იყო გაუკაცრიელებული იუდას მიწა?
იყო გაუკაცრიელებული იუდას მიწა?
ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ იუდას სამეფოს ბაბილონელები გააპარტახებდნენ და ის გაუკაცრიელებული იქნებოდა იუდადან გადასახლებულთა დაბრუნებამდე (იერემია 25:8—11). ამ წინასწარმეტყველების შესრულების ყველაზე უტყუარ მტკიცებას წარმოგვიდგენს ღვთის მიერ შთაგონებული ის ისტორიული ჩანაწერი, რომელიც გადასახლებულთა პირველი ჯგუფის სამშობლოში დაბრუნებიდან დაახლოებით 75 წლის შემდეგ გაკეთდა. მასში ნათქვამია, რომ ბაბილონის მეფემ „მახვილს გადარჩენილები ტყვედ წაასხა ბაბილონში და მისი და მისი ვაჟების მორჩილები გახდნენ ისინი სპარსეთის სამეფოს აღზევებამდე“. მიწის შესახებ კი ნათქვამი იყო, რომ „მთელი უკაცრიელობის ხანი იცავდა ის შაბათს“ (2 მატიანე 36:20, 21). არსებობს ამის დამადასტურებელი რაიმე არქეოლოგიური მტკიცებულება?
ჟურნალში „ბიბლიური არქეოლოგიის მიმოხილვა“ მოყვანილია ებრაული უნივერსიტეტის პროფესორის, ეფრაიმ სტერნის სიტყვები, რომელიც პალესტინაში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებს იკვლევს: „ასურელებმაც და ბაბილონელებმაც ძველი ისრაელის მიწა-წყლის საკმაოდ დიდი ნაწილი ააოხრეს, მაგრამ არქეოლოგიური მტკიცებულებები მათი ლაშქრობების შედეგების შესახებ ორ სრულიად განსხვავებულ ამბავს მოგვითხრობს“. სტერნი განმარტავს: „მართალია, ასურელებმა საკმაოდ მკაფიო კვალი დააჩნიეს პალესტინას, მაგრამ, რაც შეეხება ბაბილონელების მიერ ამ მიწის აოხრების შემდგომ პერიოდს, ამაზე ისტორია უცნაურად დუმს . . . ჩვენ არ გაგვაჩნია იმის მტკიცება, რომ სპარსეთის გაბატონებამდე პალესტინის მიწაზე ვინმეს ეცხოვროს . . . არაფერი მოწმობს იმაზე, რომ ამ პერიოდში ეს მიწა დასახლებული ყოფილიყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბაბილონელების მიერ განადგურებული არც ერთი ქალაქი კვლავ არ დასახლებულა“.
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ლორენს სტეიჯერიც იზიარებს ამ აზრს. ის ამბობს: „მთელ ფილისტიმში და მოგვიანებით მთელ იუდაში, ბაბილონის მეფის მიერ განხორციელებული დამაქცეველი პოლიტიკის შედეგად, მდინარე იორდანის დასავლეთით არსებული მთელი მიწა ნამდვილ უდაბნოდ იქცა“. სტეიჯერი განაგრძობს: „მხოლოდ ბაბილონის შემდეგი მსოფლიო მპყრობლის, სპარსეთის მეფე კიროს დიდის დროს ჩნდება არქეოლოგიური ჩანაწერები . . . იერუსალიმსა და იუდაში, სადაც მრავალი გადასახლებული იუდეველი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დასახლდა“.
იეჰოვას სიტყვა იუდას გაუკაცრიელების შესახებ ნამდვილად შესრულდა. ის, რასაც იეჰოვა ღმერთი წინასწარმეტყველებს, ყოველთვის სრულდება (ესაია 55:10, 11). ჩვენ შეგვიძლია, იეჰოვასადმი სრული ნდობა გვქონდეს და გვჯეროდეს, რომ მისი განზრახვები, რომლებსაც მისი სიტყვიდან, ბიბლიიდან ვიგებთ, აუცილებლად შესრულდება (2 ტიმოთე 3:16).