რატომ უნდა აკეთოთ ის, რაც სწორია?
რატომ უნდა აკეთოთ ის, რაც სწორია?
ერთხელ ერთმა განათლებულმა კაცმა თქვა: „კარგის კეთების სურვილი კი მაქვს, მაგრამ ვერ ვაკეთებ, რადგან კარგს, რაც მსურს, არ ვაკეთებ, ცუდი კი არ მსურს, მაგრამ მაინც ვაკეთებ“. რატომ იყო ამ მამაკაცისთვის რთული კარგის კეთება? ის ამბობს: „ამრიგად, ასეთ კანონს ვპოულობ ჩემში: მინდა ვაკეთო, რაც სწორია, მაგრამ თან მდევს ცუდი. შინაგანად მართლაც მსიამოვნებს ღვთის კანონი, მაგრამ ჩემი სხეულის ნაწილებში სხვა კანონს ვხედავ, რომელიც ებრძვის ჩემი გონების კანონს და ჩემი სხეულის ნაწილებში მყოფი ცოდვის კანონის ტყვედ მაქცევს“ (რომაელები 7:18, 19, 21—23).
პავლე მოციქულის ამ სიტყვებიდან, რომლებიც დაახლოებით 2 000 წლის წინ დაიწერა, ვიგებთ, თუ რატომაა რთული არასრულყოფილი ადამიანისთვის იმის კეთება, რაც სწორია. სწორი პრინციპების დაცვა, განსაკუთრებით კი განსაცდელების დროს, ზნეობრივ სიმტკიცეს მოითხოვს. ამიტომ ღირს, დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა უმთავრესი მიზეზის გამო უნდა ვაკეთოთ ის, რაც სწორია.
ვნახოთ, ბიბლიის თანახმად, რა მომავალი ელის ზნეობრივად სუფთა ადამიანს. ფსალმუნის 37:37, 38-ში ვკითხულობთ: „დაუკვირდი უმწიკვლოს და თვალი ადევნე მართალს, რადგან მშვიდობიანი მომავალი ელის ასეთ კაცს. შემცოდველები ერთიანად მოისპობიან და ბოროტ ხალხს მომავალი არ ექნება“. ასევე იგავების 2:21, 22 გვეუბნება: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და უმწიკვლოები დარჩებიან მასზე, ხოლო ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან და ვერაგები აღმოიფხვრებიან მისგან“.
მართალია, ბიბლიის ეს და სხვა მუხლები აღგვძრავს, ღვთისმოსაწონად ვიცხოვროთ, მაგრამ პირდაპირ არ გვისახელებს იმ უმთავრეს მიზეზს, თუ რატომ უნდა მოვიქცეთ ასე. ეს მიზეზი მჭიდროდაა დაკავშირებული იმ საკითხთან, რომელიც ყველა გონიერ ქმნილებას პირადად ეხება. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, რა საკითხია ეს და როგორ გვეხება ის ჩვენ.