთგულებამ ბევრი რამ მასწავლა

ოჯახის წევრების ერთგულებამ ბევრი რამ მასწავლა

ბიოგრაფია

ოჯახის წევრების ერთგულებამ ბევრი რამ მასწავლა

მოგვითხრო კეტლინ კუკმა

ბებია, მერი ელენ ტომსონი, 1911 წელს ნათესავების მოსანახულებლად გლაზგოში (შოტლანდია) წავიდა, სადაც ბიბლიის მკვლევარის (ამ სახელით იყვნენ მაშინ ცნობილი იეჰოვას მოწმეები) ჩარლზ ტეიზ რასელის ლექციას დაესწრო. მოსმენილით ბებია აღფრთოვანებული დარჩა. შინ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, დაბრუნების შემდეგ ის ბიბლიის მკვლევარებს დაუკავშირდა. 1914 წლის აპრილში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში პირველად ჩატარდა ბიბლიის მკვლევართა კონგრესი, სადაც მოინათლა 16 ადამიანი, მათ შორის ბებია. დედაჩემი მაშინ ექვსი წლის იყო.

ძმა რასელის სიკვდილის შემდეგ 1916 წელს ბიბლიის მკვლევარებს შორის განხეთქილება მოხდა. ქალაქ დურბანში ერთგულ მსახურთა რიცხვი 60-დან 12-მდე შემცირდა. ჩემი მეორე ბებია ინგებორგ მირდალი და მისი მოზარდი ვაჟი ჰენრი, რომელიც ახალი მონათლული იყო, ამ ერთგულ მსახურებს უჭერდნენ მხარს. 1924 წელს ჰენრი წიგნების დამტარებელი (მაშინ ასე უწოდებდნენ სრული დროით მსახურ იეჰოვას მოწმეებს) გახდა. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ის სამხრეთ აფრიკის სხვადასხვა ნაწილში ქადაგებდა. 1930 წელს ჰენრი და ედიტი დაქორწინდნენ. სამი წლის შემდეგ მე დავიბადე.

ჩვენი ოჯახი გაიზარდა

გარკვეული ხნის მანძილზე ჩვენ მოზამბიკში ვცხოვრობდით, 1939 წელს კი იოჰანესბურგში, დედაჩემის მშობლებთან გადავედით საცხოვრებლად. ბაბუაჩემს არ აინტერესებდა ბიბლია და ზოგჯერ წინააღმდეგობასაც კი უწევდა ბებიას. მაგრამ ის ძალიან სტუმართმოყვარე იყო. 1940 წელს ჩემი და ტელმა დაიბადა. მოგვიანებით ჩვენ ხანდაზმულებზე ზრუნვა გვიწევდა. ვახშამი ხშირად გვიგრძელდებოდა ხოლმე, რადგან ოჯახის წევრები დღის განმავლობაში მომხდარ ამბებს ვუზიარებდით ერთმანეთს და წარსულს ვიხსენებდით.

ოჯახში ყოველთვის გვიხაროდა იეჰოვას მოწმეების, განსაკუთრებით კი სრული დროით მსახურების, სტუმრობა. ვახშმობისას ისინიც გვიერთდებოდნენ საუბარში. მათი მონაყოლი გვეხმარებოდა, უფრო დაგვეფასებინა ჩვენი სულიერი მემკვიდრეობა. ამან მე და ტელმას იმის სურვილი გაგვიღვივა, რომ მათ მსგავსად, პიონერებად გვემსახურა.

ჩვენ პატარაობიდანვე შეგვაყვარეს კითხვა. დედა, მამა და ბებია საინტერესო მოთხრობებსა და ზღაპრებს ან ბიბლიას გვიკითხავდნენ ხოლმე. ქრისტიანული შეხვედრები და მსახურება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მამა იოჰანესბურგის კრებაში ჯგუფის მსახურის (ასე უწოდებდნენ თავმჯდომარე ზედამხედველს) მოვალეობას ასრულებდა. ასე რომ, შეხვედრებზე ყოველთვის ადრე მივდიოდით. კონგრესების დროს მამას სხვადასხვა პასუხისმგებლობა ეკისრა, დედა კი დელეგატებს დაბინავებაში ეხმარებოდა.

განსაკუთრებული კონგრესი

1948 წელს იოჰანესბურგში ჩატარებული კონგრესი ჩვენთვის განსაკუთრებული იყო. აქ პირველად ჩამოვიდნენ იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველოს (ბრუკლინი, ნიუ-იორკი) წარმომადგენლები. ნეითან ნორსა და მილტონ ჰენშელს მამა ატარებდა თავისი მანქანით. მე ამ კონგრესზე მოვინათლე.

მამაჩემისთვის მოულოდნელი იყო, რაც მცირე ხნის შემდეგ ბაბუამ უთხრა — ის ძალიან ნანობდა, რომ ძმა რასელის სიკვდილის შემდეგ იმ ბიბლიის მკვლევარების გავლენაში მოექცა, რომლებმაც ერთგულება არ შეინარჩუნეს. ბაბუა რამდენიმე თვეში დაიღუპა. ბებია იეჰოვას ერთგულად ემსახურებოდა მიწიერი ცხოვრების დასასრულამდე, 1955 წლამდე.

მოვლენები, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე

1949 წლის 1 თებერვალს პიონერად დავიწყე მსახურება. მალე ძალიან გაგვახარა იმის გაგებამ, რომ მომდევნო წელს ნიუ-იორკში საერთაშორისო კონგრესი ჩატარდებოდა. ჩვენ გვინდოდა წასვლა, მაგრამ ფინანსური შესაძლებლობა არ გვქონდა. 1950 წლის თებერვალში მეორე ბაბუა გარდაიცვალა და ბებიამ მემკვიდრეობით მიღებული თანხა ჩვენი, ოჯახის ხუთი წევრის, მგზავრობისთვის გადაიხადა.

გამგზავრებამდე რამდენიმე კვირით ადრე იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველოდან წერილი მივიღე. მე მიწვეული ვიყავი მისიონერული სკოლა „გალაადის“ მე-16 კლასში. ჩემთვის ეს ამაღელვებელი მოვლენა იყო; მაშინ 17 წლისაც არ ვიყავი. ამ კლასში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ათნი ვიყავით. ეს ჩვენთვის დიდი პატივი იყო.

კურსის დასრულების შემდეგ, 1951 წლის თებერვალში რვანი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაგვნიშნეს მისიონერებად. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მე და ჩემი თანამსახური, ძირითადად, პატარა ქალაქებში ვქადაგებდით, სადაც ხალხი აფრიკაანსის ენაზე ლაპარაკობდა. თავიდან მიჭირდა ამ ენაზე ლაპარაკი. მახსოვს, ერთ დღეს ველოსიპედით უკან ვბრუნდებოდი და ვტიროდი, რადგან ვფიქრობდი, რომ ვერ ვმსახურობდი ეფექტურად. მაგრამ დროთა განმავლობაში შევძელი გაუმჯობესება და იეჰოვამ აკურთხა ჩემი ძალისხმევა.

ქორწინება და მიმოსვლითი მსახურება

1955 წელს გავიცანი ჯონ კუკი. მან ხელი შეუწყო სამქადაგებლო საქმიანობის დაწყებას საფრანგეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში მეორე მსოფლიო ომის წინ და შემდეგ. იმ წელს, როცა ჯონი გავიცანი, ის მისიონერად დაინიშნა აფრიკაში. მოგვიანებით ჯონი წერდა: „ერთ კვირაში სამი მოულოდნელი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში . . . ერთმა ხელგაშლილმა ძმამ პატარა მანქანა მაჩუქა; საოლქო მსახურად დამნიშნეს; და ერთი და შემიყვარდა“ *. ჩვენ 1957 წლის დეკემბერში დავქორწინდით.

დაქორწინებამდე ჯონმა მითხრა, რომ მასთან ცხოვრება არასდროს იქნებოდა მოსაწყენი. და ის მართალი აღმოჩნდა. ჩვენ ვინახულებდით კრებებს მთელ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ძირითადად, შავკანიანებით დასახლებულ ადგილებს. ასეთ ტერიტორიებზე შესასვლელადაც კი ყოველკვირეულად ნებართვა უნდა მიგვეღო, რომ აღარაფერი ვთქვა იქ დარჩენაზე. ზოგჯერ თეთრკანიანებით დასახლებულ ტერიტორიაზე არსებულ დაცარიელებულ მაღაზიებში იატაკზე ვიძინებდით და ვცდილობდით, გამვლელებს თვალში არ მოვხვედროდით. ჩვეულებრივ, ჩვენ გვიწევდა დარჩენა თეთრკანიან იეჰოვას მოწმეებთან, რომლებიც ხშირად მრავალი კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდნენ.

კიდევ ერთი სირთულე დაკავშირებული იყო ტყიან ტერიტორიებზე შეხვედრებისთვის უბრალო ნაგებობების მომზადებასთან. ჩვენ დამსწრეებს ვაჩვენებდით იეჰოვას მოწმეების მიერ გამოშვებულ კინოფირებს, რაც ეხმარებოდა მათ, უფრო დაეფასებინათ მსოფლიო საძმო. ჩვენ თან ვატარებდით საკუთარ გენერატორს, რადგან იმ ტერიტორიებზე, ჩვეულებრივ, ელექტრობა არ ჰქონდათ. ასევე სირთულეებს ვაწყდებოდით ზულუ ენის სწავლისას და დიდი ბრიტანეთის მორჩილების ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ქადაგებისას, სადაც ჩვენი ლიტერატურა აკრძალული იყო. მაგრამ კმაყოფილებას გვანიჭებდა ის, რომ ძმებს ვემსახურებოდით.

1961 წლის აგვისტოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩატარდა ოთხკვირიანი სამეფო მსახურების სკოლის კურსი, რომელიც კრების ზედამხედველების დასახმარებლად არის განკუთვნილი. ჯონი ამ სკოლის პირველი მასწავლებელი იყო. ის დახელოვნებული სწავლების, მარტივი ლოგიკისა და ცოცხალი მაგალითების საშუალებით მსმენელთა გულებამდე აღწევდა. დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენ ერთი ადგილიდან მეორეზე გადავდიოდით, სადაც ეს კურსები ტარდებოდა. იმ დროს, როცა ჯონი კურსებს ატარებდა, მე ადგილობრივ იეჰოვას მოწმეებთან ერთად ვქადაგებდი. მოგვიანებით, მოულოდნელად წერილით შეგვატყობინეს, რომ 1964 წლის 1 ივლისიდან მიწვეულები ვიყავით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ფილიალში, რომელიც იოჰანესბურგის მახლობლად მდებარეობდა.

მაგრამ ამ დროისთვის ჯონის ჯანმრთელობამ ძალიან შეგვაშფოთა. 1948 წელს მას ტუბერკულოზი აღმოაჩნდა. მას შემდეგ იგი ხშირად გრძნობდა სისუსტეს. ჯონს დროდადრო გრიპის მსგავსი სიმპტომები ჰქონდა, სახლიდან ვერ გადიოდა, არაფრის კეთება არ შეეძლო და არავისთან საუბრის თავი არ ჰქონდა. ექიმმა, რომელსაც ბეთელში მიწვევამდე ცოტა ხნით ადრე მივმართეთ, ჯონს დეპრესიის დიაგნოზი დაუსვა.

ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო ცხოვრების ისე შეცვლა, როგორც ექიმმა გვირჩია. ფილიალში ჯონი სამსახურებრივ განყოფილებაში დანიშნეს, მე კი კორექტორად ვმუშაობდი. ჩვენთვის კურთხევა იყო, საკუთარი ოთახი რომ გვქონდა. ქორწინებამდე ჯონი იმ ტერიტორიებზე მსახურობდა, სადაც ხალხი პორტუგალიურ ენაზე საუბრობდა. ამიტომ 1967 წელს გვთხოვეს, დახმარება გაგვეწია პორტუგალიურ ენაზე მოსაუბრე ერთადერთი ოჯახისთვის, რომელიც იოჰანესბურგში და მის მახლობლად მცხოვრებ პორტუგალიელებთან ქადაგებდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ კიდევ ერთი ენა უნდა მესწავლა.

პორტუგალიელები საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე იყვნენ მიმოფანტულები. ამიტომ ბევრს ვმოგზაურობდით. ზოგჯერ 300 კილომეტრსაც კი გავდიოდით, რათა გულწრფელ ადამიანებამდე მიგვეღწია. ამ დროისთვის, პორტუგალიურ ენაზე მოლაპარაკე მოწმეები მოზამბიკიდან ჩამოდიოდნენ კონგრესების დროს, რაც დიდ დახმარებას უწევდა ახლებს. 11 წლის მანძილზე ჩვენ იმის მოწმე გავხდით, თუ როგორ იქცა 30-კაციანი პატარა ჯგუფი ოთხ კრებად.

ოჯახური ცვლილებები

ამასობაში სხვა ცვლილებებიც მოხდა. 1960 წელს ჩემი და ტელმა ცოლად გაჰყვა ამერიკელ ჯონ ურბანს, რომელიც პიონერად მსახურობდა. 1965 წელს ისინი „გალაადის“ მე-40 კლასში მიიწვიეს და 25 წლის მანძილზე ერთგულად მსახურობდნენ მისიონერებად ბრაზილიაში. 1990 წელს ისინი ოჰაიოში დაბრუნდნენ, რათა ჯონის მშობლებზე ეზრუნათ, რომლებიც ავადმყოფობდნენ. ამის მიუხედავად, ისინი დღემდე აგრძელებენ სრული დროით მსახურებას.

1965 წელს 98 წლის ასაკში ბებიამ (დედაჩემის დედა) მიწიერი ცხოვრება ერთგულად დაასრულა. იმავე წელს მამა პენსიაზე გავიდა. როდესაც მე და ჯონს პორტუგალიურ ენაზე საქადაგებლად დახმარება გვთხოვეს, მშობლებიც ნებაყოფლობით შემოგვიერთდნენ. ისინი დიდ დახმარებას უწევდნენ ჯგუფს და რამდენიმე თვეში პირველი კრება ჩამოყალიბდა. მცირე ხანში დედას კიბო აღმოაჩნდა და 1971 წელს გარდაიცვალა. მამა შვიდი წლის მერე დაიღუპა.

ჯონის ავადმყოფობასთან გამკლავება

70-იან წლებში აშკარა გახდა, რომ ჯონის ჯანმრთელობა უკეთესობისკენ არ იცვლებოდა. ნელ-ნელა მას უწევდა სხვადასხვა პასუხისმგებლობაზე უარის თქმა, მაგალითად, ფილიალში ის აღარ უძღვებოდა დილის ბიბლიურ განხილვას და „საგუშაგო კოშკის“ ყოველკვირეულ ოჯახურ შესწავლას. სამსახურებრივი განყოფილებიდან ის ჯერ კორესპონდენციის, შემდეგ კი გამწვანების განყოფილებაში გადავიდა.

ჯონს მებრძოლი სული ჰქონდა და გაუჭირდა ასეთ ცვლილებებთან შეგუება. როდესაც ვეუბნებოდი, რომ თავი არ გადაეტვირთა, ის „სულთამხუთავს“ მიწოდებდა და თან სიყვარულით გულში მიკრავდა. დროთა განმავლობაში ვარჩიეთ, პორტუგალიურიდან ადგილობრივ კრებაში გადმოვსულიყავით, რომლის შეხვედრებიც ფილიალის სამეფო დარბაზში ტარდებოდა.

რაც უფრო უუარესდებოდა ჯონს ჯანმრთელობა, მით უფრო ამაღელვებელი იყო იეჰოვასთან მისი ახლო ურთიერთობის დანახვა. როდესაც ღრმა დეპრესიაში მყოფს შუაღამით გაეღვიძებოდა, ჩვენ ვსაუბრობდით, სანამ საკმარის სიმშვიდეს არ იგრძნობდა იმისათვის, რომ იეჰოვასთვის ლოცვით მიემართა. თანდათანობით ის მარტო ახერხებდა ასეთ მძიმე წუთებთან გამკლავებას; ჯონი აიძულებდა საკუთარ თავს, ნელა გაემეორებინა ფილიპელების 4:6, 7: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს . . “. შემდეგ მას სიმშვიდე ეუფლებოდა და ლოცვას იწყებდა. ხშირად მეღვიძებოდა და ჩუმად ვუყურებდი, როგორ ამოძრავებდა ნელ-ნელა ტუჩებს და როგორ ევედრებოდა იეჰოვას.

ფილიალი გაფართოებას საჭიროებდა და ამიტომ ახალი კომპლექსის აგება დაიწყეს იოჰანესბურგის გარეუბანში. მე და ჯონი ხშირად მივდიოდით ამ ადგილზე. ის მოწყვეტილი იყო ქალაქის ხმაურსა და დაბინძურებას. ჩვენ ნება დაგვრთეს, ახალი ფილიალის აგების დასრულებამდე იქ დროებით საცხოვრებელში გადავსულიყავით. ეს ჯონს ძალიან დაეხმარა.

ახალი სირთულეები

ვინაიდან ჯონს აზროვნებისა და მსჯელობის უნარი თანდათან უქვეითდებოდა, მას უფრო ურთულდებოდა თავისი დავალებების შესრულება. დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, როცა ვხედავდი, როგორ ედგნენ თანაქრისტიანები ჯონს მხარში. მაგალითად, როდესაც ძმა გამოსაკვლევად ბიბლიოთეკაში მიდიოდა, ჯონიც თან მიჰყავდა. როდესაც სასეირნოდ გადიოდა, ჯონს ჯიბეები სავსე ჰქონდა ტრაქტატებითა და ჟურნალებით. ქადაგება მას ღირსების გრძნობის შენარჩუნებაში ეხმარებოდა.

საბოლოოდ, ალცჰეიმერის დაავადების გამო ჯონს აღარ შეეძლო კითხვა. ჩვენ ძალიან მადლიერები ვიყავით, რომ ვიღებდით ბიბლიური ლიტერატურისა და სამეფოს სიმღერების აუდიოჩანაწერებს. ჩვენ მათ ხშირად ვუსმენდით. ჯონი ღელავდა, თუ მასთან ერთად არ ვიჯექი და არ ვისმენდი. ამ დროს თან ვქარგავდი ან ვქსოვდი. ასე რომ, სვიტერები და გადასაფარებლები არ გვაკლდა!

თანდათან ჯონზე ზრუნვას უფრო მეტი დრო და ენერგია სჭირდებოდა. თუმცა ხშირად აღარ მქონდა წაკითხვისა და შესწავლის თავი, სიცოცხლის ბოლომდე მასზე ზრუნვა სიამოვნებას მანიჭებდა. ჯონმა 1998 წელს, 85 წლის ასაკში მშვიდად დალია სული ჩემს მკლავებში. ის სიცოცხლის ბოლომდე ურყევი და ერთგული იყო. მოუთმენლად ველოდები იმ დროს, როდესაც მკვდრეთით აღდგენისას ჯონი ყოველმხრივ ჯანმრთელი დამიბრუნდება!

ვიღებ საჭირო გამხნევებას

ჯონის სიკვდილის შემდეგ ადვილი არ იყო, შევგუებოდი მარტო ცხოვრებას. 1999 წლის მაისში ვესტუმრე ჩემს დას, ტელმას, და მის მეუღლეს შეერთებულ შტატებში. ძალიან სასიამოვნო და გამამხნევებელი იყო ათობით ერთგულ ძვირფას მეგობართან შეხვედრა, განსაკუთრებით ნიუ-იორკში იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველოს მონახულებისას. მათგან მიღებული გამხნევება ჩემთვის დროული იყო.

როდესაც იეჰოვას ერთგულ ჩემი ოჯახის წევრებზე ვფიქრობ, მახსენდება, თუ რამდენი რამ გააკეთეს მათ ჩემთვის. მათმა რჩევებმა, მაგალითმა და დახმარებამ მასწავლა, რომ უნდა გავფართოებულიყავი სიყვარულში სხვადასხვა ეროვნებისა და რასის ადამიანებთან. მათგან ვისწავლე მოთმინება, ამტანობა და შემგუებლობა. რაც ყველაზე მთავარია, საკუთარ თავზე გამოვცადე, თუ რაოდენ მოწყალეა იეჰოვა, ლოცვების მომსმენი. მე ვუერთდები ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „ბედნიერია ის, ვისაც აირჩევ და დაიახლოებ, რათა შენს ეზოებში დამკვიდრდეს. დავკმაყოფილდებით იმ ყოველივე კარგით, რაც შენს სახლშია“ (ფსალმუნი 65:4).

[სქოლიოები]

^ აბზ. 18 იხილეთ 1959 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 468—472 (ინგლ.).

[სურათი 8 გვერდზე]

ბებია თავის ქალიშვილებთან ერთად.

[სურათი 9 გვერდზე]

მშობლებთან ერთად 1948 წელს, როდესაც მოვინათლე.

[სურათი 10 გვერდზე]

ალბერტ შრედერთან, „გალაადის“ მდივანთან, და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან მიწვეულ ცხრა სტუდენტთან ერთად.

[სურათი 10 გვერდზე]

მე და ჯონი 1984 წელს.