არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მეტისმეტად გვზღუდავს ბიბლია?

მეტისმეტად გვზღუდავს ბიბლია?

მეტისმეტად გვზღუდავს ბიბლია?

„ბავშვობაში არც ბიბლიურ ნორმებს მასწავლიდნენ და არც ღვთის შესახებ მელაპარაკებოდნენ“, — ამბობს ერთი ფინელი ახალგაზრდა. დღეს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ბევრს მიაჩნია, რომ ბიბლია მოძველებული წიგნია და მეტისმეტად ზღუდავს ადამიანს თავისი კანონებით. ასე განსაკუთრებით ახალგაზრდები ფიქრობენ. მათ, ვინც ცდილობს ბიბლიური ნორმების თანახმად იცხოვროს, დაბეჩავებულ ადამიანებად მიიჩნევენ, რომელთაც მძიმე ტვირთად აწევთ ღვთის აკრძალვები და კანონები. ამიტომ ბევრმა ბიბლია თაროზე შემოდო და სხვა წყაროებს მიმართა რჩევებისთვის.

ასეთ დამოკიდებულებას ძირითადად ხელი შეუწყო იმან, რომ ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები მთელი თავიანთი ისტორიის მანძილზე მკაცრ შეზღუდვებს ადგენდნენ. მაგალითად, შუა საუკუნეებში, რომელსაც ზოგი ისტორიკოსი ბნელ ეპოქას უწოდებს, კათოლიკური ეკლესია ევროპაში ადამიანთა ცხოვრების ნებისმიერ სფეროზე ახდენდა გავლენას. მას, ვინც არ დაემორჩილებოდა ეკლესიას, აწამებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ. პროტესტანტული ეკლესიებიც, რომლებიც მოგვიანებით გამოჩდნენ, ზღუდავდნენ ადამიანთა თავისუფლებას. დღეს „კალვინისტისა“ და „პურიტანის“ ხსენებაზე მხოლოდ მათი მიმდევრები კი არ წარმოგვიდგება თვალწინ, არამედ ამ რელიგიური ჯგუფებისთვის დამახასიათებელი დასჯის მკაცრი მეთოდებიც. შედეგად ადამიანებს ჩამოუყალიბდათ მცდარი შეხედულება, რომ ბიბლიის სწავლებები მეტისმეტად ზღუდავს მათ.

გასულ საუკუნეებში ზოგიერთ ქვეყანაში ქრისტიანული ეკლესიების გავლენა საგრძნობლად მოსუსტდა. მას შემდეგ, რაც ტრადიციულმა რელიგიებმა ხალხზე ძალაუფლება დაკარგეს, დამკვიდრდა შეხედულება, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რა არის სწორი და რა — არასწორი. რა მოჰყვა ამას შედეგად? აჰტი ლაიტინენი, კრიმინოლოგიისა და სამართლის სოციოლოგიის პროფესორი, განმარტავს: „უფლებამოსილი პირებისადმი პატივისცემამ იკლო; ადამიანებს უჭირთ განსაზღვრონ, რა არის მისაღები და რა — არა“. პარადოქსია, მაგრამ რელიგიური წინამძღოლებიც მსგავსად ფიქრობენ. ლუთერანული ეკლესიის ცნობილმა ეპისკოპოსმა თქვა: „არ ვეთანხმები თვალსაზრისს, რომ ზნეობრივი საკითხების გადასაჭრელად უნდა მივმართო ბიბლიას ან რომელიმე რელიგიურ პირს“.

სასურველია აბსოლუტური თავისუფლება?

აბსოლუტური თავისუფლება ბევრისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, მიმზიდველად ჟღერს. ბევრს არ მოსწონს, როცა ვინმე ზედამხედველობს ან მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს. ყველას უნდა ჰქონდეს უფლება, ისე მოიქცეს, როგორც თავად სურს? განვიხილოთ ერთი მაგალითი. წარმოიდგინეთ ქალაქი, სადაც მოძრაობის წესები არ არსებობს. არც მართვის მოწმობა მოითხოვება და არც გამოცდის ჩაბარება. ხალხს შეუძლია ისე მართოს მანქანა, როგორც თავად მოესურვებათ, არაფხიზელ მდგომარეობაშიც კი. მათ შეუძლიათ ყურადღება არ მიაქციონ სიჩქარეს, საგზაო ნიშნებს, შუქნიშნებს, ცალმხრივ მოძრაობას და ქვეითთა გადასასვლელებს. უდავოა, ასეთი „თავისუფლება“ სასურველი არ იქნებოდა! შედეგად მას ქაოსი და უბედური შემთხვევები მოჰყვებოდა. მართალია მოძრაობის წესები ზღუდავს ადამიანების თავისუფლებას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კანონები მძღოლებსაც იცავს და ფეხით მოსიარულეებსაც.

მსგავსად ამისა, იეჰოვაც გვაძლევს მითითებებს, თუ როგორ ვიცხოვროთ. ღმერთი ამას ჩვენ სასარგებლოდ აკეთებს. ასეთი ხელმძღვანელობის გარეშე ჩვენს შეცდომებზე მოგვიწევდა ყველაფრის სწავლა და ზიანს მივაყენებდით როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს. ზნეობრივ საკითხებში მსგავსი გაურკვევლობა ისეთივე არასასურველი და ზიანის მომტანი იქნებოდა, როგორც მანქანის ტარება ქალაქში, სადაც მოძრაობის წესები არ არსებობს. დღეს უმრავლესობა აღიარებს, რომ ადამიანებს სჭირდებათ გარკვეული წესები და კანონები.

„ჩემი ტვირთი მსუბუქია“

მოძრაობის წესები შეიძლება შეიცავს საკმაოდ გრძელ და დაწვრილებით მითითებებს; მაგალითად, ზოგ ქვეყანაში მძღოლმა უამრავი წესი უნდა იცოდეს, თუ სად და როგორ გააჩეროს მანქანა. ამის საპირისპიროდ, ბიბლია უამრავ წესს არ ადგენს. ის შეიცავს ძირითად პრინციპებს, რომლებიც არც ამძიმებს და არც მეტისმეტად ზღუდავს ადამიანს. იესო ქრისტემ თანამედროვეებს გულთბილად მოუწოდა: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ. ჩემი უღელი ადვილი სატარებელია და ჩემი ტვირთი მსუბუქია“ (მათე 11:28, 30). კორინთელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში მოციქულმა პავლემ დაწერა: „სადაც იეჰოვას სულია, იქ თავისუფლებაა“ (2 კორინთელები 3:17).

მაგრამ ამაში აბსოლუტური თავისუფლება არ იგულისხმება. იესომ ნათლად დაგვანახვა, რომ ღმერთი ჩვენგან მარტივი კანონების დაცვას ითხოვს. მაგალითად, იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ჩემი მცნება ის არის, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ“ (იოანე 15:12). წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, თუ ყველა დაიცავდა ამ მცნებას! ამიტომ ქრისტიანები აბსოლუტურად თავისუფლები არ არიან. მოციქულმა პეტრემ დაწერა: „იყავით თავისუფლები, ოღონდ ეს თავისუფლება ბოროტების საფრად კი არ აქციოთ, არამედ გამოიყენეთ როგორც ღვთის მონებმა“ (1 პეტრე 2:16).

თუმცა ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ მთელი რიგი კანონების დაცვა, ისინი არასოდეს იქცევიან თავიანთი სურვილისამებრ და თავად არ წყვეტენ, რა არის სწორი და რა — არასწორი. ხელმძღვანელობა, რომელიც ადამიანებს სჭირდებათ, მხოლოდ ღვთისგან მომდინარეობს. ბიბლია გარკვევით ამბობს, რომ „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). უამრავ კურთხევას მივიღებთ, თუ ღვთის მითითებებს გავითვალისწინებთ (ფსალმუნები 19:11).

ერთ-ერთი კურთხევაა ბედნიერება. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, ქურდი და თაღლითი იყო. ის უზნეო ცხოვრებას ეწეოდა. როდესაც ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმების შესახებ გაიგო, მან მიატოვა ძველი ცხოვრების წესი. ის ამბობს: „ვიცოდი, რომ ბიბლიური მოთხოვნები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ყველას მაშინვე ვერ ვითვალისწინებდი. ადრე ვერ ვგრძნობდი იმ ბედნიერებას, რასაც ახლა ვგრძნობ. ბიბლიის ნორმები მიადვილებს ცხოვრებას და აზრს სძენს მას. ახლა კარგად მესმის, რა არის სწორი და რა — არასწორი“.

მილიონობით ადამიანს განუცდია მსგავსი რამ. ბიბლიის რჩევები დაეხმარა მათ, გაეუმჯობესებინათ სხვებთან ურთიერთობები, განევითარებინათ გაწონასწორებული თვალსაზრისი სამუშაოზე, მოეშორებინათ მავნე ჩვევები და ბედნიერად ეცხოვრათ. ახალგაზრდა მარკუსი *, რომელიც ადრე ბიბლიური ნორმების თანახმად არ ცხოვრობდა, ამბობს: „ბიბლიის პრინციპების თანახმად ცხოვრებამ პირადი ღირსების გრძნობა გამიძლიერა“ *.

თქვენ რას აირჩევთ?

მაშ, გვზღუდავს ბიბლია? დიახ, ოღონდ ჩვენდა სასიკეთოდ. მაგრამ, მეტისმეტად გვზღუდავს ბიბლია? არა. აბსოლუტურ თავისუფლებას მხოლოდ პრობლემები მოაქვს. ბიბლიური ნორმები არ სცილდება გონივრულობის ფარგლებს და ხელს უწყობს ჩვენს კეთილდღეობასა და ბედნიერებას. მარკუსი ამბობს: „დრომ დამანახვა, რომ ღვთის სიტყვის თანახმად ცხოვრება ბრძნულია. თუმცა ჩემი ცხოვრება განსხვავდება გარშემო მყოფთა ცხოვრებისგან, ერთი წუთითაც არ ვფიქრობ, რომ ამით რამე მაკლდება“.

თქვენ უფრო მეტად დააფასებთ ღვთის სიტყვას, როცა საკუთარ თავზე გამოსცდით იმ კურთხევებს, რაც ბიბლიის ნორმების თანახმად ცხოვრებას მოაქვს. ამას უფრო დიდი კურთხევაც მოჰყვება — შეგიყვარდებათ მისი ავტორი იეჰოვა ღმერთი. „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს, მისი მცნებები კი დამამძიმებელი არ არის“ (1 იოანე 5:3).

იეჰოვა ჩვენი შემოქმედი და ზეციერი მამაა. მან იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო. ის კი არ გვზღუდავს, არამედ ჩვენდა სასიკეთოდ სიყვარულით გვაძლევს მითითებებს. იეჰოვა მოგვიწოდებს: „ო, ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა და შენი სიმართლე — ზღვის ტალღებივით“ (ესაია 48:18).

[სქოლიოები]

^ აბზ. 13 სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 13 ღვთისმოსაწონ ცხოვრებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოცემულია წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 12. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 9 გვერდზე]

იესომ თქვა, რომ ღვთის მოთხოვნები გამომაცოცხლებელია.

[სურათი 10 გვერდზე]

ღვთის მითითებების გათვალისწინება ხელს უწყობს ბედნიერებას და პირადი ღირსების გრძნობას აძლიერებს.