საიმედო რჩევები ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით
საიმედო რჩევები ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით
„ცხრამეტი წლის ასაკში ოჯახის წევრებისგან შორს ვცხოვრობდი და დედობისთვის სრულიად მოუმზადებელი ვიყავი“, — იხსენებს რუთი იმ პერიოდს, როდესაც პირველ ბავშვზე იყო ორსულად. თავადაც დედისერთას, რუთს წარმოდგენა არ ჰქონდა დედობაზე. სად შეეძლო მას საიმედო რჩევების პოვნა?
მეორე მხრივ, იანი, რომელიც ორი შვილის მამაა, იხსენებს: „თავიდან ძალიან თავდაჯერებული ვიყავი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ გამოცდილება მაკლდა“. თუ თავიდან მშობლებმა არ იციან, რომელია შვილების აღზრდის საუკეთესო მეთოდი ან მოგვიანებით ჩიხში ექცევიან, სად შეუძლიათ მათ დახმარების პოვნა?
დღეს უამრავი მშობელი დახმარებისთვის ინტერნეტს მიმართავს. თქვენ შეიძლება გაინტერესებდეთ, რამდენად სანდოა იქიდან მიღებული ინფორმაცია. ნამდვილად არსებობს მიზეზი, რომ სიფრთხილე გამოვავლინოთ. იცით სინამდვილეში, ვინ იძლევა ამ რჩევებს? საინტერესოა, თავად მათ რამდენად კარგად აღზარდეს შვილები, ვინც სხვებს რჩევებს სთავაზობს? ცხადია, სიფრთხილეა საჭირო, როდესაც საქმე საკუთარ შვილებს ეხება. ზოგჯერ, როგორც წინა სტატიაში აღინიშნა, სპეციალისტების რჩევებიც კი არ ამართლებს. მაშ, სად შეგიძლიათ დახმარების მიღება?
შვილების აღზრდასთან დაკავშირებით საუკეთესო რჩევებს ოჯახის დამფუძნებელი, იეჰოვა ღმერთი, გვაძლევს (ეფესოელები 3:15). ის არის ერთადერთი, ნამდვილი ექსპერტი. თავის სიტყვაში, ბიბლიაში, იეჰოვა საიმედო და პრაქტიკულ რჩევებს გვთავაზობს (ფსალმუნი 32:8; ესაია 48:17, 18). მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული, გამოვიყენებთ თუ არა ამ რჩევებს.
რამდენიმე წყვილს სთხოვეს, მოეყოლათ, თუ როგორ შეძლეს შვილების გაწონასწორებულ, ღვთისმოშიშ პიროვნებებად აღზრდა. როგორც აღნიშნეს, მათი წარმატება, უმთავრესად, ბიბლიური პრინციპების გამოყენებამ განაპირობა. მათ დაინახეს, რომ ბიბლიური რჩევები დღესაც ისეთივე საიმედოა, როგორც მაშინ, როცა ბიბლია დაიწერა.
დრო დაუთმეთ შვილებს
როდესაც, კატრინს, ორი შვილის დედას, ჰკითხეს, ყველაზე მეტად რომელი ბიბლიური რჩევა დაეხმარა შვილების აღზრდაში, მან მაშინვე მეორე კანონის 6:7 დაასახელა. ამ მუხლში ნათქვამია: „ჩააგონე [ბიბლიური პრინციპები] შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“. კატრინს ესმოდა, რომ ამ რჩევის გასათვალისწინებლად საჭირო იყო, დრო დაეთმო შვილებისთვის.
„ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება“, — შეიძლება თქვათ. ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით ხშირად ორივე მშობელს უწევს მუშაობა. ასეთ შემთხვევაში როგორ შეუძლიათ მათ მეტი დრო დაუთმონ შვილებს? ტორლიფი, რომლის შვილიც ახლა თავად არის მამა, ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მეორე კანონში მოცემული რჩევის გათვალისწინება. ყველგან თან წაიყვანეთ შვილები და მათთან საუბრის შესაძლებლობა თავისთავად შეიქმნება. „მე და ჩემი ვაჟი ერთად ვაკეთებდით სახლში საქმეებს, — ყვება ტორლიფი. — ჩვენ, მთელი ოჯახი, ყველგან ერთად დავდიოდით და ერთადაც ვსადილობდით. შედეგად, ჩვენი ვაჟი ყოველთვის თავისუფლად გვიზიარებდა აზრებს“.
მაგრამ, რა შეიძლება ითქვას, თუ მშობელსა და შვილს უჭირთ ერთმანეთთან გულახდილი საუბარი? მსგავსი რამ ზოგჯერ მაშინ ხდება, როდესაც ბავშვები წამოიზრდებიან. ასეთ შემთხვევაშიც მშობლებმა მეტი დრო უნდა გამოუყონ შვილებს. კენი, კატრინის მეუღლე, იხსენებს, როგორ ჩიოდა მოზარდობის ასაკში მათი ქალიშვილი იმის გამო, რომ მამა არ უსმენდა. მსგავს სიტყვებს ხშირად მოისმენთ მოზარდებისგან. როგორ მოიქცა კენი? ის იხსენებს: „გადავწყვიტე, ჩემი ქალიშვილისთვის მეტი დრო დამეთმო და გვესაუბრა იმაზე, თუ რას ფიქრობდა, რას გრძნობდა, და რა აწუხებდა მას. ამან კარგი შედეგი გამოიღო“ (იგავები 20:5). კენის აზრით, ამ მეთოდმა იმიტომ გაამართლა, რომ ოჯახის წევრებს, ჩვეულებრივ, ერთმანეთთან გულახდილი საუბრები ჰქონდათ. „მე და ჩემს ქალიშვილს ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ამიტომ ის გრძნობდა, რომ ჩემთან თავისუფლად შეეძლო საუბარი“, — ამბობს კენი.
ახლახან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მშობლებთან შედარებით იმ მოზარდების რაოდენობა, რომლებიც აღიარებენ, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთთან ნაკლებად საუბრობენ, სამჯერ მეტია. აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ კარგია ბიბლიური რჩევის მიყოლა. რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმეთ შვილებს სახლში თუ გარეთ, დილით თუ საღამოს, დასვენებისა თუ მუშაობის დროს. თუ შესაძლებელია, ყველგან თან წაიყვანეთ შვილები. როგორც მეორე კანონის 6:7-შია ნათქვამი, შვილებთან ახლო ურთიერთობას ვერაფერი შეცვლის.
ჩაუნერგეთ მათ ზნეობრივი ფასეულობები
მარიო, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, მსგავს რჩევას იძლევა: „ნუ მოაკლებთ შვილებს სიყვარულს; ხშირად წაუკითხეთ მათ“. ამის მიზანი მხოლოდ ის არ არის, რომ ბავშვებს გონებრივი შესაძლებლობები განუვითარდეთ. შვილებს უნდა ასწავლოთ კარგისა და ცუდის გარჩევა. მარიო ამატებს: „ასწავლეთ მათ ბიბლია“.
ბიბლია მშობლებს მოუწოდებს: „ნუ განარისხებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის შეგონებით და სწავლით“ (ეფესოელები 6:4, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ბევრ ოჯახში დღეს შვილებს ზნეობრივ ნორმებს არ უნერგავენ. ზოგი ფიქრობს, რომ ბავშვებმა, როცა წამოიზრდებიან, თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელი ზნეობრივი ფასეულობებია მათთვის მისაღები. არის ეს გონივრული? როგორც ბავშვის სხეულს სჭირდება სათანადო კვება იმისათვის, რომ გაიზარდოს და ჯანმრთელი იყოს, ისე გონებასა და გულს — დარიგება. თუ თქვენი შვილები სახლში არ ისწავლიან, რა არის ზნეობრივად ფასეული, ამას ისინი თანაკლასელებისგან, მასწავლებლებისგან ან მასმედიისგან ისწავლიან.
ბიბლია ეხმარება მშობლებს, ასწავლონ შვილებს კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევა (2 ტიმოთე 3:16, 17). გამოცდილი ქრისტიანი უხუცესი, სახელად ჯეფი, რომელმაც ორი შვილი გაზარდა, გვირჩევს, რომ შვილებისთვის ზნეობრივი ფასეულობების ჩასანერგად ბიბლია გამოვიყენოთ. ის ამბობს: „როდესაც მშობლები შვილებს ბიბლიის საშუალებით ასწავლიან, ბავშვები ხედავენ, თუ რა თვალსაზრისი აქვს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით შემოქმედს და არა მხოლოდ დედას და მამას. როგორც შევნიშნეთ, ბიბლია განსაკუთრებულად მოქმედებს ბავშვის გულსა და გონებაზე. როდესაც ვხედავდით, რომ ბავშვი ცუდად იქცეოდა ან არასწორად აზროვნებდა, სათანადო ბიბლიურ მუხლს ვეძებდით. შემდეგ ბავშვი ცალკე გაგვყავდა და ამ მუხლს ვაკითხებდით. ხშირ შემთხვევაში ჩვენს შვილებს თვალები უწყლიანდებოდათ, ზოგჯერ ატირებულან კიდეც. ამის დანახვაზე გაოცებულნი დავრჩენილვართ. ბიბლია გაცილებით ძლიერ მოქმედებდა მათზე, ვიდრე ჩვენი სიტყვები თუ საქმეები“.
ებრაელების 4:12-ში ნათქვამია: „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი . . . და არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“. ბიბლიაში მხოლოდ იმ ადამიანთა პირადი შეხედულებები და გამოცდილება არ არის ჩაწერილი, რომლებიც ღმერთმა ბიბლიის დამწერებად გამოიყენა. მასში ზნეობრივ საკითხებთან დაკავშირებით ღვთის თვალსაზრისია მოცემული. სწორედ ამით განსხვავდება ბიბლიური რჩევები სხვა რჩევებისგან. თუ ბავშვების აღსაზრდელად ბიბლიას იყენებთ, ამით შვილებს დაეხმარებით, ამა თუ იმ საკითხზე ღვთის თვალსაზრისი ჰქონდეთ. აღზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს და თქვენ შესანიშნავი შესაძლებლობა გაქვთ, შვილის გულამდე მიიტანოთ ბიბლიური რჩევა.
ზემოთ მოხსენიებული კატრინი იზიარებს ამ აზრს. ის ყვება: „რაც უფრო რთულ მდგომარეობაში ვიყავით, მით უფრო ვცდილობდით, ღვთის სიტყვაში გვეძია ხელმძღვანელობა; ეს, მართალაც, ეფექტური იყო“. შეგიძლიათ უფრო მეტად გამოიყენოთ ბიბლია იმისათვის, რომ შვილებს სწორის არასწორისგან გარჩევა ასწავლოთ?
იყავით კეთილგონიერნი
მოციქული პავლე ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით ერთ მნიშვნელოვან პრინციპს მოიხსენიებს. ის თანაქრისტიანებს მოუწოდებს: „ყველასთვის ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება“ (ფილიპელები 4:5). ცხადია, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენმა შვილებმაც დაინახონ ჩვენი კეთილგონიერება. კეთილგონიერების გამოვლენით ცხადვყოფთ, რომ გვაქვს „ზემოდან მომავალი სიბრძნე“ (იაკობი 3:17).
როგორ გვეხმარება კეთილგონიერება შვილების აღზრდაში? მართალია, ყველაფერს ვაკეთებთ შვილების დასახმარებლად, მაგრამ მათ არ ვუკონტროლებთ ნებისმიერ მოქმედებას. მაგალითად, ზემოთ მოხსენიებული მარიო, რომელიც იეჰოვას მოწმეა, იხსენებს: „ჩვენ ყოველთვის აღვძრავდით ბავშვებს, მონათლულიყვნენ, სრული დროით ემსახურათ ან სხვა სულიერი მიზნები დაესახათ. მაგრამ იმასაც ვანახვებდით, რომ მათ პირადად უნდა გაეკეთებინათ არჩევანი“. რა შედეგი გამოიღო ამან? ახლა მათი ორივე შვილი სრული დროით მქადაგებელია.
კოლოსელების 3:21-ში ბიბლია მამებს აფრთხილებს: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ შვილებს, რათა არ დანაღვლიანდნენ“. კატრინს ძალიან მოსწონს ეს მუხლი. როდესაც მშობლის მოთმინება ამოიწურება, ის უფრო ადვილად ბრაზდება ან მომთხოვნი ხდება. მაგრამ კატრინი ამბობს: „ბავშვებს იმდენს ნუ მოსთხოვთ, რამდენსაც საკუთარ თავს“. კატრინი, რომელიც ასევე იეჰოვას მოწმეა, დასძენს: „ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ იეჰოვას მსახურებამ სიამოვნება მოგანიჭოთ“.
ზემოთ მოხსენიებული ჯეფი პრაქტიკულ რჩევას იძლევა: «ბავშვები როცა წამოიზარდნენ, ერთმა კარგმა მეგობარმა მითხრა, რომ მას ხშირად უწევდა შვილების თხოვნაზე უარის თქმა. ეს აღიზიანებდათ ბავშვებს და ისინი თავს დაჩაგრულად გრძნობდნენ. ამის თავიდან ასარიდებლად ჩემმა მეგობარმა მირჩია, ისეთი საშუალებები გამოგვენახა, რომ ბავშვების მოთხოვნები დაგვეკმაყოფილებინა.
ეს რჩევა მოგვეწონა, — ამბობს ჯეფი. — ამის შემდეგ ვცდილობდით, თანაქრისტიანებთან ერთად ჩვენთვის მისაღები ღონისძიებები მოგვეწყო. ასე რომ, ბავშვებს ვეუბნებოდით: „იცით, რომ ესა და ეს ძმა ამის გაკეთებას აპირებს? თქვენც ხომ არ წახვიდოდით?“ ან, თუ ბავშვები სადმე წასვლას გვთხოვდნენ, საკუთარ თავს ვაიძულებდით, წავსულიყავით მაშინაც კი, თუ დაღლილები ვიყავით. ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებდით, რომ მათთვის უარი არ გვეთქვა». სწორედ ეს არის კეთილგონიერება — ვიყოთ სამართლიანები, გულისხმიერები და, ამავე დროს, ბიბლიურ პრინციპებთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავიდეთ.
გამოიყენეთ სანდო რჩევები
აქ მოხსენიებულ წყვილთა უმრავლესობა ახლა ბებიები და ბაბუები არიან. ისინი ხარობენ იმით, რომ ბიბლიური პრინციპები მათ შვილებსაც ეხმარება საკუთარი შვილების აღზრდაში. თქვენც შეგიძლიათ გამოიყენოთ ბიბლიური რჩევები.
სტატიის დასაწყისში მოხსენიებული რუთი და მისი მეუღლე ბავშვის დაბადების შემდეგ, ზოგჯერ თავს ისე გრძნობდნენ, თითქოს რჩევას ვერსაიდან იღებდნენ. მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ იყო. მათ ღვთის სიტყვიდან, ბიბლიიდან, საუკეთესო რჩევების მიღება შეეძლოთ. იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიის შესწავლაში დამხმარე მრავალი შესანიშნავი პუბლიკაცია გამოსცეს, რომლებიც მშობლებს შვილების აღზრდაში ეხმარება. ესენია: „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“, „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“, „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. ტორლიფმა, რუთის მეუღლემ, თქვა: „დღეს მშობლებისთვის ბიბლიაზე დაფუძნებული მრავალი პუბლიკაციაა ხელმისაწვდომი. ისინი მათ ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული ნებისმიერი სირთულის მოგვარებაში დაეხმარება“.
[ჩარჩო⁄სურათი 5 გვერდზე]
რას ამბობენ სპეციალისტები . . . რას ამბობს ბიბლია
სითბოს გამოვლენაზე:
ფილოსოფიის დოქტორმა, ჯონ ბროდეს ვატსონმა თავის წიგნში მშობლებს მოუწოდა: „არასდროს ჩაიხუტოთ შვილები და არ აკოცოთ მათ. არ ჩაისვათ ისინი კალთაში“ („The Psychological Care of Infant and Child“, 1928). მაგრამ არც ისე დიდი ხნის წინათ დოქტორებმა ვერა ლეინიმ და დოროთი მოლინომ ჟურნალში „ჩვენი შვილები“ (მარტი, 1999 წელი) აღნიშნეს: „გამოკვლევამ ცხადყო, რომ ბავშვები, რომლებიც მოკლებულნი არიან მშობლების ალერსსა და სითბოს, ფიზიკურად და ფსიქიკურად ნორმალურად არ ვითარდებიან“.
ამის საპირისპიროდ, ესაიას 66:12-ში ნაჩვენებია, რომ ღმერთი მამობრივ სიყვარულს ავლენს თავისი ხალხის მიმართ. მსგავსადვე, როდესაც ქრისტეს მოწაფეები მშობლებს არ აძლევდნენ შვილების იესოსთან მიყვანის საშუალებას, იესომ მათ აზროვნება გაუსწორა: „მოუშვით ბავშვები ჩემთან, ნუ აკავებთ“. შემდეგ „მოეხვია ბავშვებს . . . და აკურთხებდა“ (მარკოზი 10:14, 16).
ზნეობრივი ფასეულობების ჩანერგვაზე:
1969 წელს ჟურნალ „ნიუ-იორკ ტაიმზში“ ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ბრუნო ბეტელჰაიმმა აღნიშნა, რომ ბავშვს „აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი თვალსაზრისი, რომელზეც გავლენა [მშობლების] ავტორიტეტმა კი არ უნდა იქონიოს, არამედ ბავშვის ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ“. ამ სიტყვების დაწერიდან თითქმის 30 წლის შემდეგ დოქტორმა რობერტ კოლსმა თავის ნაშრომში, აღიარა: „ბავშვებისთვის აუცილებელია, ესმოდეთ, რა არის სიცოცხლის აზრი; მათ სჭირდებათ სწორი ხელმძღვანელობა ანუ ზნეობრივი ფასეულობები“, რომლებსაც მშობლები და უფროსი თაობის სხვა წარმომადგენლები იწონებენ („The Moral Intelligence of Children“, 1997).
იგავების 22:6 მშობლებს მოუწოდებს: „ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს; ის სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“. „აღზრდად“ თარგმნილი ებრაული სიტყვა ასევე ნიშნავს „დაწყებას“ და ამ შემთხვევაში გულისხმობს, დაიწყოს ჩვილის აღზრდა. ამგვარად, მშობლებს მოუწოდებენ, რომ შვილებს ზნეობრივი ფასეულობები ჩვილობიდანვე ჩაუნერგონ (2 ტიმოთე 3:14, 15). ის, რასაც ისინი ბავშვობაში ისწავლიან, მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ.
აღზრდაზე:
დოქტორი ჯეიმზ დობსონი თავის წიგნში წერს: „მოსიყვარულე მშობლების მიერ ბავშვების ფიზიკური დასჯა კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ მათში ცუდი ჩვევები აღმოვფხვრათ“ („The Strong–Willed Child“, 1978). მეორე მხრივ, პოპულარული წიგნის, „ჩვილთა და ბავშვთა მოვლის“ (მეშვიდე გამოცემა), საფუძველზე დაწერილ სტატიაში (1998) დოქტორმა ბენჟამინ სპოკმა თქვა: „როცა მშობელი შვილს სცემს, ბავშვი ამით სწავლობს, რომ მასზე უფრო დიდსა და ძლიერ პიროვნებას შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს, მიუხედავად იმისა, მართალია თუ არა“.
ბიბლია არ განსჯის, საჭიროების შემთხვევაში, ზომიერ ფიზიკურ დასჯას. იგავების 29:15-ში ნათქვამია: „ჯოხი და შეგონება სიბრძნეს იძლევა“. მაგრამ ყველა ბავშვს არ სჭირდება ფიზიკური დასჯა. იგავების 17:10 გვეუბნება: „გაგების უნარის მქონე კაცზე გაკიცხვა უფრო ძლიერად მოქმედებს, ვიდრე სულელზე — ასი დარტყმა“.
[სურათი]
თუ გინდათ, ბავშვის გულზე იმოქმედოთ, გამოიყენეთ ბიბლია.
[სურათი 7 გვერდზე]
გონიერი მშობლები ზრუნავენ ბავშვების სათანადოდ გართობაზე.