არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დავაფასოთ ჩვენი წმინდა შეხვედრები

დავაფასოთ ჩვენი წმინდა შეხვედრები

დავაფასოთ ჩვენი წმინდა შეხვედრები

„მოვიყვან ჩემს წმინდა მთაზე და გავახარებ ჩემს სამლოცველო სახლში“ (ესაია 56:7).

1. რა ბიბლიური მიზეზები გვაქვს იმისათვის, რომ სათანადოდ დავაფასოთ ჩვენი შეხვედრები?

იეჰოვამ თავისი ხალხი — ცხებული ქრისტიანები და მათი თანამსახურები — „წმინდა მთაზე“ შეკრიბა, რათა მისთვის ეცათ თაყვანი. ის ახარებს მათ თავის „სამლოცველო სახლში“, სულიერ ტაძარში, რომელიც ‘ყველა ხალხის სამლოცველო სახლია’ (ესაია 56:7; მარკოზი 11:17). ეს კი ცხადყოფს, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლობა წმინდა, სპეტაკი და აღმატებულია. თუ სათანადოდ ვაფასებთ შეხვედრებს, სადაც ვსწავლობთ და თაყვანს ვცემთ ღმერთს, ცხადვყოფთ, რომ ვიზიარებთ იეჰოვას თვალსაზრისს სიწმინდესთან დაკავშირებით.

2. რა ცხადყოფს, რომ იეჰოვა წმინდად მიიჩნევს ადგილებს, რომლებსაც თაყვანისმცემლობისთვის ირჩევს, და როგორ ნათელყო იესომ, რომ მასაც მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდა?

2 ძველ ისრაელში ადგილი, რომელიც იეჰოვამ თაყვანისმცემლობისთვის აირჩია, წმინდა უნდა ყოფილიყო. კარვისა და მისი მოწყობილობისთვის, აგრეთვე ჭურჭლისთვის, რომელიც იქ ინახებოდა, ზეთი უნდა ეცხოთ და განეწმინდათ, რათა ისინი ‘უწმინდესი გამხადრიყო’ (გამოსვლა 30:26—29). კარვის ორ განყოფილებას „წმინდა“ და „წმინდათაწმინდა“ ეწოდებოდა (ებრაელები 9:2, 3). კარავი მოგვიანებით იერუსალიმის ტაძარმა შეცვალა. იერუსალიმი, როგორც იეჰოვას თაყვანისმცემლობის ცენტრი, ‘წმინდა ქალაქად’ იწოდებოდა (ნეემია 11:1; მათე 27:53). დედამიწაზე მსახურებისას იესო ტაძრის მიმართ სათანადო პატივისცემას ავლენდა. ის განრისხდა ხალხზე, რომლებმაც უპატივცემულობა გამოავლინეს ტაძრის მიმართ იმით, რომ მას კომერციული მიზნებისთვის და გზის შესამოკლებლად იყენებდნენ (მარკოზი 11:15, 16).

3. რა გვიჩვენებს, რომ ისრაელთა შეკრებები წმინდა იყო?

3 ისრაელები რეგულარულად იკრიბებოდნენ იეჰოვას თაყვანსაცემად და მისი კანონის მოსასმენად. ისრაელების დღესასწაულებიდან გარკვეულ დღეებს ‘წმინდა შეკრებები’ ეწოდებოდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ეს შეკრებები წმინდა იყო (ლევიანები 23:2, 3, 36, 37). ეზრასა და ნეემიას დღეებში შეკრებებზე ლევიანები „კანონს განუმარტავდნენ . . . ხალხს“. „მთელი ხალხი ტიროდა კანონის სიტყვების მოსმენაზე“; ამიტომ «ლევიანები აჩუმებდნენ . . . და ეუბნებოდნენ: „ჩაწყნარდით, რადგან წმინდაა ეს დღე და ნუ დამწუხრდებით!“ ». ისრაელებმა მაშინ შვიდდღიანი კარვობის დღესასწაული იზეიმეს და „დიდი სიხარული იყო იქ გამეფებული“. გარდა ამისა, „ყოველდღიურად, პირველი დღიდან ბოლო დღემდე ხმამაღლა იკითხებოდა ჭეშმარიტი ღვთის კანონის წიგნი. შვიდ დღეს დღესასწაულობდნენ, მერვე დღეს კი, წესისამებრ, საზეიმო შეკრება მოაწყვეს“ (ნეემია 8:7—11, 17, 18). ეს ნამდვილად წმინდა შეკრებები იყო, რომლებსაც დამსწრეები სათანადო ყურადღებითა და პატივისცემით უნდა მოკიდებოდნენ.

ჩვენი შეხვედრები წმინდაა

4, 5. რა ცხადყოფს, რომ ჩვენი შეხვედრები წმინდაა?

4 მართალია, დღეს იეჰოვას, პირდაპირი გაგებით, დედამიწაზე არა აქვს წმინდა ქალაქი და მისი თაყვანისმცემლობისთვის მიძღვნილი ტაძარი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვას თაყვანსაცემად შეკრება წმინდა შეკრებაა. ჩვენ კვირაში სამჯერ ვიკრიბებით იმისათვის, რომ ვიკითხოთ და ვისწავლოთ წმინდა წერილები. იქ იეჰოვას სიტყვას ‘ხსნიან’ და, ისევე როგორც ნეემიას დღეებში, ‘განმარტავენ’ (ნეემია 8:8). ყველა შეხვედრას ლოცვით ვიწყებთ და ვამთავრებთ და, უმეტეს მათგანზე, იეჰოვას განსადიდებელ სიმღერებს ვმღერით (ფსალმუნი 26:12). კრების შეხვედრები ნამდვილად თაყვანისმცემლობის ნაწილია; ამიტომ მათ სერიოზულად და პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ.

5 იეჰოვა აკურთხებს თავის ხალხს, რომლებიც იკრიბებიან მის თაყვანსაცემად, აგრეთვე მისი სიტყვის შესასწავლად და თანამორწმუნეებთან სასიამოვნო ურთიერთობის დასამყარებლად. შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა სწორედ აქ ‘აკურთხებს’ თავის ხალხს (ფსალმუნი 133:13). ამ კურთხევებს მაშინ ვიღებთ, როდესაც ვესწრებით ამ შეხვედრებს და ყურადღებით ვისმენთ სულიერ პროგრამას. გარდა ამისა, იესომ აღნიშნა: „სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის“. კონტექსტიდან გამომდინარე, ეს განაცხადი ეხება ქრისტიან უხუცესებს, რომლებიც იმისათვის იკრიბებიან, რომ კრებაში წამოჭრილი სერიოზული პრობლემები გადაჭრან, მაგრამ, უფრო ფართო გაგებით, ის ჩვენს შეხვედრებსაც ეხება (მათე 18:20). განა წმინდად არ უნდა ჩაითვალოს ქრისტიანული შეხვედრები, რომელსაც ქრისტე წმინდა სულის საშუალებით ესწრება?

6. რა შეიძლება ითქვას ჩვენი შეხვედრების ადგილებზე, იქნება ეს დიდი თუ პატარა?

6 იეჰოვა არ მკვიდრობს ადამიანთა მიერ აგებულ ტაძრებში. მიუხედავად ამისა, ჩვენი სამეფო დარბაზები ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ადგილებია (საქმეები 7:48; 17:24). ჩვენ იქ იმისთვის ვიკრიბებით, რომ იეჰოვას სიტყვა ვისწავლოთ, ვილოცოთ და მისი განსადიდებელი სიმღერები ვიმღეროთ. ეს ჩვენს საკონგრესო დარბაზებსაც ეხება. კონგრესის ჩასატარებლად დაქირავებული ისეთი დიდი ნაგებობები, როგორიცაა საკონცერტო და საგამოფენო დარბაზები და სტადიონები, თაყვანისცემის ადგილები ხდება მაშინ, როდესაც მათ ასეთი წმინდა შეხვედრებისთვის იყენებენ. ასეთი შეკრებები, დიდი იქნება თუ პატარა, ჩვენი მხრიდან პატივისცემას იმსახურებს, რაც ჩვენს დამოკიდებულებასა და საქციელში უნდა ჩანდეს.

როგორ შეგვიძლია დავაფასოთ ჩვენი ქრისტიანული შეხვედრები

7. რომელი საშუალებებით შეგვიძლია დავაფასოთ ჩვენი შეხვედრები?

7 ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა სახით დავაფასოთ ჩვენი შეხვედრები. ერთ-ერთი საშუალებაა სამეფო სიმღერების შესრულება. ბევრი მათგანი ლოცვას ჰგავს და ამიტომ მოწიწებით უნდა ვიმღეროთ. მოციქულ პავლეს, როდესაც ის 22-ე ფსალმუნიდან ციტირებდა, იესო ჰყავდა მხედველობაში: „ჩემს ძმებს ვაუწყებ შენს სახელს; კრებულში ქებას გიმღერებ“ (ებრაელები 2:12). ამიტომ, ჩვევად უნდა გვექცეს, სიმღერის გამოცხადებამდე ჩვენ-ჩვენ ადგილებზე ვიყოთ, რათა ერთად ვიმღეროთ საგალობელი და, ამავე დროს, დავფიქრდეთ სიმღერის ტექსტზე. სიმღერის დროს დაე ისეთივე განწყობა გვქონდეს, როგორიც ფსალმუნმომღერალს ჰქონდა. მან დაწერა: „მთელი გულით ხოტბას იეჰოვას მართალთა სამეგობროში და კრებულში“ (ფსალმუნი 111:1). დიახ, სიმღერებით იეჰოვას განდიდება ძალიან კარგი მიზეზია იმისათვის, რომ კრების შეხვედრებზე არ დავაგვიანოთ და დროზე ადრე არ წამოვიდეთ იქიდან.

8. რომელი ბიბლიური მაგალითი ცხადყოფს, რომ კრების შეხვედრებზე წარმოთქმულ ლოცვებს პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ?

8 სხვა საშუალება, რაც სულიერად ამდიდრებს ყველა შეხვედრას, არის გულწრფელი ლოცვა, რომელიც წარმოითქმება ყველა დამსწრის სასარგებლოდ. პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები იერუსალიმში შეიკრიბნენ და მათ მხურვალე ლოცვაში „ერთსულოვნად მიმართეს ღმერთს“. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ დევნების მიუხედავად, ისინი განაგრძობდნენ „ღვთის სიტყვის გაბედულად ლაპარაკს“ (საქმეები 4:24—31). როგორ ფიქრობთ, ექნებოდა ლოცვის დროს რომელიმე იქ დამსწრეს ყურადღება გაფანტული? არა, რადგან, ისინი „ერთსულოვნად“ ლოცულობდნენ. კრების შეხვედრებზე წარმოთქმულ ლოცვებში ყველა იქ დამსწრის გრძნობები ირეკლება. ასეთ ლოცვებს პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ.

9. როგორ შეგვიძლია ჩაცმულობითა და საქციელით დავაფასოთ ჩვენი წმინდა შეხვედრები?

9 გარდა ამისა, ჩაცმულობითაც უნდა ცხადვყოთ, რომ ვაფასებთ ჩვენს წმინდა შეხვედრებს. ჩვენი მოკრძალებული გარეგნობა, იქნება ეს ჩაცმულობა თუ ვარცხნილობა, უფრო ღირსეულს გახდის ჩვენს შეხვედრებს. მოციქული პავლე ქრისტიანებს ურჩევდა: „მსურს, რომ ყველგან მამაკაცები ლოცულობდნენ და ერთგულებით აღაპყრობდნენ ხელებს რისხვისა და კამათის გარეშე. ასევე მსურს, რომ ქალების მშვენება იყოს არა თმის განსაკუთრებულად დაწვნაში, ოქროში, მარგალიტებსა თუ ძვირფას სამოსელში, არამედ მოკრძალებითა და საღი აზროვნებით შერჩეულ მოხდენილ ტანსაცმელში, ისე, როგორც შეეფერებათ ქალებს, რომლებიც ამბობენ, რომ ღვთისმოშიშები არიან“ (1 ტიმოთე 2:8—10). როდესაც დიდ კონგრესებს ვესწრებით ღია სტადიონებზე, ამინდის შესაფერისად უნდა ჩავიცვათ, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენი ჩაცმულობა მოვლენის შესაბამისი უნდა იყოს. თუ ვაფასებთ ამ წმინდა შეხვედრებს, პროგრამის დროს თავს შევიკავებთ ჭამისგან ან საღეჭი რეზინის ღეჭვისგან. სათანადო ჩაცმულობითა და საქციელით პატივს მივაგებთ იეჰოვა ღმერთსა და მის თაყვანისმცემლობას; ასეთი სახით იმასაც ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ თანამორწმუნეებს.

მოვიქცეთ ისე, როგორც ღვთის სახლეულს ეკადრება

10. როგორ ნათელყო მოციქულმა პავლემ, რომ ქრისტიანულ შეხვედრებზე ყველაფერი ღირსეულად უნდა ხდებოდეს?

10 პირველი კორინთელების მე-14 თავში მოცემულია პავლე მოციქულის გონივრული რჩევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ქრისტიანული შეხვედრები. დასკვნით სიტყვებში ის ამბობს: „ყველაფერი წესიერად და ორგანიზებულად ხდებოდეს“ (1 კორინთელები 14:40). ჩვენი შეხვედრები ქრისტიანული კრების საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ იქ ყველაფერი ისე უნდა ხდებოდეს, როგორც ეს იეჰოვას სახლეულს ეკადრება.

11, 12. ა) რა უნდა ასწავლონ მშობლებმა ბავშვებს, რომლებიც კრების შეხვედრებს ესწრებიან? ბ) როგორ შეუძლიათ ბავშვებს კრების შეხვედრებზე თავიანთი რწმენის გამოხატვა?

11 განსაკუთრებით ბავშვებს ესაჭიროებათ იმის სწავლა, თუ როგორ მოიქცნენ კრების შეხვედრებზე. ქრისტიანმა მშობლებმა შვილებს უნდა აუხსნან, რომ სამეფო დარბაზი და წიგნის შესწავლის ჩატარების ადგილი სათამაშო ადგილი არ არის. მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს ის ადგილებია, სადაც თაყვანს ვცემთ იეჰოვას და მის სიტყვას ვსწავლობთ. ბრძენმა მეფე სოლომონმა დაწერა: „დაუკვირდი შენს ნაბიჯებს, როცა ჭეშმარიტი ღვთის სახლში მიდიხარ; გიჯობს მზად იყო მოსასმენად“ (ეკლესიასტე 5:1). მოსე ისრაელებს ასწავლიდა, დიდები და „ბავშვები“ ერთად შეკრებილიყვნენ. მან თქვა: „შეკრიბე ხალხი . . . რათა მოისმინონ და ისწავლონ, ეშინოდეთ იეჰოვასი, შენი ღვთისა, და გულდასმით შეასრულონ ამ კანონის ყველა სიტყვა. მოისმინონ მათმა შვილებმა, რომლებმაც არ იციან ეს, და ისწავლონ, რომ ეშინოდეთ იეჰოვასი“ (მეორე კანონი 31:12, 13).

12 მსგავსად ამისა, ბავშვები მშობლებთან ერთად ჩვენს დროშიც ესწრებიან ქრისტიანულ შეხვედრებს, ძირითადად, იმისთვის, რომ მოისმინონ და ისწავლონ. მას შემდეგ, რაც ჩასწვდებიან ძირითად ბიბლიურ სწავლებებს, ბავშვებს შეუძლიათ მოკლე კომენტარების გაკეთებით „სახალხოდ აღიარონ“ თავიანთი რწმენა (რომაელები 10:10). ბავშვმა შეიძლება მისთვის გასაგებ კითხვაზე მარტივად, რამდენიმე სიტყვით, გასცეს პასუხი. თავდაპირველად, მან პასუხი შეიძლება წაიკითხოს, მაგრამ დროთა განმავლობაში ის ეცდება, კომენტარი თავისი სიტყვებით გააკეთოს. ეს სასარგებლო და სახალისოა ბავშვისთვის და მის მიერ რწმენის ამგვარად გამოხატვა გულს უხარებს დარბაზში მყოფ უფროსებს. ბუნებრივია, კომენტარების გაკეთებასთან დაკავშირებით მშობლები აძლევენ შვილებს მაგალითს. თუ შესაძლებელია, სასურველია ბავშვებს ჰქონდეთ პირადი ბიბლია, საგალობელი და შესასწავლი პუბლიკაციის პირადი ეგზემპლარი. მათ უნდა ისწავლონ ამ პუბლიკაციების სათანადოდ დაფასება. ყოველივე ეს კი ბავშვებს ასწავლის, რომ ჩვენი შეხვედრები წმინდაა.

13. რას ვისურვებდით, რომ ჩვენს შეხვედრებზე პირველად მოსულ სტუმრებს დაენახათ?

13 ცხადია, არ გვსურს, რომ ჩვენი შეხვედრები ჰგავდეს მსახურებას, რომელიც ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებში ტარდება. ეს მსახურება ცივი და თვალთმაქცურია; ამასთანავე იქ შეიძლება ისეთივე ხმაური იყოს, როგორიც როკ-მუსიკის კონცერტებზე. ჩვენ გვსურს, სამეფო დარბაზში ჩატარებულ შეხვედრებზე თბილი და მეგობრული ატმოსფერო სუფევდეს, მაგრამ არა ისე, რომ ის გასართობ ადგილს დაემსგავსოს. ჩვენ იმისათვის ვიკრიბებით, რომ იეჰოვას ვცეთ თაყვანი; ამიტომ ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ღირსეული უნდა იყოს. ჩვენ გვსურს, რომ დარბაზში პირველად მოსულებმა პროგრამის მოსმენისა და ჩვენი და ჩვენი შვილების საქციელის დანახვისას თქვან: „მართლა თქვენ შორის არის ღმერთი“ (1 კორინთელები 14:25).

ჩვენი თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილი

14, 15. ა) როგორ შეგვიძლია, ‘არ მივატოვოთ ჩვენი უფლის სახლი’? ბ) როგორ სრულდება ესაიას 66:23?

14 როგორც ზემოთ აღინიშნა, იეჰოვა თავის „სამლოცველო სახლში“, ანუ სულიერ ტაძარში, კრებს თავის ხალხს და სიხარულს ანიჭებს მათ (ესაია 56:7). ღვთის ერთგულმა მსახურმა, ნეემიამ, თანამემამულეებს შეახსენა, რომ მატერიალური შესაწირავების გაღებით სათანადო პატივისცემა უნდა გამოევლინათ უშუალოდ ტაძრის მიმართ. მან თქვა: „არ უნდა მივატოვოთ ჩვენი ღვთის სახლი“ (ნეემია 10:39). გარდა ამისა, არ უნდა უგულებელვყოთ იეჰოვას მოწოდება, თაყვანი ვცეთ მას მის „სამლოცველო სახლში“.

15 ესაიამ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელი იყო ღვთის თაყვანსაცემად რეგულარული შეკრება. მან იწინასწარმეტყველა: „ახალმთვარობიდან ახალმთვარობამდე და შაბათიდან შაბათამდე ყოველი ხორციელი მოვა, რომ მდაბლად თაყვანი მცეს, — ამბობს იეჰოვა“ (ესაია 66:23). ეს ყოველივე დღეს ხდება. ღვთისთვის მიძღვნილი ქრისტიანები რეგულარულად, ყოველკვირა იკრიბებიან იეჰოვას თაყვანსაცემად. ამას ისინი, სხვა ყველაფერთან ერთად, ქრისტიანული კრების შეხვედრებზე დასწრებითა და ქადაგებაში მონაწილეობით აკეთებენ. ხართ თუ არა იმ ადამიანებს შორის, რომლებიც რეგულარულად მოდიან ‘იეჰოვასთვის მდაბლად თაყვანის საცემად’?

16. რატომ უნდა გახდეს დღესვე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი შეხვედრებზე რეგულარული დასწრება?

16 ესაიას 66:23-ში ჩაწერილი სიტყვები სრულად იეჰოვას მიერ დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაში შესრულდება. იმ დროს „ყოველი ხორციელი“, პირდაპირი გაგებით, კვირიდან კვირამდე და თვიდან თვემდე ივლის იეჰოვასთვის ‘მდაბლად თაყვანის საცემად’ და ეს მარადიულად გაგრძელდება. რადგან იეჰოვას თაყვანსაცემად შეკრება ახალ ქვეყნიერებაში ჩვენი სულიერი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნება, განა დღესვე არ უნდა ვაქციოთ ეს ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იმით, რომ წმინდა შეხვედრებს რეგულარულად დავესწრებით?

17. რატომ უნდა დავესწროთ კრების შეხვედრებს მით უფრო, „რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“?

17 რამდენადაც ამ ქვეყნიერების აღსასრული ახლოსაა, უფრო მტკიცედ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, არ გავაცდინოთ ქრისტიანული შეხვედრები. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს წმინდა შეხვედრებს და არ ვუშვებთ, რომ ქვეყნიურმა სამსახურმა, საღამოს საათებში სასწავლებელში სიარულმა ან საშინაო დავალებების მომზადებამ ხელი შეგვიშალოს კრების შეხვედრებზე რეგულარულად დასწრებაში. ჩვენ გვესაჭიროება სულიერი ძალები, რასაც თანამორწმუნეებთან ურთიერთობის შედეგად ვიღებთ. კრების შეხვედრებზე გვეძლევა საშუალება, გავიცნოთ, გავამხნევოთ და წავახალისოთ ერთმანეთი „სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“. ამის გაკეთება მით უფრო საჭიროა, „რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრაელები 10:24, 25). დაე რეგულარული დასწრებით, მოკრძალებული ჩაცმულობითა და კარგი საქციელით ყოველთვის სათანადოდ დავაფასოთ ჩვენი წმინდა შეხვედრები! ამგვარად ცხადვყოფთ, რომ ვიზიარებთ იეჰოვას თვალსაზრისს იმასთან დაკავშირებით, რაც წმინდაა.

გასამეორებლად

• რა ცხადყოფს, რომ იეჰოვას ხალხის შეხვედრები წმინდად უნდა იყოს მიჩნეული?

• საიდან ჩანს, რომ ჩვენი შეხვედრები წმინდაა?

• როგორ შეუძლიათ ბავშვებს ცხადყონ, რომ წმინდად მიიჩნევენ ჩვენს შეხვედრებს და აფასებენ მათ?

• რატომ უნდა გავიხადოთ ცხოვრების განუყოფელ ნაწილად კრების შეხვედრებზე რეგულარული დასწრება?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 28 გვერდზე]

ჩვენი შეხვედრები წმინდაა იმის მიუხედავად, თუ სად ტარდება ისინი.

[სურათი 31 გვერდზე]

ბავშვები შეხვედრებზე ყურადღებით ისმენენ და სწავლობენ.