არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვამ შემისრულა სურვილი, მისიონერად მემსახურა

იეჰოვამ შემისრულა სურვილი, მისიონერად მემსახურა

ბიოგრაფია

იეჰოვამ შემისრულა სურვილი, მისიონერად მემსახურა

მოგვითხრო შელა ვინფილდ და კონსასაუმ

ერთხელ აფრიკიდან ჩამოსული მისიონერი გვესტუმრა. ის მოგვიყვა, რომ იქ ყველა ყურადღებით ისმენდა ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას. „ნეტავ მეც მამსახურა ასეთ ტერიტორიაზე!“ — გავიფიქრე მე. მაშინ 13 წლის ვიყავი და ამ საუბარმა მისიონერად მსახურების სურვილი გამიღვივა.

ჩვენმა ოჯახმა იეჰოვა ამ შემთხვევამდე დიდი ხნით ადრე გაიცნო. 1939 წლის ერთ დილას ჩვენი სახლის კარზე ორმა სუფთად ჩაცმულმა ახალგაზრდა მამაკაცმა დააკაკუნა. მაშინ ლონდონის გარეუბანში, ჰემელ ჰემპსტედში ვცხოვრობდით. ისინი იეჰოვას მოწმეები იყვნენ. მაშინ მე ერთი წლის ვიყავი და მათი მოსვლა არ მახსოვს. იმ მიზნით, რომ მოწმეები მალე წასულიყვნენ, დედამ უთხრა მათ, რომ შესაძლოა მათი ცნობით მამა დაინტერესებულიყო, მაგრამ ის საღამოს 9 საათზე ადრე სახლში არ დაბრუნდებოდა. დედა გაოცდა, როცა მოწმეები იმავე საღამოს ისევ მოვიდნენ. მას შემდეგ, რაც გაიგო, თუ რა შეხედულება ჰქონდათ მათ პოლიტიკასა და ნაციონალურ საკითხებთან დაკავშირებით, მამამ, ჰენრი ვინფილდმა, მოწმეები სახლში შეიპატიჟა და ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა. მამამ სწრაფად წაიწია სულიერად წინ და მალე მოინათლა. რამდენიმე წლის შემდეგ დედაჩემმა, ქეთლინმაც, დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ის 1946 წელს მოინათლა.

1948 წელს რეგულარულად დავიწყე ქადაგება ღვთის სამეფოს შესახებ. ვფიქრობდი, რომ საათი მჭირდებოდა, რათა ზუსტად ჩამეწერა მსახურებაში გატარებული დრო. თუ კარგად მოვიქცეოდით, მშობლები ყოველ შაბათს ერთ ექვსპენიან მონეტას გვაძლევდნენ ჯიბის ფულად. ამ ფულს დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ვაგროვებდი, რათა ყველაზე იაფფასიანი საათი მეყიდა. ჩემი უმცროსი ძმა, რეი, კი მამას ჯიბის ფულად ყოველთვის 2 სამპენიან მონეტას სთხოვდა. ერთხელ ის ისე დაჟინებით ითხოვდა ამას, რომ მამა გაბრაზდა და ჰკითხა, რისთვის სჭირდებოდა მაინცდამაინც ორი მონეტა. რეიმ ტირილი დაიწყო და უთხრა, რომ ეს საიდუმლო იყო და ამის შესახებ მხოლოდ მან და იეჰოვამ იცოდნენ. ბოლოს რეიმ თქვა: „ერთ სამპენიან მონეტას შესაწირავების ყუთში ვაგდებ, მეორეს კი ჩემთვის ვიტოვებ“. დედა სიხარულისგან ატირდა, მამამ კი სასწრაფოდ მისცა რეის ორი მონეტა. ამ შემთხვევამ მასწავლა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო სამეფოს საქმიანობისთვის მატერიალური შესაწირავის გაღება.

მამამ გადაწყვიტა საცხოვრებლად იქ გადავსულიყავით, სადაც სამეფოს მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნა იყო. პიონერობა (ასე ეწოდება იეჰოვას მოწმეთა სრული დროით მსახურს) რომ დაეწყო, მამამ 1949 წელს გაყიდა ფერმა და ქვიშისა და ხრეშის კარიერი. იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მე 1950 წლის 24 სექტემბერს მოვინათლე. შემდეგ ყოველ ზაფხულს, არდადეგების პერიოდში, დამხმარე პიონერად ვმსახურობდი და თვეში 100 საათს ვქადაგებდი. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მალე დიდი სურვილი გამიჩნდა, უფრო მეტი გამეკეთებინა წმინდა თაყვანისმცემლობის წინ წასაწევად.

მინდა მისიონერად ვიმსახურო

1951 წელს მამა ჩრდილოეთ დევონში, ქალაქ ბიდეფორდში, დანიშნეს. იქ ჩასვლიდან ცოტა ხანში კრებაში გვეწვია ზემოთ მოხსენიებული მისიონერი, რომელიც აფრიკაში მსახურობდა. ამის შემდეგ უფრო გამიძლიერდა მისიონერად მსახურების სურვილი, რაც ყველა ჩემს გადაწყვეტილებაზე აირეკლა. სკოლის მასწავლებლებმა იცოდნენ ჩემი სურვილის შესახებ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ გადაწყვეტილება შემეცვალა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ კარიერას წინა პლანზე დავაყენებდი. მაგრამ სკოლის დამთავრების ბოლო დღეს, როდესაც სამასწავლებლოში მადლობის სათქმელად და გამოსამშვიდობებლად შევედი, ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა: „გილოცავ! შენ ერთადერთი მოსწავლე ხარ, რომელსაც ნამდვილად აქვს მიზანი ცხოვრებაში. დარწმუნებული ვართ, შენ მიაღწევ ამ მიზანს“.

სკოლის დამთავრებისთანავე ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ვიშოვე და 1955 წლის 1 დეკემბერს სრული დროით პიონერად მსახურება დავიწყე. მოგვიანებით დედაჩემი და ჩემი ძმებიც გახდნენ პიონერები. ასე რომ, რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი ოჯახის ყველა წევრი სრული დროით ვმსახურობდით.

ირლანდიაში მსახურება

ერთი წლის შემდეგ მსახურების გასაგრძელებლად ირლანდიაში მიმიწვიეს. ეს ჩემი მიზნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იყო. 1957 წლის თებერვალში ორ პიონერ დასთან, ჯუნ ნაპიერთან და ბერილ ბარკერთან ერთად, სამხრეთ ირლანდიაში, კორკში ჩავედი.

ირლანდიაში ქადაგება რთული იყო. რომის კათოლიკური ეკლესია დიდ წინააღმდეგობას გვიწევდა. კორპუსებსა და კერძო ბინებში ქადაგების დაწყებამდე წინასწარ ვამოწმებდით, რომელი გზით შეგვეძლო გაქცევა იმ შემთხვევაში, თუ დაძაბული სიტუაციები შეიქმნებოდა. ველოსიპედებს მოშორებით, მოფარებულ ადგილას, ვმალავდით, მაგრამ ხშირად საბურავები დაშვებული ან დანით დასერილი გვხვდებოდა.

ერთხელ, სანამ მე და ბერილი ერთ დიდ სახლში ვქადაგებდით, ბავშვებმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით ყვირილი და ქვების სროლა დაგვიწყეს. ამიტომ შევედით იქვე მაღაზიაში, სადაც რძე იყიდებოდა. გარეთ უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. ბერელს ძალიან უყვარდა რძე, ამიტომ ორი თუ სამი ჭიქა ნელ-ნელა დალია იმ იმედით, რომ ამასობაში გარეთ შეკრებილი ხალხი დაიშლებოდა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ამ დროს მაღაზიაში ახალგაზრდა მღვდელი შემოვიდა. მან ტურისტებად ჩაგვთვალა და ქალაქის დათვალიერება შემოგვთავაზა. მაგრამ თავდაპირველად მან ამ სახლში განთავსებულ ერთ ოთახში შეგვიყვანა, სადაც მომაკვდავ მოხუც კაცს ბოლო რიტუალი ჩაუტარა. შემდეგ მღვდელთან ერთად გამოვედით სახლიდან. როდესაც ხალხმა დაინახა, რომ მღვდელთან ვსაუბრობდით, დაიშალნენ.

გალაადი

1958 წელს ნიუ-იორკში გაიმართა საერთაშორისო კონგრესი, სახელწოდებით „ღვთის ნება“. მამა აპირებდა კონგრესზე წასვლას. მეც მინდოდა კონგრესს დავსწრებოდი, მაგრამ ფული არ მქონდა. იმ პერიოდში მოულოდნელად ბებია გარდამეცვალა. მას ჩემთვის 280 დოლარი დაეტოვებინა. კონგრესზე წასასვლელად და უკან დასაბრუნებლად 180 დოლარი იყო საჭირო. ბილეთები მაშინვე შევუკვეთე.

ამის შემდეგ, მალევე, ბრიტანეთის ფილიალიდან ძმა გვესტუმრა და ყველა პიონერს, რომლებიც კონგრესზე დასწრებას აპირებდნენ, გვითხრა, შეგვევსო განცხადება საგუშაკო კოშკის სკოლა „გალაადში“ სასწავლებლად. ყურებს არ ვუჯერებდი! მაგრამ იმ ძმამ ბლანკი ჩემ გარდა ყველას მისცა. გალაადისთვის მე ჯერ პატარა ვიყავი. ვთხოვე, ბლანკი ჩემთვისაც მოეცა და ავუხსენი, რომ უკვე ვმსახურობდი სხვა ქვეყანაში; ეს კი შეიძლება მისიონერულ მსახურებად ჩათვლილიყო. ძმამ ჩემი სულისკვეთება რომ დაინახა, ბლანკი მომცა. მხურვალედ ვლოცულობდი, რომ დადებითი პასუხი მოსულიყო. პასუხი მალე მოვიდა — სკოლაში მიმიწვიეს.

ჩემდა სასიხარულოდ, „გალაადის“ 33-ე კლასში მიმიწვიეს. ჩემთან ერთად 14 ქვეყნიდან ჩამოსული 81 პიონერი სწავლობდა. ხუთმა თვემ სწრაფად ჩაიქროლა. კურსის დასასრულს ძმა ნეითან ნორმა ოთხსაათიანი გამამხნევებელი მოხსენება წაგვიკითხა. მან მოგვიწოდა, ვისაც შეგვეძლო, დაუქორწინებლად დავრჩენილიყავით (1 კორინთელები 7:37, 38). მაგრამ, თუ დაქორწინებას დავაპირებდით, გვირჩია, ჩამოგვეწერა, რომელი თვისებები გვსურდა, რომ მომავალ მეუღლეს ჰქონოდა. შემდეგ, როდესაც პარტნიორი გამოგვიჩნდებოდა, ამ სიის მიხედვით უნდა შეგვემოწმებინა მისი თვისებები.

მომავალი მეუღლისთვის სასურველი თვისებების სიაში მეწერა: ის მისიონერი უნდა ყოფილიყო, ყვარებოდა იეჰოვა, ბიბლიური ჭეშმარიტება ჩემზე უკეთ სცოდნოდა, არმაგედონამდე შვილის გაჩენის სურვილი არ ჰქონოდა, რათა სრული დროით მსახურება არ შეგვეწყვიტა, ინგლისურად თავისუფლად ელაპარაკა და ჩემზე უფროსი ყოფილიყო. ეს სია ძალიან გამომადგა, რადგან მაშინ შორეულ ქვეყანაში დამნიშნეს და სულ რაღაც 20 წლის ვიყავი.

ბრაზილიაში

1959 წლის 2 აგვისტოს, კვირა დღეს, სკოლა „გალაადის“ დამთავრებისას გამოგვიცხადეს, თუ ვინ სად დაგვნიშნეს. ვენიუშ იაზედიანი, სარა გრეკო, რეი და ინგერ ჰატფილდები, სონია სპრინგეიტი, დორინ ჰაინზი და მე ბრაზილიაში დაგვნიშნეს. ჩვენ აღფრთოვანებულები ვიყავით. წარმოვიდგინე ბრაზილიის ტყეები, გველები, ჰევეას ხეები და ადგილობრივი ინდიელები. მაგრამ იქ ჩასულს სულ სხვა სურათი დამხვდა! ამაზონის ტროპიკული ტყეების ნაცვლად, თავი ამოვყავი რიო-დე-ჟანეიროში — მზიან, თანამედროვე ქალაქში, რომელიც იმ დროს ბრაზილიის დედაქალაქი იყო.

პირველი სირთულე, რასაც იქ წავაწყდით, პორტუგალიური ენის შესწავლა იყო. პირველ თვეს დღეში 11 საათი ვმეცადინეობდით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში რიო-დე-ჟანეიროში ვქადაგებდი და იეჰოვას მოწმეთა ფილიალში ვცხოვრობდი, შემდეგ პირასიკაბას (სან-პაულუს შტატი) მისიონერთა სახლში გამაგზავნეს, მოგვიანებით კი პორტუ-ალეგრის (რიუ-გრანდი-დუ-სულის შტატი) მისიონერთა სახლში გადამიყვანეს.

1963 წლის დასაწყისში ფილიალში მთარგმნელობით განყოფილებაში სამუშაოდ მიმიწვიეს. ამ განყოფილებას ზედამხედველობას უწევდა ფლორიანო იგნაზ და კონსასაუ, რომელიც პორტუგალიური ენის შესწავლაში დაგვეხმარა. მან ჭეშმარიტება 1944 წელს გაიგო. მაშინ ბრაზილიაში დაახლოებით 300 მოწმე იყო. ეს ძმა „გალაადის“ 22-ე კლასში სწავლობდა. რამდენიმე თვის შემდეგ ძმა კონსასაუმ მთხოვა, ზარის დარეკვის შემდეგ დავრჩენილიყავი. ავღელდი, რადგან ვფიქრობდი, რომ რაღაც არასწორად გავაკეთე. როდესაც ზარი დაირეკა, ვკითხე, რისი თქმა სურდა. მან მითხრა: „ცოლად გამომყვები?“ გავოგნდი. ვთხოვე, დრო მოეცა დასაფიქრებლად და სასადილოში გავიქეცი.

ფლორიანო არ იყო ერთადერთი ძმა, რომელმაც ჩემ მიმართ რომანტიკული ინტერესი გამოავლინა. მაგრამ აქამდე არავინ შეესაბამებოდა ჩემ მიერ დადგენილ კრიტერიუმებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ მიერ შედგენილი სია დამეხმარა, არ მიმეღო არასწორი გადაწყვეტილება. მაგრამ ახლა საქმე სულ სხვაგვარად იყო. ფლორიანო ყველა ჩემს მოთხოვნას აკმაყოფილებდა. ასე რომ, 1965 წლის 15 მაისს დავქორწინდით.

ავადმყოფობასთან ბრძოლა

ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიყავით მიუხედავად იმისა, რომ სირთულეებს ვაწყდებოდით. ერთ-ერთი სირთულე ფლორიანოს ჯანმრთელობასთან იყო დაკავშირებული — ის დაქორწინებიდან მალევე გახდა ავად. წლების წინ მას მარცხენა ფილტვში სერიოზული პრობლემა ჰქონდა და ახლა ის კვლავ გაურთულდა. ამის გამო ბეთელის დატოვება მოგვიწია და სპეციალურ პიონერებად ტერეზოპოლისში, რიო-დე-ჟანეიროს შტატის მთიან რეგიონში, დაგვნიშნეს. ვიმედოვნებდით, რომ იქაური კლიმატი ფლორიანოს ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებდა.

გარდა ამისა, 1965 წლის დეკემბერში გავიგე, რომ დედაჩემი სერიოზულად იყო ავად — მას კიბო ჰქონდა. ჩვენ რეგულარულად გვქონდა მიმოწერა, მაგრამ შვიდი წელი ერთმანეთი არ გვენახა. დედამ მგზავრობის ფული გადამიხადა და მის სანახავად ინგლისში ჩავედით. დედას ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ ექიმებმა სიმსივნის მოშორება ვერ შეძლეს. თუმცა ლოგინად იყო ჩავარდნილი, მას კვლავინდებურად ჰქონდა ქადაგების სურვილი. დედას საბეჭდი მანქანა ჰქონდა და ახლობლებს სთხოვდა, მისი კარნახით წერილები დაებეჭდათ. ის ასევე ცოტ-ცოტას მნახველებთანაც ქადაგებდა. დედა 1966 წლის 27 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ თვეში მან 10 საათი იქადაგა. მამამ სიკვდილამდე, 1979 წლამდე, ერთგულად იმსახურა პიონერად.

დედის სიკვდილის შემდეგ მე და ფლორიანო ბრაზილიაში დავბრუნდით და დღემდე ვმსახურობთ რიო-დე-ჟანეიროს შტატში. თავიდან ჩემი ქმარი მიმომსვლელ ზედამხედველად დანიშნეს დედაქალაქში, მაგრამ ჩვენი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ფლორიანოს ჯანმრთელობა კვლავ სერიოზულად შეერყა. ჩვენ დავბრუნდით ტერეზოპოლისში და სპეციალურ პიონერებად განვაგრძეთ მსახურება.

წლების განმავლობაში მტკივნეული პროცედურების გავლის შემდეგ ფლორიანოს 1974 წელს მარცხენა ფილტვი ამოკვეთეს. იმ დროისთვის მას აღარც კრების თავმჯდომარე ზედამხედველად შეეძლო მსახურება და აღარც სპეციალურ პიონერად, მაგრამ საავადმყოფოში ბიბლიის შესწავლებს ატარებდა. ერთ-ერთ შესწავლას ის ამერიკელ პენსიონერთან, ბობთან ატარებდა ინგლისურად. მოგვიანებით ბობი მოინათლა. ფლორიანო დროთა განმავლობაში გამოჯანმრთელდა და დღემდე პიონერად მსახურობს.

იეჰოვამ აკურთხა ჩემი მსახურება

წლების განმავლობაში სპეციალურ პიონერად ვმსახურობდი და იეჰოვამ აკურთხა ჩემი მცდელობა. ტერეზოპოლისში 60-ზე მეტ ადამიანს დავეხმარე, თავი მიეძღვნათ იეჰოვასთვის. მათ შორის იყო ჟიუპირა, რომელსაც წერა-კითხვაც მე ვასწავლე. დროთა განმავლობაში მის რვა შვილსაც შევასწავლე ბიბლია. შედეგად, დღეს ჟიუპირა და მისი ოჯახის 20-ზე მეტი წევრი იეჰოვას ემსახურება. ერთ-ერთი მათგანი უხუცესია, სამი — მომსახურე და ორი — პიონერი.

ვისწავლე, დადებითი თვალსაზრისი შემენარჩუნებინა იმ ხალხის შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჭეშმარიტებას ვასწავლიდი. ერთხელ, როდესაც ბიბლიის შესწავლას ვუტარებდი ახალგაზრდა ქალს, ალზემირას, მისი მეუღლე, ანტონიო, დამემუქრა, რომ, თუ დაუყოვნებლივ არ წავიდოდი მათი სახლიდან, ორ დიდ ძაღლს მომიქსევდა. მას შემდეგ, დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში, ალზემირას დროდადრო ვაკითხავდი, მაგრამ ერთხელაც გადავწყვიტე, ანტონიოსგან ნებართვა ამეღო, რომ მის მეუღლესთან ბიბლიის შესწავლა განმეახლებინა. ის დამთანხმდა, მაგრამ ამიკრძალა, პირადად მასთან მელაპარაკა ბიბლიაზე. მიუხედავად ამისა, ერთ წვიმიან დღეს ანტონიოსაც შევთავაზე მონაწილეობა მიეღო განხილვაში. მაშინ დავინახე, რატომ ამბობდა ანტონიო უარს შესწავლაზე — მას წერა-კითხვა არ სცოდნია. ფლორიანომ და სხვებმა გადაწყვიტეს, მისთვის წერა-კითხვა ესწავლებინათ. დღეს ალზემირა და ანტონიო მონათლულები არიან. ანტონიო კრებას დიდ დახმარებას უწევს და ხშირად მიჰყავს მსახურებაში ახალგაზრდები.

ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ შემთხვევებიდან, რომლებიც ტერეზოპოლისში 20-ზე მეტი წლის განმავლობაში მსახურებისას გვქონდა. 1988 წლის დასაწყისში დაგვნიშნეს ქალაქ ნიტეროიში, სადაც ხუთი წელი ვმსახურობდით; შემდეგ სანტო-ალეშუში გადავედით. ამის მერე რიო-დე-ჟანეიროს ცენტრში მდებარე ქალაქ ჟაპუიბაში განვაგრძეთ მსახურება. ჩვენ წილად გვხვდა პატივი, რიბეირაში კრება ჩამოგვეყალიბებინა.

უბრალო, მაგრამ კურთხევებით სავსე ცხოვრება

წლების მანძილზე მე და ფლორიანო 300-ზე მეტ ადამიანს დავეხმარეთ, თავი მიეძღვნათ იეჰოვასთვის. დღეს ზოგიერთი მათგანი ფილიალში მსახურობს, ზოგიც პიონერი, უხუცესი და მომსახურეა. ჩვენ უზომოდ მადლიერნი ვართ ღვთის, რომ მან თავისი წმინდა სულის საშუალებით ამდენი ადამიანის დასახმარებლად გამოგვიყენა! (მარკოზი 10:29, 30).

მართალია, ფლორიანოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებთან უწევდა გამკლავება, მაგრამ თავისი მდგომარეობის მიუხედავად, ის ყოველთვის სიმტკიცესა და სიხარულს ინარჩუნებს და იეჰოვაზეა მინდობილი. ის ხშირად ამბობს: „ბედნიერება დღეს უპრობლემო ცხოვრებას კი არ მოაქვს, არამედ პრობლემების პირისპირ დგომისას იეჰოვასგან დახმარების მიღებას“ (ფსალმუნები 34:19).

2003 წელს მარცხენა თვალში სიმსივნე აღმომიჩინეს. გამიკეთეს ოპერაცია და ხელოვნური თვალი ჩამისვეს. ხელოვნურ თვალს დღეში რამდენჯერმე სჭირდება გაწმენდა. ამის მიუხედავად, იეჰოვამ მაკურთხა და იმის ძალა მომცა, რომ სპეციალურ პიონერად გამეგრძელებინა მსახურება.

ყოველთვის უბრალო ცხოვრებას ვეწეოდი, მაგრამ იეჰოვა ყოველთვის ჩემთან იყო. მან სულიერად უხვად მაკურთხა. აფრიკაში მომსახურე ზემოთ მოხსენიებული მისიონერი დის სიტყვები ჩვენს შემთხვევაშიც გამართლდა ბრაზილიაში მსახურების დროს. იეჰოვამ შემისრულა სურვილი, მემსახურა მისიონერად!

[სურათი 9 გვერდზე]

ჩემს ოჯახთან ერთად, 1953 წელი.

[სურათი 9 გვერდზე]

ირლანდიაში ქადაგების დროს, 1957 წელი.

[სურათი 10 გვერდზე]

სხვა მისიონერებთან ერთად, ბრაზილია, 1959 წელი. მარცხნიდან მარჯვნივ: მე, ინგერ ჰატფილდი, დორინ ჰაინზი და სონია სპრინგეიტი.

[სურათი 10 გვერდზე]

ჩემს მეუღლესთან ერთად.